რა ხდება მსოფლიოში
რა ხდება მსოფლიოში
სამსახურში მოსაწყობად ტყუილსაც კადრულობენ
„სამუშაოზე მოსაწყობად ანკეტის შევსებისას ყოველი მეოთხე ადამიანი ცრუობს“, — იტყობინება ლონდონში გამომავალი გაზეთი „ფაინენშლ ტაიმსი“. ერთმა კომპანიამ (Control Risks Group), რომელიც უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე მუშაობს, ერთი წლის განმავლობაში იმ 10 435 ადამიანის წარსული გამოიკვლია, რომლებსაც საფინანსო მომსახურებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიის სფეროში სურდათ მუშაობის დაწყება. „ფაქტების გაყალბება ნებისმიერ თანამდებობაზე იქნა გამოვლენილი, — ნათქვამია გაზეთში, — ანკეტათა დაახლოებით 34 პროცენტი შეუსაბამობებს შეიცავდა წარსულ სამსახურებრივ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ხოლო 32 პროცენტში გაზვიადებული ან დამახინჯებული იყო ფაქტები განათლების მიღების თაობაზე. საერთო ჯამში, მომმართველთა 19 პროცენტი შეეცადა არასახარბიელო ფინანსური მდგომარეობის ან გაკოტრების შესახებ ინფორმაციის დამალვას, 11 პროცენტმა კი თავი აარიდა ვინაობის დასადგენად საჭირო დაწვრილებითი ინფორმაციის მოწოდებას“. ისინი, ვინც ადრე საზღვარგარეთ ცხოვრობდნენ, უფრო მეტად ამახინჯებდნენ ინფორმაციას წარსულში თავიანთი ფინანსური მდგომარეობის თაობაზე, როგორც ჩანს, იმ იმედით, რომ მაინც ვერავინ ვერაფერს მიხვდებოდა. ისიც გამოაშკარავდა, რომ „ქალებთან შედარებით მამაკაცებს გაცილებით დიდი მიდრეკილება ჰქონდათ ფალსიფიკაციისკენ“. სამუშაო კადრების შერჩევისა და დასაქმების კავშირის თანამშრომელი, ტიმ ნიკოლსონი, ადასტურებს გამოკვლევის შედეგებს და დასძენს: „თუ კადრების შემრჩევი სპეციალისტები ქაღალდზე დაწერილს დაიჯერებენ, გამოდის, რომ მათ კარგად ვერ შეუსრულებიათ თავიანთი სამუშაო“.
სლოვაკეთი — მორწმუნეთა ქვეყანა?
2001 წელს სლოვაკეთში ჩატარებული მოსახლეობის აღწერის შედეგად გამოირკვა, რომ სლოვაკების დაახლოებით 84 პროცენტი ამჟამად მორწმუნედ მიიჩნევს თავს. როგორც სოციოლოგი იან ბუნჩაკი ამბობს, ეს უმთავრესად „იმითაა განპირობებული, რომ ხალხს ძალიან სურს, საზოგადოებაში მიღებული შეხედულებების თანახმად იცხოვროს“. კომუნისტური რეჟიმის დროს რელიგია იდევნებოდა, ახლა კი რომელიმე რელიგიის წევრად ყოფნა „მართებულად და ნორმალურად“ არის მიჩნეული. მიუხედავად ამისა, „ძალიან ბევრს საერთოდ არ სწამს ღმერთი“, — ამბობს ბუნჩაკი. იგი ევროპაში არსებულ საერთო სიტუაციას კომენტარს უკეთებს და დასძენს: „ხალხის უმრავლესობა ირწმუნება, რომ რომელიმე რელიგიას ეკუთვნის. . . მაგრამ ამავე დროს, არ უნდათ, რომ რელიგიამ ძალიან დიდი გავლენა მოახდინოს მათ ცხოვრებაზე“.
2050 წლისთვის ოთხი მილიარდი ადამიანი იშიმშილებს
გაეროს მოსახლეობის ფონდის ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, განვითარებად ქვეყნებში მოსახლეობის ზრდის ხარჯზე, 2050 წლისთვის დედამიწის მოსახლეობა, სავარაუდოდ, 9, 3 მილიარდს მიაღწევს. ვარაუდობენ, რომ აქედან 4, 2 მილიარდი ადამიანი იმ ქვეყნებში იცხოვრებს, სადაც შეუძლებელია საკვებსა და წყალზე ძირითადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. ეს იმას ნიშნავს, რომ ორჯერ გაიზრდება იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც ახლავე განიცდიან საკვების უკმარისობას. „როგორც ანგარიში ცხადყოფს, სიღარიბე და მოსახლეობის სწრაფი ზრდა საბედისწერო ურთიერთდამთხვევაა, — ამბობს ფონდის დირექტორი თორაია ობეიდი, — ღარიბი ადამიანები უფრო მეტად არიან დამოკიდებული ისეთ ბუნებრივ რესურსებზე, როგორიცაა მიწის ნაკვეთი, ტყე და წყალი; ამასთან ისინი უფრო მეტად ზარალდებიან ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესებით. . . ზოგიერთი ჩვენგანი დაუზოგავად იყენებს ბუნებრივ რესურსებს მაშინ, როცა სხვებს საარსებოდ აუცილებელიც კი არა აქვთ“.
რატომ არიან მამაკაცები უფრო დღემოკლენი
„მამაკაცების ცხოვრება საშინელებაა: მამაკაცი უფრო ადვილად ავადდება და უფრო ადრე კვდება“. ასეთი უღიმღამო სურათი დახატეს ავსტრიის ქალაქ ვენაში გამართული, მამაკაცების ჯანმრთელობისადმი მიძღვნილი, პირველი მსოფლიო კონგრესის ორგანიზატორებმა. როგორც გერმანული გაზეთი „ზიუდოიჩე ცაიტუნგი“ იუწყება, ისინი შეაშფოთა იმ ფაქტმა, რომ მამაკაცები, საშუალოდ, ქალებზე ხუთი წლით ნაკლებს ცოცხლობენ. რატომ არიან მამაკაცები უფრო დღემოკლენი? ერთი მიზეზი ის არის, რომ ისინი უფრო ბევრს ეწევიან და გადაჭარბებულად სვამენ. სხვა დიდი რისკ-ფაქტორებია ზომაზე მეტის ჭამა და უმოძრაობა — როგორც იტყობინებიან, შუა ხნის მამაკაცთა 70 პროცენტი ჭარბწონიანია. გარდა ამისა, ბევრი მათგანისთვის დიდ სტრესთან არის დაკავშირებული სამსახურისა და სხვა ოჯახური მოვალეობების გაწონასწორება. ავადმყოფობის შემთხვევაში მამაკაცები უფრო ნაკლებად აკითხავენ ექიმს ანდა იშვიათად მიმართავენ პროფილაქტიკურ ზომებს. ამ კონგრესის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ზიგფრიდ მერინმა, ასე შეაჯამა არსებული ვითარება: „მამაკაცების ჯანმრთელობის მდგომარეობა მართლაც რომ არასახარბიელოა“.