მოხუცებულობაზე თვალსაზრისი იცვლება
მოხუცებულობაზე თვალსაზრისი იცვლება
რა ასაკის ადამიანი ითვლება მოხუცად? გააჩნია ვის შეეკითხებით. მოზარდები ყველას, ვინც 25-ს გადასცდა, მოხუცებში გაამწესებენ ხოლმე.
მეორე მხრივ, ოპერის მომღერლებისთვის „ოქროს ხანა“ მაშინ დგება, როცა საკმაოდ ასაკოვნები არიან. ამავე დროს ავსტრალიური გაზეთი „სან ჰერალდი“ მათ შესახებ, ვინც კარიერისკენ ისწრაფვის, აღნიშნავს: „დღევანდელობა გვიჩვენებს, რომ თუ 40 წლამდე ვერ მიაღწევ ამ მიზანს, მაშინ ვეღარასოდეს მიაღწევ“.
გავრცელებული წარმოდგენა
ზოგს შეიძლება ისეთი წარმოდგენა ჰქონდეს მოხუცებზე, რომ მათ ყოველთვის რაღაც ემართებათ, ათვისების უნარი უქვეითდებათ და სწრაფად უუარესდებათ ჯანმრთელობა. საფუძვლიანია ასეთი წარმოდგენა? ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობის თანახმად ევროპაში „საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების დროს სიკვდილის სამი შემთხვევიდან ერთი 25 წლამდე ახალგაზრდებზე მოდის“. უფრო მეტიც, ჯანმრთელობა ყველაზე სწრაფად უარესდება 30-დან 40 წლამდე ასაკში და არანაირი საფუძველი არ არსებობს საიმისოდ, თითქოს ასაკის მომატებასთან ერთად ჯანმრთელი ადამიანის ინტელექტუალური უნარი ქვეითდება.
ან კიდევ, მართალია წარმოდგენა, რომ მოხუცებული აუცილებლად ავადმყოფი უნდა იყოს? „საყოველთაოდ გავრცელებულია არასწორი შეხედულება, რომ მოხუცებულობა და ავადმყოფობა სინონიმებია“,— ნათქვამია „ავსტრალიის სამედიცინო ჟურნალში“. ფაქტობრივად კი, ბევრი მოხუცებული საკმაოდ ჯანმრთელია და არც კი თვლის თავს მოხუცად. ზოგი ისევე ფიქრობს როგორც უილსონ ბარუხი, აშშ-ს სახელმწიფო მოღვაწე: „ჩემთვის, მოხუცებული ყოველთვის 15 წლით ჩემზე უფროსია“.
რატომღა იჩაგრებიან ხშირად მოხუცები და რატომ ექცევიან მათ ზოგჯერ უსამართლოდ? ამ კითხვაზე პასუხი უმეტესწილად მოხუცებულობაზე გავრცელებულ თვალსაზრისთან არის დაკავშირებული.
მოხუცებულობისადმი დამოკიდებულება
„ამერიკელები ახალგაზრდობაზე გიჟდებიან და მასმედიის აზრიც მახინჯდება მოხუცებულობაზე“,— ამბობს მაქს ფრანკელი „ნიუ-იორკ ტაიმზში“. შემდეგ ის ჩივის: „ვეტერანები, ფაქტობრივად, აღარ დარჩნენ მასმედიის სამყაროში“. შეიძლება ამითაც კი აიხსნას დღევანდელი მსოფლიოს პარადოქსი, რომელზეც „იუნესკოს კურიერი“ წერდა: „საზოგადოებას ასე არასოდეს უზრუნია მოხუცებულებზე; ისინი ეკონომიკურად და სოციალურად დაცული არიან, მაგრამ წარმოდგენა მათზე უკიდურესად უარყოფითია“.
ამ თვალსაზრისის გავლენის ქვეშ მედიცინის მუშაკებიც კი მოექცნენ. როგორც „ავსტრალიის სამედიცინო ჟურნალი“ იტყობინება, „მრავალი ექიმი, და მთელი საზოგადოებაც, თვლის, რომ 65 წელს გადაცილებულებისთვის უკვე საკმაოდ გვიანია პროფილაქტიკური მკურნალობის ჩატარება. . . ამგვარი უარყოფითი შეხედულების გამო. . . მოხუცებს აღარ უტარებენ ბევრ მნიშვნელოვან გამოკვლევას“.
