არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

კამათი მოსეს პიროვნების ირგვლივ

კამათი მოსეს პიროვნების ირგვლივ

კამათი მოსეს პიროვნების ირგვლივ

იუდეველები, ქრისტიანები და მუსლიმანები ბევრ საკითხში არ ეთანხმებიან ერთმანეთს. მიუხედავად ამისა, მათ ერთი რამ მაინც აერთიანებთ: ყველანი დიდ პატივს სცემენ ადამიანს, რომლის სახელიც არის მოსე. იუდეველები მას „უდიდეს მასწავლებლად“ — ისრაელი ერის ფუძემდებლად — მიიჩნევენ. ქრისტიანები მოსეს იესო ქრისტეს წინამორბედად თვლიან. მუსლიმანებისთვის კი ის პირველი და უდიდესი წინასწარმეტყველია.

ამგვარად, მოსე ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურაა კაცობრიობის ისტორიაში. მიუხედავად ამისა, 100 წელზე მეტია, რაც სწავლულები და სასულიერო პირები მისი პიროვნების გარშემო კამათობენ. ბევრი ეჭვქვეშ აყენებს არა მარტო იმას, რომ მოსე სასწაულებს ახდენდა და ისრაელები ეგვიპტიდან გამოიყვანა, არამედ თავად მის არსებობასაც კი. თავის წიგნში „მოსეს ცხოვრება“ ჯონათან კირში ასკვნის: „მოსეზე, როგორც ისტორიულ პიროვნებაზე, მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ ამ ბიბლიური პერსონაჟის მსგავსი პიროვნება შესაძლოა შორეულ წარსულში, ჩვენთვის უცნობ დროს სადღაც მართლაც ცხოვრობდა. შესაძლოა მისი საგმირო საქმეები მოგვაგონებდეს იმ ქვიშის მარცვალს, რომელსაც გარშემო ნელ-ნელა, საუკუნეების განმავლობაში, სადაფებივით შემოეხვია ლეგენდები თუ თქმულებები. და მოსე იქცა იმ შთამბეჭდავ და საკამათო ფიგურად, რომელსაც ბიბლიაში ვხვდებით“.

ასეთი სკეპტიკური განწყობა ერთი შეხედვით შეიძლება გამართლებულად მოგვეჩვენოს. მაგალითად, კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ისეთი ბიბლიური პერსონაჟების არსებობა, როგორიცაა მაგალითად ისრაელის მეფე იეჰუ, დამტკიცებული იყო არქეოლოგიური აღმოჩენების წყალობით. მოსეს მოღვაწეობა კი ასეთი მტკიცებულებებით არ დასტურდება. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მოსე არ არსებობდა. ადრე სკეპტიკოსები ამტკიცებდნენ, რომ ბიბლიაში მოხსენიებული სხვა პირებიც, როგორიცაა ბაბილონის მეფე ბელშაცარი და ასურეთის მეფე სარგონი, არ არსებობდნენ. თუმცა, მოგვიანებით არქეოლოგებმა დაამტკიცეს, რომ ისინი ნამდვილად ისტორიული პიროვნებები იყვნენ.

ჯონათან კირში შეგვახსენებს: „ბიბლიაში მოხსენიებული ისრაელი ერის არსებობასთან დაკავშირებით იმდენად მწირი არქეოლოგიური მასალები მოგვეპოვება, რომ არც გაკვირვებას იწვევს და არც გადამწყვეტია ის ფაქტი, რომ ბიბლიის გარდა ყველა სხვა წყარო მოსეს შესახებ დუმს“. როგორც კირში ამბობს, ზოგიერთის აზრით, საეჭვოა, რომ მოსე უბრალოდ ვიღაცის წარმოსახვის ნაყოფი იყოს: „მისი ცხოვრება ისეთი სიზუსტითაა აღწერილი, იმდენად ბევრი დიალოგია მასში გადმოცემული და იმდენად რთულია, რომ . . . შეუძლებელია გამოგონებული იყოს“.

იმისდა მიუხედავად, ხართ თუ არა მორწმუნე, შესაძლებელია მაინც გსმენიათ მოსეს ცხოვრებასთან დაკავშირებული ძირითადი მოვლენების შესახებ, მაგალითად: ალმოდებულ ბუჩქთან ღმერთთან მისი საუბრის, ეგვიპტის მონობიდან ისრაელების გამოსვლისა თუ წითელი ზღვის გაყოფის შესახებ. მაგრამ არსებობს კი რაიმე საფუძველი, გვწამდეს, რომ ეს ყველაფერი სინამდვილეში მოხდა? შეიძლება ითქვას, რომ მოსე ისტორიული პიროვნებაა? შემდეგი სტატია პასუხობს ამ საინტერესო კითხვებს.