არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ალჰამბრა მუსლიმანთა ძვირფასი მემკვიდრეობა გრანადაში

ალჰამბრა მუსლიმანთა ძვირფასი მემკვიდრეობა გრანადაში

ალჰამბრა მუსლიმანთა ძვირფასი მემკვიდრეობა გრანადაში

„გამოიღვიძეთ!“-ისთვის ესპანეთიდან

„მასზე უამრავი ლეგენდა და გადმოცემა არსებობს, ნამდვილი თუ გამოგონილი; ის არაბულ და ესპანურ ენებზე არაერთ სიმღერასა თუ ბალადაშია მოხსენიებული, რომლებიც სიყვარულს, ომსა და რაინდობას უმღერის. ყველაფერი ეს ამ აღმოსავლური კულტურის ძეგლს უკავშირდება“ (ვაშინგტონ ირვინგი, XIX საუკუნის ამერიკელი მწერალი).

ლეგენდარული ნაგებობა, რომელიც ამ სიტყვების შთაგონების წყაროდ იქცა, ალჰამბრაა, უნიკალური სასახლე. ის ერთი ესპანური ქალაქის, გრანადას, მშვენებას წარმოადგენს. ალჰამბრა სამხრეთ ევროპაში მდებარეობს და არაბულ-სპარსული არქიტექტურის ნიმუშია. ასეთი დიდებული ციხესიმაგრის აგება მუსლიმანი მავრების დამსახურებაა, რომელთა ბატონობამ ესპანეთზე რამდენიმე საუკუნე გასტანა *.

XI საუკუნეში არაბმა ამირმა ზავი-ბენ-ზირიმ გრანადას დამოუკიდებელი საამირო დააარსა. მან 500 წელი იარსება და ამ დროის მანძილზე ის ყვაოდა კულტურული თვალსაზრისით. მაგრამ, როცა კათოლიკე მონარქებმა ფერდინანდმა და იზაბელამ 1492 წელს ბოლო მოუღეს მუსლიმანთა ბატონობას ესპანეთში, საამირომ არსებობა შეწყვიტა.

მავრიტანულმა გრანადამ თავისი დიდების ზენიტს მაშინ მიაღწია, როცა ქალაქი კორდოვა 1236 წელს ქრისტიანებმა დაიპყრეს. გრანადა მუსლიმანური ესპანეთის დედაქალაქი გახდა. მომდევნო მმართველებმა იქ ააგეს სასახლეთა კომპლექსი, ანუ ალჰამბრა, რომლის მსგავსიც ევროპას მანამდე არ ენახა. ამ სასახლეებით მოხიბლულმა ერთმა მწერალმა მას „მსოფლიოში ყველაზე შთამბეჭდავი ნაგებობა“ უწოდა.

ადგილი, სადაც ალჰამბრაა აღმართული, ისეთივე დიდებულია, როგორც თვით ეს ერთად თავმოყრილი შენობები. ამ ნაგებობების უკან მოსჩანს 3 400 მეტრის სიმაღლეზე წამოჭიმული სიერა-ნევადას დათოვლილი მთის მწვერვალები. თვით ალჰამბრა ტყით დაბურულ მთაზე, საბიკაზეა, აგებული. ის ქალაქიდან 150 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. XIV საუკუნის პოეტის იბნ-ზამრაკის წარმოდგენაში ეს მთა გრანადას ისე დაჰყურებს, როგორც ქმარი, რომელიც იმდენად მოხიბლულია ცოლის გარეგნობით, რომ თვალს ვერ აშორებს მას.

ქალაქი ქალაქში

სიტყვა ალჰამბრა, რომელიც არაბულად „წითელს“ ნიშნავს, შესაძლოა, იმ აგურის ფერზე მიუთითებს, რომელიც მავრებმა გალავნის ასაგებად გამოიყენეს. ამის მიუხედავად, ზოგი ემხრობა ერთი არაბი ისტორიკოსის აზრს. მათი თქმით, ალჰამბრას „ჩირაღდნების შუქზე“ აგებდნენ; ღამის განათება კედლებს წითელ ელფერს სძენდა, რის გამოც მას ეს სახელი შეარქვეს.

