არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სილამაზისკენ სწრაფვა — რა საშიშროებები არსებობს?

სილამაზისკენ სწრაფვა — რა საშიშროებები არსებობს?

სილამაზისკენ სწრაფვა — რა საშიშროებები არსებობს?

რა არის ჭეშმარიტი სილამაზის შეფასების კრიტერიუმი? ზოგის აზრით, სილამაზეს ადამიანი პირადი შეხედულებებიდან გამომდინარე აფასებს. მართლაც, საყოველთაოდ ცნობილია, რომ სილამაზეს ყველა თავისებურად აღიქვამს. გარდა ამისა, სხვადასხვა კულტურასა და სხვადასხვა ეპოქაში სილამაზედ შეიძლება სრულიად სხვადასხვა რამ ითვლებოდეს.

პროფესორის თანაშემწე, დიეტოლოგი ჯეფრი სობალი (კორნელის უნივერსიტეტი, აშშ) აღნიშნავს: „მეცხრამეტე საუკუნის განმავლობაში ადამიანის წონას თითქმის ყველგან მაღალ სოციალურ მდგომარეობასთან აიგივებდნენ. სიმსუქნე სიმდიდრისა და ჯანმრთელობის ნიშნად ითვლებოდა, სიგამხდრე კი იმას ნიშნავდა, რომ ადამიანი სიღარიბეში ცხოვრობდა და სათანადოდ ვერ იკვებებოდა“. ეს შეხედულება აირეკლება იმ ეპოქის მრავალი მხატვრის ნამუშევრებში, სადაც მენატურეებს — უმთავრესად კი ქალებს — ჩასხმული მკლავები, ფეხები, ზურგი და თეძოები აქვთ. მრავალ ასეთ სურათზე წარმოდგენილი არიან რეალური ადამიანები, რომლებიც სილამაზის ეტალონებად იყვნენ მიჩნეული.

ასეთი შეხედულება ზოგან დღესაც გავრცელებულია, თუმცა კი სილამაზე სიმსუქნესა და სიგამხდრეზე მეტს გულისხმობს. და მაინც, წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში მდებარე კუნძულებზე ზოგ კულტურაში სიმსუქნე ნამდვილად ფასობს. აფრიკის ზოგ მხარეში გასათხოვარ გოგონებს „მოსასუქებელ ფერმებში“ ამწყვდევენ, სადაც ნოყიერ საკვებს არ აკლებენ იმ მიზნით, რომ უფრო მიმზიდველები გახდნენ. ნიგერიაში არსებული ერთ-ერთი ღამის ბარის მეპატრონე ამბობს: „ჩვეულებრივ, აფრიკელი ქალები ჩასხმულები არიან . . . ამაშია მათი სილამაზე. ასეა ჩვენს კულტურაში“. სიმსუქნეს, როგორც სიმდიდრისა და კეთილდღეობის ნიშანს, ბევრ ლათინურამერიკულ ქვეყანაშიც აფასებენ.

ბევრ სხვა ქვეყანაში კი სრულიად საწინააღმდეგო თვალსაზრისი აქვთ. რატომ? ზოგის აზრით, ვაჭრობისა და მრეწველობის განვითარებამ ხელი შეუწყო საკვები პროდუქტების წარმოებასა და რეალიზაციას, რამაც საზოგადოების დაბალი ფენებისთვის ხელმისაწვდომი გახადა საკვები, რითაც ადრე მხოლოდ მდიდრები იკვებებოდნენ. ამის შედეგად, ხალხმა სიმსუქნისადმი ინტერესი დაკარგა. აგრეთვე ზოგ რელიგიურ მიმდინარეობაში ჭარბი წონა ღორმუცელობას დაუკავშირდა, რამაც სიმსუქნეს უარყოფითი ელფერი შესძინა. გარდა ამისა, საზოგადოებრივი თვალსაზრისის ჩამოყალიბებაზე გავლენა იქონია სიმსუქნით გამოწვეული ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ მეცნიერულმა აღმოჩენებმა. ამ და სხვა ფაქტორებმა დიდი როლი ითამაშა სილამაზეზე ხალხის შეხედულების შეცვლაში, რის შედეგადაც უკვე ათწლეულებია, რაც მსოფლიოში უპირატესობა სიგამხდრეს ენიჭება.

მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა კიდევ უფრო მეტად შეუწყო ხელი ასეთი თვალსაზრისის განვითარებას. გამხდარი, ათლეტური აღნაგობის ადამიანებს ხშირად ვხედავთ სარეკლამო დაფებსა და სატელევიზიო რეკლამებში, სადაც მათი გარეგნობა მიღწევებთან და სტაბილურობასთან არის დაკავშირებული. ამავეს თქმა შეიძლება სატელევიზიო პროგრამების პოპულარულ წამყვანებისა და კინოვარსკვლავების შესახებაც.

რა გავლენას ახდენს ეს ჩვეულებრივ ადამიანებზე, მათ შორის ახალგაზრდებზე? არც ისე დიდი ხნის წინ გამოქვეყნებულ ერთ-ერთ სტატიაში, რომელიც საკუთარი სხეულის შესახებ ადამიანის თვალსაზრისს ეხებოდა, აღნიშნული იყო: „ამერიკელ გოგონებს სკოლის დამთავრების პერიოდისთვის საშუალოდ 22 000 საათი აქვთ გატარებული ტელეეკრანთან“. ამ დროის განმავლობაში კი უმეტესწილად მომხიბლავი ქალების „სრულყოფილ“ სხეულებს უყურებენ. ამავე სტატიაში ნათქვამია: „ასეთი სცენების ყურების შედეგად, ქალები იდეალურ სხეულს პრესტიჟთან, ბედნიერებასთან, სიყვარულთან და წარმატებასთან აკავშირებენ“. მაშ გასაკვირი სრულებითაც არ არის ის, რომ მოდელების სურათებით დამშვენებული ჟურნალის დათვალიერების შემდეგ გამოკითხულ გოგონათა 47 პროცენტმა აუცილებლად ჩათვალა, წონაში დაეკლო, მაშინ როცა მათგან მხოლოდ 29 პროცენტს ჰქონდა ჭარბი წონა.

სილამაზის შესახებ ხალხის თვალსაზრისზე მოდის ინდუსტრიაც ახდენს დიდ ზეგავლენას. ჯენიფერი, ვენესუელელი მოდელი, რომელიც მეხიკოში მუშაობს ამბობს: „სამუშაოზე ის გევალება, რომ კარგად გამოიყურებოდე. დღეს კი ამისთვის სიგამხდრეა აუცილებელი“. ფრანგი მოდელი, სახელად ვანესა, აღნიშნავს: „სხვები იმდენად არ მოითხოვენ შენგან სიგამხდრეს, რამდენადაც შენვე მოითხოვ საკუთარი თავისგან. დღეს ეს საყოველთაო ტენდენციაა“. გამოკითხულ გოგონათა 69 პროცენტმა აღიარა, რომ ჟურნალებში დაბეჭდილ მოდელთა სურათების ზეგავლენით განუვითარდათ თვალსაზრისი იმის შესახებ, თუ რა ითვლება ლამაზ სხეულად.

მათ რიცხვს, ვისზეც გავლენას ახდენს „იდეალური გარეგნობის“ ცნება, მხოლოდ ქალები არ მიეკუთვნებიან. მეხიკოში გამომავალ გაზეთ „უნივერსალში“ აღნიშნული იყო, რომ „მამაკაცებისთვის ბაზარზე არასდროს ყოფილა თავის მოვლისთვის განკუთვნილი ასეთი მრავალფეროვანი პროდუქცია“.

