როგორი მამა სჭირდებათ შვილებს?
როგორი მამა სჭირდებათ შვილებს?
შვილებს სჭირდებათ მოსიყვარულე და მზრუნველი მამა, რომელიც მზად არის მათ დასახმარებლად და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ისინი პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე და სანდო პიროვნებებად ჩამოყალიბდნენ. თუმცა ბავშვების ამ მოთხოვნილებას ხშირად სათანადო ყურადღებას არ აქცევენ.
მართალია, ბავშვი დედის მეშვეობით ევლინება სამყაროს და მის აღზრდაში მნიშვნელოვან როლს სწორედ მოსიყვარულე დედა თამაშობს, მაგრამ არც მამას ეკისრება ნაკლები პასუხისმგებლობა. ყურადღება მიაქციეთ, რა არის ნათქვამი ჟურნალ „უილსონ ქვოთერლში“: „სწორედ მამის როლის შეუსრულებლობაა იმ მრავალი სერიოზული პრობლემის ძირითადი მიზეზი, რომელთა წინაშეც დღეს ამერიკის საზოგადოება დგას“. ჩვენ კი მხოლოდ იმას დავუმატებთ, რომ ეს არა მარტო ამერიკაში, არამედ მთელ მსოფლიოში ასეა.
ბრაზილიურ გაზეთ „ჯორნალ და ტარდში“ გამოქვეყნებული ერთი გამოკვლევის თანახმად, ყოფაქცევასთან დაკავშირებული ისეთი პრობლემები, როგორიცაა აგრესიულობა, ურჩობა, დაბალი აკადემიური მოსწრება და აპათია, ხშირად იმ ახალგაზრდებში შეინიშნება, რომელთა „მამებიც შვილებისთვის ვერ იცლიან“. იტალიელი მწერლის მარსელო ბერნარდეს წიგნში „არასრულყოფილი მშობლები“ ხაზგასმით არის ნათქვამი, რომ ბავშვს სრულფასოვან პიროვნებად ჩამოსაყალიბებლად ორივე მშობელი სჭირდება.
ოჯახური მდგომარეობის გაუმჯობესება შესაძლებელია
მაშინაც კი, როდესაც ოჯახში არსებული პრობლემების მიზეზი მამის მეტ–ნაკლები უგულისყურობაა, არ უნდა ვიფიქროთ, რომ სიტუაციის გამოსწორება და ოჯახური მდგომარეობის გაუმჯობესება შეუძლებელია. და მაინც, როგორ არის ეს შესაძლებელი? რისი კეთება მართებთ მამებს?
უდავოა, რომ ბავშვებს ოჯახური გარემო ესაჭიროებათ; მათ უნდა იგრძნონ, რომ ვიღაც ზრუნავს მათ კეთილდღეობაზე. როდესაც მათი ეს მოთხოვნილება დაუკმაყოფილებელი რჩება, როგორც დღეს ხშირად ხდება ხოლმე, ამან შეიძლება ცუდად იმოქმედოს ბავშვებზე. თუმცა მდგომარეობა უიმედო არ არის, იმისგან დამოუკიდებლად, ბავშვი უმამოდ იზრდება თუ არა. ფსალმუნების 67:6–ში (აქ) ნათქვამია: „[ღმერთია] ობლების მამა . . . რომელიც თავის წმინდა სამყოფელშია“. *
სად ვეძებოთ დახმარება?
წინა სტატიაში მოხსენიებული პოლონელი გოგონას, ლიდიას, შემთხვევიდან კარგად ჩანს, რომ წარმატების მისაღწევად ძალიან მნიშვნელოვანია ღვთის დახმარება, რასაც ღმერთი სიამოვნებით გვთავაზობს. როგორი მდგომარეობა იყო ლიდიას ოჯახში? როგორ მიიღო მისმა ოჯახმა ღვთის დახმარება?
ფრანციშეკი, ლიდიას მამა, აღიარებს, რომ, როცა ბავშვები პატარები იყვნენ, ოჯახს სათანადო ყურადღებას არ აქცევდა. ის ამბობს: „საერთოდ არ მაინტერესებდა, რითი იყვნენ ბავშვები დაკავებულნი. მათდამი არ ვავლენდი სითბოსა და სიყვარულს, ერთმანეთთან არაფერი გვაკავშირებდა“. ფრანციშეკმა არ იცოდა, რომ 14 წლის ლიდია თავის უმცროს და–ძმასთან ერთად თანატოლებთან დროს ატარებდა, ეწეოდა, სვამდა და ჩხუბობდა.
