როცა მიკრობები აღარავისთვის იქნება საზიანო
როცა მიკრობები აღარავისთვის იქნება საზიანო
მიკრობების, ანუ მიკროორგანიზმების არსებობა სიცოცხლისთვის აუცილებელია. ისინი ნიადაგისა და ჩვენი ორგანიზმის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენენ. მე-7 გვერდზე მოცემულ ჩარჩოში, „მიკრობთა სახეობები“, აღნიშნულია, რომ „ჩვენს ორგანიზმში . . . ტრილიონობით ბაქტერია ბინადრობს“. მათგან უმეტესობა არამარტო სასარგებლოა, არამედ აუცილებელიცაა ჩვენი ჯანმრთელობისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მათგან მხოლოდ მცირეა დაავადების გამომწვევი, შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ: მომავალში არც ერთი მიკრობი აღარ იქნება საზიანო.
იმის გაგებამდე, თუ რა საშუალებებით აღმოიფხვრება მიკრობების მიერ გამოწვეული საზიანო შედეგები, მოდი განვიხილოთ, რა ძალისხმევა ხმარდება დღეს დაავადების გამომწვევ მიკრობებთან ბრძოლას. ყურადღება მიაქციეთ თანდართულ ჩარჩოს „რისი გაკეთება შეგიძლიათ?“, ასევე იმას, თუ რა დახმარების შემოთავაზება შეუძლიათ მედიცინის მუშაკებს რეზისტენტულ მიკრობებთან საბრძოლველად.
გლობალური სტრატეგია
ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯდმო) ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა გრო ჰარლემ ბრენტლანმა, აღწერა, რა იყო ამ მხრივ მიღწეული. „ანგარიში ინფექციური დაავადებების შესახებ, 2000“, ქვესათაურში „ანტიმიკრობული პრეპარატებისადმი რეზისტენტობის დაძლევა“, მან ხაზი გაუსვა იმის აუცილებლობას, რომ შემუშავებულიყო გლობალური სტრატეგია ანტიბიოტიკებისადმი მიკრობების რეზისტენტულობის გასაკონტროლებლად. მან ასევე აღნიშნა, რომ აუცილებელი იყო „ჯანდაცვის ყველა მუშაკის თანამშრომლობა“ და თქვა: „შესაძლებლობა გვეძლევა, მასიური კამპანია წამოვიწყოთ ინფექციური დაავადებების წინააღმდეგ“.
ჯდმო-მ 2001 წელს შეიმუშავა „გლობალური სტრატეგია ანტიმიკრობული პრეპარატებისადმი რეზისტენტობის დასაძლევად“. ამ დოკუმენტში წარმოდგენილია გეგმა იმასთან დაკავშირებით, თუ „რა უნდა გაკეთდეს და როგორ“. სტრატეგია განკუთვნილია როგორც ჯანდაცვის მუშაკების, ისე მთელი საზოგადოებისთვის. სტრატეგიაში ადამიანებს ასწავლიან, როგორ დაიცვან თავი ავადმყოფობისგან და უზრუნველყოფენ ინსტრუქციით, თუ როგორ გამოიყენონ ანტიბიოტიკები და სხვა ანტიმიკრობული პრეპარატები დაინფიცირების შემთხვევაში.
გარდა ამისა, ჯანდაცვის მუშაკები — ექიმები, მედდები, ასევე საავადმყოფოს მთელი პერსონალი და კერძო საავადმყოფოებსა თუ მოხუცებულთა სახლებში მომუშავეები — აღძრეს, უკეთ ეზრუნათ უსაფრთხოების ზომებზე, რათა თავიდან აეცილებინათ სხვადასხვა სახის ინფექციის გავრცელება. სამწუხაროდ, გამოკვლევების თანახმად, ჯანდაცვის ბევრი მუშაკი დღემდე ყურადღებას არ აქცევს, რომ ხელები დაიბანონ ან ხელთათმანები გამოიცვალონ ახალი პაციენტის გასინჯვამდე.
