ზებრა აფრიკის გარეული ცხენი
ზებრა აფრიკის გარეული ცხენი
„გამოიღვიძეთ!“-ის კორესპონდენტისგან აფრიკაში
ათასობით ზებრა ლაღად დარბის აფრიკის ვრცელ სავანებში. თავიანთი ხშირფაფარა კისრებით ჯოგის შერწყმულ მოძრაობას ტაქტს აყოლებენ და ზოლიანი გვერდებიც რითმულად ერწევათ. ხრიოკ მიწაზე მათი ჩლიქების დარტყმის ხმა ტრამალებზე გაისმის. მათ უკან წითელი მტვრის კორიანტელი დგება, რომელიც კილომეტრების მოშორებითაც კი მოჩანს. თავისუფლები და ლაღები, უდარდელად გარბიან.
უეცრად, თითქოს რაღაც უხილავი ბრძანებით, ნაბიჯი შეანელეს და შეჩერდნენ. თავიანთი მაგარი მსხვილი კბილებით გამხმარ ბალახს დასწვდნენ. ჯოგი ფხიზლადაა; შიგადაშიგ ზებრები აქეთ-იქით იყურებიან, ნებისმიერ ფაჩუნზე ყურები დაცქვეტილი აქვთ, და ჰაერს სუნავენ. მოულოდნელად ქარმა შორიდან ლომის ღრიალის ხმა მოიტანა და ზებრები გაქვავდნენ. ეს ხმა მათთვის კარგად არის ცნობილი. ყურდაცქვეტილ ზებრებს ბალახი პირშივე შერჩათ და გაშეშებულებმა იქით გაიხედეს, საიდანაც ღრიალის ხმა მოესმათ. როდესაც დარწმუნდნენ, რომ რეალური საშიშროება არ ემუქრებოდათ, თავები დახარეს და ბალახის ძოვა განაგრძეს.
როდესაც მზე უფრო მწველი ხდება, ისინი კვლავ ადგილიდან იძვრიან და მდინარისკენ მიემართებიან, საიდანაც რბილმა სიომ სიგრილე აგრძნობინათ. ზებრები ჩერდებიან მდინარის შემაღლებულ ნაპირზე და ყურადღებით აცქერდებიან მდორედ მიმდინარე ყავისფერ წყალს, თან ფრუტუნებენ და გადამწვარ მიწას ჩლიქებს ურტყამენ. ისინი ვერ ბედავენ მდინარესთან ჩასვლას, რადგან შიშობენ, რომ მისი მშვიდი ზედაპირის მიღმა რაიმე საფრთხე იმალება. მაგრამ წყურვილმა მაინც დასძლია შიში და ზოგი მათგანი წინ გავარდა. მათ სხვებიც მიჰყვნენ და, ბოლოს, ყველანი მდინარესთან აღმოჩნდნენ. წყურვილის მოკვლისთანავე ზებრები გეზს ისევ ფართოდ გადაშლილი ტრამალებისკენ იღებენ.
საღამოსთვის ჯოგი ნელი ნაბიჯით „მისეირნობს“ მაღალ ბალახში. აფრიკის საოცრად ლამაზი სავანის ფონზე ჩამავალი
მზის მეწამულ სხივებში გამოკვეთილი ზებრების სილუეტები დიდებული სანახაობაა.ზოლიანი ოჯახები
ზებრების ცხოვრებაში „დღის წესრიგი“, ფაქტობრივად, უცვლელია ხოლმე. საკვებისა და წყლის მუდმივი ძიების გამო ისინი ყოველთვის „მომთაბარე“ ცხოვრებას ეწევიან. ფართოდ გადაშლილ ტრამალებზე საჭმლის „მირთმევით“ დაკავებული ზებრები გაწკრიალებულებად და ჩატიკნულებად გამოიყურებიან, დაკუნთულ სხეულზე გადაჭიმული ზოლიანი კანიც ლამის ზედ ასკდებათ. ზებრებს მხოლოდ მათთვის დამახასიათებელი, განსაკუთრებული მოხატულობის მქონე ზოლები აქვთ. ზოგიერთის აზრით, ცალკეულ ზებრებს შორისაც კი არ მეორდება ნახატი. ამ საოცრად ლამაზი შავ-თეთრი ზოლების გამო ტრამალების სხვა ცხოველებს შორის ზებრებს განსაკუთრებული ადგილი უკავიათ. მათი ლამაზი პორტრეტი თავად აფრიკის ველურ ბუნებასთან არის შერწყმული.
