არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მობილური ტელეფონი მეგობარი თუ მტერი?

მობილური ტელეფონი მეგობარი თუ მტერი?

მობილური ტელეფონი მეგობარი თუ მტერი?

„გამოიღვიძეთ!“-ისთვის ავსტრალიიდან

რამდენიმე წლის წინ გამოთქმას „მობილური ტელეფონი“ არასწორად იყენებდნენ. ტელეფონი „მობილური“ იყო მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მის მფლობელს ძალიან დიდი ფიზიკური ძალა ჰქონდა ან ტელეფონი მანქანაში იყო ჩამონტაჟებული. რატომ? იმიტომ, რომ მას ძალიან მძიმე ბატარეა ჰქონდა. ტელეფონი ფეხსაცმელების ყუთზე მოზრდილი იყო და ათასობით დოლარი ღირდა.

დღეისათვის მობილური ტელეფონების რიცხვი დაახლოებით 1,35 მილიარდია. ზოგიერთ ქვეყანაში მოსახლეობის ნახევარზე მეტი ფლობს ასეთ ტელეფონს. უმრავლესობა მათგანი ხელისგულზე თავისუფლად ეტევა და ზოგიერთს უფასოდაც კი სთავაზობენ მომხმარებელს *. ავსტრალიაში გამომავალი ჟურნალი „ბიულეტენი“ იუწყება: „გამოყენებაში ამ ელექტრომოწყობილობის დაახლოებით იმდენივე რაოდენობაა, რამდენიც — ტელევიზორები და პირადი კომპიუტერები ერთად აღებული“. 20-ზე მეტ ქვეყანაში სახლის ჩვეულებრივ ტელეფონებზე მეტად მობილური ტელეფონები აქვთ. ფიჭური ტელეფონების ინდუსტრიის ერთ-ერთი სპეციალისტი მობილურ ტელეფონებს არა მარტო ტექნიკის სასწაულს უწოდებს, არამედ „საზოგადოებრივ მოვლენასაც“.

რა გავლენას ახდენს საზოგადოებაზე მობილური ტელეფონი? მეგობარია იგი თუ მტერი?

დიდი შემოსავლის წყარო

მობილური ტელეფონები საოცრად დიდი რაოდენობით იყიდება, რაც მრავალი ბიზნესმენისთვის დიდი შემოსავლის წყაროა. ერთ–ერთი მსხვილი ფირმა აღნიშნავდა: „მობილური ტელეფონი ელექტრომოწყობილობის ბაზარზე ყველაზე მეტად იყიდება“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მობილური ტელეფონების შეძენაზე ახლა უფრო მეტი ფული იხარჯება, ვიდრე ადრე სხვა ნებისმიერი სახეობის ელექტრომოწყობილობაზე.

მაგალითად, ავსტრალიაში 20–მილიონიანი მოსახლეობიდან 15 მილიონს აქვს მობილური ტელეფონი. ამ ქვეყანაში გასულ წელს მრავალი სატელეფონო კომპანიიდან ერთ–ერთში წლის განმავლობაში აბონენტებისგან გასულ ზართა რაოდენობა 7,5 მილიარდი იყო. მთელ მსოფლიოში მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში მობილური ტელეფონების მიერ სატელეკომუნიკაციო კომპანიებისთვის მოტანილმა შემოსავალმა მილიარდობით დოლარი შეადგინა. გასაგებია, თუ რატომ არის დიდი ბიზნესისთვის მობილური ტელეფონი მეგობარი.

ახალი ენის შექმნა

ასეთი მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენებით გადაიცემა მრავალი შეტყობინება არა სიტყვიერად, არამედ წერილობითი სახით. სალაპარაკოდ გამოყენების ნაცვლად, მობილური ტელეფონის მფლობელთა სულ უფრო და უფრო მზარდი რაოდენობა, განსაკუთრებით კი ახალგაზრდები, იყენებენ სატელეფონო მომსახურებას, რომლებსაც მოკლე ტექსტური შეტყობინება (SMS) ეწოდება. ეს მომსახურება მათ შესაძლებლობას აძლევს, ერთმანეთს ნაბეჭდი მოკლე შეტყობინებები გაუგზავნონ, რაც მომხმარებელს გაცილებით იაფი უჯდება. ასეთი სახით ურთიერთობის დასამყარებლად ადამიანს უწევს ერთი ბეწო კლავიატურის გამოყენება, რის გამოც SMS–ის მომხმარებლები შემოკლებებს იყენებენ; ამ მიზნით ისინი ასოებისა და ციფრების კომბინაციებს მიმართავენ. მიუხედავად იმისა, რომ შეტყობინების ტექსტის აკრეფა უშუალოდ ლაპარაკთან შედარებით მოუხერხებელია, მთელ მსოფლიოში ყოველთვიურად 30 მილიარდი შეტყობინება იგზავნება.

