ნახეთ, აბლაბუდაში ფოთოლია!
ნახეთ, აბლაბუდაში ფოთოლია!
„გამოიღვიძეთ!“-ის კორესპონდენტისგან ავსტრალიაში
ხედავთ თუ არა გამხმარ და საგულდაგულოდ დახვეულ ფოთოლს? ის აბლაბუდაზეა ჩამოკიდებული. ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ის ქარმა აიტაცა და შემთხვევით გაიხლართა ქსელში. სინამდვილეში კი ეს განსაკუთრებული ფოთოლია.
ის, რასაც თქვენ უყურებთ, ფოთოლმხვევია ობობას (Phonognatha) — ამ მართლაც რომ გასაოცარი ქმნილების — უჩვეულო სახლია. იგი ერთადერთი ობობაა, რომელიც ცნობილია იმით, რომ ამ უჩვეულო მეთოდით „იშენებს“ სახლს — ჯერ ფოთოლს ახვევს საგულდაგულოდ, მერე კი შიგნიდან აბრეშუმის ძაფით „ლესავს“; ეს კი ზუსტად ის მასალაა, რითაც ობობა თავის აბლაბუდას ქსოვს. მაგრამ საინტერესოა, იყენებს თუ არა ობობა სამშენებლო მასალად, უბრალოდ, ქსელში შემთხვევით გახლართულ ფოთოლს? შორიდან ეს შეიძლება ასეც ჩანდეს, მაგრამ თუ უფრო ახლოდან დავაკვირდებით, ცხადი გახდება, რომ ფოთლის ფორმა ზუსტად არის შერჩეული. საჭირო მასალას ობობა, შესაძლოა, მიწაზე დაცვენილი ფოთლებიდან ირჩევს დიდი დაკვირვებით. იგი ჯერ სპირალურად ახვევს ფოთოლს, მერე კი, კვლავ რომ არ გაიშალოს, თავის დაზღვევის მიზნით აბრეშუმის ძაფით ამაგრებს.
აღსანიშნავია, რომ ამ სახეობის ობობები მხოლოდ ფოთოლს არ იყენებენ სახლად. ქალაქის გარეუბნების ეზოებში ისინი ხშირად გაზეთის ნაგლეჯებს, მსუბუქ მუყაოს და გადაყრილ ბილეთებს იყენებენ სამშენებლო მასალად. საინტერესოა, რომ მათ შეიძლება ლოკოკინას ცარიელ ნიჟარასაც კი დაადგან თვალი. იყო ისეთი შემთხვევაც, როცა ნიჟარა ექვსჯერ მძიმე იყო იმ ობობაზე, რომელმაც ის თავის ქსელში აათრია და შიგ დაიდო ბინა!
მოდი შევამოწმოთ, ზის თუ არა ობობა თავის ფოთოლში ამ წუთას. ცოტათი შევარხიოთ მისი სახლი. აქ არის! ხედავთ? პატარა, ლამაზად შეფერილი ობობა ფოთლიდან გამოდის და თავისი აბრეშუმის ძაფით მიწაზე ეშვება. ნუ გეშინიათ! არაფერს გავნებთ. ობობების ეს სახეობა უსაფრთხოა ადამიანისთვის, თუმცა შეიძლება ცოტათი გიჩხვლიტოთ თითზე, თუ დაუდევრად შეეხებით.
ფოთოლმხვევია ობობა, ჩვეულებისამებრ, მთელ დღეს მოსვენებაში ატარებს თავის ფოთოლ-საბინადროში. მაგრამ ღამით, როცა მწერები გამოიშლებიან, ის ფოთლის ნაპირასაა ჩაცუცქული. ამ სათვალთვალო პუნქტიდან ფხიზლად ადევნებს თვალს აბლაბუდას, ხოლო ერთ-ერთი ფეხი „ტელეგრაფის მავთულზე“ — ფოთოლსა და აბლაბუდას ცენტრს შორის გაბმულ აბრეშუმის სპეციალურ ძაფზე — აქვს გამოდებული. როგორც კი მწერი ქსელს დაეჯახება, ობობა მაშინვე მივარდება მას, წაართმევს მოძრაობის უნარს და შეჭამს.
ეს მარჯვე პატარა მშენებელი მხოლოდ ერთ-ერთია უამრავ საინტერესო ავსტრალიურ ქმნილებებს შორის.