იყავით პუნქტუალური!
იყავით პუნქტუალური!
„დაგვიანება ხელმძღვანელი პირებისთვის ჩვეულებრივია“, — ნათქვამია ჟურნალ „იუ-ეს-ეი ტუდეიში“. 2 700 ხელმძღვანელი პირის გამოკითხვის შედეგებზე დაფუძნებულ ამ სტატიაში აღნიშნულია, რომ „ისინი ათი შეხვედრიდან ექვსზე აგვიანებენ“.
საქმიან წრეებში დაგვიანება მხოლოდ ცუდ ჩვევად როდი ითვლება. სამუშაოზე მოწყობის 81 000 მსურველის გამოკითხვამ ცხადყო, რომ „არაპუნქტუალურობითა და არასაპატიო მიზეზით გაცდენილი სამუშაო საათები შემოსავლის დაკარგვის მთავარი მიზეზი ხდება“. რა თქმა უნდა, დაგვიანება მხოლოდ საქმიან წრეებში არ ქმნის პრობლემებს. საშუალო სკოლის დირექტორთა გამოკითხვამ აჩვენა, რომ „მოსწავლეთა დაგვიანება კვლავაც რჩება დისციპლინის ძირითად და ყველაზე ხშირ დარღვევად“.
ჩვენი შემოქმედის განზრახვა იყო, რომ დროის შეგრძნება გვქონოდა. მან ადგილი მიუჩინა „ორ დიდ მნათობს“, მზესა და მთვარეს, რათა ისინი დროის განსაზღვრაში დაგვხმარებოდნენ (დაბადება 1:14—16). დღეს თანამედროვე ქრონომეტრები საშუალებას გვაძლევს, ჩვენი დრო წუთებსა და წამებში გამოვთვალოთ. თუმცა, მიუხედავად თანამედროვე ტექნიკისა, ბევრს მაინც გვიჭირს პუნქტუალურობის გამოვლენა სამუშაოზე, სკოლაში თუ სხვა მნიშვნელოვან შეხვედრებზე.
ნამდვილად დროის ნაკლებობა ქმნის პრობლემას? მართალია, სამუშაოსა და ოჯახში არსებულ მოთხოვნებს შეიძლება ბოლო არ უჩანდეს. მიუხედავად ამისა, ვანდა როსლენდი, რომელიც ოჯახს არჩენს, ამბობს: „რაც მივხვდი, რომ დღეში ყველას 24 საათი გვაქვს, დროის უკმარისობაზე აღარ ვწუწუნებ. ამაზე ფიქრის შემდეგ იმ დასკვნამდე მივედი, რომ ჩვენს თანამედროვე მსოფლიოში დრო კი არა გვაქვს ცოტა, არამედ ბევრი რამეა ისეთი, რაც ყურადღებას გვიფანტავს და ხელს გვიშლის“.
დაფიქრდით ასევე რენეს * მაგალითზე, რომელიც იეჰოვას მოწმეა და ხუთი შვილი ჰყავს. ის ამბობს: „როცა ჩემი შვილები პატარები იყვნენ, სკოლისთვის და ქრისტიანული შეხვედრებისთვის მათ მომზადებას ბევრი დრო მიჰქონდა. მიუხედავად ამისა, ყველაფერს ვასწრებდი. მაგრამ ახლა, როცა ისინი წამოიზარდნენ, დაგვიანება ცუდ ჩვევად მექცა“. თქვენც გაქვთ ეს ცუდი ჩვევა? თუ დიახ, გადაჩვევა შესაძლებელია! ამაში ქვემოთ მოცემული რამდენიმე რჩევა დაგეხმარებათ.
● დაფიქრდით შედეგებზე. ჩვევაში გადასული დაგვიანება ერთი შეხედვით შეიძლება უმნიშვნელო ჩანდეს. მაგრამ დაფიქრდით ბიბლიაში ჩაწერილ სიტყვებზე: „მკვდარი ბუზი ამყრალებს, ადუღებს მენელსაცხებლის ზეთს. მცირე სიბრიყვე გადასწონის სიბრძნესა და ღირსებას“ (ეკლესიასტე 10:1). დიახ, სხვებისადმი უყურადღებობით გამოვლენილ „მცირე სიბრიყვეს“ შეუძლია რეპუტაცია შეგილახოთ მასწავლებლის ან დამსაქმებლის თვალში.
მარიმ კოლეჯში სწავლისას შენიშნა, რომ მისი კლასელები „საერთოდ არ ფიქრობდნენ დროზე“ და საკლასო ოთახში ხშირად დაგვიანებით შედიოდნენ. „მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელებულა. ისინი მალე იძულებულები გახდნენ, შეცვლილიყვნენ, — იხსენებს ის. — ორი პროფესორი მკაცრად ითხოვდა პუნქტუალურობას. თუ რომელიმე მოსწავლე მხოლოდ რამდენიმე წუთით დააგვიანებდა, ისინი მაინც არდასწრებას უფორმებდნენ ჟურნალში. არდასწრების გარკვეული რაოდენობა ცუდი ნიშნის ტოლფასი იყო“.
დაგვიანების ჩვევამ შეიძლება მეგობრებსა და თანატოლებთან რეპუტაცია შეგილახოთ. ჯოზეფი, რომელიც შუახნისაა, იხსენებს ერთ ახალგაზრდა ქრისტიანს, რომელსაც რამდენიმე ათეული წლის წინ იცნობდა. თუმცა პატივს სცემდნენ სწავლების კარგი უნარის გამო, მას ერთი ნაკლი ჰქონდა. „ის ყოველთვის აგვიანებდა, — ამბობს ჯოზეფი. — მე ვგულისხმობ დაგვიანებას ყველგან! თანაც ეტყობოდა, რომ ეს სულაც არ აღელვებდა. დაგვიანების გამო სხვები სულ ხუმრობდნენ მასზე“. გიცნობენ თქვენც ისეთ ადამიანად, რომელიც ყოველთვის აგვიანებს? თუ დიახ, მაშინ მათ შეიძლება ყურადღება აღარ მიაქციონ თქვენს კარგ თვისებებს.
