რა ხდება მსოფლიოში
რა ხდება მსოფლიოში
მეტი ავტომობილი — მეტი პრობლემა
„ჩინეთი, რომელიც ადრე ველოსიპედების ქვეყანა იყო, ახლა ავტომობილების ქვეყანა ხდება“, — ნათქვამია ჩინეთში გამომავალ გაზეთში (China Daily). მსოფლიო მაჩვენებელთან შედარებით, რომლის მიხედვითაც 1000 მცხოვრებზე 120 ავტომობილი აღირიცხება, დღესდღეობით ჩინეთში ყოველ 1000 ადამიანზე 20 ავტომობილი მოდის. ამბობენ, რომ ჩინეთში ავტომობილთა რიცხვი საგრძნობლად მოიმატებს. სახელმწიფო საბჭოს საერთაშორისო განვითარების ცენტრის დირექტორის მოადგილე ჩენ ჩინგთი ფიქრობს, რომ რაც უფრო მეტს ეყოლება ავტომობილი, მით მეტი ადამიანი იცხოვრებს უკეთესად. მაგრამ ის სირთულეებზეც საუბრობს: „თუ სათანადო კონტროლი არ დაწესდება, ქალაქების დაბინძურება ძირითადად ავტომობილთა გამონაბოლქვით მოხდება და არა ქვანახშირის წვის შედეგად“. ჩინეთის ბევრ ქალაქში ავტომობილები გამოყოფენ დიდი რაოდენობით ნახშირბადის მონოქსიდსა და აზოტის ოქსიდს. დიდი ძალისხმევა ხმარდება იმას, რომ დაბინძურებამ პეკინში 2008 წლის ოლიმპიურ თამაშებამდე საგრძნობლად იკლოს.
ქორწინების მახე
3000-ზე მეტი სამხრეთ აფრიკელი ქალი „ქორწინების“ მახეში გაება, — ნათქვამია იოჰანესბურგში გამომავალ გაზეთ „სოუვეტანში“. ერთ-ერთი შემუშავებული გეგმის მიხედვით, როცა ქალებს ჰგონიათ, რომ ხელს აწერენ საქმიან კონტრაქტს, ისინი სინამდვილეში საქორწინო სერტიფიკატზე აწერენ ხელს. სერტიფიკატი უცხოელ „სასიძოს“ ქვეყანაში მუდმივად ცხოვრების შესაძლებლობას აძლევს. „პატარძალმა“ კი შეიძლება მხოლოდ მაშინ გაიგოს, რომ თაღლითობის მახეში გაება, როცა დაკარგული პირადი დოკუმენტების აღდგენას შეუდგება და აღმოაჩენს, რომ სხვა გვარზეა გაფორმებული ან როცა ქორწილის დღეს საკუთარი ქორწინების კანონიერად გასაფორმებლად მისული აღმოაჩენს, რომ ის უკვე დაქორწინებულთა სიაშია! ასეთი „ქორწინების“ გაუქმება შეიძლება ძალიან რთული იყოს. მიუხედავად ამისა, დაახლოებით 2000-ზე მეტი ქალი წარმატებით ახერხებს ასეთი „ქორწინების“ გაუქმებას. მსგავსი თაღლითობის წინააღმდეგ შემუშავებულ იქნა ახალი კანონი, რომლის მიხედვითაც, უცხოელი საქმროები ქვეყანაში მუდმივად ცხოვრებას მხოლოდ ხუთი წლის შემდეგ შეძლებენ.
იშვიათი არქეოლოგიური აღმოჩენა
არქეოლოგებმა, რომლებიც მკვდარი ზღვის მახლობლად გამოქვაბულებში არქეოლოგიურ გათხრებს აწარმოებდნენ, აღმოაჩინეს სამკაულები და სხვადასხვა ნაკეთობა, რომლებიც, მათი აზრით, დაახლოებით 2 500 წლის წინანდელი უნდა იყოს. ეს ის პერიოდია, როცა ბაბილონში გადასახლებული იუდეველები თავიანთ სამშობლოში დაბრუნდნენ. იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტისა და რამათ-განის ბარ ილანის უნივერსიტეტის არქეოლოგებმა ეს ნაკეთობები ლითონის დეტექტორის გამოყენებით იპოვეს. ამ სამკაულებს შორის იყო ბრინჯაოს პატარა სარკე, ვერცხლის მედალიონი, ოქროს ყელსაბამი და ნახევრად ძვირფასი ქვები, ბაბილონური აქატის მედალიონი და შტამპი, რომელზეც აღბეჭდილია სცენა, სადაც ბაბილონელი მღვდელი თაყვანს სცემს მთვარეს, — ნათქვამია აშშ-ს საინფორმაციო სააგენტო „ასოშიეიტიდ პრესში“. „ეს ძალიან იშვიათი აღმოჩენაა როგორც სიმდიდრით, ასევე სიძველით“, — თქვა ისრაელის ბუნებისა და ეროვნული პარკების დაცვის ორგანიზაციის მთავარმა არქეოლოგმა ცვიკა ცუკმა.
ხმაურით გამოწვეული „დაბინძურება“
გადამეტებული ხმაური ხშირად უარყოფითად მოქმედებს იმ ადამიანებზე, რომლებიც ქალაქში ცხოვრობენ. ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, შესაძლოა ხმაურმა უარყოფითადაც კი იმოქმედოს მათ ჯანმრთელობაზე, — ნათქვამია ესპანურ გაზეთში „აბესე“. ეს აზრი ესპანეთის კონსტიტუციურმა სასამართლომაც აღიარა და გამოსცა კანონი, რომლის თანახმადაც ის, ვინც დასვენებისთვის განკუთვნილ ადგილზე ზედმეტ ხმაურს გამოიწვევდა, დაისჯებოდა. სასამართლომ აღნიშნა, რომ გადამეტებული ხმაურით ადამიანის ძირითადი უფლებები ირღვევა — ის დაუცველია მორალურად და ფიზიკურად და ირღვევა როგორც მისი, ისე ოჯახის მყუდროება. სასამართლოზე აღნიშნული იყო, რომ ზედმეტი ხმაურით გამოწვეულმა „დაბინძურებამ“ შეიძლება გამოიწვიოს სმენის დაქვეითება, უძილობა, ნევროზი, არტერიული წნევის მომატება და აგრესიულობა.