უძლურების მიუხედავად გადაწყვეტილებით აღსავსე
უძლურების მიუხედავად გადაწყვეტილებით აღსავსე
მოგვითხრო კუამა ნგესანმა
მე და ჩემი თანამგზავრი აღმართზე ძლივს მივათრევდით ველოსიპედს. ეს იყო 2002 წლის ნოემბერში; ამ დროს სპილოს ძვლის ნაპირას (აფრიკა) სამოქალაქო ომი მძვინვარებდა. ამიტომ უდაბურ გზაზე დიდი საფრთხე იყო მოსალოდნელი. წინ კიდევ ერთი საკონტროლო-გამშვები პუნქტი უნდა გაგვევლო. რატომ დავადექი ასეთ სახიფათო გზას ომის პერიოდში?
დავიბადე 1978 წელს ქრონიკული დაავადებით. ყველაფერი დაიწყო იქიდან, რომ სმენა დამიქვეითდა და აუტანელი ტკივილი მქონდა ფეხებში. როცა წამოვიზარდე ჩემი ოჯახის წევრები მამცირებდნენ და მეუბნებოდნენ, რომ კოჭლი და ყრუ ვიყავი. უფროსები ზიზღის თვალით მიყურებდნენ, ბავშვები კოჭლს და დაგრეხილ ფეხებიანს მეძახდნენ.
რვა წლის ვიყავი, როცა სკოლაში შევედი. მალე კლასელებმა და მასწავლებლებმაც დამიწყეს დაცინვა. ხშირად ვნატრობდი, მიწა გამსკდომოდა და შიგ ჩავვარდნილიყავი. როცა ხალხი ხედავდა რომ მეშინოდა, უფრო მეტად დამცინოდნენ. სახლიდან მხოლოდ მაშინ გამოვდიოდი, როცა სკოლაში უნდა წავსულიყავი.
ყოველთვის მაინტერესებდა, თუ რატომ მქონდა ეს დაავადება. დედაჩემმა მითხრა, რომ ვიღაცის მიერ გაკეთებულმა ჯადომ იმოქმედა ჩემზე. როცა ვხედავდი, სხვებსაც მსგავსი დაავადება ჰქონდათ, მაინტერესებდა, ისინიც ჯადოქრობის მსხვერპლნი იყვნენ თუ არა.
1992 წელს იდაყვებში აუტანელი ტკივილები დამეწყო. როცა ტკივილმა გამიარა, ვეღარ შევძელი მკლავების გაშლა. ორი წლის შემდეგ მარცხენა თვალიდან საერთოდ დავკარგე მხედველობა. მშობლებს ექიმბაშებთან დავყავდი, მაგრამ არაფერი მშველოდა. ჯანმრთელობის გაუარესების გამო იძულებული გავხდი, სკოლაში სიარული მიმეტოვებინა.
პასუხების ძიებაში
ერთმა მორწმუნე თანაკლასელმა ეკლესიაში წამიყვანა. მართალია, ანიმისტი ვიყავი, მაგრამ ერთი წლის განმავლობაში მას ეკლესიაში დავყვებოდი და საეკლესიო მსახურებას ვესწრებოდი *. ბიბლიიდან ბევრი ვერაფერი გავიგე და ვფიქრობდი, ჰქონდა კი აზრი ორგანიზებულ რელიგიაში გაერთიანებას.
ეკლესიის ზოგიერთი სწავლება მაშინებდა, განსაკუთრებით სწავლება ჯოჯოხეთის ცეცხლზე. ჩემს თავს იმდენად ცუდ ადამიანად არ მივიჩნევდი, რომ სამუდამო სატანჯველში წავსულიყავი. თუმცა არც იმას ვფიქრობდი, რომ ძალიან კარგი ვიყავი და აუცილებლად ზეცაში მარადიულ ნეტარებაში ვიქნებოდი. რადგანაც ჩემს კითხვებზე დამაკმაყოფილებელი პასუხები ვერ მივიღე, რელიგიისადმი ინტერესი დავკარგე.
მომდევნო წელს განსაკურნავად გამაგზავნეს სპილოს ძვლის ნაპირის დედაქალაქ აბიჯანში, რომელიც ჩვენი პატარა ქალაქ ვავუადან დაახლოებით 150 კილომეტრში მდებარეობს. წასვლამდე ეკლესიაში მომსახურეებს ვუთხარი, რომ საკმარისი ფული არ მქონდა მკურნალობისა და საკვების ხარჯების დასაფარავად. მათ დამარწმუნეს, რომ ჩემზე აბიჯანში იზრუნებდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემ ირგვლივ დაახლოებით 50 000 ადამიანი იყო, თავი მარტოდ და გულდამძიმებულად ვიგრძენი, რადგან არავის გამოუვლენია ჩემდამი ინტერესი.
სახლში ისეთივე ავადმყოფი დავბრუნდი, როგორიც ვიყავი. ჩემს ავადმყოფობას ისიც დაემატა, რომ გული უფრო მეტად გამიტყდა. ადგილობრივი ეკლესიის წინამძღოლებმა მითხრეს, რომ ღმერთმა რწმენის უკმარისობის გამო არ გამკურნა. ამის შემდეგ რელიგიასთან ყოველგვარი კავშირი გავწყვიტე.