გამოკვლევებმა აგრეთვე ცხადყო, რომ ხშირად ექიმები ანტიბიოტიკებს მაშინაც კი უნიშნავენ პაციენტებს, როცა არ არის საჭირო. ამის მიზეზი გარკვეულწილად ისაა, რომ ხშირად ექიმებისგან თავად პაციენტები მოითხოვენ ანტიბიოტიკების დანიშვნას, რადგან ის სწრაფი განკურნების საშუალებად მიაჩნიათ. ასე რომ, ექიმები უარს ვერ ეუბნებიან პაციენტებს და ანტიბიოტიკების დანიშვნაზე თანხმდებიან. ხშირად ისინი საკმარის დროს არ უთმობენ, რომ პაციენტებს საჭირო ცოდნა მისცენ; არც ინფექციის გამოსავლენად საჭირო საშუალებები გააჩნიათ. ისინი პაციენტებს ახალ და ძვირადღირებულ ანტიბიოტიკებს უწერენ, რომლებსაც სხვადასხვა ტიპის ბაქტერიებთან და მიკროორგანიზმებთან შეუძლიათ ბრძოლა. ეს კი ხელს უწყობს წამლებისადმი მიკრობების შეუვალობის ზრდას.
ჯდმო-ს „გლობალური სტრატეგია“ აგრეთვე შეეხო საავადმყოფოებს, ჯანდაცვის ეროვნულ სისტემებს, კვების მრეწველობას, ფარმაცევტულ კომპანიებსა და კანონმდებლებს. პროგრამა ურთიერთთანამშრომლობისკენ მოუწოდებს ყველას, რათა ერთად დასძლიონ რეზისტენტული მიკრობების მიერ შექმნილი გლობალური საშიშროება. მაგრამ იქნება კი ასეთი პროგრამა ეფექტური?
ხელისშემშლელი ფაქტორები
ჯდმო-ს „გლობალურმა სტრატეგიამ“ არაპირდაპირ მიუთითა, რომ ჯანმრთელობის სფეროში პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებით ძირითად წინააღმდეგობას ქმნის მოგებისკენ სწრაფვა, ანუ ფული. ბიბლია ამბობს, რომ ფულის სიყვარული წარმოშობს „ყოველგვარ ბოროტებას“ (1 ტიმოთე 6:9, 10). ჯდმო მოგვიწოდებს: „სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს ფარმაცევტული ინდუსტრიის საქმიანობასაც, კერძოდ, საჭიროა, სათანადოდ გაკონტროლდეს, როგორც ურთიერთგარიგებები სავაჭრო აგენტებსა და მედპერსონალს შორის, ასევე ფარმაცევტული ფირმების მიერ მედიკოსებისთვის შემუშავებული საგანმანათლებლო პროგრამები“.
ფარმაცევტული კომპანიები ჯიუტად სთავაზობენ თავიანთ პროდუქციას ექიმებს. ისინი პირდაპირ მიმართავენ მომხმარებლებს ტელევიზიის საშუალებით, როცა რეკლამას უკეთებენ თავიანთ პროდუქციას. აშკარაა, რომ ეს განაპირობებს მედიკამენტების ჭარბ მიღებას, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს წამლებისადმი გამძლე მიკრობების გავრცელებას.
ჯდმო-ს „გლობალური სტრატეგიის“ ერთ-ერთ ნაწილში, რომელიც ეძღვნება ანტიმიკრობული პრეპარატების მიღებას პროდუქტის მომცემ ცხოველებში, ნათქვამია: „ზოგ ქვეყანაში ვეტერინარები თავიანთი შემოსავლის დაახლოებით 40 პროცენტს წამლების გაყიდვით გამოიმუშავებენ ხოლმე. ასე რომ, მათ ხელს არ აძლევს ანტიმიკრობული პრეპარატებით მკურნალობის შეზღუდვა“. კარგადაა დასაბუთებული, რომ რეზისტენტული მიკრობების აღმოცენება და მათი გავრცელება ანტიბიოტიკების ჭარბ მიღებასთანაა დაკავშირებული.
ანტიბიოტიკური პრეპარატების რიცხვი საოცარი სისწრაფით იზრდება. მარტო ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველწლიურად დაახლოებით 20 ათას ტონა ანტიბიოტიკს უშვებენ. მთელ მსოფლიოში წარმოებული ანტიბიოტიკების დაახლოებით ნახევარს ხალხი იყენებს; დანარჩენი კი, როგორც ცხოველებისთვის, ისე ნიადაგის გასანოყიერებლად გამოიყენება. ჩვეულებრივ, ანტიბიოტიკებს, სწრაფი გაზრდის მიზნით, ცხოველების საკვებში ურევენ.
მთავრობის როლი
როგორც ჯდმო-ს „გლობალური სტრატეგიის“ ზოგად მიმოხილვაში იყო აღნიშნული, „თითოეულ ქვეყანას ამ სტრატეგიის რეალიზაციაში უდიდესი პასუხისმგებლობა აკისრია. მთავრობებმა გადამწყვეტი როლი უნდა ითამაშონ ამ საქმეში“.
