რამდენად მომთმენია ღმერთი?
ბიბლიის თვალსაზრისი
რამდენად მომთმენია ღმერთი?
„ღმერთი, რომელსაც სურს თავისი რისხვის ჩვენება და ძლიერების უწყება, მრავალი სულგრძელობით ითმენს დასაღუპავად გამზადებულ რისხვის ჭურჭლებს“ (რომაელთა 9:22).
კაცობრიობის არსებობის ისტორიის მანძილზე ღმერთი უდიდეს ბოროტებასა და აშკარა უზნეობას ითმენს. 3 000-ზე მეტი წლის წინათ იობმა დაიჩივლა: „რატომ არის, რომ ბოროტეულნი ცოცხლობენ, ბერდებიან და უფრო მძლავრდებიან? მათი მონაგარი მყარად დგას მათ წინაშე და მათი შთამომავლობა მათ თვალწინაა. მათი სახლები შიშისგან დაცულია და არც ღვთის კვერთხია მათზე დაღირებული“ (იობი 21:7—9). სიმართლის მოყვარული სხვა ადამიანებიც, მაგალითად იერემია, აშკარად წუხდა იმაზე, თუ როგორ უთმენდა ღმერთი ბოროტეულთ (იერემია 12:1, 2).
რას ფიქრობთ ამის თაობაზე? საგონებელში ხომ არ გაგდებთ კითხვა — რატომ უშვებს ღმერთი ბოროტებას? ხანდახან ხომ არ ფიქრობთ, რომ ღმერთმა დროზე ადრე უნდა გაანადგუროს ყველა ბოროტი ადამიანი? განვიხილოთ, რას ამბობს ბიბლია იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად მომთმენია ღმერთი და რა არის ამის მიზეზები.
რატომ არის ღმერთი მომთმენი?
თავდაპირველად უნდა გაგვიჩნდეს კითხვები: საერთოდ, რატომ ითმენს ბოროტებას ღმერთი, რომელსაც დადგენილი აქვს სამართლიანობის მაღალი ნორმები? (მეორე რჯული 32:4; აბაკუმი 1:13). ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ იგი ურიგდება ბოროტებას? სრულიადაც არა! განვიხილოთ შემდეგი მაგალითი: წარმოიდგინეთ ქირურგი, რომელიც არღვევს ჰიგიენის ძირითად პრინციპებს და, ამავე დროს, ძლიერ ტკივილს აყენებს თავის პაციენტებს. თუ ასეთი ქირურგი საავადმყოფოში იმუშავებდა, განა სასწრაფოდ არ გაათავისუფლებდნენ სამუშაოდან? მაგრამ არსებობს ისეთი სიტუაციები, რომლებიც შესაძლოა უდიდეს მოთმინებას მოითხოვდეს. უკიდურესად კრიტიკულ ვითარებაში, მაგალითად ბრძოლის ველზე, განა არ იქნებოდა ასატანი ქირურგს პრიმიტიულ და სახიფათო პირობებში რომ ემუშავა, თუნდაც პრიმიტიული მოწყობილობისა და ქირურგიული იარაღების გამოყენებით? ასეთ ვათარებაში ეს, ალბათ, სავსებით ნორმალურად ჩაითვლებოდა.
მსგავსადვე, დღესდღეობით ღმერთი მოთმინებით იტანს ბევრ რამეს, რაც მისთვის სრულიად მიუღებელია. თუმცა მას სძულს ბოროტება, ის დროებით უშვებს მას. ამგვარი მოქმედებისთვის ღმერთს გამართლებული მიზეზები აქვს. უპირველეს ყოვლისა ეს საშუალებას იძლევა, რომ დრო გამოეყოს ედემის ბაღში სატანის აჯანყებით გამოწვეული გადამწყვეტი საკითხების ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრას. ეს საკითხები უშუალოდ უკავშირდება ღვთის მმართველობის სამართლიანობასა და კანონიერებას. ამავე დროს, ღვთის მიერ ბოროტების ატანა უკანონო საქმეების მომქმედთ გამოსასწორებლად და ცხოვრების წესის შესაცვლელად დროსა და შესაძლებლობას აძლევს.
გულმოწყალე, მომთმენი ღმერთი
ჩვენი პირველი მშობლები, ადამი და ევა, სატანას ღვთის წინააღმდეგ აჯანყებაში შეუერთდნენ. კანონით ღმერთს შეეძლო დაუყოვნებლივ გაენადგურებინა ისინი. ნაცვლად ამისა, მან ცხადყო, რომ გულმოწყალე და მომთმენი იყო და სიყვარულით დართო მათ შვილების ყოლის ნება; თუმცა ეს ბავშვები და მთელი კაცობრიობა, მათი შთამომავლობა, ცოდვილები დაიბადნენ (რომაელთა 5:12; 8:20—22).