ზებრები ძალზე „მეოჯახე“ ცხოველები არიან. ზოგიერთები ისეთ ძლიერ „ოჯახურ კვანძებს“ ქმნიან, რომ მათ სიცოცხლის ბოლომდე უფრთხილდებიან. თუმცა ჯოგი შეიძლება ათასობით პირუტყვისგან შედგებოდეს, ის დაყოფილია პატარა ოჯახურ ჯგუფებად, რომლებშიც ულაყი და მისი „ჰარამხანა“ შედიან. ამ პატარა ოჯახში წესრიგი იმის წყალობით ნარჩუნდება, რომ ყველას თავისი ადგილი აქვს მიჩენილი. უფროსი „ქალბატონი“ წყვეტს, თუ საით წავა ოჯახი. ამ დროს ის უდგება ოჯახს სათავეში, მას კი, თავიანთი „რანგის“ მიხედვით ჩამწკრივებული, ძუ ზებრები და მათი ნაშიერნი მიჰყვებიან. მაგრამ, საერთო ჯამში, ყველაფერს მაინც ულაყი აკონტროლებს. თუკი მას სურს, რომ ოჯახმა კურსი იცვალოს, უახლოვდება უფროს დედალ ზებრას და ოდნავი წაკვრით ახალ მიმართულებას უჩვენებს.
ზებრები სისუფთავის მოყვარული ცხოველები არიან. ხშირად შეიძლება დაინახოთ, როგორ ეგლასუნებიან ერთმანეთს გვერდებით ან ერთიმეორეს მხრებსა და ზურგს უწმენდენ. როგორც ჩანს, ეს „ურთიერთდაბანის“ რიტუალი მათ შორის არსებულ კვანძებს აძლიერებს. ნაშიერებიც სულ რამდენიმე დღისანი არიან ხოლმე, როდესაც სისუფთავეს აჩვევენ. თუკი ოჯახის რომელიმე წევრს ტანი ექავება და „მექისე“ ვერ ნახა, მიწაზე კოტრიალს იწყებს ან სხეულით ხეს, ტერმიტების ბუდეს, ან რაიმე უძრავ საგანს ეხახუნება.
ბრძოლა არსებობისთვის
ცხოვრებაში ზებრას ბევრი საფრთხე ხვდება. ლომების, აფთრისებური ძაღლების, აფთრების, ლეოპარდებისა და ნიანგებისთვის ეს 250-კილოგრამიანი ცხოველი გემრიელი ლუკმაა. ზებრას შეუძლია საათში 55 კილომეტრი სიჩქარე განავითაროს, მაგრამ ზოგჯერ მას მტაცებლები იჭერენ, რომლებიც მიეპარებიან ხოლმე და მოულოდნელად ესხმიან თავს. ლომები ბუჩქნარში უსაფრდებიან, ნიანგები მღვრიე წყლიდან უთვალთვალებენ, ლეოპარდები კი მასზე თავდასხმის მარჯვე შემთხვევას წყვდიადს ამოფარებულნი ელიან.
