ოქროს ცრემლის ტყვეობაში
ოქროს ცრემლის ტყვეობაში
„გამოიღვიძეთ!“-ის კორესპონდენტისგან დომინიკელთა რესპუბლიკაში
ჭიანჭველა ხეზე სწრაფად გარბის და ვერ ამჩნევს, წინ რა საფრთხე ემუქრება. მოულოდნელად, ჯერ ერთი ფეხით ეწებება, შემდეგ მეორით, ბოლოს კი მთლიანად ეფლობა ხის მიერ გამოყოფილ თაფლისმაგვარ ფისში. ხიდან კიდევ ერთი ოქროს წვეთი იღვენთება და ჭიანჭველაც საბოლოოდ იმარხება. გაქცევა უკვე შეუძლებელია. ბოლოს, ეს ბლანტი მასა, რომლის შიგნითაც ჭიანჭველაა გამომწყვდეული, მიწაზე ეცემა, წვიმა კი დატყვევებულ მწერს მდინარისკენ მიაქანებს, სადაც ის ლამში ეფლობა. გადის ათასწლეულები და ჭიანჭველას პოულობენ — ის შესანიშნავადაა შენახული ოქროს წვეთში. ფისი გამაგრდა და ადამიანების ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ და ძვირფას საუნჯედ — ქარვად იქცა.
რა ვიცით ქარვის შესახებ? შეუძლიათ ქარვასა და მასში ჩამარხულ მწერებს, გაგვიმხილონ შორეული წარსულის ზოგი საიდუმლო? შესაძლებელია თუ არა მათი დახმარებით სიცოცხლის ერთ დროს არსებული ფორმების აღდგენა?
ჩრდილოეთის ოქრო
ათასწლეულების მანძილზე ადამიანს სწყუროდა, ფარდა აეხადა ქარვის წარმოშობის საიდუმლოებისთვის და უზომოდ ხიბლავდა ქარვის მიმზიდველი, ოქროსფერი მშვენება. როგორც ჩანს, ქარვას გასაოცარი უნარიც გააჩნდა! ძვ. წ. დაახლოებით 600 წელს ბერძენმა მეცნიერმა თალესმა შენიშნა, რომ ქსოვილთან ხახუნის შემდეგ ქარვა ბუმბულს ან ჩალის მომცრო ღეროებს იზიდავდა. ეს „გასაოცარი უნარი“ ქარვის ელექტროსტატიკური თვისებაა. ფაქტობრივად, ბევრ ენაში დამკვიდრებული სიტყვა „ელექტრობა“ ნაწარმოებია ქარვის ბერძნული სახელწოდებიდან — „ელექტრონიდან“. მხოლოდ ორი ათასზე მეტი წლის შემდეგ, ინგლისელმა ფიზიკოსმა უილიამ გილბერტმა აღმოაჩინა, რომ სხვა საგნებსაც ჰქონიათ ელექტროსტატიკური თვისებები.
ახ. წ. 54—60 წლებში რომის იმპერატორმა ნერონმა ერთი ასისთავი ამ ძვირფასი ქვის საბადოს მოსაძებნად გაგზავნა. ასისთავი ჩრდილოეთისკენ გაემართა და საბადოც აღმოაჩინა — ეს იყო ბალტიის ზღვის სანაპირო.
აქედან ის ასობით გირვანქა ქარვით დატვირთული ეახლა თავის მბრძანებელს. რომში ქარვა ფასობდა სილამაზისა და იმის გამო, რომ თითქოს მას მფლობელის დაცვა შეეძლო ზიანისგან. მას აგრეთვე წამლებისა და მალამოების დასამზადებლადაც იყენებდნენ. როგორც რომაელი ისტორიკოსი პლინიუსი იტყობინებოდა, ქარვა იმდენად დიდი პოპულარობით სარგებლობდა, რომ მისგან გამოკვეთილი სტატუეტი ჯანმრთელ და ძლიერ მონაზე ძვირად ფასობდა!ჩრდილოეთ ევროპის ძველი ცივილიზაციები ქარვას, რომელსაც ზოგჯერ ჩრდილოეთის ოქროსაც უწოდებდნენ, სამხრეთიდან ჩამოტანილ რკინაში, სპილენძსა და სხვადასხვა საქონელში ცვლიდნენ. შუა საუკუნეების ევროპაში ქარვით ვაჭრობასა და მის დამზადებას მკაცრად აკონტროლებდნენ ჯვაროსნული ლაშქრობიდან დაბრუნებული ტევტონი რაინდები. თუკი ვინმე უნებართვოდ დაიწყებდა ქარვის შეგროვებას, მას სიკვდილით სჯიდნენ.
