როდესაც გარეგნობაზე გადამეტებით ზრუნავთ
როდესაც გარეგნობაზე გადამეტებით ზრუნავთ
სარკეში როცა ვიხედებით, ვამჩნევთ, რომ გარეგნობაში ცვლილებების შეტანა გვჭირდება. ამიტომ ისე ვარჩევთ ტანსაცმელს, ვარცხნილობას ან მაკიაჟს, რომ უკეთესად გამოვიყურებოდეთ. ამის შემდეგ ცხოვრების ჩვეულ რიტმს ვუბრუნდებით. მსგავსი ზრუნვა გარეგნობაზე ნორმალურია და აუცილებელიც კი, მაგრამ ზოგიერთი ადამიანი უკიდურესობაში ვარდება. ისინი გადამეტებით ზრუნავენ საკუთარ გარეგნობაზე, რაც პათოლოგიურ ხასიათს იღებს. ექიმები ამას დაავადებად მიიჩნევენ და ზოგჯერ დისმორფოფობიას ან დისმორფომანიას უწოდებენ.
ერთ სამედიცინო კრებულში ეს დაავადება განიმარტება, როგორც „გადამეტებული წუხილი საკუთარ გარეგნობაზე, რაც საზოგადოებრივი საქმიანობისგან გათიშვასა და სამსახურის შოვნასთან ან სხვა მნიშვნელოვან საქმეებთან დაკავშირებულ პრობლემებს იწვევს“ * (The Merck Manual of Diagnosis and Therapy). ვინც ამ დაავადებით იტანჯება, შეიძლება მოეჩვენოთ, რომ გარკვეული ნაკლი აქვთ ან უმნიშვნელო ფიზიკური დეფექტიც კი გააზვიადონ. მათ ჰგონით, რომ ისინი წარმოუდგენლად მახინჯები არიან.
სამხრეთ ფლორიდის (აშშ) უნივერსიტეტის პროფესორი კევინ ტომფსონი ამბობს, რომ ამ ტიპის მოშლილობა იშვიათად გვხვდება, რითაც დაავადებულია „მოსახლეობის დაახლოებით 1—2% და სამკურნალო დაწესებულებებში ავადმყოფთა 10—15% მკურნალობს“. თუმცა აღნიშნავს, რომ „ზოგიერთი მკვლევარის აზრით, დაავადებულთა რიცხვი მოიმატებს, რადგან გაუმჯობესებული დიაგნოსტიკური მეთოდები ხელს უწყობს სიმპტომების დადგენას და საზოგადოებაც გარეგნობაზე გადამეტებულად ზრუნავს“. თუმცა ამ ავადმყოფობით შეიძლება ყველა ასაკის ადამიანი დაავადდეს, ის ძირითადად მოზარდობის პერიოდში იწყება. მოწიფულ ასაკში ეს დაავადება შეიმჩნევა როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში. ამის საპირისპიროდ, კვების მოშლილობით უმეტესწილად ქალები იტანჯებიან.
*.
ამ დაავადების მქონე ადამიანები, რომლებიც გადამეტებულად ზრუნავენ გარეგნობაზე, გამუდმებით სარკეში იხედებიან და ხშირ შემთხვევაში საზოგადოებიდანაც ირიყებიან. მაგრამ, ყველაზე ცუდი ისაა, რომ „უკიდურესმა წუხილმა და ორგანიზმში ფუნქციების დარღვევამ შეიძლება ადამიანი იქამდე მიიყვანოს, რომ არაერთხელ მოხვდეს საავადმყოფოში და თვითმკვლელობაც კი განიზრახოს“, — ნათქვამია ზემოთ მოხსენიებულ კრებულში (The Merck Manual). გასაკვირი არაა, რომ დაავადებულთაგან ზოგმა პლასტიკური ოპერაციის გაკეთება გადაწყვიტოს. კეტრინ ფილიპსი, რომელმაც ამ დაავადებაზე წიგნი დაწერა, ამბობს: „ჩვეულებრივ, არავის ვურჩევ ასეთი ოპერაციის გაკეთებას, რის შემდეგაც ვეღარაფერს შეცვლი. გარდა ამისა, დაავადებულთა უმრავლესობა ოპერაციის შემდეგ, ჩვეულებრივ, მაინც უკმაყოფილო რჩება“ზოგჯერ ეს დაავადება ადრეულ ასაკში იჩენს თავს. ერთ ჟურნალში საუბარი იყო ექვსი წლის ბიჭზე, «რომელიც დარწმუნებული იყო, რომ ჰქონდა ყვითელი კბილები, „მსუქანი“ მუცელი და საშინელი თმები. მის მეტი ვერავინ ამჩნევდა ამ „დეფექტებს“. ყოველ დილით ბიჭუნა დაახლოებით ერთ საათს ატარებდა სარკესთან და თმებს ივარცხნიდა. თუ ვერ შეძლებდა თმის „კოხტად“ დაყენებას, ის კვლავ ისველებდა თმებს და თავიდან იწყებდა ვარცხნას. ხშირად ამის გამო სკოლაში იგვიანებდა» (George Street Journal *). ერთხელ, როცა ექიმთან მივიდა, დაიხარა კიდეც, რომ სკამის ლითონის დეტალზე თავისი ანარეკლი დაენახა.