სრულყოფილი გარეგნობა“ — მოჰყვება მისკენ სწრაფვას კარგი შედეგები?

„სრულყოფილი გარეგნობისკენ“ სწრაფვა ან უბრალოდ იმის სურვილი, რომ შეძლებისდაგვარად საუკეთესოდ გამოიყურებოდნენ, ბევრს პლასტიკური ოპერაციის გაკეთებისკენ აღძრავს. პლასტიკური ქირურგიის მიერ გაწეული სამსახური სულ უფრო მეტად ხელმისაწვდომი და მრავალფეროვანი ხდება. როგორ წარმოიშვა პლასტიკური ქირურგია?

ენციკლოპედია „ბრიტანიკას“ თანახმად, პლასტიკური ქირურგიის თანამედროვე მეთოდებს ომში დასახიჩრებულთათვის დახმარების გაწევის მცდელობით პირველი მსოფლიო ომის შემდგომ წლებში ჩაეყარა საფუძველი. იმ დროიდან მოყოლებული, იგივე მეთოდები ფასდაუდებელი საშუალება აღმოჩნდა დამწვრობით გამოწვეული სერიოზული დაზიანებების, სხვადასხვა სახის ტრავმისა და თანდაყოლილი ნაკლის გასასწორებლად. მაგრამ, როგორც „ბრიტანიკა“ აღნიშნავს, პლასტიკურ ოპერაციებს ხშირად „მხოლოდ და მხოლოდ გარეგნობის გასაუმჯობესებლად იკეთებენ პრაქტიკულად ჯანმრთელი ადამიანები“. მაგალითად, დღესდღეობით შესაძლებელია, ცხვირის ფორმის შეცვლა, ყელსა და სახეზე კანის გადაჭიმვა, ყურების დაპატარავება, მუცლიდან და ბარძაყებიდან ცხიმის ამოღება, სხეულის ზოგიერთი ნაწილის გაზრდა და თუნდაც ჭიპის გალამაზება.

რა შეიძლება ითქვას ჯანმრთელ ადამიანებზე, რომლებიც გარეგნობის გაუმჯობესების მიზნით თავს საფრთხეში იგდებენ? რა საშიშროების წინაშე შეიძლება აღმოჩდნენ ისინი? მექსიკის პლასტიკური, ესთეტიკური და აღდგენითი ქირურგიის ასოციაციის ხელმძღვანელი ანხელ პაპადოპულოსი აღნიშნავს, რომ ზოგჯერ ასეთი ოპერაციები კეთდება არასაკმარისი კვალიფიკაციის მქონე ადამიანების მიერ, რაც უამრავ გართულებას იწვევს. არის კლინიკები, სადაც პაციენტთათვის ფიგურის გასალამაზებლად საშიშ პრეპარატებს იყენებენ. 2003 წლის დასაწყისში ერთ-ერთ საგაზეთო სტატიაში აღნიშნული იყო, რომ სილამაზის სალონებში არსებულმა არაჯანსაღმა პირობებმა სკანდალი გამოიწვია კანარის კუნძულებზე, სადაც სახიფათო ოპერაციების შედეგად ასობით ქალი დაზარალდა *.

მამაკაცებიც შეიძლება გაებან „სრულყოფილი გარეგნობისკენ“ სწრაფვის მახეში. ზოგი საათობით ვარჯიშობს სპორტულ დარბაზში და, ფაქტობრივად, მთელ თავისუფალ დროს საკუთარი სხეულის კორექციასა და კუნთების განვითარებას უძღვნის. «საბოლოოდ, — როგორც ჟურნალ „მილენიოშია“ აღნიშნული, — ისინი ვარჯიშის გამო სულ უფრო ნაკლებ დროს უთმობენ სხვა საქმეებს და ხალხთან ურთიერთობას». კუნთების გასაზრდელად ბევრი პრეპარატების მიღებას იწყებს. ასეთი პრეპარატები, სტეროიდების ჩათვლით, შეიძლება ორგანიზმისთვის მავნებელი აღმოჩნდეს.

