რა ხდება მსოფლიოში?
რა ხდება მსოფლიოში?
ტვინის გადატვირთვა
ზოგი მკვლევარის აზრით, „ტვინს არ შეუძლია რამდენიმე საკითხის ერთდროულად გადაწყვეტა“, — იუწყება კანადის ერთ-ერთი გაზეთი „ტორონტო სტარი“. გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ტვინის გადატვირთვის შედეგად ქვეითდება შრომისუნარიანობა; ადამიანი უფრო მეტ შეცდომებს უშვებს. ის აგრეთვე იწვევს ისეთ ავადმყოფობებს, როგორიცაა „მეხსიერების დაქვეითება, ტკივილი ზურგის არეში, გრიპისადმი მიდრეკილება, კუჭის მოუნელებლობა და კბილებისა და ღრძილების ტკივილი“. აშშ-ის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის მიერ ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ განსაზღვრული დავალების შესრულების დროს ტვინის სხვადასხვა ნაწილი აქტიურდება. მაგრამ, თუ ადამიანი ცდილობს ორი ან მეტი საქმის ერთდროულად გაკეთებას, მაგალითად, მანქანის მართვის დროს მობილურზე ლაპარაკობს, „ტვინი იწყებს გათიშვას, — ამბობს ემორის უნივერსიტეტის ნევროლოგი ჯონ სლადკი, — ტვინს არ შეუძლია ერთდროულად რამდენიმე საქმით დაკავდეს და უარს ამბობს ამის გაკეთებაზე“. მკვლევარები გვირჩევენ, ძალიან არ გადავტვირთოთ ტვინი და შევეგუოთ იმ აზრს, რომ მას არ შეუძლია ყველა ჩვენი ბრძანების შესრულება.
სტრესი ექიმის მისაღებში
„გერმანელ პაციენტს დაახლოებით 48 წუთი უწევს ექიმის მისაღებში ლოდინი, ზოგს კი უფრო მეტხანს“, — ნათქვამია ერთ ჟურნალში (Psychologie Heute). გერმანიაში არსებული ერთ-ერთი კვლევითი ინსტიტუტის მიერ ახლახან 610 ექიმის გამოკითხვის შედეგად აღმოჩნდა, თუ „რა რთულ მდგომარეობაში არიან პაციენტები ლოდინის დროს“ (Institut für betriebswirtschaftliche Analysen, Beratung und Strategieentwicklung). იმ კლინიკებში, სადაც ექიმებმა არაფერი იღონეს სიტუაციის გამოსასწორებლად, „ერთი წლის განმავლობაში რეგულარული პაციენტების რიცხვი 19%-ით შემცირდა“, — ნათქვამია ანგარიშში. როგორც გამოკვლევებმა აჩვენა, ექიმები და მათი ასისტენტები — დიდი რაოდენობით პაციენტების გარემოცვაში — უფრო მეტ სტრესს განიცდიდნენ, ვიდრე სხვა დაწესებულებებში მომსახურეები, და შრომისნაყოფიერება სამჯერ დაბალი იყო. გარდა ამისა, ასისტენტები ორჯერ მეტ შეცდომას უშვებდნენ.
სწორისა და არასწორის ერთმანეთში არევა
„თითქმის ყოველმა მეოთხე ავსტრალიელმა აღიარა, რომ სამუშაოდან საკანცელარიო ნივთებს იპარავს, — ნათქვამია სიდნეიში გამომავალ გაზეთში „სან-ჰერალდი“. ოფისებში 2000-ზე მეტ მომსახურეთა გამოკითხვამ აჩვენა, რომ მათ ჩვევად აქვთ თანამშრომლების შესახებ პირადული ინფორმაციის მოპოვება, სამუშაო საათებში ინტერნეტის პირადი მიზნისთვის გამოყენება, ნებართვის გარეშე კომპიუტერებში პროგრამების ჩატვირთვა და კომპანიის პროგრამების სახლში გამოყენება. „ბევრს ერთმანეთში ერევა, რა არის სწორი და რა არასწორი“, — ამბობს ამ გამოკითხვის ხელმძღვანელი გერი დული.
ავიაკატასტროფებმა იკლო
ერთ-ერთი ჟურნალის თანახმად, 2003 წლისთვის მთელ მსოფლიოში ავიაკატასტროფების რიცხვმა, რომლის აღრიცხვაც 50-იანი წლებიდან დაიწყო, საგრძნობლად იკლო (Flight International). 1990-2003 წლებში 702 კაცი დაიღუპა, რაც მანამდე არსებულ მონაცემებთან შედარებით ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, მიუხედავად იმისა, რომ 40 %-ით იმატა თვითმფრინავების მოძრაობამ. ლონდონში გამომავალი გაზეთი „დეილი ტელეგრაფი“ იუწყება, რომ „საყოველთაო უსაფრთხოების გაუმჯობესებამ გამოიწვია ის, რომ აერონავიგაციაში ნაკლებად დაშვებული შეცდომების შედეგად თვითმფრინავები ნაკლებად ეჯახებოდნენ ამაღლებულ ადგილებს. თვითმფრინავებში დამონტაჟებულმა გამაფრთხილებელმა სისტემებმა გარკვეული წვლილი შეიტანა უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, თუმცა ასეთი ტექნიკა ვერ ჩაითვლება „აბსოლუტურად საიმედოდ“. ბევრი ძველი თვითმფრინავი არ არის აღჭურვილი ასეთი სისტემებით.