როგორია ამ შეტყობინებების შინაარსი? ბრიტანეთში ჩატარებული გამოკვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ 18—24 წლამდე ახალგაზრდების 42 პროცენტი SMS–ს ფლირტისთვის იყენებს, 20 პროცენტი — პაემნის დასანიშნად, ხოლო 13 პროცენტი — ურთიერთობის დასასრულებლად.

ზოგიერთი მიმომხილველი წუხილს გამოთქვამს იმის თაობაზე, რომ შემოკლებებით წერა და SMS შეტყობინებებში გამოყენებული სინტაქსი ახალგაზრდებს გამართულად მეტყველებისა და წერის უნარს უმა­ხინჯებს. სხვებს ამასთან დაკავშირებით საპირისპირო შეხედულება აქვთ და ამბობენ, რომ SMS–ების გაგზავნის შესაძლებლობამ „ახალ თაობაში კვლავ აღძრა წერისადმი ინტერესი“. „სან–ჰერალდის“ კორესპონდენტს ავსტრალიური ლექსიკონების მწარმოებელი ფირმის წარმომადგენელმა უთხრა: „ხშირად არა გვაქვს იმის შესაძლებლობა, შევიმუშავოთ სრულიად ახალი [ენის] სტილი . . . [SMS] ტექსტურ შეტყობინებებსა და ინტერნეტში კომბინაციების გამოყენება იმის მაჩვენებელია, რომ ახალგაზრდები დღეს ბევრად მეტს წერენ. [მათ] უნდა ჰქონდეთ სიტყვათა საკმაოდ დიდი მარაგი და აზრის ნათლად გადმოცემის უნარი, რათა აითვისონ ის სტილი და ახალმოდური სიტყვები თუ შემოკლებები, [რომლებსაც] . . . ამგვარად წერისას იყენებენ“.

ზოგიერთი არასასურველი ტენდენცია

მობილური ტელეფონი კარგი საშუალებაა ურთიერთობისა და საქმიანი გარიგებების საწარმოებლად, მაგრამ ოფისის მრავალი მუშაკისთვის ის შეიძლება მეგობრის ნაცვლად იყოს ჯაჭვი, რომლითაც იგი სამუშაოზეა მიბმული. ერთი გამოკითხვის თანახმად, სარეკლამო სააგენტოებში მომუშავეთა 80 პროცენტი და საამშენებლო ობიექტებზე მომუშავეთა 60 პროცენტი საშინელ ზეწოლას განიცდიდა, რადგან მათ უფროსებს ან კლიენტებს საშუალება ჰქონდათ, რომ ნებისმიერ დროს დაკავშირებოდნენ. ზეწოლას, რომელსაც ადამიანები გრძნობენ იმის გამო, რომ უნდა უპასუხონ მობილურზე ზარებს ყველგან, სადაც უნდა იყვნენ და რასაც უნდა აკეთებდნენ, ერთი მკვლევარი „შემოჭრის ჩვეულებას“ უწოდებს. ამის გამო, ინჟინრებმა შექმნეს საამშენებლო მასალა, რომლებსაც რესტორნებსა და თეატრებში იყენებენ, რათა მობილურის სიგნალებმა იქ არ შეაღწიოს (იხილეთ ჩარჩო „რჩევები მობილური ტელეფონის გამოყენებასთან დაკავშირებით“).

