მისმა გაბედულებამ კარგი ნაყოფი გამოიღო
მისმა გაბედულებამ კარგი ნაყოფი გამოიღო
იეჰოვას მოწმე მრავალი ახალგაზრდა თავიანთი რწმენის შესახებ გაბედულად საუბრობს და კარგ მაგალითს გვაძლევს. ვნახოთ, რა გადახდა სალონიკში (საბერძნეთი) მცხოვრებ სტელას. «ერთ-ერთ ქრისტიანულ შეხვედრაზე, — ამბობს იგი, — განვიხილეთ, თუ როგორ შეგვეძლო ჩვენი საზოგადოების მიერ გადაღებული ვიდეოფილმებით ადამიანებს იეჰოვას გაცნობაში დავხმარებოდით. უმალ აზრად მომივიდა, როგორ გამომეყენებინა ვიდეოფილმი „ორგანიზაცია სახელწოდებით იეჰოვას მოწმეები“. მეორე დღესვე სკოლის დირექტორს ვიდეოფილმის ჩვენება შევთავაზე სკოლაში. ჩემდა გასაოცრად დირექტორს არაფერი ჰქონდა საწინააღმდეგო, თუ სხვა მასწავლებლებიც თანახმა იქნებოდნენ.
იმავე დღეს, მოგვიანებით, დირექტორმა მითხრა, რომ ფილმის ჩვენება მომდევნო კვირას შემეძლო, ოღონდ გაკვეთილების შემდეგ. ამან ცოტა დამაღონა — ვიფიქრე, რომ ჩემი თანაკლასელები თავისუფალ დროს ამისთვის არ გაიმეტებდნენ. მიუხედავად ამისა, მომდევნო დღეს ყველას ვთხოვე, რომ მოსულიყვნენ. ისინი არათუ დამთანხმდნენ, არამედ სხვა კლასის მოსწავლეებიც დაპატიჟეს. მათთან ერთად ექვსი მასწავლებელი — მათ შორის რელიგიის მასწავლებელიც — მოვიდა ფილმის სანახავად.
ფილმს ყველა დიდი ინტერესით უყურებდა. შემდეგ დირექტორის თხოვნით დამსწრეთა შეკითხვებზეც გავეცი პასუხი. იეჰოვას მოწმეების მთავარ სამმართველოში შესრულებულმა ნებაყოფლობითმა სამუშაოებმა, რომელიც ფილმში იყო ნაჩვენები, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მრავალ მოსწავლეზე. ერთ-ერთმა მოსწავლემ აღტაცებისგან წამოიძახა, ხელფასს არ უხდიან, მაგრამ მაინც სიხარულით მუშაობენო.
დამსწრეთ ბიბლიაზე დაფუძნებული ჩვენი პუბლიკაციების შესახებ მოვუთხრე. შემდეგ „ცნობა სამეფოს შესახებ“ №36 „ახალი ათასწლეული — რას მოგიტანთ მომავალი?“ დავურიგე. დირექტორმა დამატებით სხვა რამდენიმე ეგზემპლარიც მთხოვა, რათა იმ მასწავლებლებისთვის მიეცა, რომლებიც იმ დღეს არ ესწრებოდნენ.
ბევრი მოსწავლე თავის მეგობრებს მოუყვა ფილმის შესახებ. ძალიან მიხარია, რომ ხელიდან არ გავუშვი ეს შესაძლებლობა და ღვთის ორგანიზაციის შესახებ დავამოწმე. თანაკლასელები მეტი პატივისცემით მეპყრობიან, მაგრამ რაც უფრო მნიშვნელოვანია, ახლა ისინი პატივს მიაგებენ ღმერთს, რომელსაც მე ვცემ თაყვანს!».