მობილურ ტელეფონზე დამოკიდებულება
მობილურ ტელეფონზე დამოკიდებულება
„გამოიღვიძეთ!“–ისთვის იაპონიიდან
„მობილური ტელეფონით გატაცება სადაცაა ძლიერ დამოკიდებულებაში გადაიზრდება“, — ასე იყო დასათაურებული იაპონიაში გამომავალი გაზეთის „იომიურის“ ერთ–ერთი სტატია. შეიძლება ამას ნამდვილად ძლიერი დამოკიდებულება ეწოდოს? „ახალგაზრდები მობილურ ტელეფონებს თავიანთი სხეულის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევენ და შეიძლება პანიკამაც კი მოიცვათ, თუ ყოველთვის თან არ ექნებათ“, — ახსნილია გაზეთში. იმის შიშით, რომ სხვებს არ მოსწყდნენ, ბევრს ყოველთვის და ყველგან ჩართული აქვს მობილური ტელეფონი. თუ ისინი „არ ღებულობენ შეტყობინებას, ნერვიულობენ, ღიზიანდებიან და ფიქრობენ, რომ არავის სჭირდებიან“. ასეთი შეშფოთების გამო ისინი ყველა შეტყობინებას დაუყოვნებლივ პასუხობენ, რაც ხშირად საერთოდ არ არის საჭირო.
რასაკვირველია, მობილური ტელეფონები შეიძლება ძალიან გამოსადეგი და სასარგებლო იყოს. სინამდვილეში, მათ არაერთხელ გაუწევიათ ფასდაუდებელი სამსახური კრიტიკული სიტუაციების დროს. არც მათი ყოველდღიური გამოყენებაა მაინცდამაინც არასწორი, თუ ეს გონივრულად კეთდება. მაგრამ ზოგი სპეციალისტი ამბობს, რომ მობილურ ტელეფონზე დამოკიდებულებამ შეიძლება ძირი გამოუთხაროს ადამიანთა ნორმალურ ურთიერთობებს. მობილურ ტელეფონებთან დაკავშირებით თავის წუხილს გამოთქვამს ოსაკას საშუალო სკოლის მასწავლებელი, რომლის სიტყვებიც ზემოხსენებულ გაზეთშია მოყვანილი: „ბავშვები კარგავენ იმის უნარს, რომ ამოიცნონ, რა იმალება სხვების სახის გამომეტყველებაში, საქციელსა და ხმის ტონში. შედეგად ისინი უფრო აგრესიულები ხდებიან, რასაც ისიც ემატება, რომ სხვების გრძნობებს არაფრად აგდებენ“.
გაზეთში გამოქვეყნებული სტატია ასეთი სიტყვებით მთავრდება: „უეჭველია, რომ მომავალში მობილურ ტელეფონებზე მოზარდთა დამოკიდებულება კიდევ უფრო გაძლიერდება. არასასურველი შედეგების მინიმუმდე დასაყვანად ერთადერთი გამოსავალი ის იქნება, თუ უფროსები კარგ მაგალითს მისცემენ თავიანთ შვილებს იმით, რომ გონივრულად გამოიყენებენ მობილურ ტელეფონებს“.