არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ორთქლის აბანოები წინათ და დღეს

ორთქლის აბანოები წინათ და დღეს

ორთქლის აბანოები წინათ და დღეს

საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა კულტურაში დიდად აფასებდნენ ორთქლის აბანოებს. არსებობს მრავალი სახის ორთქლის აბანოები, მაგალითად, ჩრდილოამერიკელი ინდიელების „ინიპი“, რუსული „ბანია“, თურქული „ჰამამი“ და იაპონური „მუშიბურო“.

ძველ რომშიც არსებობდა აბანოები, ანუ თერმები, რომლებშიც შედიოდა როგორც ცხელი ჰაერით გაჟღენთილი ოთახები, ისე ორთქლის აბანოები. არქეოლოგიური გათხრების დროს რომში აღმოჩენილ თერმებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და მდიდრული კარაკალას თერმებია. ეს თერმები 11 ჰექტარზე იყო განლაგებული. მასში 1 600 მობანავე დაეტეოდა.

გიწვევთ, რომ ჩვენთან ერთად მოინახულოთ ორი სახის ორთქლის აბანო, რომლებიც დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს: ერთი მექსიკური „ტემასკალია“, მეორე — ფინური საუნა. ვფიქრობთ, ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ შეიძლება მოგინდეთ კიდეც, იგემოთ ამ უკანასკნელის სიმხურვალე!

„ტემასკალი“

ესპანელების მიერ მექსიკის ტერიტორიის დაპყრობამდე „ტემასკალს“ ფართოდ იყენებდნენ აცტეკები, საპოტეკები, მიშტეკები და მაიას ტომის ინდიელები. აბანოს გამოყენებას მრავალმხრივი მიზეზი ჰქონდა: აქ ტარდებოდა სამკურნალო და გამწმენდი პროცედურები, ხდებოდა მშობიარობა, ეწყობოდა სიმწიფის ასაკის მიღწევასთან თუ დაკრძალვასთან დაკავშირებული რიტუალები; გარდა ყოველივე ზემოთქმულისა, ტომში დამკვიდრებული სხვა რიტუალებიც ტარდებოდა. ნაუატლის ენიდან სიტყვა „ტემასკალი“ ითარგმნება, როგორც „ცხელი ქვების სახლი“. „ტემასკალი“ იყო აგურისგან ნაშენები მართკუთხა ან მრგვალი ნაგებობა, რომელსაც თაღისებრი ჭერი ჰქონდა. აქ აცხელებდნენ ვულკანური წარმოშობის ქვებს, რომლებსაც ბალახზე, მაგალითად, როზმარინსა თუ ევკალიპტზე, დამზადებულ ნაყენს ასხურებდნენ. ასე წარმოიქმნებოდა ორთქლი. მობანავეს ფრთხილად ურტყამდნენ რიტუალური ან სამკურნალო მცენარეებისგან დამზადებულ ცოცხებს, მთელი ცერემონიალი კი ცივი წყლის მიშხეფებით მთავრდებოდა.

ესპანელი ბერები ებრძოდნენ ამ ჩვეულებას, ვინაიდან დაუშვებლად მიაჩნდათ სხვადასხვა სქესის წარმომადგენლების ერთად ბანაობა. მიუხედავად ამისა, „ტემასკალი“ დღემდე შემორჩა და ახლაც გამოიყენება მექსიკის სხვადასხვა ნაწილში. თუმცა, ძირითადად, აქ საბანაოდ, სამკურნალოდ ან მშობიარობის შემდეგ ძალების აღსადგენად დადიან. გარდა ამისა, იზრდება ინტერესი იმის მიმართ, რომ „ტემასკალს“, როგორც ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას, ტრადიციული რელიგიური დანიშნულებაც დაუბრუნდეს.

