გამოხმაურებამ მის მოლოდინს გადააჭარბა
გამოხმაურებამ მის მოლოდინს გადააჭარბა
„ვიცოდი, რომ ჩემს ისტორიის მასწავლებელს იეჰოვას მოწმეები არ უყვარდა, თუმცა კი წარმოდგენა არ მქონდა, რატომ“, — ამბობს გერმანიაში მცხოვრები 17 წლის რებეკა. ამიტომაც, როდესაც მასწავლებელმა იკითხა, თუ ვინ ისურვებდა კლასის წინაშე თემით გამოსვლას, რებეკა ვერ ბედავდა ხელის აწევას. და მაინც, მან გამბედაობა მოიკრიბა და სთხოვა მასწავლებელს, ნება მიეცა მისთვის, ელაპარაკა იმის შესახებ, თუ როგორ იდევნებოდნენ იეჰოვას მოწმეები მეორე მსოფლიო ომის პერიოდში არსებული ნაცისტური რეჟიმის დროს. მასწავლებელი დათანხმდა.
თანაკლასელებს მოეწონათ რებეკას მოხსენება. გამოსვლის შემდეგ გოგონამ მათ ამ თემასთან დაკავშირებული 44 ჟურნალი და ბროშურა დაურიგა. მოგვიანებით, რებეკამ მასწავლებელს ის დამატებითი მასალაც წარუდგინა, რის საფუძველზეც მოხსენება მოამზადა: ამ მასალაში ის წიგნები და ვიდეოფილმებიც შედიოდა, რომლებიც იეჰოვას მოწმეების მიერ არ იყო გამოცემული. ერთ-ერთ ასეთ ვიდეოფილმში მოთხრობილი იყო, თუ როგორ იდევნებოდნენ აღმოსავლეთ გერმანიაში მცხოვრები იეჰოვას მოწმეები ცივი ომის დროს. ამ თემამ მასწავლებელი განსაკუთრებით დააინტერესა, რადგან ამის შესახებ მას არაფერი სმენოდა.
მალე რებეკამ გაიგო, თუ რატომ არ მოსწონდა მის მასწავლებელს იეჰოვას მოწმეები. მასწავლებელმა მოუთხრო, რომ ის იეჰოვას მოწმესთან ერთად ერთ კლასში სწავლობდა. ის ბიჭი თითქმის არაფერს ამბობდა თავის რწმენაზე და იმაზე, თუ რით იყო დაკავებული. ამის გამო მასწავლებელმა ჩათვალა, რომ მოწმეები უცნაური ხალხი იყვნენ და გადაწყვიტა, მათთან საქმე არ დაეჭირა. რებეკას მოხსენებამ კი თვალსაზრისი შეუცვალა. „მასწავლებელთან ახლა ბევრად უკეთესი ურთიერთობა მაქვს, — ამბობს ის. — ამასთანავე, დავინახე, რომ ჩვენ, ახალგაზრდებმა, უფრო გაბედულად უნდა ველაპარაკოთ სხვებს ჩვენი რწმენის შესახებ“.
რებეკას ამბავი ამით არ დასრულებულა. მასწავლებელმა კოლეგებსაც მოუთხრო მისი შესანიშნავი მოხსენების შესახებ. რამდენიმე დღის შემდეგ ეთიკის მასწავლებელმა სთხოვა რებეკას კიდევ ერთხელ გამოსულიყო თავისი მოხსენებით, მაგრამ არა კლასის წინაშე, არამედ ყოველწლიური განსაკუთრებული შეხვედრის დროს, როდესაც სკოლა მეორე მსოფლიო ომის დასასრულს მომხდარ მოვლენას — ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკიდან ტყვეების გათავისუფლებას — აღნიშნავდა. დაახლოებით ათ პედაგოგთან ერთად ეს მოხსენება თითქმის 360-მა მოსწავლემაც მოისმინა. დამსწრეებმა ბოლოს 50 ბროშურა მიიღეს და სკოლის ხელმძღვანელობამ დამატებითი 150 ეგზემპლარის შეკვეთა მოისურვა.
ასეთ გამოხმაურებას რებეკა ნამდვილად არ ელოდა. მან შესანიშნავად დაამოწმა თავისი რწმენის შესახებ არა მხოლოდ კლასის, არამედ მთელი სკოლის წინაშე. მისმა მასწავლებელმაც შეიცვალა აზრი იეჰოვას მოწმეებზე.
[სურათი 22 გვერდზე]
ჰაინრიხ ფუნდისს ნაცისტებმა თავი მოჰკვეთეს. იეჰოვას ასობით სხვა მოწმეც სიკვდილით დასაჯეს საკონცენტრაციო ბანაკებში.
[სურათი 22 გვერდზე]
იეჰოვას ბევრ მოწმეს სთავაზობდნენ გათავისუფლებას რწმენის უარმყოფელ ამ დოკუმენტზე ხელის მოწერის სანაცვლოდ.
[საავტორო უფლება]
Courtesy of United States Holocaust Memorial Museum
[სურათი 23 გვერდზე]
ბევრი ბავშვი, მათ შორის ბერტოლტ მევესი, მშობლებს დააშორეს.
[სურათი 23 გვერდზე]
ამ ვიდეოფილმში მოთხრობილია, თუ როგორ ინარჩუნებდნენ სიმტკიცეს იეჰოვას მოწმეები ნაცისტურ გერმანიაში.
[სურათი 23 გვერდზე]
იეჰოვას მოწმეებს ამოსაცნობად საბანაკო ფორმებზე იისფერი სამკუთხედები ჰქონდათ დაკერებული.