უნდა ვაღიაროთ, რომ ზოგ ქვეყანაში შემუშავდა ანტიმიკრობული პრეპარატებისადმი რეზისტენტობის დასაძლევი პროგრამები. პროგრამებში უდიდესი ყურადღება მიექცა ურთიერთთანამშრომლობას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. ამ პროგრამების მიზანი იყო: ანტიმიკრობული პრეპარატების გამოყენებასა და გამძლე მიკრობების გავრცელებასთან დაკავშირებული კონტროლის გამკაცრება, ასევე ინფექციური დაავადებების უკეთ გაკონტროლება, ანტიმიკრობული პრეპარატების სათანადო გამოყენება როგორც მედიცინაში, ისე სოფლის მეურნეობაში, კვლევა-ძიება რეზისტენტობის პრობლემაში ჩასაწვდომად და
ახალი მედიკამენტების გამოგონება. ჯდმო-ს „ანგარიში ინფექციური დაავადებების შესახებ, 2000“ არ იყო მანუგეშებელი. რატომ?ანგარიშში ნათქვამი იყო, რომ ისინი „სათანადო მხარდაჭერას ვერ იღებენ მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან, რადგან ჯანდაცვა მათთვის პირველ ადგილზე არ დგას“. მასში ასევე აღნიშნული იყო, რომ „დაავადება და, მაშასადამე, მისადმი შეუვალობა ისეთ დროს იჩენს ხოლმე თავს, როგორიცაა: საომარი არეულობა, სიღარიბე, მასობრივი მიგრაცია და გარემოს დაბინძურება. ამ დროს უმრავლესობა ინფექციური დაავადებების საშიშროების წინაშე დგება“. სამწუხაროდ, მთავრობებმა ამ პრობლემების გადაჭრა ვერ შეძლეს.
ბიბლიაში საუბარია ისეთი მთავრობის შესახებ, რომელიც არა მარტო დაავადებების გამომწვევ პრობლემებს გადაჭრის, არამედ საერთოდ მოსპობს ყველა დაავადებას. შესაძლოა, იფიქროთ, რომ ზოგი მიკრობი ყოველთვის მოუტანს ზიანს ადამიანებს, მაგრამ საფუძვლიანი მიზეზი არსებობს, გვჯეროდეს, რომ მომავალში ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება.
როცა მიკრობები აღარ მოგვაყენებენ ზიანს
წინასწარმეტყველმა ესაიამ დიდი ხნის წინათ იწინასწარმეტყველა ზეციერ მთავრობაზე და აღნიშნა, თუ ვინ იქნებოდა მისი მმართველი. ყურადღება მიაქციეთ ბიბლიაში მოცემულ შემდეგ წინასწარმეტყველებას: „რადგან ვაჟი შეგვეძინა ჩვენ, ძე მოგვეცა; და იქნება მთავრობა მის მხრებზე; და უწოდებენ მას სახელად: საკვირველს, მრჩეველს, ძლიერ ღმერთს, საუკუნო მამას, მთავარს მშვიდობისა“ (ესაია 9:6).
ვინ არის ეს ვაჟი ან მთავარი, რომელიც გამეფდება? ყურადღება მიაქციეთ, თუ რა იყო ნათქვამი ჯერ კიდევ მის დაბადებამდე. ანგელოზმა გაბრიელმა ქალწულ მარიამს უთხრა: „აჰა, დაორსულდები და შობ ძეს და სახელად იესოს დაარქმევ. დიდი იქნება ის . . . და მის მეფობას არ ექნება დასასრული“ (ლუკა 1:31—33).
იესომ როცა სრულწლოვანების ასაკს მიაღწია, აშკარა გახდა, რომ ის ნამდვილად ღვთის სამეფოს დაპირებული მმართველი იყო. ის არა მარტო დადიოდა და აუწყებდა „სასუფევლის სახარებას“, ანუ „სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას“, არამედ აჩვენებდა კიდეც, რომ შესწევდა ძალა, ბოლო მოეღო ყოველგვარი ავადმყოფობისთვის. ბიბლია გვამცნობს, რომ „მივიდა მასთან დიდძალი ხალხი; თან ჰყავდათ კოჭლები, დასახიჩრებულები, ბრმები, მუნჯები და მრავალი სხვა. დასხეს მის ფერხთით და მან განკურნა ისინი. ასე რომ, უკვირდა ხალხს, ხედავდა რა, რომ მუნჯები ალაპარაკდნენ, დასახიჩრებულნი გამოჯანსაღდნენ, კოჭლებმა გაიარეს და ბრმებმა დაინახეს“ (მათე 9:35; 15:30, 31).