ზებრა რომ რომელიმე მტაცებლის მსხვერპლად არ იქცეს, ჯოგის წევრები უნდა ფხიზლობდნენ და გაერთიანებულად მოქმედებდნენ. ღამით, როდესაც უმრავლესობას სძინავს, რამდენიმე ზებრა გუშაგის როლს
ასრულებს — ყოველ ფაჩუნს ყურს უგდებენ და ყველაფერს უთვალთვალებენ. თუ ზებრა მოახლოებულ მტაცებელს ამჩნევს, ამ საგანგაშო ცნობას მთელ ჯოგს ფრუტუნით ამცნობს. ხშირად, როდესაც ჯოგის რომელიმე წევრი ავად ხდება ან მოხუცდება და სხვებს ნაბიჯს ვერ აყოლებს, ზებრები შეგნებულად უნელებენ სვლას ან ელოდებიან, სანამ ის მათ დაეწევა. როდესაც საფრთხე ემუქრებათ, ულაყი უშიშრად დგება ხოლმე მტაცებელ ცხოველსა და დედალ ზებრებს შორის და სანამ მტერს წიხლებს უშენს, სხვებს გაქცევის საშუალებას აძლევს.ამ ოჯახურ ერთიანობასთან დაკავშირებით ნატურალისტმა ჰიუგო ვან ლავიკმა გაიხსენა სერენგეტის ველზე მომხდარი ერთი საოცარი შემთხვევა, რომლის მოწმეც თავად გახდა. აფთრისებური ძაღლების ხროვა ზებრების ჯოგს დაედევნა. ძაღლებმა გამოაცალკევეს დედა ზებრა ორი ნაშიერითურთ, რომელთაგანაც ერთი მხოლოდ წლისა იყო. სხვა ზებრები გაიქცნენ, ამიტომაც დედას და მის პაწიებს მარტოკებს მოუწიათ ძაღლების მოგერიება. ძაღლები უფრო და უფრო აგრესიულები ხდებოდნენ, დედასა და მის პატარებს კი უკვე ძალა ეცლებოდათ. მათი აღსასრული გარდაუვალი იყო. ვან ლავიკი იხსენებს ამ გამოუვალი მდგომარეობის ამსახველ სცენას: „უეცრად ვიგრძენი, როგორ შეზანზარდა მიწა, მიმოვიხედე და, ჩემდა გასაოცრად, დავინახე ათი ზებრა, რომლებიც სწრაფად უახლოვდებოდნენ განწირულ დედასა და შვილებს. ერთ წამში ისინი გარს შემოერტყნენ მათ და შემჭიდროვებულები, ყველანი ერთად გაიქცნენ ჯოგისკენ. ძაღლებმა კიდევ სადღაც 50 მეტრამდე სდიეს, მაგრამ ჯოგის შიგნით შეღწევა ვერ შეძლეს და ჩამოსცილდნენ“.
პაწიების აღზრდა
დედა ზებრა თავის ახალშობილ ნაშიერს ზედ ეფოფინება და ჯოგის სხვა წევრებს მასთან არ უშვებს. განცალკევების ამ პერიოდში პაწია ეჩვევა და საოცრად უახლოვდება თავის დედიკოს. ის იმახსოვრებს დედის შავ-თეთრი ზოლების განსაკუთრებულ მოხატულობას. შემდგომში, ის ყოველთვის ამოიცნობს დედის ხმას, სუნსა და ზოლებს, და სხვა დედალ ზებრაში არ აერევა.
პატარები არ იბადებიან შავ-თეთრი ზოლებით, როგორებიც მათ მშობლებს აქვთ. მათი ზოლები მოწითალო-მოყავისფროა და მხოლოდ დროთა განმავლობაში გაუშავდებათ. უფრო დიდ ჯოგებში მყოფი პატარები, რომლებიც სხვადასხვა ოჯახებიდან არიან, ერთად იკრიბებიან ხოლმე სათამაშოდ. ისინი ერთმანეთს სირბილში ეჯიბრებიან, დაჭერობანას თამაშობენ, ტლინკებს ყრიან, ცელქობენ და ნავარდობენ უფროსებთან ერთად, რომლებიც ზოგჯერ პატივს დასდებენ ხოლმე და უერთდებიან მათ თამაშის დროს. პაწიები იმითაც ერთობიან, რომ თავიანთი წვრილი ფეხებით ფრინველებსა და სხვა პატარა ცხოველებს დასდევენ. ეს გრძელფეხება, ტანწერწეტა პაწიები — დიდი შავი თვალებითა და მბზინავი რბილი ტყავით — ნამდვილად სასიამოვნო სანახავია!
გარეული ლამაზმანები
აფრიკის ვრცელ, ოქროსფერ სავანებში დღესაც კი შეიძლება ლაღად მორბენალი ზებრების დიდი ჯოგების ხილვა. მათი ცქერა ნამდვილად დაგატკბობთ.
ვინ უარყოფს, რომ ზებრა, თავისი განუმეორებელი შავ-თეთრი ზოლებით, ოჯახისადმი ერთგულებითა და თავისუფალი, ლაღი ბუნებით — საოცარი და მშვენიერი ქმნილებაა? ამ ცხოველზე მეტის გაგებით პასუხი ეცემა ათასობით წლის წინათ დასმულ კითხვას: „ვინ გაუშვა ნებაზე ზებრა?“ (იობი 39:5, აქ). პასუხი ნათელია: ეს, ყველა ცოცხალი არსების შემქმნელი, იეჰოვა ღმერთია.