● იფიქრეთ სხვებზე. არაპუნქტუალურობა სხვების მიმართ უპატივცემულობა და სხვისი დროის ფლანგვაა. მას შეუძლია ისეთი შთაბეჭდილება დატოვოს, თითქოს თქვენ მათზე უკეთესი ხართ. იმის ახსნისას, თუ რატომ აგვიანებენ ასე ხშირად ხელმძღვანელი პირები საქმიან შეხვედრებზე, ერთმა ბიზნესმენმა აღიარა: „უმეტესობა ჩვენგანი ძალიან ამაყია“. ამის საპირისპიროდ, ქრისტიანები სხვებს საკუთარ თავზე აღმატებულად თვლიან (ფილიპელთა 2:3). ისინი ოქროს წესს იყენებენ და სხვებს ისე ექცევიან, როგორც თავად ისურვებდნენ, რომ მოჰქცეოდნენ (მათე 7:12). განა არ ღიზიანდებით, როცა ვინმეს ლოდინი გიწევთ? მაშ, თქვენც ნუ ალოდინებთ სხვებს.
● ისწავლეთ დროის უკეთ გამოყენება. აჯანჯლებთ რაიმე საქმეს და ბოლო წუთში აკეთებთ ფაციფუცით? მეტისმეტად ბევრ საქმეს გეგმავთ დროის მოკლე მონაკვეთში გასაკეთებლად? თქვენთვის სასარგებლო იქნება ეკლესიასტეს 3:1-ში (სსგ) ჩაწერილი პრინციპი: „ყოველივეს თავისი დრო აქვს“. საქმისთვის „თავისი დროის“ გამოყოფა მის კარგად შესრულებაში დაგეხმარებათ.
უპირველესად, ჩამოწერეთ ყველაფერი, რაც გასაკეთებელი გაქვთ. შემდეგ მიჰყევით ფილიპელთა 1:10-ში (აქ) ჩაწერილ პრინციპს: ‘შეამოწმეთ, რა უფრო მნიშვნელოვანია’. დიახ, პირველ ადგილზე მნიშვნელოვანი საქმეები დააყენეთ. რა არის ყველაზე უწინ გასაკეთებელი? რომელი საქმეების გადადება შეიძლება? ბოლოს გამოთვალეთ, რამდენი დრო დაგჭირდებათ ამ საქმეების შესასრულებლად და როდის გააკეთებთ მათ. იყავით რეალისტი და ნუ დაგეგმავთ მოკლე დროში ბევრი რამის გაკეთებას.
დოროთი მადლობელია მშობლების, რომლებმაც პუნქტუალურობას მიაჩვიეს. ის გვიყვება: „თუ ქრისტიანული შეხვედრა 19:30-ზე გვეწყებოდა, დედა საათითა და 45 წუთით ადრე გვაწყებინებდა მზადებას. ჩვენ საკმარისი დრო გვქონდა სავახშმოდ, ჭურჭლის დასარეცხად, ჩასაცმელად და შეხვედრის ადგილამდე მისასვლელად. პუნქტუალურობა ჩვევად გვექცა“. ეს ჩვევა გაუთვალისწინებელი შემთხვევების დროსაც დამხმარეა. დოროთი იხსენებს: „ამას წინათ, რამდენიმე ადამიანი უნდა წამეყვანა შეხვედრაზე. გზაზე მანქანას საბურავი დაეშვა. იმდენი დრო მქონდა, რომ საბურავი გამოვცვალე და თავის დროზე მივედი მათ წასაყვანად. ყოველთვის ვზრუნავ, რომ დრო მქონდეს მარაგში, რადგან შეიძლება მანქანა გამიფუჭდეს ან გზებზე ძალიან გადატვირთული მოძრაობა იყოს“.
● ისწავლეთ სხვებისგან. ბიბლიაში იგავების 27:17-ში წერია: „რკინა რკინას ლესავს, კაცი კი ლესავს თვისი მოყვასის სახეს“. ამ პრინციპის თანახმად, გაესაუბრეთ სხვებს, რომელთა მდგომარეობაც თქვენი მდგომარეობის მსგავსია და ყველაფრის გაკეთებას დროულად ასწრებენ. ისინი მრავალ სასარგებლო რჩევას მოგცემენ.
რენემ, რომლის სიტყვებიც ზემოთ იყო მოყვანილი, მიზნად დაისახა, პუნქტუალური გამხდარიყო. ის ამბობს: „მტკიცედ გადავწყვიტე, შევიცვალო. მიუხედავად იმისა, რომ ეს ადვილი არ არის, უკეთესობისკენ მივდივარ“. ეს თქვენც შეგიძლიათ. საჭიროა მხოლოდ სწორი განწყობა მცდელობასთან ერთად და თქვენც ისწავლით პუნქტუალურობას!
[სქოლიო]
^ აბზ. 6 ზოგი სახელი შეცვლილია.
[სურათები 24 გვერდზე]
არაპუნქტუალურობა სხვების მიმართ უყურადღებობის მაჩვენებელია და შეიძლება ცუდი შთაბეჭდილება დაუტოვოს თქვენს დამსაქმებელს.
[სურათი 25 გვერდზე]
კარგი დაგეგმვა დაგეხმარებათ, თავი აარიდოთ დროის ფუჭად ხარჯვას.