იგივე ჟურნალი დასძენს: «ხანდაზმულებისადმი უარყოფითი დამოკიდებულება შეიძლება გახდეს იმის მიზეზი, რომ ისინი „ჩამოწერილებად“ ჩათვალონ და ამით გაამართლონ მათზე არასათანადოდ ზრუნვა. მხედველობისა და სმენის გაუარესებას, აგრეთვე მრავალ სხვა გავრცელებულ, მაგრამ მცირე ფუნქციონალურ დარღვევას ყურადღება არ ექცევა და მოხუცებულობისას გარდაუვლად ითვლება. ხანდაზმულებისადმი დამოკიდებულების შეცვლა კი მეტად მნიშვნელოვანია ნებისმიერი პროფილაქტიკური პროგრამის წარმატებისთვის».
„ალბათ უკვე დროა საფუძვლიანად გადაისინჯოს, განვითარებულ ქვეყნებში მაინც, ტრადიციული შეხედულება მოხუცებულობაზე“,— გვთავაზობს ბრიტანული სამედიცინო ჟურნალი „ლანცეტი“. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? ჟურნალი განმარტავს: „თუ შევცვლით მოხუცებულობის განმარტებას, ამით წერტილს დავუსვამთ საშინელ, პესიმისტურ და ავისმომასწავებელ პროგნოზებს, რომლებსაც ძალიან ხშირად იყენებენ მოხუცების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების გასაღვივებლად, თითქოს მოხუცებულთა რიცხვის ზრდა გამოიწვევს
იმას, რომ მათზე დაიხარჯება ჯანდაცვის სფეროში ქვეყნის ისედაც მწირი რესურსები“.ჭაღარა მატულობს
მსოფლიო თითქმის გადათეთრდა და ხნიერთა რიცხვი სულ უფრო და უფრო მატულობს. „1955—2025 წლებში მსოფლიო მასშტაბით 65 წელზე უფროსი ადამიანების რიცხვი ოთხჯერ გაიზრდება, მსოფლიო მოსახლეობაში მათი პროცენტული წილი კი — ორჯერ“,— იტყობინება „იუნესკოს კურიერი“.
ინდოეთში მოხუცებულთა რიცხვი უკვე აღემატება საფრანგეთის მოსახლეობას. აგრეთვე ამბობენ, რომ შეერთებული შტატების 76 მილიონი მოსახლე, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის შემდგომი 18 წლის განმავლობაში დაიბადნენ, პენსიაზე გავა ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ. იმ დროს როდესაც ეს ტენდენცია საგონებელში აგდებს მრავალ ეკონომისტსა და ჯანდაცვის სფეროს მუშაკებს, ის გვაიძულებს გადავხედოთ მოხუცებულობის შესახებ ჩვენში გამჯდარ თვალსაზრისს.
ახალი სცენარი
ზოგჯერ ცხოვრებას სამ მოქმედებიან სპექტაკლს ადარებენ. პირველ მოქმედებაში, ჩვეულებრივ, ახალგაზრდული აღტაცება და განათლების მიღებისკენ სწრაფვაა წარმოდგენილი; მეორე მოქმედება უფრო ბავშვების აღზრდითა და სამსახურის პრობლემებით ხასიათდება; მესამე მოქმედებაში კი მსახიობებს სცენის განაპირას, სავარძელში მოსვენებასა და ფარდის დაშვებამდე მოწყენილად ლოდინს ურჩევენ.
მაგრამ არაერთი მიზეზის გამო, მათ შორის მედიცინისა და ჰიგიენის დარგში XX საუკუნეში მიღწეული წარმატებების წყალობით, დრო, რომელსაც „მსახიობები“ „მესამე მოქმედების“ მსვლელობისას „სავარძელში“ ატარებენ, 25 წლამდე გაიზარდა. მრავალს აღარ მოსწონს პენსიაზე გასვლა. ასეთი აქტიური მოხუცების რაოდენობა სულ ურო და უფრო მატულობს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სცენარი ხელახლა უნდა დაიწეროს.