[ჩარჩო 14 გვერდზე]
რატომ აქვს ზებრას ზოლები?
ევოლუციის თეორიის მხარდამჭერებს უჭირთ იმის ახსნა, თუ რატომ აქვს ზებრას ზოლები. ზოგი თვლის, რომ ისინი დამცავი მექანიზმის როლს ასრულებენ. მაგრამ ფაქტია, რომ ლომებსა და სხვა დიდ მტაცებელ ცხოველებს ზებრას ზოლები სულაც არ აშინებთ.
სხვები ფიქრობენ, რომ ზოლებით ზებრები საპირისპირო სქესის წარმომადგენელს იზიდავენ. მაგრამ ყველა ზებრა ერთნაირად არის დაზოლილი და ულაყის ზოლები, ფაქტობრივად, დედლის ზოლებისგან არ განსხვავდება, და პირიქით. ამიტომაც, არც ეს არგუმენტია დამაჯერებელი.
სხვა თეორიის თანახმად, შავ-თეთრი ზოლები ზებრებს მცხუნვარე აფრიკული მზისგან დასაცავად განუვითარდათ. მაშინ სხვა ცხოველებს რატომ არა აქვთ ზოლები?
ერთი ძალზე გავრცელებული თეორია იმაში მდგომარეობს, რომ ზებრებს ზოლები შესანიღბად განუვითარდათ. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ აფრიკული სიცხისგან დამდგარი ბუღი მართლაც რომ ამახინჯებს და აბუნდოვნებს ზებრას გამოსახულებას, რის გამოც შორი მანძილიდან მისი დანახვა ძნელია. მაგრამ შორი მანძილისთვის გამიზნული შენიღბვა ბევრს არაფერს იძლევა, რადგან ლომები — ზებრას მთავარი მტრები — მხოლოდ ახლო მანძილიდან ესხმიან თავს.
ასეთი აზრიც იყო გამოთქმული, რომ საფრთხისგან ჯოგის გაქცევის დროს ზებრების ზოლები ერთიმეორეში გადადის და სანადიროდ გამოსულ ლომს თვალები უჭრელდება და უჭირს რომელიმე ერთ ცხოველზე კონცენტრირება. მაგრამ, სინამდვილეში, ველური ბუნების გამოკვლევებმა უჩვენა, რომ ზებრებზე ნადირობისას ლომები არანაკლებ დახელოვნებული და მოხერხებულნი არიან, ვიდრე სხვა ცხოველებზე ნადირობისას.
უფრო დამაბნეველი კი ის ფაქტია, რომ ზოლები ზებრას ზოგჯერ საშიშროების წინაშეც კი აყენებს. ღამით, მთვარის შუქით მოფენილ ტრამალებში ზებრას დანახვა უფრო ადვილია შავ-თეთრი ზოლების გამო, ვიდრე ერთი ფერის მქონე სხვა რომელიმე ცხოველისა. ვინაიდან ლომები ზუსტად ამ დროს ნადირობენ ხოლმე, ზოლების გამო ზებრა აშკარად საფრთხეში ვარდება.
მაგრამ მაინც, საიდან აქვს ზებრას ზოლები? პასუხი ძალზე მარტივია: „ღვთის ხელმა შექმნა ეს“ (იობი 12:9). დიახ, სამყაროს შემოქმედმა ყოველი მიწიერი ქმნილება სასწაულებრივად აღჭურვა სიცოცხლისთვის აუცილებელი მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებებით, რომელთა გაგებაც ადამიანს ბოლომდე არ ძალუძს. ცოცხალი არსებების საოცარი მოხატულობა სხვა მიზანს ემსახურება. ის ახარებს და სიამოვნებას ანიჭებს ადამიანს. მართლაც, ქმნილებათა სილამაზე ბევრს დღესაც იგივე გრძნობებს აღუძრავს, რა გრძნობებიც დიდი ხნის წინათ დავითს დაეუფლა და აღტაცებულმა წამოიძახა: „რაოდენ მრავალია საქმენი შენი, უფალო! ყოველივე სიბრძნით შეგიქმნია, სავსეა დედამიწა შენი მონაგარით“ (ფსალმუნი 103:24).