ალჰამბრა სასახლეზე ბევრად მეტია. ის შეიძლება წარმოვიდგინოთ, როგორც ქალაქი, რომელიც ქალაქშივე, გრანადაში, მდებარეობს. ალჰამბრას ეზოებში განთავსებულია ბაღები, პავილიონები, სასახლეთა კომპლექსი, ალკასაბა (ანუ ციხესიმაგრე) და თვით პატარა „მედინაც“, რომელიც არაბულ ენაზე ქალაქს ნიშნავს. ალჰამბრას მავრიტანული სტილი არაბული ხელოვნების ნატიფ, რთულ კონსტრუქციათა უნიკალურ გამოვლინებას წარმოადგენს. მას ერწყმის უხეში და პროპორციული კონტურები, რომლებიც რენესანსული ეპოქისთვის დამახასიათებელ სტილს მოგვაგონებს.

ამ უმშვენიერესი სასახლეთა კომპლექსის, ალჰამბრას, ასაგებად მავრიტანული და ძველი ბერძნული მეთოდია გამოყენებული. როგორც ჩანს, თავიდან არჩევდნენ ქვის ფერსა და ტექსტურას, ისე რომ, გათვალისწინებული ყოფილიყო კონსტრუქციის ჰარმონიულობა, პროპორციები და სიმარტივე. ამის შემდეგ იწყებოდა ამ საუცხოო ნაგებობის დეკორაცია. როგორც ერთი სწავლული შენიშნავს, „შენობის აგებისას მავრები ყოველთვის ითვალისწინებდნენ არქიტექტურის უმნიშვნელოვანეს პრინციპს — შენობა აგების შემდეგ უნდა გალამაზდეს და არა აგების პროცესში“.

ვეწვიოთ ალჰამბრას

ალჰამბრაში მოსახვედრად უნდა გაიაროთ შესასვლელი დიდი თაღით, რომელსაც „სამართლის კარიბჭეს“ უწოდებენ. ეს სახელწოდება იმ სასამართლოს გვახსენებს, სადაც მუსლიმანების ბატონობის დროს ნაკლებად მნიშვნელოვანი საჩივრების მოსასმენად იკრიბებოდნენ. სასამართლოს წარმართვა ქალაქის კარიბჭესთან, ჩვეულებრივ, მიღებული იყო ახლო აღმოსავლეთში და მსგავსი სასამართლოები ბიბლიაშიც მოიხსენიება *.

ისეთი არაბული სტილის სასახლეების გულდასმით მოსაპირკეთებლად, როგორიცაა ალჰამბრა, საჭირო იყო სტუკო (მაღალი ხარისხის ბათქაში). ხელოსნები სტუკოზე კვეთდნენ მაქმანის მსგავს ორნამენტებს, რომლებიც უსასრულოდ მეორდებოდა. მდიდრული ორნამენტით მორთული ზოგი თაღი ჰგავს სტალაქტიტებს (კონუსისებურ სვეტად ჩამოგრძელებულ შვერილებს), რომელთა სიმეტრიაც ზუსტად არის დაცული. სასახლის კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობაა „ზილიზი“, ფილების პატარა ნაჭრები, რომლებიც რთულ გეომეტრიულ ფორმებადაა დაწყობილი. დაბლა, კედლების გასწვრივ მკვეთრი ფერებია გამოყენებული, რაც ძალზე კონტრასტულს ხდის ზედა მობათქაშებული კედლის მუქ ტონში გადაწყვეტილ ფერებს.

ალჰამბრის შიდა ეზოებიდან ყველაზე ცნობილი „ლომების ეზოა“, რომელსაც „ესპანეთში არსებული არაბული ხელოვნების უძვირფასეს ნიმუშად“ მიიჩნევენ. ერთი ცნობარი ხსნის: „როდესაც გრანადაში ალჰამბრას ლომების ეზოს ვათვალიერებთ, ისეთი აზრი გვიჩნდება, რომ ის არ ექვემდებარება ანალოგის შექმნას“. ზუსტი პროპორციის არკადები და მოხდენილად მდგარი სვეტები გარს ერტყმის შადრევანს, რომელიც მარმარილოს 12 ლომს უჭირავს. სურათის გადასაღებად ეს ერთ–ერთი საუკეთესო ადგილია ესპანეთში.