საკუთარ გარეგნობაზე მეტისმეტი ზრუნვის შედეგად ზოგი გოგონა ბულიმიითა და ანორექსიით ავადდება. ზოგი გასახდომ საშუალებებს მიმართავს, რომელთა გამოყენებასაც, როგორც ამბობენ, მცირე დროში განსაცვიფრებელი შედეგები მოაქვს, მაგრამ ეს საიმედო სამედიცინო დაწესებულებების მიერ დადასტურებული არ არის. ასეთი საშუალებების გამოყენებამ შეიძლება სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს.

გარეგნობაზე მეტისმეტმა ზრუნვამ შესაძლოა ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე მეტი ზიანიც კი მოუტანოს ადამიანს. დოქტორი კატრინ ფილიპსი (ბრაუნის უნივერსიტეტი, აშშ) ამბობს, რომ მათ, ვინც მეტისმეტ ყურადღებას აქცევს საკუთარ გარეგნობას, შეიძლება დისმორფოფობიის სახელწოდებით ცნობილი ფსიქიკური მოშლილობა განუვითარდეთ, რომლის დროსაც ადამიანი ფიქრობს, რომ ესა თუ ის ნაკლი აქვს, რის გამოც მუდმივად იტანჯება. ასეთი მდგომარეობა 50 ადამიანიდან 1-ს მაინც ემუქრება. ამ დროს „ადამიანები იმდენად არიან დარწმუნებულნი საკუთარ სიმახინჯეში, რომ მეგობრებისგან და ახლობლებისგანაც კი ირიყებიან. მათ შეიძლება დეპრესია განუვითარდეთ და თვითმკვლელობის სურვილიც კი გაუჩნდეთ“, — ამბობს დოქტორი ფილიპსი. მას მაგალითად მოჰყავს სასიამოვნო გარეგნობის გოგონას შემთხვევა. მაშინ როცა გოგონას სახეზე მხოლოდ უმნიშვნელო გამონაყარი შეენიშნებოდა, ის დარწმუნებული იყო, რომ სახე მთლიანად დასახიჩრებული ჰქონდა. მერვე კლასში მან უარი თქვა სკოლაში სიარულზე, რათა არავის დაენახა.

განა იმდენად მნიშვნელოვანია, თუ როგორ გამოიყურება ადამიანი, რომ „სრულყოფილ გარეგნობას“ ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობა შეეწიროს? იქნებ არსებობს უფრო მნიშვნელოვანი სილამაზე, რომლისკენაც უნდა ვისწრაფოთ?

[სქოლიო]

^ აბზ. 13 ქრისტიანებისთვის პლასტიკური ოპერაციის გაკეთება პირადი არჩევნის საკითხია. და მაინც, გასათვალისწინებელია მნიშვნელოვანი ფაქტორები. საფუძვლიანი გამოკვლევისთვის იხილეთ „გამოიღვიძეთ!“-ის 2002 წლის 8 სექტემბრის ნომერი, გვერდები 27—29.

[ჩანართი 5 გვერდზე]

გოგონათა 69 პროცენტს ჟურნალებში დაბეჭდილ მოდელთა სურათების ზეგავლენით განუვითარდა თვალსაზრისი იმის შესახებ, თუ რა ითვლება ლამაზ სხეულად.

[სურათი 4 გვერდზე]

ხალხს რეკლამა კარნახობს, თუ რა ითვლება ფიზიკურ სილამაზედ.

[სურათი 6 გვერდზე]

არასაჭირო პლასტიკური ოპერაციებით ზოგი საკუთარ თავს ზიანს აყენებს.

[სურათები 7 გვერდზე]

ზოგი თავს არ ზოგავს იმისათვის, რომ კარგად გამოიყურებოდეს.