საბოლოოდ სულიერი კმაყოფილება მივიღე
1996 წელს ჩვენს ოჯახში ერთი იეჰოვას მოწმე მოვიდა. მანამდე არასოდეს მისაუბრია იეჰოვას მოწმეებთან; ჩემს უფროს ძმასა და მოწმეს შორის გაცხოველებული საუბარი წარიმართა. მართალია, ჩემი ძმა არ დაინტერესებულა, მაგრამ მე დავინტერესდი. მოწმის თითოეული სიტყვა ღრმად შეეხო ჩემს გულს.
მოწმემ ამიხსნა, რომ პირველი ადამიანის დაუმორჩილებლობის გამო ადამიანებზე ცოდვა გადმოვიდა, რამაც კაცობრიობას არასრულყოფილება და სიკვდილი მოუტანა. მაგრამ იესომ მსხვერპლად საკუთარი სიცოცხლე გაიღო, რითაც შესაძლებელია ჩვენი ცოდვების პატიება და მარადიული სიცოცხლის მიღება (რომაელები 3:23; 5:12, 17—19). გარდა ამისა, მოწმემ ბიბლიიდან ამიხსნა, რომ მალე იეჰოვა ღმერთი ზეციერი სამეფოს მეშვეობით დედამიწას სამოთხედ გადააქცევს და მას ცოდვისა და მისი შედეგებისგან განწმენდს (ესაია 33:24; დანიელი 2:44; გამოცხადება 21:3, 4).
ბიბლიის ლოგიკურობამ დიდად იმოქმედა ჩემზე. მოგვიანებით გავიცანი ერთი მოწმე, რობერტი, რომელიც კვირაში ორჯერ მიტარებდა ბიბლიის შესწავლას. რამდენიმე თვეში ბიბლიური ცოდნა მივიღე და მოწმეებს შევუერთდი კარდაკარ მსახურებაში. ქადაგება ჩემთვის თავიდან რთული იყო, რადგან ხალხთან ურთიერთობას უნდა შევგუებოდი.
სირთულეებს ვაწყდები
ჩემს ოჯახს არ მოსწონდა, რომ ბიბლიას ვსწავლობდი. ჩემს გასაღიზიანებლად უფროსი ძმა ღამით ჩემს საძინებელში სიგარეტს ეწეოდა. დილით თავის ტკივილებს და სისუსტეს ვგრძნობდი. კიდევ ერთი პრობლემა იყო საკვები. მამაჩემს ნადირობა უყვარდა და ჩვენს საკვებს ძირითადად მისი ნანადირევი შეადგენდა. მე ავუხსენი მას, რომ ბიბლია კრძალავდა ისეთი ცხოველის ხორცის ჭამას, რომლისგანაც სისხლი არ იყო გამოშვებული (საქმეები 15:28, 29). ის მაინც უარს ამბობდა ამის გაკეთებაზე. ხანდახან დედაჩემი უბრალოდ ბრინჯს მიხარშავდა; ხშირად მშიერი ვრჩებოდი.
მიუხედავად იმისა, რომ ვავუაში სამეფო დარბაზი ქალაქის ბოლოში იყო, სიშორე ან ცუდი ამინდი ხელს არ მიშლიდა შეხვედრებზე დასწრებაში. მოვინათლე 1997 წლის სექტემბერში სპილოს ძვლის ნაპირას გამართულ საოლქო კონგრესზე, სახელწოდებით „ღვთის სიტყვის რწმენა“. თანდათანობით უფრო მეტად დავიწყე ქრისტიანულ მსახურებაში მონაწილეობა და მალე პიონერი გავხდი (ასე უწოდებენ იეჰოვას მოწმეები სრული დროით მსახურებს).
სხვა სირთულეები
2002 წლის სექტემბერში პოლიტიკური არეულობა დაიწყო, რასაც სამოქალაქო ომი მოჰყვა. რამდენიმე კვირაში ეროვნული ჯარი ვავუას მოუახლოვდა. ზოგი, ვისაც ეშინოდა, რომ მოკლავდნენ, სოფლიდან გაიქცა, მათ შორის იეჰოვას მოწმეთა უმეტესობა. ხუთი დღის შემდეგ ჯარისკაცებმა ქალაქი დაიკავეს და აიკრძალა ყველანაირი საზოგადოებრივი მოღვაწეობა. ვავუას მოსახლეობის უმეტესობა მიმოიფანტა, მათ შორის იეჰოვას დარჩენილი მოწმეებიც.
ვინაიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობდა, ხალხს კილომეტრების გავლა უწევდა მეზობელ ქალაქებში გადასასვლელად. მე არ შემეძლო ასე დიდ მანძილზე სიარული, ამიტომაც ვავუაში ერთადერთი მოწმე დავრჩი. ქადაგებას
ვაგრძელებდი და კრებებსაც ვატარებდი, რომელსაც ზოგჯერ ადგილობრივი მოსახლეობაც ესწრებოდა.კონგრესზე დასასწრებად ძალებს არ ვიშურებ
ნოემბერში დალოაში იეჰოვას მოწმეთა სპეციალური ერთდღიანი კონგრესი უნდა ჩატარებულიყო. ძალიან მინდოდა ამ კონგრესზე დასწრება და იეჰოვას ვთხოვდი, დამხმარებოდა. ერთი მოწმე მოულოდნელად ქალაქში დაბრუნდა. მას ვკითხე, თუ შეეძლო ველოსიპედით ჩემი წაყვანა კონგრესზე. იქამდე დაახლოებით 50 კილომეტრი იყო გასავლელი. ის მაშინვე დამთანხმდა, მიუხედავად იმისა, რომ მასაც სერიოზული დაავადება ჰქონდა.
ყველგან დაძაბული სიტუაცია იყო, რის გამოც მგზავრობისთვის ნამდვილად არ იყო შესაფერისი დრო. ვავუადან დალოამდე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული იყო. მგზავრს, რომელსაც საეჭვოდ მიიჩნევდნენ, სამხედროები ცეცხლს უხსნიდნენ. ამის მიუხედავად, 2002 წლის 9 ნოემბერს შაბათ დილით დავტოვეთ ვავუა და ველოსიპედით დალოასკენ გავემართეთ, როგორც დასაწყისში აღვნიშნე.
მალე მივუახლოვდით ერთ–ერთ საკონტროლო–გამშვებ პუნქტს. საგულდაგულოდ შეგვამოწმეს და წასვლის ნება დაგვრთეს. მგზავრობა ხანგრძლივი და დამღლელი იყო. ფეხით უნდა ავსულიყავით გორაკზე და შემდეგ ველოსიპედით ქვემოთ დავშვებულიყავით.
მალე უცნობმა ველოსიპედისტმა დახმარება შემოგვთავაზა. მე ველოსიპედის უკანა სკამზე დავჯექი. მცირე მანძილის გავლის შემდეგ მას ღვთის სამეფოს შესახებ დავუწყე ლაპარაკი. ავუხსენი, რომ ღვთის ზეციერი მთავრობა მალე ხანგრძლივ მშვიდობას დაამყარებდა დედამიწაზე. ჩემმა ნათქვამმა ის გააოცა და ბევრი შეკითხვა დამისვა. როდესაც დალოაში ჩავედით მან საკვები გვიყიდა და დაგვპირდა, რომ მეორე დღეს სპეციალურ ერთდღიან კონგრესს დაესწრებოდა.
დალოაში გვიან საღამოს ჩავედით. მართალია, დაღლილები ვიყავით, მაგრამ ძალიან გვიხაროდა, რომ დანიშნულების ადგილამდე ჩავაღწიეთ. ცხრასაათიანი მოგზაურობა ადვილი არ იყო. იეჰოვას მოწმეთა ადგილობრივმა ოჯახმა თბილად მიგვიღო და შემოგვთავაზა მათთან დარჩენა, სანამ პოლიტიკური ვითარება არ შეიცვლებოდა. სამწუხაროდ, პოლიტიკური არეულობის გამო კონგრესი გადაიდო. მაგრამ მგზავრობას ამაოდ არ ჩაუვლია. შესაძლებლობა მომეცა დალოაში თანაქრისტიანებთან მემსახურა.
შეუპოვრობამ კურთხევები მომიტანა
ამჟამად დალოას კრებაში მომსახურედ და პიონერად ვმსახურობ. აგრეთვე, ძმებს ვეხმარები საკონგრესო დარბაზის მოვლაში. თავის სარჩენად ხისგან ვაკეთებ პეპლებსა და დახატულ ფიგურებს და ვყიდი.
წლებით ადრე სახლიდან მხოლოდ იმიტომ გამოვდიოდი, რომ სკოლაში წავსულიყავი. მას შემდეგ უკვე კილომეტრები მაქვს გავლილი და ვეძებ ისეთ ადამიანებს, რომლებიც ჭეშმარიტებას არიან მოწყურებულნი და აინტერესებთ, თუ რატომ არსებობს დღეს ამდენი ავადმყოფობა და უბედურება. ველოდები იმ დროს, როცა ღვთის სამეფო ყველა დაავადებისგან განწმენდს კაცობრიობას; მანამდე კი მანუგეშებელ ცნობას ვუზიარებ სპილოს ძვლის ნაპირის მცხოვრებლებს ღვთის განზრახვების შესახებ.
[სქოლიო]
^ აბზ. 9 ანიმიზმი არის რწმენა, რომ ბუნებაში ნებისმიერ ცხოველს, მცენარესა თუ საგანს აქვს ცოცხალი სული.
[სურათი 13 გვერდზე]
კონგრესზე დასასწრებად დალოასკენ მიმავალ გზაზე.
[სურათი 13 გვერდზე]
საკონგრესო დარბაზის დასუფთავების დროს.
[სურათი 13 გვერდზე]
თავის რჩენის მიზნით ხის პეპლებს ვაკეთებ და ვყიდი.