ამასობაში, კარიბის კუნძულ კისკეიას (ამჟამად აქ დომინიკელთა და ჰაიტის რესპუბლიკებია) მკვიდრმა ტაინოს ტომის ინდიელებმაც აღმოაჩინეს ქარვა. როდესაც 1492 წელს კოლუმბი პირველად ეწვია კისკეიას, ახალგაზრდა ტომის წინამძღოლს მან ქარვის ბრჭყვიალა ძეწკვი აჩუქა. ამბობენ, რომ კოლუმბი დიდად გაოცდა, როდესაც სანაცვლოდ ქარვის მძივებით დამშვენებული ფეხსაცმელი მიიღო!
რა არის ქარვა?
დომინიკელთა რესპუბლიკაში მოპოვებული ქარვა ერთ დროს არსებული ფართოფოთლოვანი ტროპიკული ხეების ზოგიერთი სახეობის გაქვავებულ ფისს წარმოადგენს. მონათესავე სახეობის ზოგი ხე, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობას შორის „ალგარობას“ სახელით არის ცნობილი, კვლავაც იზრდება კარიბის ზღვის აუზში, აგრეთვე ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში. მაგრამ ხეთა ის ჯიშები, რომლებიც ყველაზე მეტად ჰგავს ძველ დომინიკურ „ქარვის ხეს“, მხოლოდ აღმოსავლეთ აფრიკაშია აღმოჩენილი. ევროპაში, კერძოდ ბალტიისპირეთში, მოპოვებული ქარვა წიწვოვანი ხეების „ნაყოფს“ წარმოადგენს.
როგორ ხდება ქარვის ფორმირება? თავდაპირველად, ტოტის მოტეხვა, ხის დაზიანება ან მერქნის მხვრეტია ხოჭოების გააქტიურება ხის ქერქის ალაგ-ალაგ გაშიშვლებას იწვევს. შემდეგ, „ჭრილობის შესახორცებლად“ ზედაპირზე წებოვანი ფისი გამოიყოფა. მწერები და სხვა პატარა არსებები, რომლებიც თავისდა საუბედუროდ ფისში ეფლობიან, საბოლოო ჯამში, მთლიანად იძირებიან მასში. ხის წვენისგან განსხვავებით, რომელიც წყლისა და საკვები ნივთიერებებისგან შედგება, ფისის შემადგენლობაში შედის ტერპენის, ალკოჰოლისა და რთული ეთერების ნაერთები. როგორც ჩანს, ეს ქიმიური ნივთიერებები გამომშრობებივითა და ანტიბიოტიკებივით მოქმედებენ. ისინი „აბალზამებენ“ დატყვევებულ მწერებსა და მცენარეებს. გარემოს შესაფერის პირობებში ფისი ნელ-ნელა ქვავდება და ქარვად იქცევა, ხოლო მისი შიგთავსი ათასწლეულების მანძილზე უცვლელი რჩება. ამგვარად, ქარვა უძველესი ხეებიდან ჩამოღვენთილი გაქვავებული ფისია.
დაკარგული საუნჯის პოვნა
მიუხედავად იმისა, რომ ქარვა მთელ მსოფლიოში გვხვდება, დედამიწაზე მხოლოდ 20-მდე ადგილია, სადაც ქარვის რაოდენობა მომგებიანი მრეწველობის საშუალებას იძლევა. ამჟამად, ყველაზე დიდი რაოდენობით ქარვას მოიპოვებენ აღმოსავლეთ ევროპაში,
კერძოდ ბალტიის ზღვის აუზში, დომინიკელთა რესპუბლიკაში და მექსიკის ზოგ რეგიონში.ქარვის მოპოვება ერთობ შრომატევადი საქმეა. ბევრი მეცნიერის აზრით, ფისი რომ ქარვად იქცეს, ის მიწის ქვეშ, ჩვეულებრივ, სველ თიხიან ან ქვიშიან დანალექში უნდა იყოს ჩამარხული. ბევრი საბადო დომინიკელთა რესპუბლიკაში, დაბურული სუბტროპიკული ტყით დაფარულ მაღალ, უსწორმასწორო რელიეფზე მდებარეობს. იქამდე მხოლოდ ფეხით ან ვირზე ამხედრებული თუ მიხვალ, თანაც გზად მთის ციცაბო კალთებზე გაკვალული ბილიკებია გასავლელი.
