როგორ კითხულობენ ტუჩების მოძრაობას
როგორ კითხულობენ ტუჩების მოძრაობას
„გამოიღვიძეთ!“-ის კორესპონდენტისგან დიდ ბრიტანეთში
ტერორიზმში ეჭვმიტანილი ორი მამაკაცი, რომლებიც პარკში საუბრობდნენ, ვიდეოფირზე აღბეჭდეს. მიუხედავად იმისა, რომ კაციშვილს არ გაუგია, რაზე საუბრობდნენ, პოლიციამ დააპატიმრა ისინი და, საბოლოოდ, მრავალი წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ვიდეოფირზე გადაღებული მათი საუბარი გაშიფრა ტუჩების მოძრაობის წამკითხველმა (პიროვნება, ვინც ტუჩების მოძრაობაზე დაკვირვებით გებულობს ნათქვამს), რომელიც დიდ ბრიტანეთში უფლებამოსილ მოწმე-ექსპერტად არის აღიარებული. ამ ექსპერტს დიდი ბრიტანეთის პოლიციის „ძლევამოსილი საიდუმლო იარაღი“ უწოდეს.
ტუჩების მოძრაობის წაკითხვის ხელოვნების შესახებ უფრო მეტი რომ გამეგო, მაიკსა და ქრისტინას ვესტუმრე. ქრისტინა სამი წლისა იყო, სმენა რომ დაკარგა. მოგვიანებით იგი სმენადაკარგულთა სასწავლებელში სწავლობდა, სადაც ტუჩების მოძრაობაზე დაკვირვებით ნათქვამის მიხვედრაში დახელოვნდა. მაიკმა ქრისტინაზე დაქორწინების შემდეგ თავისით ისწავლა ტუჩების მოძრაობის წაკითხვა.
ძნელია თუ არა ტუჩების მოძრაობაზე დაკვირვებით ნათქვამის მიხვედრა? „საჭიროა ტუჩების ფორმასა და მოძრაობაზე, ენასა და ქვედა ყბაზე ყურადღებით დაკვირვება“, — ამბობს მაიკი. ქრისტინა დასძენს: „გულდასმით უნდა უყურო მოსაუბრეს და როცა უფრო დახელოვნდები ტუჩების მოძრაობის წაკითხვაში, სახის სხვადასხვა გამომეტყველებისა და მიმიკების გარჩევასაც შეძლებ“.
როგორც ამიხსნეს, ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა ის არის, როცა მოსაუბრე ხმამაღლა ლაპარაკს იწყებს და ტუჩების მოძრაობის გამოკვეთას ცდილობს. ასეთი მცდელობები დამაბნეველია და უშედეგო. ტუჩების მოძრაობის წაკითხვაში კარგად დაოსტატებულ ადამიანს კუთხური კილოების გარჩევაც კი შეუძლია. მაგრამ, ყოველივე ეს, რაღა თქმა უნდა, ადვილი არ არის! ორგანიზაცია (Hearing Concern), რომელიც ხალხს ტუჩების მოძრაობის წაკითხვის სწავლაში ეხმარება, სავსებით გულახდილად შენიშნავს: „ტუჩების მოძრაობის წაკითხვაში დასახელოვნებლად აუცილებელია ვარჯიში, ვარჯიში და კიდევ ერთხელ ვარჯიში“.
ქრისტინა აღიარებს, რომ ზოგჯერ თავს უხერხულად გრძნობს — ეს მაშინ ხდება, როცა თავისდა უნებურად ავტობუსში თუ მატარებელში სხვების ლაპარაკს „უსმენს“. ერთადერთი, რისი გაკეთებაც ამ დროს შეუძლია, ის არის, რომ დაუყოვნებლივ მოაშოროს თვალი. მეორე მხრივ, ნათქვამის ამოცნობის უნარი შეიძლება დამცველიც აღმოჩნდეს. ქრისტინა მეტად აღარ უყურებს ფეხბურთს ტელევიზიით იმიტომ, რომ ზოგიერთი მოთამაშის ნათქვამს არაერთხელ შეუცბუნებია და აღუშფოთებია.
ალბათ, ბევრი ვერ შეძლებს ინგლისის პოლიციის ზემოხსენებული „საიდუმლო იარაღივით“ დაოსტატებას. მაგრამ, ტუჩების მოძრაობაზე დაკვირებით ნათქვამის ამოცნობის უმნიშვნელო უნარიც კი შეიძლება ფასდაუდებელი აღმოჩნდეს იმ ადამიანისთვის, ვინც სავსებით დაკარგა სმენა.
[სურათი 29 გვერდზე]
ქრისტინა
[სურათი 29 გვერდზე]
მაიკი