ფინური საუნა

ყველაზე ცნობილი ორთქლის აბანო, ალბათ, მაინც ფინური საუნაა. „საუნა“ ფინური სიტყვაა. ეს ორთქლის აბანო არსებობის დაახლოებით 2 000 წელს ითვლის. თავდაპირველად ეს იყო მიწაში ამოთხრილი გადახურული ორმო, რომელსაც ცენტრში ან კუთხეში ჩაღრმავება ჰქონდა გაკეთებული და ამ ღრმულში ცეცხლი ენთო. ქოხის ტიპის მიწისზედა საუნები კი ახ. წ. XII საუკუნის დასაწყისში გაჩნდა.

დღეს ფინეთში თითქმის ყველა სახლში მოიძებნება მოფიცრული საუნა, რომელიც დენითა თუ შეშით ხურდება. სოფლებში და აგარაკებზე ჯერაც დიდი პოპულარობით სარგებლობს საუნა, რომელსაც შეშით აცხელებენ. როგორი ღუმელიც უნდა იდგეს მასში — დენისა თუ შეშის — მის თავზე ყოველთვის ქვებით სავსე ქვესადგამია მოთავსებული. ჰაერის ტენიანობის გასაზრდელად ამ გახურებულ ქვებს ჩამჩით წყალს აშხეფებენ. ფინური საუნა მნიშვნელოვნად განსხვავდება რომის თერმებისა თუ თურქული აბანოსგან იმით, რომ მისი კედლებიცა და შიდა მოწყობილობაც უმეტესწილად ხითაა მოპირკეთებული. ხე ცუდად ატარებს სითბოს, ამიტომ მობანავეს შეუძლია მშვიდად გაზარდოს ტემპერატურა და არ ეშინოდეს იმისა, რომ ტახტზე, მოაჯირზე ან კედელზე შეხებით კანი დაეწვება.

საუნა იმდენად შერწყმულია ფინურ კულტურასთან, რომ როგორც ვარაუდობენ, ყოველ 3 ფინელზე 1 საუნა მოდის. მრავალი ფინელი კვირაში ერთხელ დადის საუნაში. ტბასთან გატარებული საზაფხულო არდადეგებისა თუ შვებულების დროს ბევრი თითქმის ყოველდღე ეშურება მის გამომაცოცხლებელ სიმხურვალეს! საუნის მოყვარულები, ჩვეულებრივ, ჯერ მის მხურვალე ორთქლს იგემებენ ხოლმე, შემდეგ კი ტბის ცივ წყალში ცურავენ. მათთვის, ვისაც სიცხისა და სიცივის ასეთი მონაცვლეობა მოსწონს და მსგავს „რიტუალებს“ მთელი წლის განმავლობაში ასრულებს, ხელმისაწვდომია უამრავი საუნა, რომლებიც გაყინული ტბების მახლობლად მდებარეობს; ცივ წყალში რომ ჩაყურყუმელავდნენ, ამ ტბებში ყინულჭრილებია გაკეთებული.

ჯანმრთელობის სადარაჯოზე

ფინელებს უკვე დიდი ხანია, რაც საუნა ჯანმრთელობისთვის სასარგებლოდ მიაჩნიათ. ფინური ანდაზა ამბობს: „საუნა ღარიბი კაცის წამალია“. მართლაც, საუნაში მხოლოდ საბანაოდ არ დადიოდნენ — XIX საუკუნემდე ის ერთგვარი საავადმყოფოსა და სამშობიარო სახლის ფუნქციასაც ასრულებდა.