ბოლოს, როცა ფრანციშეკი მიხვდა, რომ მისი შვილები კარგ გზას არ ადგნენ, კატეგორიულად გადაწყვიტა, რაღაც ეღონა. „დახმარებისთვის ღმერთს მივმართე ლოცვით“, — ამბობს ის. საოცარია, რომ ამის შემდეგ მალევე მის კარზე იეჰოვას მოწმეებმა დააკაკუნეს და ის და მისი მეუღლე დათანხმდნენ ბიბლიის შესწავლაზე. თანდათანობით ლიდიას მშობლებმა ნასწავლის ცხოვრებაში გამოყენება დაიწყეს. როგორ იმოქმედა ამან ბავშვებზე?
ფრანციშეკი გვიყვება: „ისინი ხედავდნენ, რომ სმას თავი დავანებე და უკეთესი მამა ვხდებოდი. მათ მოისურვეს, უკეთ გაეცნოთ იეჰოვას მოწმეები. შედეგად, მათაც დაიწყეს ბიბლიის შესწავლა და კავშირი გაწყვიტეს ცუდ საზოგადოებასთან“. რაფალი, ფრანციშეკის ვაჟი, ამბობს: „მამა უფრო ძალიან შემიყვარდა; ჩვენ კარგი მეგობრები გავხდით. ერთხელაც აღმოვაჩინე, რომ ქუჩის ბანდა აღარ მიზიდავდა. მთელი ოჯახი სულიერი საქმეებში ჩავებით“.
დღეს ფრანციშეკი იეჰოვას მოწმეთა ერთ–ერთ კრებაში უხუცესად მსახურობს და კვლავაც ზრუნავს ოჯახის თითოეული წევრის სულიერ ზრდასა და უსაფრთხოებაზე. მისი მეუღლე და ქალიშვილი, ლიდია, პიონერები — სრული დროით მსახურები — არიან. რაფალი და მისი პატარა დაიკო, სილვია, კი გულმოდგინედ სწავლობენ ბიბლიას, კრების შეხვედრებზე კომენტარებს აკეთებენ და თავიანთ რწმენას სხვებს უზიარებენ.
ის ნასწავლს ცხოვრებაში იყენებდა
ახლა გავიგოთ, რა დაემართა ლუისს, მაკარენას მამას. გავიხსენოთ, რომ მაკარენა 21 წლის ესპანელი გოგოა, რომელიც წინა სტატიაში მოვიხსენიეთ. ლუისი ზუსტად იმ ცხოვრებით ცხოვრობდა, როგორითაც მისი ლოთი მამა. როგორც მაკარენამ თქვა, მამამისი თავის მეგობრებთან ერთად რამდენიმე დღით სადღაც უჩინარდებოდა. უფრო მეტიც, მეუღლეს არ აფასებდა და მას მოსამსახურესავით ექცეოდა. მათი ქორწინება გაყრის პირას იყო მისული. მაკარენა და მისი პატარა და–ძმა დიდ ემოციურ ტკივილს განიცდიდნენ.
დროთა განმავლობაში ლუისმა ბიბლიის შესწავლა დაიწყო იეჰოვას მოწმეებთან. ის ამბობს: „იმ დღიდან, რაც ბიბლიის შესწავლა დავიწყე, მეუღლესა და ბავშვებს უფრო მეტ დროს ვუთმობდი. ვსაუბრობდით, ერთად ვსადილობდით და ბიბლიას ერთად ვსწავლობდით. ერთად ვერთობოდით და სახლის საქმეებსაც ყველანი ვინაწილებდით“. მაკარენა იხსენებს: „მაშინ უკვე ვიგრძენი, რომ მყავდა მზრუნველი მამა, რომელიც ნამდვილად იყო დაინტერესებული ოჯახის კეთილდღეობით“.
