აღვირი ცხენისა და ენისთვის
აღვირი ცხენისა და ენისთვის
„ცხენი გამზადებულია ბრძოლის დღისათვის“, — თქვა ძველი ისრაელის ბრძენმა მეფე სოლომონმა (იგავები 21:31). ძველად, ბრძოლებში გასამარჯვებლად, ცხენოსანთა ჯარი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. მეომრები ცხენის დასამორჩილებლად და სამართავად აღვირს იყენებდნენ.
აღვირის ერთ-ერთი ნაწილი ლაგამია, რომელსაც ცხენს პირში ამოსდებენ ხოლმე. ძველი დროის აღვირი დიდად არ განსხვავდება თანამედროვისგან. მისი მეშვეობით შეიძლება ცხოველის მართვა.
მეფე დავითმა, სოლომონის მამამ, აღვირთან შედარება მოიყვანა და ხატოვნად გამოხატა შემდეგი აზრი: „ნუ იქნებით, ვითარცა ცხენი, ვითარცა ჯორი, უგუნური. ლაგამი და აღვირია მისი მოსართავი შესაკავებლად“ (ფსალმუნები 31:9). როცა ცხენი გახედნილია, ის შეიძლება ადამიანის ერთგული მეგობარი გახდეს. ალექსანდრე მაკედონელს ისე უყვარდა თავისი ცხენი ბუკეფალია, რომ მის საპატივსაცემოდ ეს სახელი დაარქვა ინდოეთის ერთ-ერთ ქალაქს.
თუმცა ადამიანები ათასწლეულების განმავლობაში წარმატებით ათვინიერებენ ცხენებს, არასრულყოფილების ალაგმვა სულ სხვა საკითხია. „ჩვენ ყველანი ბევრს ვცოდავთ. ვინც სიტყვით არ ცდება, სრულყოფილი ადამიანია. მას შეუძლია ალაგმოს მთელი სხეულიც“ — აღნიშნა ქრისტიანმა მოწაფემ იაკობმა (იაკობი 3:2). მართლაც, ვინ დაიწყებს იმის მტკიცებას, რომ არასოდეს უთქვამს რამე დაუფიქრებლად, არავისთვის უწყენინებია ან არ გაბრაზებულა ვინმეზე?
ნამდვილად ღირს დაუოკებელი ენის ალაგმვა, მაშინ როცა მისი ‘მოთვინიერება კაციშვილს არ შეუძლია?’ (იაკობი 3:8). ადამიანები მზად არიან დახარჯონ დრო და ენერგია იმისათვის, რომ ცხენი გახედნონ, რადგანაც იციან გაწვრთნილი ცხოველის ფასი. ამის მსგავსად, რაც უფრო უკეთ მოვათვინიერებთ ან გავაკონტროლებთ საკუთარ ენას, მით მეტ სარგებელს მოგვიტანს იგი.
გულისხმიერებით აღსავსე სიტყვებს შეუძლია დაამშვიდოს და გაამხნევოს ჩვენი მეგობრები, კოლეგები თუ ნათესავები (იგავები 12:18). ასეთმა სიტყვებმა შეიძლება გაუხალისოს ცხოვრება ჩვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებს. აულაგმავი ენა კი უამრავ პრობლემას ქმნის. „ვინც . . . ენას იცავს, ის იცავს თავის სულს უბედურებისაგან — გვაფრთხილებს ბიბლია (იგავები 21:23). ენის ალაგმვით დახმარებას ვუწევთ საკუთარ თავსაც და ჩვენს მსმენელებსაც *.
[სქოლიო]
^ აბზ. 7 აღსანიშნავია ბიბლიური შეხსენება იმასთან დაკავშირებით, რომ ქრისტიანების საუბარი მჭიდრო კავშირშია მათ თაყვანისმცემლობასთან. ბიბლია ამბობს: „თუ რომელიმე თქვენგანს ჰგონია, რომ ღვთის მსახურია და ენას კი არ ალაგმავს, არამედ თავის გულს აცდუნებს, მისი მსახურება ფუჭია“ (იაკობი 1:26).
[სურათი 23 გვერდზე]
ალექსანდრე მაკედონელი
[საავტორო უფლება]
Alinari/Art Resource, NY