ჩვეულებრივ, ერთი შესვლა საუნაში ცელსიუსის სკალის მიხედვით 80—100 გრადუსი ტემპერატურის დროს 10—15 წუთი გრძელდება. ბევრი რამდენჯერმე შედის, შუალედებში კი ისვენებს ან შხაპს იღებს. სიმხურვალის გამო სისხლი უფრო სწრაფად მოძრაობს, ფორები იხსნება და ორგანიზმიდან გამოდის სხვადასხვაგვარი „შლაკები“, მაგალითად, რძემჟავა; ეს კი ხელს უწყობს ორგანიზმის გაწმენდასა თუ ტოქსიკური ნივთიერებებისგან მის გათავისუფლებას. საუნაში ხშირად მიდიან ვარჯიშის შემდეგ კუნთების ტკივილის მოსახსნელად; მას მიმართავენ ალერგიის ან გაცივების დროს, აგრეთვე ართრიტით გამოწვეული ტკივილების შესამსუბუქებლად. მიუხედავად იმისა, რომ ამ გამაჯანსაღებელი ეფექტების შესახებ სხვადასხვაგვარი აზრი არსებობს, საუნის მოყვარულები ამბობენ, რომ სიმსუბუქისა და სისუფთავის შეგრძნებასთან ერთად საუნა მათ ჯანმრთელადაც აგრძნობინებს თავს. იმის გამო, რომ საუნა დამამშვიდებლად მოქმედებს, ზოგიერთი მას საღამოობით ესტუმრება ხოლმე. სხვები ამჩნევენ, რომ სიცხისა და სიცივის მონაცვლეობა გამომაცოცხლებლად მოქმედებს, ამიტომაც საუნაში დღისით დადიან *.

საუნის პოპულარობა უფრო და უფრო იზრდება მთელ მსოფლიოში. საუნათა სიმრავლე განსაკუთრებით შეიმჩნევა სასტუმროებსა და სპორტკომპლექსებში. ერთ რამეში კი სიფრთხილე გმართებთ: სამწუხაროდ, ზოგ ქვეყანაში „საუნას“ საროსკიპოებს არქმევენ. ამიტომაც, აუცილებლად დარწმუნდით, რომ საუნა, რომელსაც ეწვიეთ, ნამდვილად შესაბამისი მიზნისთვის გამოიყენება.

ზოგ საუნაში არ შეინიშნება სრული წესრიგი. მაგალითად, ღუმელზე თუ არ აწყვია საკმარისი რაოდენობის ქვები, მათზე წყლის მიშხეფებამ შეიძლება ორთქლის სწრაფი ნაკადი წარმოშვას და თავი შეუძლოდ გაგრძნობინოთ. გარდა ამისა, წყალმა შეიძლება ცეცხლსა თუ ელექტროსპირალში გაჟონოს და ღუმელი საერთოდ გააფუჭოს. ამიტომ, ყოველთვის შეამოწმეთ, დაცულია თუ არა მწარმოებლის ინსტრუქციები საუნაში, არის თუ არა ის სუფთა და ნიავდება თუ არა სათანადოდ. თუ ყველაფერი წესრიგშია, შესაძლოა, მოისურვოთ კიდეც ამ ძველი და, ამავე დროს, თანამედროვე აბანოს სიმხურვალის განცდა.

[სქოლიო]

^ აბზ. 14 ხანში შესულები, ფეხმძიმეები და ისინი, ვისაც გული აწუხებთ, საუნაში წასვლამდე ექიმს უნდა დაეკითხონ.

[ჩარჩო⁄სურათები 15 გვერდზე]

რჩევები მათთვის, ვინც საუნაში მიდის:

● საუნის წინ მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელებს და ეცადეთ, საჭმლით არ გადაიტვირთოთ.

● საუნაში შესვლის წინ მიიღეთ შხაპი.

● დაჯექით პირსახოცზე.

● გახსოვდეთ: რაც უფრო დაბალია იარუსი, ტემპერატურაც, შესაბამისად, დაბალია.

● ტენიანობა არეგულირეთ გახურებულ ქვებზე მცირეოდენი წყლის მიშხეფებით.

● ნუ შეეჯიბრებით ერთმანეთს გამძლეობაში, როდესაც მობანავეები უკიდურესობამდე ზრდიან ტემპერატურას ან ძალიან ხანგრძლივი დროით რჩებიან საუნის შიგნით.

● ბოლოს გრილი წყალი გადაივლეთ.

[სურათი 13 გვერდზე]

„კარაკალას თერმები“ რომში.

[საავტორო უფლება]

Courtesy of James Grout/ Soprintendenza Archeologica di Roma

[სურათი 13 გვერდზე]

„ტემასკალის“ ორთქლის აბანო.