ეს ყველგან არსებული მოწყობილობა არა მარტო დაუკითხავად იჭრება ადამიანთა ცხოვრებაში, არამედ საზოგადოებას სერიოზულ საშიშროებასაც უქმნის. კანადაში ჩატარებული გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ საჭის მართვის დროს მობილურის გამოყენება ისევე საშიშია, როგორც ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვა. დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტთან არსებული ტრავმატოლოგიური კვლევითი ცენტრის პროფესორი მარკ სტივენსონი ხსნის, რომ ტელეფონით საუბარი ბევრად უფრო რთულია, ვიდრე მანქანაში მჯდომთან საუბარი. მიუხედავად საშიშროებისა და იმ ფაქტისა, რომ ზოგან პოლიციამ შეიძლება დააჯარიმოს მძღოლი, რომელიც მართვისას მობილურს იყენებს, არც ისე დიდი ხნის წინ ჩატარებული გამოკვლევის შედეგად გაირკვა, რომ 5–დან 1 ავსტრალიელი მძღოლი საჭის მართვისას SMS შეტყობინებებს აგზავნის, ხოლო ერთი მესამედი თავად რეკავს ან ზარებს პასუხობს.

მობილური ტელეფონით უმართებულოდ სარგებლობის შედეგად საშიშროება თვითმფრინავით მგზავრობის დროსაც იქმნება. ახალი ავიალაინერების ელექტროგაყვანილობა მობილური ტელეფონების სიგნალებისგან ეკრანირებულია, მაგრამ ჯერ კიდევ არსებობს ზოგიერთი თვითმფრინავი, რომლებიც, როგორც იტყობინებიან, ხელის შემშლელი სიგნალების მიმართ მგრძნობიარეა. ჟურნალ „ნიუ–საიენტისტში“ ნათქვამია: „დიდი ბრიტანეთის სამოქალაქო ავიაციის მიერ ორ ავიალაინერზე ჩატარებულმა გამოკვლევამ დაადასტურა, რომ მობილური ტელეფონების მიერ შექმნილი გამოსხივება ხელს უშლიდა ფრენის დროს თვითმფრინავის ელექრომოწყობილობების გამართულად მუშაობას“. ამ ორგანიზაციის წარმომადგენელმა ტელეფონებით შექმნილი მთავარი საშიშროების შესახებ თქვა: „რაც უფრო შორსაა ტელეფონი საბაზო სადგურიდან, მით უფრო ძლიერ ასხივებს სიგნალს. ასე რომ, თვითმფრინავის აფრენის დროს ტელეფონის გამოსხივება უფრო და უფრო ძლიერდება, რაც ასეთ მნიშვნელოვან მომენტში უფრო და უფრო უშლის ხელს თვითმფრინავის ელექტრომოწყობილობებს“. ავსტრალიაში ჩატარებული ერთი გამოკვლევის თანახმად, ისეთი პირადი ელექტრომოწყობილობების გამოყენებამ, როგორიცაა მობილური ტელეფონები, მთელი რიგი შემთხვევები გამოიწვია; ფრენის დროს თვითმფრინავებზე იქმნებოდა პრობლემები იმ მგზავრთა გამო, რომლებიც უგულებელყოფდნენ გაფრთხილებას, გამოერთოთ ყველა ელექტრომოწყობილობა.

მობილური ტელეფონები და კიბო

დღემდე გრძელდება დისკუსიები იმის თაობაზე, იწვევს თუ არა კიბოს მობილური ტელეფონებისა და საბაზო სადგურების გამოსხივება. ვინაიდან მობილური ტელეფონი დღეს ასობით მილიონ ადამიანს აქვს, მათგან ძალიან მცირე რაოდენობასაც კი რომ შექმნოდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, ამას ისე წარმოადგენდნენ, რომ თითქოს მობილური დიდ საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობას. ამიტომ მრავალი საფუძვლიანი მეცნიერული გამოკვლევა ჩატარდა იმასთან დაკავშირებით, თუ რა გავლენას ახდენს ცოცხალ ქსოვილებზე მობილური ტელეფონის რადიაცია. რა დასკვნამდე მივიდნენ მკვლევარები?