დიდი წვლილი
საყოველთაოდ გავრცელებული თვალსაზრისი — თითქოს მოხუცები სხვებზე არიან დამოკიდებული, უბრალოდ რომ ვთქვათ, არასწორია. ჟურნალი „ნიუ-იორკ ტაიმზი“ იტყობინებოდა, რომ შეერთებულ შტატებში „მოხუცებულთა უმრავლესობა თვითკმაყოფაზეა. ისინი საშუალო ფენის წარმომადგენლები არიან, რომელთაც ახალგაზრდა წყვილებზე მეტი ქონება აქვთ. . . და სოციოლოგები ამაში შეძლებულ მოხუცთა ფენის წარმოშობის შესაძლებლობას ხედავენ“. ფილიპ კოტლერი, აშშ-ის ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტის მარკეტინგის პროფესორი, ამის თაობაზე ამბობს: «ბიზნესის სამყარო მალე 55 წლისა და ამაზე უფროსი ასაკის ადამიანებს ამოიღებს მიზანში, როგორც საზოგადოების ყველაზე „ხორციან“ ფენას».
მოხუცები არამარტო ფინანსურ საკითხებში აქტიურობენ. სიდნეიში გამომავალი გაზეთი „სანდეი ტელეგრაფი“ აღნიშნავს, რომ ავსტრალიაში „ძიძებად ნახევარზე მეტ შემთხვევაში მოხუც ქალბატონებს იწვევენ. და კიდევ, დედების მესამედი ბებიებს უტოვებს შვილებს, როდესაც თვითონ სამსახურში არიან“.
ზოგან, მაგალითად, საფრანგეთში, ქალაქ ტრუაში, ხანდაზმულთა სიბრძნეს ფასდაუდებელ განძად თვლიან. მოხუცებულებს სთხოვენ ბავშვებს გაკვეთილების შემდეგ ასწავლონ ხეზე მუშაობა, გაზონების მოვლა, ქვის თლა, მშენებლობა და რკინის დამუშავება, რითაც ასე ვთქვათ ხაპავენ მათ სიბრძნეს. სხვებისთვის სწავლების გარდა მოხუცებულები ხშირად თვითონაც დადიან სასწავლებლებში სხვადასხვა სპეციალობის შესაძენად.
„იუნესკოს კურიერის“ 1999 წლის იანვრის გამოცემაში ნათქვამია, რომ „პარიზის უფროსი თაობის უნივერსიტეტების საერთაშორისო ასოციაციის ცნობის თანახმად, მთელ მსოფლიოში პენსიონერთათვის 1700-ზე მეტი უნივერსიტეტი არსებობს“. ამ უნივერსიტეტების შესახებ ჟურნალი იტყობინება: „მართალია სხვადასხვა ქვეყნებში უფროსი თაობის უნივერსიტეტების სტრუქტურა და ორგანიზების მეთოდები განსხვავდება, მაგრამ მათ ერთი რამ აერთიანებს — ყველას სურს დაეხმაროს ასაკოვნებს, სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღონ კულტურულ და სოციალურ ცხოვრებაში“. ერთ-ერთ ასეთ უნივერსიტეტში, იაპონიაში, 2500 სტუდენტი სწავლობს!
„მოხუცებულთა წვლილი ფასდაუდებელია, თუ მხედველობაში მივიღებთ ოჯახებისა და საზოგადოების საკეთილდღეოდ მათ ღვაწლს ნებისმიერ სფეროში. მით უმეტეს, რომ რთულია ყველაფერი გაითვალისწინო ამ დროს, რადგან, ხშირ შემთხვევაში, მათ მიერ გაწეული სამსახური შეუმჩნეველი რჩება“,— აღნიშნა ალექსანდრე კალაჩმა, ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ერთ-ერთი პროგრამის ხელმძღვანელმა. მან აგრეთვე განაცხადა: „ქვეყნები პრობლემად კი არ უნდა თვლიდნენ მოსახლეობის ასაკოვან ნაწილს, არამედ პირიქით, — პრობლემების მოგვარების პოტენციურ საშუალებად. . . უპირველეს ყოვლისა, მათში გამოსადეგ ძალას უნდა ხედავდნენ“.
