მაჯის საათების ისტორია
მაჯის საათების ისტორია
„გამოიღვიძეთ!“-ისთვის დიდი ბრიტანეთიდან
იცით, რომელი საათია? პასუხს, ალბათ, საათზე თვალის ერთი შევლებით იტყვით. მაგრამ ზუსტ დროს გიჩვენებთ თქვენი საათი? საათები ჩვენთვის ყოველდღიური ყოფის ნაწილია და არც კი ვფიქრობთ, თუ რა ხდება მათ შიგნით.
მიუხედავად იმისა, რომ დრო არამატერიალურია და სწრაფად მიედინება, ადამიანს ყოველთვის აინტერესებდა მისი გაზომვა. წელიწადის დროები, მთვარის ფაზები, დღისა და ღამის მონაცვლეობა — ყოველივე ეს დროს გარკვეულ ბუნებრივ მონაკვეთებად ყოფს. მაგრამ ადამიანები დიდი ხანია ცდილობენ, მაქსიმალური სიზუსტით გაზომონ დროის რაც შეიძლება მოკლე მონაკვეთები.
როგორ მუშაობს საათები
ძველი დროიდანვე ადამიანები დროის გასაზომად სხვადასხვაგვარ მექანიზმებს იგონებდნენ და იყენებდნენ. ამ მექანიზმების „გული“ საათის რეგულატორია, ანუ მოწყობილობა, რომელიც მექანიზმის მოძრაობაში მომყვანი ენერგიის მიწოდებას არეგულირებს. მკაცრად დადგენილი პერიოდების განმავლობაში მცირე რაოდენობით ენერგიის გამოთავისუფლება დროის მონაკვეთების გაზომვის საშუალებას იძლევა. ზუსტად არავინ იცის, როდის გამოიგონეს პირველი მექანიკური საათი. მაგრამ ცნობილია, რომ პირველი საათები, რომელთა გადატანაც შესაძლებელი იყო, 1500 წელს გაჩნდა, რაც მესაათეობის განვითარებაში მნიშვნელოვანი ეტაპი გახდა.
ჩვენთვის ჩვეული მაჯის საათები შედარებით მოგვიანებით შემოვიდა. მან ფართო გამოყენება, განსაკუთრებით კი ქალებში, XIX საუკუნის მიწურულისთვის ჰპოვა. პირველი მსოფლიო ომის დროს არტილერიის ოფიცრებმა დაინახეს, რომ საათის მაჯით ტარება უფრო მოსახერხებელი იყო, ვიდრე ჯიბით. მას შემდეგ მაჯის საათები უფრო და უფრო მეტ პოპულარობას იხვეჭდა.
დღეს საათების უმეტესობაში ელექტრონული ელემენტები და კვარცის კრისტალები გამოიყენება. კვარცის პატარა კრისტალი, რომელსაც სპეციალური ფორმა აქვს მიცემული და ელექტრულ სქემაში სათანადო ადგილას არის ჩამაგრებული, სწრაფად მოძრავი ქანქარას მსგავსად, მუდმივი სიხშირით ირხევა.
ძალიან რთულია მექანიკური ან კვარცის საათების ისე აწყობა, რომ ისინი ზუსტ დროს აჩვენებდნენ. ამიტომ როგორი საათიც უნდა გქონდეთ, ის ოდნავ წინ ან უკან იქნება. მაგრამ დღეს არსებობს ისეთი კვარცის საათები, რომლებიც პერიოდულად იღებენ სიგნალებს ატომური საათებიდან და თავად ასწორებენ წარმოქმნილ სხვაობას *. მათი რეკლამირებისას აღნიშნავენ, რომ რადიოსიგნალების მიმღებ ასეთ საათებში დროის ცდომილება მილიონი წლის განმავლობაში ერთი წამის ტოლია!
მექანიკური საათები კვლავაც პოპულარულია
თუ მხედველობაში მივიღებთ, რომ არსებობს ასე ზუსტი საათები და, ამასთანავე, მექანიკური საათის რეგულატორი ორას წელზე მეტი წლის წინათ იყო გამოგონებული, შეიძლება ვიფიქროთ, რომ მექანიკურმა საათებმა თავისი დრო უკვე მოჭამა. მაგალითად, დავიწყებდით თუ არა ხელის მექანიკურ მანქანაზე გამოთვლას მაშინ, როდესაც ელექტროგამომთვლელი გვექნებოდა? და მაინც, საათები, რომლებიც წიკწიკებენ, მრავალს მოსწონს. ყოველწლიურად მილიონობით მექანიკურ საათს აწარმოებენ. უკანასკნელ წლებში შვეიცარიის მიერ მექანიკური საათების ექსპორტმა ელექტრონული საათების ექსპორტს გადააჭარბა. შემუშავებულია ახალი, ეფექტური რეგულატორები, რომლებსაც ხახუნის დაბალი კოეფიციენტი აქვს და ხალხიც განაგრძობს თავიანთი მექანიკური საათების შესაკეთებლად დახელოვნებული მესაათეების მომსახურებით სარგებლობას.
