რა ხდება მსოფლიოში
რა ხდება მსოფლიოში
რა მოსდევს გაკვეთილების შემდეგ მუშაობას
უფრო და უფრო მატულობს იმ გერმანელი ახალგაზრდების რიცხვი, რომლებიც არა მარტო არდადეგებზე, არამედ სასწავლო წლის განმავლობაშიც ეწყობიან დროებით სამუშაოზე. „მთელი გერმანიის მასშტაბით, 13 წლისა და უფრო დიდი ასაკის ახალგაზრდების, სულ მცირე, მესამედი კვირაში საშუალოდ სამ საათზე მეტს მუშაობს“, — იუწყება ჟურნალი „შპიგელი“. ჰესენის მხარეში უფროსკლასელთა 50—80 პროცენტი მუშაობს დროგამოშვებით. მუშაობას იშვიათად თუ ვინმე იწყებს იმ მიზნით, რომ ოჯახს ამოუდგეს მხარში. სინამდვილეში, მოსწავლეთა მიზანი მობილური ტელეფონის უკანასკნელი მოდელის, ძვირფასი ტანსაცმლისა და მანქანის შეძენაა. გარდა ამისა, მათ არანაკლებ იზიდავს დამოუკიდებლობის გრძნობაც, რომელიც სამუშაოზე მოწყობისას უჩნდებათ. მაგრამ ასეთმა მისწრაფებამ შეუძლებელია უკვალოდ ჩაიაროს. „არცთუ იშვიათად, მოსწავლეები მერხზე თავჩამოდებულები თვლემენ იმის გამო, რომ წინა დღეს ან დილით ადრე ბევრი მუშაობით გადაიღალნენ, — ამბობს ტომას მიულერი, რომელიც განათლების სფეროში მუშაობს. — მათ ახლავე უნდათ ფუფუნებაში ცხოვრება და აღარ აინტერესებთ განათლება, რომელიც მომავალში გამოადგებათ“. მისი კოლეგა, კნუდ დიტმანი დასძენს: „როდესაც მოსწავლის გონება მთლიანად იჟღინთება მატერიალური ნივთებისკენ ლტოლვით, ის უკვე თანახმაა, დაბალი ნიშნები მიიღოს და აღარც იმავე კლასში დარჩენა ანაღვლებს“.
რა კავშირია განქორწინებასა და კარგად სწავლას შორის?
საფრანგეთში გამომავალი გაზეთი „მონდი“ იუწყებოდა საფრანგეთის დემოგრაფიული კვლევის ეროვნული ინსტიტუტის მიერ ახლახან ჩატარებული გამოკვლევის შესახებ. გამოკვლევამ ცხადყო, რომ ბავშვები, რომელთა მშობლებიც გაიყარნენ, უფრო ცუდად სწავლობენ იმ მოსწავლეებთან შედარებით, რომელთა მშობლებიც ერთად ცხოვრობენ. სოციალური მდგომარეობისა და კულტურული წარმომავლობის მიუხედავად, ბავშვები, რომელთა მშობლებიც ერთმანეთს დაშორდნენ, 6—12 თვით ადრე ტოვებენ სკოლას, ვიდრე ისინი, რომელთა მშობლებიც არ წყვეტენ ცოლ-ქმრულ კავშირს. თუნდაც მოსწავლე შეძლებული ოჯახიდან იყოს (ცნობილია, რომ ასეთ ოჯახებში აღზრდილი ბავშვების უმრავლესობა საშუალო სკოლის დამამთავრებელ გამოცდებს წარმატებით აბარებს), თუ მისი მშობლები განქორწინდნენ, სხვებთან შედარებით, მას ატესტატის აღების ორჯერ უფრო ნაკლები შანსი ექნება. საფრანგეთში ქორწინებათა 40 პროცენტი გაყრით მთავრდება.