არ დართოთ ქვეყნიერებას იმის ნება, რომ თქვენს აზროვნებაზე იმოქმედოს
ლამაზად ილუსტრირებული ჟურნალ-გაზეთები და სატელევიზიო რეკლამები იდეალური გარეგნობის შესახებ ზღვა ინფორმაციას სთავაზობს ადამიანებს. სარეკლამო აგენტების ლოგიკა მარტივია — საკმარისია, რეკლამა გაუკეთონ გარკვეულ გარეგნობას, რომ ხალხიც მზადაა, ოფლით ნაშოვნი ფული დახარჯოს, რათა ასეთ სტანდარტებს შეესაბამებოდეს. ამას ემატება თანატოლების ზეგავლენა და რამდენიმე დაუფიქრებელი შენიშვნა ოჯახისა და მეგობრების მხრიდან. გასაკვირი არ არის, რომ ამის შემდეგ ზოგს არასწორი წარმოდგენა ექმნება საკუთარ გარეგნობაზე *. მაგრამ ასეთი გაუწონასწორებელი აზროვნება შეიძლება სულაც არ იყოს ფსიქიკური მოშლილობის მიზეზი.
არასწორი იქნებოდა, გეფიქრა, რომ ლამაზი თუ არა ხარ, შენით არავინ დაინტერესდება. მეგობრებს გარეგნობის მიხედვით არ ირჩევენ. მართალია, თავიდან გარეგნობა შეიძლება გარკვეულ შთაბეჭდილებას ახდენს ადამიანზე, მაგრამ ნამდვილი მეგობრების შესაძენად აუცილებელია პიროვნული თვისებების, ზნეობრივი ნორმებისა და ფასეულობების ქონა. გარკვეულწილად, თითოეული ჩვენგანი შეიძლება წიგნს შევადაროთ. შეიძლება წიგნს მიმზიდველი ყდა ჰქონდეს, მაგრამ შინაარსი თუ საინტერესო არა აქვს, მალევე ბეზრდებათ მისი კითხვა. საინტერესო წიგნს კი, როგორი ყდაც უნდა ჰქონდეს, სიამოვნებით კითხულობენ. ამიტომ, რატომ არ გაამახვილებდით ყურადღებას თქვენს შინაგან პიროვნებაზე? ზუსტად ამისკენ მოგვიწოდებს ღვთის სიტყვა, ბიბლია (იგავები 11:22; კოლასელთა 3:8; 1 პეტრე 3:3, 4).
ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი გარეგნობა წლების განმავლობაში იცვლება. სიცოცხლე, მეგობრობა და ბედნიერება რომ კარგ გარეგნობაზე იყოს დამოკიდებული, რა მოსაწყენი იქნებოდა ჩვენი მომავალი! მაგრამ ჩვენი მდგომარეობა ნამდვილად განსხვავებული იქნება. როგორ მოხდება ეს?
სილამაზე, რომელიც მარადიული იქნება
იგავების 16:31-ში ნათქვამია: „დიდების გვირგვინი ჭაღარაა, სიმართლის გზაზე იპოვება იგი“. იეჰოვა ღმერთის თვალში მისი ერთგული მსახურები ყოველთვის მიმზიდველები არიან. ამ თვალსაზრისს იზიარებენ ისინიც, ვინც ღვთის პრინციპების შესაბამისად ცხოვრობენ. რამდენადაც მრავალი წლის განმავლობაში გულმოდგინებასა და ღვთისადმი ერთგულებას ავლენენ, მათი ჭაღარა დიდების გვირგვინი ხდება. ასეთი შესანიშნავი ადამიანები ნამდვილად იმსახურებენ ჩვენს სიყვარულსა და პატივისცემას (ლევიანები 19:32).
უფრო მეტიც, იეჰოვას დაპირებისამებრ მოახლოებულ ახალ ქვეყნიერებაში აღმოიფხვრება მემკვიდრეობით მიღებული ცოდვის ყველანაირი შედეგი, რაც ზიანს აყენებს ღვთის ერთგულ მსახურებს — როგორც ხანდაზმულებს, ისე ახალგაზრდებს. ისინი ყოველ დღე დაინახავენ და იგრძნობენ, როგორ უმჯობესდება მათი სხეული, ვიდრე საბოლოოდ არ მიაღწევენ ფიზიკურ სრულყოფილებას (იობი 33:25; გამოცხადება 21:3, 4). მართლაც, რა მშვენიერი პერსპექტივაა! ისურვებდით მათ გარემოში ცხოვრებას? თუ გსურთ, მაშინ შეეცადეთ, რომ ყურადღება ჭეშმარიტ სილამაზეზე გაამახვილოთ და ნება არ დართოთ ქვეყნიერების ფუჭ და, ხშირად, მკაცრ შეხედულებებს, თქვენს აზროვნებაზე იმოქმედოს. თუ ასე მოიქცევით, უფრო ბედნიერი და მიმზიდველი ადამიანი გახდებით (იგავები 31:30).
[სქოლიოები]
^ აბზ. 3 „გარეგნობაზე გადამეტებული ზრუნვა ფსიქიკური მოშლილობის ერთ-ერთი გავრცელებული ფორმაა“, — ნათქვამია „ავსტრალიის სამედიცინო ჟურნალში“. სხვა ფორმებია: დეპრესია, აკვიატებული მდგომარეობის ნევროზი და კვების მოშლილობა, მაგალითად ნერვული ანორექსია. ამიტომ ძნელია ამ დაავადების დიაგნოზის დასმა.
^ აბზ. 5 იხილეთ „გამოიღვიძეთ!“-ის 2002 წლის 8 სექტემბრის რუბრიკაში „ახალგაზრდების შეკითხვები“ სტატია „გავიკეთო პლასტიკური ოპერაცია?“ რა თქმა უნდა, ვისაც სერიოზული ფსიქიკური მოშლილობა აქვს, შეიძლება ფსიქიატრის დახმარება დასჭირდეს.
^ აბზ. 6 გამოცემულია ბრაუნის უნივერსიტეტის მიერ (როდ-აილენდი, აშშ).
^ აბზ. 8 დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ წიგნი „ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები“, თავი „რამდენად მნიშვნელოვანია გარეგნობა?“ გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.