რით აიხსნება მექანიკური საათების პოპულარობა? მაიკლის, 30 წლის სტაჟის მქონე მესაათის, აზრით, ამის ერთ–ერთი მიზეზი ის არის, რომ მექანიკური საათი პატრონს დიდხანს ემსახურება. ის აღნიშნავს, რომ კვარცის საათები პატრონს კარგად დაახლოებით
15 ან მეტი წელი ემსახურება, ხოლო ხარისხიანი მექანიკური საათი კარგად მუშაობს 100–ზე მეტი წლის განმავლობაში. მშობლებისგან მემკვიდრეობით მიღებული ასეთი საათები შვილებისთვის განსაკუთრებით ძვირფასია.ვიღაცას მექანიკურ საათებში მისი რთული მექანიზმი და სიზუსტე იზიდავს; იზიდავს ის, რომ ასეთი საათები პაწაწინა კბილანებისა და ზამბარების გამოყენებით აჩვენებენ დროსა და ასტრონომიულ მონაცემებს. აგრეთვე, იმის გამო, რომ ასეთი საათის ნაწილები შეიძლება ხელით გაკეთდეს, მათი დაზიანების შემთხვევაში შესაძლებელია დახელოვნებულმა მესაათემ საათი გახსნას და შეაკეთოს.
სხვა მექანიზმებისგან განსხვავებით, საათებისგან მოელიან, რომ ისინი წლების განმავლობაში დღე და ღამე იმუშავებენ. უფრო მეტიც, მათ უნდა იმუშაონ სხვადასხვა ტემპერატურაზე და ათასგვარ პოზიციაში — მაშინაც კი, როდესაც მათი პოზიცია საკმაოდ ხშირად მკვეთრად იცვლება — და ამასთანავე ზუსტ დროს უნდა აჩვენებდნენ. ისეთი საათის სიზუსტე, რომელიც დღეში მხოლოდ 20 წამით მიდის წინ ან უკან, მხოლოდ 0,023 პროცენტით არის არასწორი. ჩვეულებრივ, ასეთი სიზუსტით გამოირჩევა მხოლოდ სამეცნიერო დანადგარები, რომლებსაც დიდი სიფრთხილით ეკიდებიან. გასაკვირი არ არის, რომ მრავალი ადამიანი აღფრთოვანებულია მექანიკური საათებით, რომლებშიც ამდენი ოსტატობა, მოსაზრებულობა და შემოქმედებითი უნარია ჩაქსოვილი.
ცხადია, არსებობს მათი პოპულარობის სხვა მიზეზებიც. მაგალითად, მაიკლი, რომელიც ზემოთ მოვიხსენიეთ, აღნიშნავს, რომ ზოგს, უბრალოდ, არ სურს ბატარეების გამოცვლა, რის გაკეთებაც აუცილებელია უმეტეს შემთხვევაში, როდესაც ადამიანს კვარცის საათი აქვს. ასე რომ, რა უნდა მიიღოთ მხედველობაში საათების შერჩევისას?
რომელი საათის ყიდვა ჯობია?
ცხადია, გვსურს ისეთი საათი შევიძინოთ, როგორიც მოგვწონს. მრავლისთვის მნიშვნელობა აქვს არა მარტო პრაქტიკულ და ფუნქციურ მხარეებს, არამედ ესთეტიკურსაც. გარდა ამისა, გამოცდილი მესაათე, მაიკლი, გვირჩევს, იმაზეც ვიფიქროთ, თუ რას მოველით საათიდან. ვატარებთ მათ ყოველდღე მთელი დღის განმავლობაში თუ მხოლოდ განსაკუთრებული შემთხვევების დროს? დაექვემდებარება ეს საათი დარტყმებს ან ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებებს? მაგალითად, ქიმიურ ნივთიერებებთან ან ზღვის წყალთან ხშირი შეხების შედეგად, შეიძლება დაზიანდეს საათის სამაჯური ან კორპუსი. ამიტომ გონივრულია ამ ფაქტორების მხედველობაში მიღება.
რაც შეეხება ფასს — უკეთესია წინასწარ განსაზღვროთ, თუ რა თანხას გამოყოფდით ამისათვის და შემდეგ კი ამ თანხის ფარგლებში გეყიდათ იგი. ჩვეულებრივ, მექანიკური საათები კვარცის საათებზე ძვირია. მაგრამ გახსოვდეთ, რომ მრავალი სხვადასხვაგვარი საათი ძირითადად ერთი და იმავე მექანიზმისგან შედგება. სწორედ ბუდეში ჩასმული ამ მექანიზმების მოძრაობის წყალობით გვიჩვენებს საათი დროს. საათის შიდა დეტალები კარგად არის მოფიქრებული და გაკეთებული. ჩვეულებრივ, ფასები ესთეტიკური მხარეების, მაგალითად კორპუსის ან ბრასლეტის, გამო განსხვავდება. ასე რომ, უფრო მაღალი ფასი, ყოველთვის არ ნიშნავს მეტ სიზუსტესა და სანდოობას (იხილეთ ზემოთ მოყვანილი ჩარჩო).