ღვთის განზრახვაა, გაათავისუფლოს ადამიანები სავალალო მდგომარეობიდან (დაბადება 3:15). ის ხედავს, როგორ მოქმედებს ჩვენზე ადამისგან შთამომავლობით გადმოცემული არასრულყოფილება და ძალიან დიდ მოთმინებასა და გულმოწყალებას ავლენს (ფსალმუნი 50:7; 102:13). ის „მრავლის მომთმენი, დიდმოწყალეა“ და მზად არის და დიდი სურვილიც აქვს, „მრავალგზის მოგვიტევოს“ (ფსალმუნი 85:5, 15; ესაია 55:6, 7).
რამდენად მომთმენია ღმერთი
ღმერთს რომ უკანონობის არსებობა მარადიულად დაეშვა, ეს არაკეთილგონივრულობა და უგულობა იქნებოდა. არც ერთი მოსიყვარულე მამა მუდმივად არ მოითმენდა თავისი შვილის ცუდ საქციელს, რომელიც განზრახ განაგრძობდა ოჯახის სხვა წევრებისთვის საშინელი ტკივილის მიყენებას. თუმცა ღმერთი ბოროტმოქმედებას ითმენს, მუდამ სიყვარულით, ბრძნულად და სამართლიანად მოქმედებს (გამოსვლა 34:6, 7). ერთხელაც, როდესაც ის სულგრძელობით თავის მიზანს მიაღწევს, აღარ მოითმენს ბოროტებას (რომაელთა 9:22).
მოციქულმა პავლემ აშკარად ეს იგულისხმა, როცა თქვა: „[ღმერთმა] წარსულ თაობებში ნება მისცა, ყველა ერს თავისი გზებით ევლო“ (საქმეები 14:16). შემდეგ პავლე იმის თაობაზე საუბრობდა, თუ როგორ „უგულებელყო ღმერთმა უმეცრების დროება“, რაც მისი კანონებისა და პრინციპებისადმი დაუმორჩილებელმა ადამიანებმა გამოიწვიეს. „ახლა — განაგრძობს პავლე. — „აუწყებს ადამიანებს, ყველას, ყველგან, რომ მოინანიონ“. რატომ? „ვინაიდან მან დაადგინა დღე, როდესაც ქვეყნიერებას განკითხავს“ (საქმეები 17:30, 31).
გამოეხმაურეთ ღვთის გულმოწყალებას
რასაკვირველია, არავინ უნდა იფიქროს, რომ ვინმეს შეუძლია ჯერ უგულებელყოს ღვთის კანონები და შემდეგ, როდესაც მოისურვებს თავისი მოქმედების შედეგის თავიდან აცილებას, ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე, პატიება სთხოვოს ღმერთს (იესო ნავეს ძე 24:19). ძველად ისრაელში ბევრი ფიქრობდა, რომ შეეძლოთ ასე მოქცევა. ისინი არ იცვლებოდნენ. მათ მხედველობიდან გამორჩათ ის, თუ რა მიზნით იწყნარებდა და ითმენდა ღმერთი ბოროტებას. მან სამუდამოდ არ მოითმინა მათი უკანონობა (ესაია 1:16—20).
ბიბლიაში ნაჩვენებია, რომ ღვთის საბოლოო სასჯელის თავიდან ასაცილებლად ადამიანმა უნდა „მოინანიოს“ — იგრძნოს სინდისის ქენჯნა და აღიაროს ღვთის წინაშე თავისი არასრულყოფილება, ცოდვილი მდგომარეობა და შემდეგ, უთუოდ, შორს დაიჭიროს თავი ბოროტებისგან (საქმეები 3:19—21). შედეგად, ქრისტეს გამომსყიდველური მსხვერპლის საფუძველზე იეჰოვა ღმერთი მიუტევებს მას (საქმეები 2:38; ეფესელთა 1:6, 7). ღმერთი დადგენილ დროს აღმოფხვრის ადამის შეცოდებით გამოწვეულ მტანჯველ შედეგებს. იქნება „ახალი ცა და ახალი მიწა“, სადაც ღმერთი მეტად აღარ მოუთმენს „დღევანდელ სისტემას, რომელიც თავადვე ითხოვს საკუთარი თავის განადგურებას“ (გამოცხადება 21:1—5; რომაელთა 9:22, „ფილიპსის თარგმანი“). რა შესანიშნავი შედეგი მოაქვს ღვთის დიდ, მაგრამ არა უსაზღვრო მოთმინებას!
[სურათი 15 გვერდზე]
ღმერთმა ადამსა და ევას შთამომავლობის ყოლის ნება დართო.