იესო ყველანაირი დაავადებისგან კურნავდა ხალხს. მან რამდენიმე ადამიანიც კი აღადგინა მკვდრეთით! (ლუკა 7:11—17; 8:49—56; იოანე 11:38—44). თუმცა, ვინც იესომ განკურნა და აღადგინა კიდეც, დროთა განმავლობაში მაინც მოკვდნენ. მიუხედავად ამისა, იესოს სასწაულები გვიჩვენებს, თუ მომავალში რას გააკეთებს ის ადამიანებისთვის, რომლებიც ღვთის სამეფოს მმართველობის დროს იცხოვრებენ დედამიწაზე. ბიბლია გვპირდება, რომ იმ დროს «არ იტყვის მკვიდრი: „ავადა ვარ“» (ესაია 33:24; გამოცხადება 21:3, 4).
როგორი სამწუხაროც არ უნდა იყოს, დღეს ყოველი ჩვენგანი ხდება ავად და კვდება. მიკრობები მილიონობით ადამიანს აყენებენ ზიანს, ხშირად კი სიკვდილსაც იწვევენ. და მაინც, ადამიანის სხეული ისე საოცრადაა შექმნილი, რომ ზოგს უკვირს, საერთოდ რატომ ხდება ადამიანი ავად? ექიმმა ლუის ტომასმა, ბაქტერიის მნიშვნელოვან როლზე საუბრისას, დაავადებები „უბედურ შემთხვევას“ შეადარა. მან თქვა: „არაა გამორიცხული, რომ დაინფიცირებული პაციენტის დამცავი მექანიზმი ამა თუ იმ სახით უკვე დაზიანებული იყო“.
მართლაც, ვისაც ძლიერი იმუნური სისტემა აქვს, იშვიათად ან არასდროს ავადდება ბაქტერიული ინფექციით. მიუხედავად ამისა, სიბერე და სიკვდილი გარდაუვალია. ბიბლიაში ნათქვამია, რომ ადამიანები ავად ხდებიან და კვდებიან ცოდვის გამო, რაც პირველი სრულყოფილი ადამიანისგან, ადამისგან, მიიღეს მემკვიდრეობით. როგორც ბიბლია გვიხსნის, «ერთი ადამიანის მიერ ცოდვა შემოვიდა წუთისოფელში, ხოლო ცოდვის მიერ — სიკვდილი, ასევე სიკვდილი გადავიდა ყველა ადამიანში, რადგან ყველამ შესცოდა» (რომაელთა 5:12).
ღმერთმა დედამიწაზე თავისი ძე გამოგზავნა, რომელმაც სრულყოფილი სიცოცხლე გაიღო ჩვენთვის, რათა გავეთავისუფლებინეთ ცოდვის გავლენისგან (მათე 20:28). ბიბლია გვიხსნის: „ცოდვის საზღაური სიკვდილია, ხოლო ღვთის მადლი — მარადიული სიცოცხლე ჩვენს უფალში, ქრისტე იესოში“ (რომაელთა 6:23; 1 იოანე 5:11). ქრისტეს გამომსყიდველური მსხვერპლის წყალობით, ღვთის სამეფოს მმართველობის დროს, ყველას სრულყოფილი ჯანმრთელობა ექნება. მაშინ მიკრობები, ისეთებიც კი, რომლებიც დღეს დაავადებებს იწვევენ, აღარავის მიაყენებენ ზიანს.
განა არა ღირს, უფრო მეტი გაიგოთ ბიბლიაში დაპირებული სამეფოს შესახებ, რომელიც მსოფლიოში არსებულ პრობლემებს გადაჭრის? იეჰოვას მოწმეები სიამოვნებით დაგეხმარებიან, რომ უფრო მეტი გაიგოთ ამ საკითხზე.
[ჩარჩო 9 გვერდზე]
რისი გაკეთება შეგიძლიათ?
როგორ უნდა მოიქცეთ, რომ მაქსიმალურად დაიცვათ თავი რეზისტენტული მიკრობებისგან? ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაცია რამდენიმე პრაქტიკულ მითითებას გვაძლევს: 1) ყურადღება მახვილდება, თუ როგორ შეიძლება დაავადების შემცირება და ინფექციის გავრცელება. 2) მოცემულია რჩევები, თუ როგორ შეგვიძლია ვისწავლოთ ანტიმიკრობული პრეპარატების გონივრულად გამოყენება.