უდავოა, რომ ჩვენზე გავლენას ახდენს სხვების შეხედულებები და წინასწარ შექმნილი აზრები, მაგრამ როგორ ცხოვრებას ვეწევით მოხუცებულობის დროს, იმაზეც არის დამოკიდებული, თუ თავად როგორი თვალსაზრისი გვაქვს ცხოვრებაზე. პირადად რისი გაკეთება შეგიძლიათ იმისათვის, რომ ასაკის მიუხედავად გონებრივად და ფიზიკურად აქტიური დარჩეთ? გთხოვთ წაიკითხოთ 24-ე გვერდზე მოცემული ჩარჩო და დაუკვირდეთ, რა საიდუმლო იციან ამ ხანდაზმულებმა, რომ აგრძელებენ აქტიურ და სიცოცხლით სავსე ცხოვრებას.
აქტიური ცხოვრებისკენ სწრაფვა
თქვენ დაინახავთ, რომ ყველა ეს აქტიური მოხუცებული განაგრძობს სასარგებლო სამუშაოს შესრულებას — იქნება ეს სამსახურში თუ სადმე ნებაყოფლობითი დახმარების გაწევა. ამასთანავე ისინი რეგულარულად ვარჯიშობენ; ყველა ასაკის ადამიანთან აქვთ ურთიერთობა და ძირითად სულიერ მოთხოვნილებას იკმაყოფილებენ. ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ბედნიერი და აქტიური ცხოვრების ეს საიდუმლო მარტო მოხუცებს კი არა, ახალგაზრდებსაც არ აწყენს.
დღესდღეობით კი ფაქტი ფაქტად რჩება — ამ სტატიის წაკითხვის პროცესშიც კი ასაკი გვემატება, ასე ვთქვათ, ვბერდებით (ეკლესიასტე 12:1). ამიტომ ბრძნული იქნება გავითვალისწინოთ ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბიულეტენში გამოთქმული აზრი: „როგორც ჯანმრთელობა უწყობს ხელს აქტიურობას, ისე აქტიური ცხოვრება გვინარჩუნებს ჯანმრთელობას“.
[ჩარჩო⁄სურათები 24 გვერდზე]
ისინი აქტიურ ცხოვრებას ეწევიან და ხარობენ სიცოცხლით
▪ სამხრეთ აფრიკა. 77 წლის პიტ ვენცელი, მუშაობს სრული დროით.
„ვხედავ, რომ კარგი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად რეგულარულად მოძრაობა მნიშვნელოვანია. უკვე რამდენიმე წელიწადია, რაც პატარა ბაღი მაქვს. სრულიად სხვაგვარად ვგრძნობ თავს ბაღში მუშაობის შემდეგ. კარგი შედეგების მისაღწევად ვცდილობ ასეთ პრინციპს მივყვე — ყოყმანი დროის ქურდია, გაჯანჯლება კი მისი მთავარი თანამზრახველი“.
▪ იაპონია. 73 წლის იოშიჰარუ შიოზაკი, მუშაობს კონსულტანტად უძრავი ქონების საკითხებში.
„მაღალწნევიანი ვარ, დროდადრო მწვავე ტკივილები მაწუხებს წელის არეში და სმენაც მღალატობს. სამსახურში კვირაში ოთხჯერ დავდივარ, ჩვეულებრივ, ველოსიპედით. გზა ორივე მხარეს 12 კილომეტრი გამოდის. ეს ჩემთვის კარგი ვარჯიშია, რადგან ზურგს ვასვენებ და ფეხის კუნთებს ვივარჯიშებ. ვცდილობ ყველასთან კარგი ურთიერთობა მქონდეს, მათ შორის მეზობლებთანაც. ვცდილობ არ ვეძებო სხვებში შეცდომები. შევნიშნე, რომ ადამიანებზე გამხნევება უკეთესად მოქმედებს, ვიდრე შენიშვნების მიცემა.
▪ საფრანგეთი. 84 წლის ლეონ შალონი, სრული დროით მქადაგებელი.