ზოგ საბადოს განიერი და ღრმა ორმოს ფორმა აქვს. ზოგი კი 200 მეტრიანი ვიწრო გვირაბია. მძიმე მექანიზმებმა და ფეთქებადმა ნივთიერებებმა შეიძლება გაბზაროს ან გატეხოს ქარვა, ამიტომაც საბადოში მომუშავეებს ძალიან მძიმე და დამქანცველი საქმის შესრულება უწევთ — სატეხების, წერაქვისა და ნიჩბების მეშვეობით მათ ხელით უნდა ჩამოამტვრიონ მაგარი ქვიშაქვა და მძიმე თიხა. ხშირად მათთვის სინათლის ერთადერთი წყარო სანთელია.
უხეში ქანიდან ნატიფ ქვამდე
მას შემდეგ, რაც ქარვას ქანებიდან ამოიღებენ, საბადოში მომუშავეს ის კაშკაშა მზის შუქზე გამოაქვს, რეცხავს მას და გაქვავებულ შრეს ნაწილობრივ აშორებს. შემდეგ გაშიშვლებულ ზედაპირს სპეციალურ ზეთს უსვამს, რათა ქარვის შიგნით ჩახედვა შეძლოს. ის აკვირდება, ხომ არ არიან იქ ხერხემლიანი ცხოველები, მწერები ან სხვა ორგანიზმები, რომლებიც ქარვას შეეძლო „დაემწყვდია“. დომინიკელთა რესპუბლიკაში მოპოვებული ქარვის ყოველი 100 ნატეხიდან ერთში მწერის დანახვა შეიძლება. ამისგან განსხვავებით, ბალტიისპირეთის ქარვის 1 000 ნატეხიდან მწერი მხოლოდ ერთში ჩანს. ეს ნაწილობრივ იმითაც აიხსნება, რომ ბალტიისპირეთის ქარვა, ჩვეულებრივ, გაუმჭვირვალეა, მაშინ როცა დომინიკელთა რესპუბლიკაში მოპოვებული ქარვის 90 პროცენტზე მეტი გამჭვირვალეა.
ქარვას საგულდაგულოდ ახარისხებენ მისი ზომის, ფორმის, ფერისა და შიგთავსის მიხედვით. ქარვის იმ ათასობით ნატეხიდან, რომლებსაც მიწიდან ყოველკვირეულად იღებენ, უმეტესობა მცირე ზომისაა. მაგრამ ყველა არა. დომინიკელთა რესპუბლიკაში მოპოვებული ქარვის ერთი ნატეხის წონა თითქმის 8 კილოგრამი იყო! მცირე ზომის ქარვით, რომელსაც შიგთავსი არა აქვს, საიუველირო ნაკეთობებს ამზადებენ, ხოლო რაც შეეხება ყველაზე ძვირფას ქვებს, მათ კოლექციონერებისა თუ მუზეუმებისთვის ინახავენ.
ქარვა, უმეტესწილად, მოყვითალო ან ოქროსფერია. დომინიკელთა რესპუბლიკაში ყოველთვე ცისფერი ქარვის რამდენიმე ნატეხსაც მოიპოვებენ. კიდევ უფრო იშვიათობაა მწვანე ქარვა. ფიქრობენ, რომ ეს ნაირფეროვნება ფისის სხვადასხვაგვარი ქიმიური შემადგენლობითა და ნიადაგში არსებული მინერალებით აიხსნება.