თუ მაჯაზე საათი გიკეთიათ, დაუყოვნებლივ დროის გაგება რთული არ არის. მაჯის საათების ისტორიასთან გაცნობა დაგვეხმარება, უფრო მეტად დავაფასოთ ეს საჭირო ნივთი. საათის გარეშე განა არ ვიფიქრებდით, რომ რაღაც გვაკლია?
[სქოლიო]
^ აბზ. 9 ატომური საათები უდიდესი სიზუსტით ზომავს დროს, რადგან მათში სიხშირის ეტალონად ატომის რხევები გამოიყენება.
[ჩარჩო⁄სურათები 24 გვერდზე]
რომელი საათი იქნებოდა თქვენთვის საუკეთესო?
ტიპი: წამზომის მქონე საათები საშუალებას გვაძლევს, გავზომოთ დროის მოკლე მონაკვეთები, რაც განსაკუთრებით მაშინ არის სასარგებლო, როდესაც რაიმე მოვლენის ხანგრძლივობის ფიქსირება გვჭირდება. სპორტით დაკავებული თუ ხართ, კარგია გქონდეთ წყალგაუმტარი საათი. თუკი ყოველთვის გავიწყდებათ საათის დაქოქვა, გახსოვდეთ, რომ კვარცის საათს ეს არ სჭირდება. დაქოქვის გარეშე მუშაობს მექანიკური საათიც, რომელიც ავტომატურად იქოქება; ასეთი საათი ხელის მოძრაობისას თავისით იქოქება.
სიზუსტე: თუ სიზუსტეს აფასებთ, იფიქრეთ ქრონომეტრზე — ძალიან ზუსტ საათზე, რომელიც პასუხობს სიზუსტის აღიარებულ, ოფიციალურ კრიტერიუმს. ცხადია, კვარციანი საათებიც დროს დიდი სიზუსტით აჩვენებს. თანამედროვე მექანიკური საათების მექანიზმი საათში 28 800 მოძრაობას აკეთებს და მისი რხევის სიხშირე წამში ოთხის ტოლია. შეადარეთ ეს ჩვეულებრივ კვარცის საათებს, რომლებშიც კრისტალი წამში 10 000-დან 100 000-მდე რხევას ასრულებს!
ინდიკაცია: ციფრული ინდიკაციის მქონე საათებში დროს ციფრები გვიჩვენებს; არის ისრიანი საათები, რომლებშიც ისარი ციფერბლატზე მოძრაობს. ციფრული ინდიკაციით შეიძლება ნაჩვენები იყოს გარკვეული მონაცემები, მაგალითად თარიღი, დაყენებულია თუ არა მაღვიძარა, თუ რა დროა დროის სხვა სარტყლებში და წამზომით გაზომილი დრო. ისრიანი საათის გამოყენება ძალიან მოსახერხებელია — საკმარისია მათთვის თვალის შევლება, რომ უკვე ვიცით, რომელი საათია.
მომსახურება: ვინაიდან მექანიკური საათები ძლიერ ზამბარაზე მუშაობს, ჭუჭყისა და მტვრის ნაწილაკები მათთვის ნაკლებად საშიშია, ვიდრე კვარცის საათებისთვის. და მაინც, გამართულად მუშაობისთვის მექანიკურ საათებს უფრო მეტი მოვლა სჭირდებათ, ვიდრე კვარცისას. ელექტრულ საათებს არა აქვს მოძრავი ნაწილები; ამიტომ მათი მომსახურება მხოლოდ ბატარეების გამოცვლით შემოიფარგლება.
[ცხრილი⁄სურათები 23 გვერდზე]
ზოგიერთი ცნობილი ფირმის საათები
▪ 1810—1812
პირველი მაჯის საათი, რომლის გამოშვების დამადასტურებელი დოკუმენტიც არსებობს („აბრაჰამ ლუი ბრეგე“).
▪ 1945
საათი, რომელიც რიცხვს აჩვენებს („როლექსი“).
▪ 1957
მაჯის ელექტრომექანიკური საათი („ჰამილტონი“).
▪ 1960
სვლის სიზუსტე ელექტრონიკით არის უზრუნველყოფილი („ბულოვა“).
▪ 1972
მთლიანად ელექტრონული საათი, რომელსაც ციფრული ინდიკაცია აქვს („ჰამილტონი“).
[საავტორო უფლება]
Second and fourth photos: Courtesy of Hamilton Watches
[სურათის საავტორო უფლება 23 გვერდზე]
ომეგა