აბები უფრო აძლიერებს თავის ტკივილს
«ნევროლოგი მაიკლ ანტონი ფიქრობს, რომ იმ ადამიანთა 10 პროცენტს, რომლებსაც ქრონიკული თავის ტკივილი ტანჯავს, ეს პრობლემა ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების გადამეტებულმა მიღებამ შეუქმნა, — ვკითხულობთ სიდნეიში (ავსტრალია) გამომავალ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“. — იმ წამლების უზომოდ მიღებამ, რომლებიც ურეცეპტოდ იყიდება, შეიძლება უარესი დამართოს ადამიანს: მას კვირაში ერთხელ კი აღარ ეტკიება თავი, არამედ — ყოველდღიურად». პროფესორმა ანტონიმ, რომელიც ახალი სამხრეთი უელსის უნივერსიტეტში მოღვაწეობს, დაადგინა, რომ „ის პაციენტები, რომლებიც თავის ტკივილის გამაყუჩებელ საშუალებებს ხშირად იღებენ, სეროტონინის ნაკლებობას განიცდიან“. სეროტონინი კი ის ჰორმონია, რომელიც სისხლძარღვების გაფართოებას აფერხებს. „სეროტონინის დაბალი შემცველობა არტერიების გაფართოებას იწვევს, რაც, თავის მხრივ, თავის ტკივილს განაპირობებს“, — ამბობს ის. პროფესორი ანტონი მიგრენით გატანჯულებს ურჩევს, ურეცეპტო წამლების ნაცვლად ექიმის მიერ დანიშნული ვიწრო სპექტრის პრეპარატები მიიღონ და დასძენს: „თუ პაციენტები ტკივილგამაყუჩებელ აბებს კვირაში სამზე მეტჯერ სვამენ — ან, თუნდაც, თითო დოზას კვირაში მხოლოდ სამჯერ იღებენ — რამდენიმე თვეში მათ უფრო გაუმწვავდებათ თავის ტკივილი“.
რჩევები გულისრევის შეგრძნების შესამსუბუქებლად
„შეინიშნა, რომ დილაობით ორსული ქალების 70—80 პროცენტს გულისრევის შეგრძნება აქვს“, — ვკითხულობთ ავსტრალიაში გამომავალ გაზეთ „სან-ჰერალდში“. დილით გულისრევის შეგრძნება, რასაც ხშირად პირღებინებაც ერთვის, ბევრ ახლად დაფეხმძიმებულ ქალს საწოლიდან ადგომის შემდეგ უჩნდება. ამ მდგომარეობის გამომწვევ სავარაუდო მიზეზებს შორის ორსულობის დროს ჰორმონ პროგესტერონის შემცველობის მომატებასაც ასახელებენ. ეს ჰორმონი, თავის მხრივ, კუჭის წვენის დიდი რაოდენობით გამოყოფას უწყობს ხელს. გარდა ამისა, „გულისრევის მიზეზი ფეხმძიმობის დროს ყნოსვის გაფაქიზებაც შეიძლება გახდეს“. თუმცა დილით გულისრევის საწინააღმდეგო უნივერსალური საშუალება არ არსებობს, გაზეთში რამდენიმე სასარგებლო რჩევა იყო მოცემული: ორსულმა ქალებმა, უმჯობესია, თავი აარიდონ დახუთულ ადგილებს (ასეთ გარემოში ადვილად ვითარდება გულისრევა); აუცილებელია დღისით საკმარისად დასვენება და ღამით კარგად გამოძინება; კარგ ეფექტს იძლევა გაჭრილი ლიმონის ყნოსვაც. „ადგომამდე ეცადეთ მიირთვათ ორცხობილა ან დაღერღილი მარცვლეული [რძის ან სხვა სითხეების გარეშე]. საწოლიდან ყოველთვის ნელა წამოდექით. კვების რაციონში ხშირად ჩართეთ ცილებით მდიდარი საკვები“, — დასძენს გაზეთი. იქვე ვკითხულობთ: „დილით გულისრევას თავისი დადებითი მხარეც აქვს. ახლახან ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ქალებს, რომლებსაც გულისრევა ემართებათ, იშვიათად ეშლებათ მუცელი“.