უძველესი ტყის სარკმელი
თავისი უნიკალური თვისებების გამო ქარვამ და მისმა „ტყვეებმაც“ იმ დიდებულ ტროპიკულ ეკოსისტემაზე მეტხანს იარსებეს, რომელმაც ისინი შექმნა. ორგანული ნამარხების უმეტესობა გაქვავებულია — მისი თავდაპირველი სტრუქტურა მინერალებით არის შეცვლილი. მეორე მხრივ კი, ქარვა თავად არის ორგანოგენური წარმონაქმნი, ისევე როგორც
ნებისმიერი ცხოველი თუ მცენარე, რომელიც მის შიგნითაა მოქცეული. თუკი ის გამჭვირვალეა, მისი „მხცოვანი ბინადრის“ დაუზიანებლად შესწავლა და სამ განზომილებაში ფოტოგრაფირება შეიძლება. ამის გამო, ქარვას წარსულის ოქროს სარკმელი უწოდეს, ვინაიდან ის არა მხოლოდ მწერებსა და მომცრო ხერხემლიანებზე, არამედ დიდი ხნის წინათ არსებული მცენარეებისა და მაშინდელი ეკოსისტემის კლიმატის შესახებაც მოგვითხრობს.ყველაზე მეტად ქარვის რომელი შიგთავსი ფასობს? ბევრი რამ თავად კოლექციონერის შეხედულებაზეა დამოკიდებული. ქარვის მოყვარულები ყველაზე მეტად მორიელის, ხვლიკისა და ბაყაყის „დამტყვევებელ“ ქვას აფასებენ. მწერებთან შედარებით უფრო დიდი ზომისა და სიძლიერის გამო მათ უმეტესობას თავისუფლად შეეძლო ფისიდან თავის დაძვრენა. მაგრამ ისინი, რომლებიც ფისში გაებნენ, ან ძალიან პატარები იყვნენ, ან, შესაძლოა, დაავადებით დასუსტებული თუ მტაცებლის მიერ დაჭრილები იყვნენ. ასეთი მონაპოვრები დიდ იშვიათობას წარმოადგენს. როგორც ერთი კოლექციონერი ამბობს, მთელი ამ ხნის მანძილზე მხოლოდ 30—40 მორიელი, 10—20 ხვლიკი და 8 თუ 9 ბაყაყია აღმოჩენილი. ეს მართლაც ძალიან ძვირფასი აღმოჩენებია. 1997 წელს დომინიკელთა რესპუბლიკაში აღმოჩენილი ქარვა, რომლის შიგნითაც პატარა ბაყაყი იყო, 50 000 აშშ დოლარზე მეტად იყო შეფასებული.
ზოგი მეცნიერი კიდევ უფრო საინტერესოდ სხვა სახის შიგთავსებს მიიჩნევს. მწერები, ხშირ შემთხვევაში, ძალიან სწრაფად ებმებოდნენ ფისში. ამიტომ ქარვის მრავალი ნატეხი ძველი დროის „მომენტალურ ფოტოსურათს“ წარმოგვიდგენს. ეს კი მწერის, მაგალითად მტაცებლისა და მისი მსხვერპლის, ქცევების შესწავლის საშუალებას იძლევა. ზოგი ნიმუში, რომელთა შიგნითაც არის კვერცხები, ახალგამოჩეკილი მატლები, ობობას პარკი ჩანასახით ან ახალგამოჩეკილი ობობები, მეცნიერებს იმის საშუალებას აძლევს, რომ მწერების განვითარების სხვადასხვა სტადია შეისწავლონ. ქარვის ერთი ქვა, რომელიც შტუტგარტის (გერმანია) მუზეუმში ინახება, 2 000 ჭიანჭველისგან შემდგარ უძველეს კოლონიას შეიცავს.
ამასთანავე, ქარვის შიგთავსიდან უძველესი ტყის ფლორის შესახებაც შეიძლება ცოტაოდენი ინფორმაციის მიღება. ქარვის შიგნით შენახული ყვავილები, სოკოები, ხავსი, ფოთლები და თესლები ბევრი უძველესი მცენარისა და ხის ამოცნობის საშუალებას იძლევა. გარდა ამისა, მეცნიერებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ ძველ დროში ლეღვის ხეც ხარობდა — მიუხედავად იმისა, რომ ამ ხის არც ფოთოლი და პატარა რტოც კი არასოდეს აღმოუჩენიათ. რატომ არიან ისინი ამაში ასე დარწმუნებული? იმიტომ, რომ ქარვაში აღმოჩენილია კრაზანის რამდენიმე სახეობა, რომლებიც, როგორც ცნობილია, მხოლოდ ლეღვის ხეებზე ბინადრობენ. ამიტომაც, გონივრულია ვივარაუდოთ, რომ მაშინდელ ტყეში ლეღვის ხეებიც ხარობდა.