აღსანიშნავია, რომ ლუისი არა მარტო სიტყვით მოუწოდებდა თავის ოჯახს ღვთის მსახურებისკენ, არამედ ნასწავლს ცხოვრებაში იყენებდა და ამით მათ მაგალითს აძლევდა. მაკარენა ამბობს: „მან მიატოვა მაღალშემოსავლიანი აწყობილი ბიზნესი, რადგან ის ძალიან დიდ დროს ართმევდა; მას უნდოდა, ოჯახისთვის უფრო მეტი დრო და ყურადღება დაეთმო“. ლუისის ასეთ გადაწყვეტილებას შესანიშნავი შედეგი მოჰყვა. „მისმა მაგალითმა თვალის სუფთად შენახვა მასწავლა და დამანახვა, რომ სულიერი საკითხები ცხოვრებაში პირველ ადგილზე უნდა დავაყენო“, — ამბობს მაკარენა. დღეს მაკარენა პიონერად მსახურობს, ხოლო დედა და მისი უმცროსი და–ძმა ქრისტიანული კრების აქტიური წევრები არიან.
რკინიგზის დეპარტამენტის უფროსის გადაწყვეტილება
აშკარაა, რომ ბავშვებს ისეთი მამა სჭირდებათ, რომელიც გადაწყვეტილებების მიღებისას მათ კეთილდღეობაზე იფიქრებს. წინა სტატიაში მოხსენიებული იაპონიის რკინიგზის დეპარტამენტის უფროსის, ტაკეში ტამურას, ვაჟი ცუდ წრეში მოხვდა და ჩანდა, რომ მალე თავს უბედურებას დაიტეხდა. სწორედ ამიტომ მიატოვა ტაკეში ტამურამ საპასუხისმგებლო თანამდებობა. მაშინ 1986 წელი იყო. რას ფიქრობს ტაკეში ტამურა 18 წლის წინათ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ?
„ეს საუკეთესო გადაწყვეტილება იყო, რომელიც კი ოდესმე მიმიღია ცხოვრებაში, — თქვა მან ახლახან. — დროის უმეტეს ნაწილს ჩემს ვაჟს ვუთმობდი, ბევრ საქმეს ერთად ვაკეთებდით და ბიბლიასაც ერთად ვსწავლობდით. ყველაფერმა ამან შესანიშნავი შედეგი მოიტანა. ჩვენ მეგობრები გავხდით; მან მიატოვა ცუდი საზოგადოება და ჩვევები“.
ამ შემთხვევამდე ორიოდე წლით ადრე ტაკეშის მეუღლე იეჰოვას მოწმე გახდა. სწორედ მისმა კარგმა მაგალითმა აღძრა ტაკეში, ბიბლია გამოეკვლია და უფრო მეტი ყურადღება დაეთმო ოჯახისთვის. თანდათანობით
ყველა — თვითონ, თავისი ვაჟი და ქალიშვილი — იეჰოვას მოწმე გახდა. დღეს ტაკეში და მისი ვაჟი უხუცესებად მსახურობენ სხვადასხვა კრებაში, ხოლო მეუღლე და ქალიშვილი პიონერები არიან.მამებსაც სჭირდებათ დახმარება
ბევრ მამას ესმის, რომ შვილებს სათანადო ყურადღებას არ უთმობს, მაგრამ არ იცის, როგორ გამოასწოროს სიტუაცია. ესპანურ გაზეთ „ლა ვანგარდიაში“ გამოქვეყნებული იყო სტატია სათაურით: „ესპანელი მშობლების 42 % აღიარებს, რომ არ იციან, როგორ აღზარდონ შვილები მოზარდობის ასაკში“. იგივე შეიძლება ითქვას იმ მამების შესახებაც, რომლებსაც უფრო მცირეწლოვანი შვილები ან თუნდაც ჩვილები ჰყავთ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი არ ფიქრობს ასე, ჩვილებსაც სჭირდებათ ყურადღებიანი და ერთგული მამა, რომელიც მათ გვერდით იქნება.
კიდევ რისი გაკეთება შეგვიძლია, რომ გავხდეთ კარგი მამა? ვინ გვაძლევს ამ მხრივ საუკეთესო მაგალითს და რის სწავლა შეგვიძლია მათგან? ბოლო სტატია ამ საკითხებს განიხილავს.
[სქოლიო]
^ აბზ. 7 იხილეთ იეჰოვას მოწმეების მიერ გამოცემული წიგნი „ოჯახური ბედნიერების საიდუმლო“, თავი „მარტოხელამშობლიან ოჯახებსაც შეუძლიათ წარმატების მიღწევა!“
[სურათები 7 გვერდზე]
მამები, რომლებიც აკმაყოფილებდნენ შვილების მოთხოვნილებებს
ფრანციშეკი და მისი ოჯახი
ლუისი და მისი ოჯახი
ტაკეში და მისი ოჯახი