არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

აზარტული თამაშები მთელ მსოფლიოში პოპულარული

აზარტული თამაშები მთელ მსოფლიოში პოპულარული

აზარტული თამაშები მთელ მსოფლიოში პოპულარული

ჯონი, რომელიც შოტლანდიაში გაიზარდა, ლატარიაში მოგებაზე ოცნებობდა. „ლატარიის ბილეთს ყოველკვირა ვყიდულობდი, — ამბობს იგი, — მასში მცირე თანხას ვიხდიდი, მაგრამ ეს ბილეთი იმედს მისახავდა, რომ ერთბაშად მოვიპოვებდი ყველაფერს, რასაც მთელი ცხოვრება ვნატრობდი“.

კაზუშიგეს, რომელიც იაპონიაში ცხოვრობს, დოღი უყვარდა. „მეგობრებთან ერთად დოღის დროს ფულზე სანაძლეოს დადება საუცხოო თავშესაქცევი იყო და ზოგჯერ დიდძალ ფულსაც ვიგებდი“, — იხსენებს იგი.

„ბინგო ჩემი საყვარელი თამაში იყო, — ამბობს ავსტრალიაში მცხოვრები ლინდა, — ამ ჩვეულების გამო კვირაში 30 ამერიკული დოლარის დახარჯვა მიწევდა, სამაგიეროდ კი ძალიან მსიამოვნებდა ის განცდა, მოგებისას რომ მეუფლებოდა“.

ჯონი, კაზუშიგე და ლინდა აზარტულ თამაშებს გართობის შედარებით უწყინარ ფორმად მიიჩნევდნენ. მთელ მსოფლიოში ასობით მილიონი ადამიანი იზიარებს ამავე თვალსაზრისს. გელაპის ინსტიტუტის მიერ 1999 წელს ჩატარებული გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა, რომ ამერიკელთა ორი მესამედი დადებითად იყო განწყობილი აზარტული თამაშებისადმი. ფულზე მოთამაშე ამერიკელებმა ლეგალურ აზარტულ თამაშებზე 1998 წელს თითქმის 50 მილიარდი დოლარი დახარჯეს, რაც აღემატება მათ მიერ კინოს ბილეთებზე, მუსიკალურ ჩანაწერებსა და სპორტულ სანახაობებზე, გართობა-დასვენების პარკებსა და ვიდეოთამაშებზე დახარჯული თანხის ჯამს.

როგორც ახლახან ჩატარებულმა გამოკვლევამ გვიჩვენა, ერთი წლის განმავლობაში ავსტრალიის მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტმა, სულ მცირე, ერთხელ მაინც მიიღო მონაწილეობა აზარტულ თამაშებში, ხოლო მათი 40 პროცენტი ყოველკვირა თამაშობდა ფულზე. ავსტრალიელები მსოფლიოს ყველაზე აზარტულ მოთამაშეთა შორის არიან — ამ ქვეყნის სრულწლოვანი ადამიანები აზარტულ თამაშებზე ყოველწლიურად, საშუალოდ, 400 ამერიკულ დოლარზე მეტს ხარჯავენ, რაც დაახლოებით ორჯერ აღემატება ევროპელებისა და ამერიკელების მიერ დახარჯულ თანხებს.

ბევრი იაპონელი პატინკოთია (ბილიარდის ნაირსახეობა) გატაცებული და ამ თამაშზე ისინი ყოველწლიურად მილიარდობით ამერიკულ დოლარს ხარჯავენ. ბრაზილიელები ყოველწლიურად 4 მილიარდამდე დოლარს მაინც ხარჯავენ აზარტულ თამაშებზე — უმეტესწილად კი ლატარიის ბილეთებზე. მაგრამ, მხოლოდ ბრაზილიელებს როდი უყვართ ლატარია. ჟურნალ „ფაბლიკ გეიმინგ ინტერნეშნლის“ ერთ-ერთ ბოლო გამოცემაში გამოთქმული იყო ვარაუდი, რომ „მსოფლიოს 102 ქვეყანაში ლატარიის 306 სხვადასხვა სახეობა თამაშდება“. აზარტული თამაშები მართლაც რომ მთელ მსოფლიოშია პოპულარული და, როგორც ზოგი ამბობს, მას დიდი სარგებლობა მოაქვს.

როგორც აზარტული თამაშების შემსწავლელი ინსტიტუტის თანამშრომელი, შერონ შარპი, ამბობს, ამერიკის შეერთებულ შტატებში 1964—1999 წლებში ლატარიის გათამაშებით მიღებულმა თანხამ „125 მილიარდი დოლარი შემატა ქვეყნის ბიუჯეტს, თანაც ამ საბიუჯეტო შემოსავლის უდიდესმა ნაწილმა 1993 წლიდან დაიწყო შემოსვლა“. ამ თანხის დიდი ნაწილი სახალხო განათლების პროგრამების განსახორციელებლად, სახელმწიფო ნაკრძალების დასაფინანსებლად და სპორტული ნაგებობა-კომპლექსების სრულყოფის მიზნით იქნა გამოყოფილი. აზარტული თამაშების ბიზნესი ბევრს სამუშაოთიც უზრუნველყოფს. მაგალითად, მარტო ავსტრალიაში ამ სფეროში 100 000-მდე ადამიანია დასაქმებული 7 000-ზე მეტ კომპანიაში.

ამრიგად, როგორც აზარტული თამაშების ქომაგები ირწმუნებიან, ფულზე თამაში გართობის საშუალებას აძლევს ხალხს. უფრო მეტიც, მათი თქმით, კანონით ნებადართული აზარტული თამაშები ქმნის სამუშაო ადგილებს, გადასახადების სახით ზრდის ბიუჯეტს და სასიკეთოდ მოქმედებს ადგილობრივ დაცემულ ეკონომიკაზე.

ამიტომ, ბევრმა შეიძლება იკითხოს: „მაშ, რა არის ცუდი აზარტულ თამაშებში?“. ამ კითხვაზე პასუხი მომდევნო სტატიაში განიხილება და ვფიქრობთ, რომ იგი შეცვლის თქვენს თვალსაზრისს აზარტულ თამაშებზე.

[სურათი 3 გვერდზე]

ჯონი

[სურათი 3 გვერდზე]

კაზუშიგე

[სურათი 3 გვერდზე]

ლინდა