„პარიკმახერად ვმუშაობდი. როდესაც 1982 წელს პენსიაზე გავედი, გამიჭირდა, რადგან მიყვარდა ჩემი ხელობა. პენსიაზე გასვლამ საშუალება მომცა პიონერი (ასე უწოდებენ იეჰოვას მოწმეები სრული დროით მქადაგებელს) გავმხდარიყავი. ახლა მრავალს ვასწავლი ბიბლიას და ეს მეხმარება, გონებრივად აქტიური დავრჩე. ახლა მანქანა არ მყავს, ფეხით ბევრს დავდივარ და ეს ჩემს ჯანმრთელობას უწყობს ხელს.
▪ ბრაზილია. 78 წლის ფრანცისკო ლაპასტინა, მუშაობს სრული დროით.
„ჩვეულებრივ, არ ვნაწყენდები, როდესაც ვინმე გულს მტკენს ან ყურადღებას არ მაქცევს. ვფიქრობ, რომ მისი ასეთი მოქმედება შეიძლება სტრესული მდგომარეობით ან რაიმე პრობლემებით იყოს გამოწვეული. ყველას გვაქვს ისეთი დღეები, როცა უგუნებოდ ვართ. ვცდილობ არ ჩავიდო გულში წყენა და მახსოვდეს, რომ სხვებსაც უწევთ ჩემგან იმავეს მოთმენა. ასეთი მიდგომა მეხმარება ბევრი ნამდვილი მეგობრის შეძენაში.
▪ ავსტრალია. 77 წლის დონ მაკლინი, დღესაც 40 საათს მუშაობს კვირაში.
„4 წლის წინ გულის ოპერაცია გადავიტანე. ამის შემდეგ, ჯანმრთელობას აღარ ვუჩივი. ოპერაცია პასიური ცხოვრების დასაწყისად არ ჩამითვლია. მე როგორც ადრე, დღესაც ყოველ დღე ფეხით დავდივარ. ახალგაზრდობაში, როდესაც ვხედავდი რომ ვინმე ნაადრევად ბერდებოდა, ყოველთვის ვფიქრობდი, არ მიმებაძა. ძალიან მსიამოვნებს ხალხის გაცნობა და მათთან საუბრის წამოწყება. თუ ცხოვრებას სულიერი თვალით ვუყურებთ, მაშინ ფსალმუნის 102:5-ში აღწერილს საკუთარ თავზე გამოვცდით: «[იეჰოვა] სიკეთით ამვსები[ა] შენი გულისთქმისა [„სიცოცხლისა“, აქ], არწივის მსგავსად განმაახლებელი შენი სიჭაბუკისა».
▪ იაპონია. 68 წლის ჩიოკო ჩონანი, სრული დროით მქადაგებელი.
„თუკი არ დავუშვებთ, რომ ემოციურად გადავიტვირთოთ და გადავიღალოთ კარგ ჯანმრთელობას შევინარჩუნებთ. ვცდილობ არ ვინერვიულო; დროდადრო ცხოვრების რიტმის შეცვლაც კარგ სამსახურს მიწევს. ამას წინათ საანგარიშოზე დათვლის სწავლა დავიწყე თითებისა და გონების სავარჯიშოდ. ჩემი აზრით, კარგია ახალ-ახალი საქმეების დაწყება.
▪ საფრანგეთი. 73 წლის ჟოზეფ კურდუდუ, მუშაობს სრული დროით.
„თუ გინდა, რომ ლამაზად დაბერდე, რაც შეიძლება აქტიურ ცხოვრებას უნდა ეწეოდე. სამუშაოს კმაყოფილება მოაქვს, ამავე დროს ვალდებული ხარ კვებას მიაქციო ყურადღება და საჭირო ცვლილებებიც შეიტანო ცხოვრებაში. ჩემი აზრით, სულ სხვა ადამიანი ხდები, როცა მიზანი გაქვს ცხოვრებაში. მიმაჩნია, რომ სულიერობა ძალიან მნიშვნელოვანია კარგი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. სანამ იეჰოვას მოწმე გავხდებოდი ძალიან მერყევი და პესიმისტი ვიყავი. ბიბლიური ჭეშმარიტების ცოდნა უდიდესი ძალაა, რაც ადამიანს სულიერ სიმტკიცეს აძლევს სირთულეებთან გასამკლავებლად“.