ლოგიკურია, რომ დაავადების შესამცირებლად და მისი გავრცელების თავიდან ასაცილებლად საუკეთესო საშუალება ჯანმრთელობაზე ზრუნვაა. როგორ უნდა მოიქცე, რომ დაავადებებისგან დაიცვა თავი?
ზომები დაავადებების თავიდან ასაცილებლად
1. მაქსიმალურად შეეცადეთ გაითვალისწინოთ სამი ძირითადი რამ: 1) სათანადო კვება, 2) ვარჯიში და 3) საკმარისი დასვენება.
2. დაიცავით პირადი ჰიგიენა. მედიცინის მუშაკები მიიჩნევენ, რომ ხელების დაბანა ყველაზე ეფექტური საშუალებაა დაავადებებთან და ინფექციის გავრცელებასთან საბრძოლველად.
3. დარწმუნდით, რომ საკვები, რითაც მთელი ოჯახი იკვებებით, უსაფრთხოა. ყოველთვის დაიბანეთ ხელები და დაიცავით სისუფთავე იმ ადგილას, სადაც საჭმელს ამზადებთ. წყალი, სადაც ხელებს იბანთ და საკვებ პროდუქტებს რეცხავთ, სუფთა უნდა იყოს. რამდენადაც მიკრობები ბევრი რაოდენობითაა საკვებ პროდუქტებში, განსაკუთრებით კი ხორცში, ის საგანგებოდ უნდა დაამუშაოთ. სათანადოდ შეინახეთ საკვები პროდუქტები. მაგალითად, ზოგი პროდუქტი მაცივარში მოათავსეთ.
4. შეეცადეთ, საღამოს ან დილით ადრე არ გამოხვიდეთ გარეთ იმ ადგილებში, სადაც სერიოზული დაავადებები მწერების საშუალებით გადადის, რადგან ამ დროს ისინი ყველაზე აქტიურები არიან. გამოიყენეთ დამცავი ბადეები.
5. ვაქცინის საშუალებით შეძლებთ იმუნიტეტის გამომუშავებას, რათა დაამარცხოთ ზოგი მიკრობი, რომელიც გავრცელებულია თქვენს ტერიტორიაზე.
ანტიბიოტიკების გამოყენება
1. ანტიბიოტიკებისა და სხვა ანტიმიკრობული პრეპარატების ყიდვამდე ან მიღებამდე ექიმს მიმართეთ. რეკლამას ხშირად გამყიდველისთვის უფრო მეტი სარგებლობა მოაქვს, ვიდრე მყიდველისთვის.
2. ნუ მოსთხოვთ ექიმს, რომ ანტიბიოტიკები გამოგიწეროთ. თუ ასე მოიქცევით, შეიძლება ის დაგთანხმდეთ; ეს კი შეიძლება მხოლოდ იმიტომ გააკეთოს, რომ პაციენტი არ დაკარგოს. კარგია გვახსოვდეს, რომ ზოგი დაავადება ვირუსითაა გამოწვეული და მის წინაშე ანტიბიოტიკები უძლურია. ვირუსით გამოწვეული დაავადების დროს ანტიბიოტიკების მიღებამ, შესაძლოა, ხელი შეუშალოს სასარგებლო ბაქტერიების გამრავლებას და რეზისტენტული ბაქტერიების გამრავლებას შეუწყოს ხელი.
3. ნუ მოითხოვთ მაინცდამაინც უახლესი წამლების დანიშვნას; შესაძლოა, ეს საუკეთესო საშუალება არ იყოს თქვენთვის და ზედმეტი ხარჯიც მოჰყვეს.
4. წამლის შესახებ ინფორმაცია სანდო წყაროდან მიიღეთ. გაიგეთ: რა მიზნით გამოიყენება ეს პრეპარატი? რა გვერდითი მოვლენები შეიძლება მოჰყვეს მას? როგორ მოქმედებს ის სხვა წამლების მიღებასთან ერთად და კიდევ რა ფაქტორების გამო შეიძლება იყოს მათი გამოყენება საზიანო?
5. ანტიბიოტიკებით მკურნალობა თუ ნამდვილად აუცილებელია, უმჯობესია, სრული კურსი ჩაიტაროთ, თუნდაც თავს უკეთესად გრძნობდეთ. მკურნალობის ბოლო სტადია იმისთვისაა საჭირო, რომ ორგანიზმი საბოლოოდ გათავისუფლდეს ინფექციისგან.
[სურათი 10 გვერდზე]
ღვთის მთავრობის სამართლიანი მმართველობის დროს ხალხი სიცოცხლით გაიხარებს, რადგან მიკრობები აღარავისთვის იქნება საზიანო.