შესაძლებელია წარსულის აღდგენა?
რამდენიმე წლის წინათ გამოსული ერთი პოპულარული კინოფილმი აგებული იყო ჰიპოთეზაზე, რომ დინოზავრის სისხლის დნმ-დან, რომელიც ქარვაში დატყვევებულ კოღოებში აღმოაჩინეს, შესაძლებელი იყო დინოზავრების აღდგენა. ბევრ მეცნიერს ეჭვი ეპარება იმაში, რომ ეს ნამდვილად შესაძლებელია. ყველა ცოცხალ არსებას აქვს თავისი დნმ, რომელიც მათი მემკვიდრეობითი თვისებების განმსაზღვრელ კოდირებულ ინსტრუქციებს შეიცავს. და თუმცა, მეცნიერული ექსპერიმენტების წყალობით ქარვაში აღმოჩენილი ზოგი მწერისა და მცენარის დნმ-ს მცირე ფრაგმენტები აღადგინეს, ეს ექსპერიმენტები არ იძლევა ერთ დროს არსებული ცოცხალი ორგანიზმების აღდგენის საშუალებას.
აღდგენილი დნმ არა მხოლოდ დაზიანებულია, არამედ სრულიც არ არის. როგორც ვარაუდობენ, ის ფრაგმენტები, რომლებიც აღდგენას ექვემდებარება, შესაძლოა, ორგანიზმის გენეტიკური კოდის სრული ინფორმაციის ერთ მემილიონედზე ნაკლებს შეიცავდეს. გენეტიკური კოდის სრულად აღდგენის ამოცანას ადარებენ სქელტანიანი წიგნის აღდგენას მხოლოდ ერთი არასრული წინადადების უთავბოლო ნაწყვეტიდან *.
ასეა თუ ისე, დინოზავრების კლონირების იდეამ ადამიანებში ქარვისადმი განახლებული ინტერესი აღძრა და, ამჟამად, მსოფლიოს ბევრ მუზეუმში ქარვის გამოფენები ეწყობა. სანტო-დომინგოში (დომინიკელთა რესპუბლიკა) არსებულ ქარვის მსოფლიო მუზეუმში მნახველებს კომპიუტერების მეშვეობით თავად შეუძლიათ ინფორმაციის მიღება, მათ ქარვის დათვალიერება და შესწავლაც შეუძლიათ მძლავრი მიკროსკოპების დახმარებით. მუზეუმის სახელოსნოში მომუშავე ოსტატების ხელში დაუმუშავებელი ქარვა უმშვენიერესი საიუველირო ნაკეთობის ფორმას იღებს, რომელშიც „სამუდამო პატიმარი“ მოჩანს.
ქარვა საუკუნეების მანძილზე ხიბლავდა ადამიანს. დღეს ის ფასობს თავისი მიმზიდველი, იდუმალებით სავსე სილამაზით. ქარვა ჩვენი ძვირფასი მეგზურიცაა წარსულში.
[სქოლიო]
^ აბზ. 28 გენეტიკის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ 1995 წლის 22 მარტის „გამოიღვიძეთ!“, გვერდები 3—10 (ინგლ.).
[სურათები 17 გვერდზე]
აღმოჩენილია ქარვაში „დატყვევებული“ სხვადასხვა მწერი და ბაყაყიც კი.
[სურათები 18 გვერდზე]
ქარვის მცირე ზომის ნატეხები ნატიფი საიუველირო ნაკეთობების ფორმას იღებს.
[სურათის საავტორო უფლებები 17 გვერდზე]
Insects in amber on pages 2, 16, and 17 and loose jewelry on page 18: Cortesía Museo Mundo de Ambar, Santo Domingo RD - Foto Gianfranco Lanzetti; page 17 frog: Cortesía Museo Mundo de Ambar, Santo Domingo RD e Nelson Fulgencio - Foto Gianfranco Lanzetti