მობილური ტელეფონების დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფმა გამოსცა ანგარიში, რომელშიც აღნიშნულია: „ექსპერტთა ჯგუფი დარწმუნებულია, რომ დღეს არსებული მტკიცებების საფუძველზე მოსახლეობას არ უნდა ჰქონდეს მობილური ტელეფონის გამოყენების შიში“. „ნიუ–საიენტისტი“ აგრეთვე იუწყებოდა: „მიუხედავად იმ დამაშინებელი ისტორიებისა, რომლებიც ბოლო რამდენიმე წლის წინ გავრცელდა, ფაქტების უმეტესობა იმაზე მეტყველებს, რომ მობილური ტელეფონის გამოსხივება ჯანმრთელობაზე საზიანო გავლენას არ ახდენს. რთული იყო იმ გამოკვლევების კვლავ ჩატარება, რომლებმაც საზიანო გავლენა აჩვენა“.

საკმაოდ დიდხანს არსებობდა ეჭვები იმის შესახებ, რომ მობილურები ჯანმრთელობაზე საზიანოდ მოქმედებს. ამიტომ დღემდე მილიონობით დოლარი იხარჯება ამ საკითხის კიდევ უფრო ღრმად გამოკვლევის მიზნით. კონკრეტული საბოლოო პასუხის პოვნამდე ზემოხსენებულ ექსპერტთა ჯგუფი გვირჩევს: „გამოიყენეთ [მობილური] ტელეფონები, რამდენადაც შესაძლებელია, მოკლე პერიოდით“. ისარგებლეთ ტელეფონებით, რომლებსაც შედარებით დაბალი გამოსხივება აქვთ. გამოიყენეთ ყურსასმენი, მიკროფონი, ხმის გამაძლიერებელი და სხვა მოწყობილობები, რომლებიც დასხივების შანსს ამცირებს“. ექსპერტები აგრეთვე გვირჩევენ: „16 წლამდე ასაკის ბავშვებმა სასურველია არ გამოიყენონ მობილური ტელეფონი“, რადგან ბავშვის ნერვული სისტემა განვითარების პროცესშია და ამიტომ მასზე „უფრო ადვილად მოქმედებს ჯანმრთე­ლობისთვის საფრთხის შემქმნელი ნებისმიერი ფაქტორი“.

რა დისკუსიებიც უნდა მიმდინარეობდეს მობილურ ტელეფონებთან დაკავშირებით, ისინი დიდ გავლენას ახდენს ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ყოფაზე. თავისი ელექტრონული „ბიძაშვილების“ — ტელევიზორისა და პერსონალური კომპიუტერის — მსგავსად, მობილური ტელეფონი შეიძლება სასარგებლო მონა ან მომთხოვნი ბატონი გაგვიხდეს. მეგობარი იქნება ის თუ მტერი, ეს უკვე მომხმარებელზეა დამოკიდებული.

[სქოლიო]

^ აბზ. 4 ზოგჯერ ტელეფონებს უფასოდ აძლევენ მათ, ვინც ხელს აწერს კონტრაქტზე, რომლის მიხედვითაც მათ უნდა ისარგებლონ კონკრეტული სატელეფონო მომსახურებით და გარკვეული პერიოდის განმავლობაში იმდენი უნდა დარეკონ, რომ დადგენილი თანხა დაფარონ.

[ჩარჩო⁄სურათი 17 გვერდზე]

რჩევები მობილური ტელეფონის გამოყენებასთან დაკავშირებით

1. ხალხში ყოფნის დროს მობილურით სარგებლობისას ხმადაბლა ილაპარაკეთ. ტელეფონის მიკროფონი საკმაოდ მგრძნობიარეა და საჭირო არ არის ხმამაღალი ლაპარაკი. ნაკლებად სავარაუდოა, რომ გარშემო მყოფ ხალხს თქვენი პირადი საუბარი აინტერესებდეს.

2. რელიგიური შეკრებისას, საქმიანი შეხვედრის დროს, კინოში, რესტორანში ან საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში გამორთეთ ტელეფონი ან გამოიყენეთ ვიბროზარი.

3. მანქანის მართვის დროს ნუ გამოიყენებთ მობილურ ტელეფონს.

[სურათი 16 გვერდზე]

მთელ მსოფლიოში ყოველთვიურად დაახლოებით 30 მილიარდი ტექსტური შეტყობინება იგზავნება.

[სურათი 18 გვერდზე]

საჭესთან ჯდომისას მობილური ტელეფონის გამოყენება შეიძლება ისეთივე საშიში იყოს, როგორც ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვა.