ბამაკოელი ტანსაცმლის მბეგვავები
ბამაკოელი ტანსაცმლის მბეგვავები
დასავლეთ აფრიკაში მდებარე ქვეყნის, მალის, დედაქალაქ ბამაკოში დღისით შეიძლება განუწყვეტელი რიტმული ბრაგაბრუგის ხმა გაიგონოთ. არა, მუსიკოსები აქ არაფერ შუაში არიან. დოლის მაგვარი ბრახუნის ხმა ტანსაცმლის მბეგვავების პატარა ქოხებიდან გამოდის. მაგრამ საინტერესოა, რაში უნდა სჭირდებოდეს ვინმეს ტანსაცმლის დაბეგვა?
ტანსაცმლის დაბეგვა ბოლო ნაბიჯია ქსოვილის უჩვეულო დამუშავების პროცესში. ყველაფერი იმით იწყება, რომ იღებენ ქსოვილის თეთრ ნაჭერს ან ტანსაცმელს და, ჩვეულებრივ, ნაირფერად ღებავენ და სხვადასხვა მოხატულობას აძლევენ. შემდეგ მას მანიჰოტის დაფქული ფესვებისგან დამზადებულ შესქელებულ ხსნარში ან გუმფისოვანი ხეებისგან მიღებულ წვენში ალბობენ. მზეზე გაშრობის შემდეგ ქსოვილი ფიცარივით მაგრდება. ახლა ის უკვე მზად არის დამუშავების ბოლო ეტაპისთვის — დასაბეგვად.
ტანსაცმლის მბეგვავების ძირითადი ამოცანა უხეში ქსოვილის იქამდე ბეგვაა, სანამ ის მთლიანად უნაოჭო არ გახდება. თუ მათ პატარა ქოხებში შევიხედავთ, იქ, როგორც წესი, ორ ახალგაზრდა მამაკაცს დავინახავთ, რომლებიც ერთმანეთის პირისპირ სხედან და შუაში ერთგვარი ზეთოვანი ხის (Butyrospermum parkii) მოკლე მორი უდევთ. კაცები ოდნავ ცვილავენ ქსოვილს და მორზე ჭიმავენ. შემდეგ ამავე ხისგან დამზადებულ ხის დიდ ჩაქუჩებს იღებენ ხელში და ურტყამენ. ისინი ოსტატურად და ჰარმონიულად უნაცვლებენ დარტყმებს ისე, რომ თითოეული მათგანი ზუსტად იქ ურტყამს, სადაც მეორემ ააცდინა.
კი მაგრამ, ხომ შეეძლოთ უბრალოდ დაეუთოვებინათ? ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც უთოს არ იყენებენ, ის არის, რომ მისი სიმხურვალე მალევე გაახუნებდა ქსოვილს. თანაც, უთოთი შეუძლებელი იქნებოდა ისეთი ცოცხალი ფერების გამოყვანა, როგორც ეს ტანსაცმლის მბეგვავებს გამოსდით. საქმე ის არის, რომ ხის ჩაქუჩის თითოეული დარტყმა მბზინვარებას სძენს ქსოვილს, რის გამოც ფერი უფრო გამოკვეთილი ხდება. კარგად დაბეგვის მერე ქსოვილი ისეთი ხასხასაა, რომ გეგონება ახალთახალი შეღებილიაო.
ჰოდა, თუ ამ ქალაქის ქუჩებში ისეირნებთ და განუწყვეტელი დოლის მაგვარი ბრახუნის ხმა შემოგესმებათ, კარგად მიაყურადეთ ახლომახლო მდებარე ქოხებს. დოლი შეიძლება სულაც არაფერ შუაში იყოს და ხმები შეიძლება ბამაკოელი ტანსაცმლის მბეგვავებისგან მოდიოდეს.