გამომაცოცხლებელი ბაღები

ალჰამბრაში შეხვდებით საუცხოო ბაღებს, შადრევნებსა და წყალსატევებს *. თავის წიგნში „მავრიტანული ესპანეთი“ ენრიკე სორდო ამბობს: „არაბული სტილის ბაღები ნამდვილი სამოთხეა“. აქ ისლამის გავლენა ყველგან შეიმჩნევა. ესპანელმა მწერალმა გარსია გომესმა აღნიშნა: „მუსლიმანური სამოთხე დეტალურად არის აღწერილი ყურანში. ის, როგორც ნაყოფიერი ბაღი . . . საოცარი ნაკადულებით ირწყვებოდა“. ალჰამბრაში წყალი უხვად გამოიყენებოდა. ეს დიდი ფუფუნება იყო იმ ხალხისთვის, რომლებიც უდაბნოს ცხელ ჰავას იყვნენ მიჩვეულები. ბაღის შემქმნელების ჩანაფიქრით, წყალს ჰაერი უნდა გაეგრილებინა, თანაც წყლის ჩუხჩუხი სიამოვნების მომგვრელი იქნებოდა. ამ მართკუთხა წყალსატევებში წყალი ესპანეთის კაშკაშა ცას ირეკლავს, რაც უკიდეგანო სივრცისა და ნათების შთაბეჭდილებას ტოვებს.

ალჰამბრიდან არც ისე შორს მდებარეობს გენერალიფე, იზოლირებული მავრიტანული ვილა და ბაღი, რომელიც საბიკას გვერდზე, მთა სეროუ–დელ–სოლიზეა. გენერალიფე * თვალწარმტაცი არაბული ხედებით გამოირჩევა, რის გამოც მას „მსოფლიოში ერთ–ერთ საუკეთესო ბაღს“ უწოდებენ. ადრე ის ალჰამბრას სასახლეს ხიდით უკავშირდებოდა. გენერალიფეში, როგორც ჩანს, გრანადას მმართველები ისვენებდნენ. შიდა ეზოს მივყავართ ხელოვნურად შეკიბულ ჩანჩქერთან. უეჭველად, მოხიბლული დარჩებით აქაური განათებით, ფერებითა და აურაცხელი სურნელებით.

მავრის ამოსუნთქვა

როცა გრანადას უკანასკნელმა მეფემ ბოაბდილმა ანუ მუჰამედ XI–მ ქალაქი ფერდინანდსა და იზაბელას დაუთმო, მას და მის ოჯახს გაქცევა მოუწიათ. გადმოცემის თანახმად, ქალაქის დატოვების შემდეგ, მათ შეისვენეს ამაღლებულ ადგილას, რომელსაც ამჟამად ელ–სუსპირო–დელ–მორო (მავრის ამოსუნთქვა) ეწოდება. როცა უკან გაიხედეს და უკანასკნელად შეავლეს თვალი ამ დიდებულ წითელ სასახლეს, ბოაბდილის დედამ თავის ვაჟს უთხრა: „ქალივით მოჰყევი მოთქმას, რადგან ვაჟკაცივით ვერ შეძელი მისი დაცვა“.

ალჰამბრას ყოველწლიურად სამი მილიონი მნახველი ჰყავს. ისინი ელ–სუსპირო–დელ–მოროსაც ინახულებენ. იქიდან ბოადბილის მსგავსად, მათ შეუძლიათ თვალი შეავლონ ქალაქ გრანადას მისი არაბული სასახლითურთ, რომელიც მართლაც რომ წარმოადგენს ქალაქის უძვირფასეს საგანძურს. თუ ერთ მშვენიერ დღეს თქვენც ესტუმრებით გრანადას, ალბათ მიხვდებით, რატომ იყო უკანასკნელი მავრი მეფე ასე ძლიერ დამწუხრებული.

[სქოლიოები]

^ აბზ. 4 ახ. წ. 711 წელს არაბთა და ბერბერთა ჯარები ესპანეთში შეიჭრნენ და შვიდ წელიწადში ამ ნახევარკუნძულის დიდი ნაწილი მუსლიმანების მმართველობას დაექვემდებარა. ორი საუკუნის მანძილზე ქალაქი კორდოვა ევროპაში ყველაზე დიდი და, შესაძლოა, ყველაზე მდიდარი კულტურის ცენტრი გახდა.

^ აბზ. 13 მაგალითად, ღმერთმა მითითება მისცა მოსეს: „მსაჯულნი და ზედამდგომნი დაიყენე ყველა შენს კარიბჭეში . . . რათა განსაჯონ ხალხი, მართალი სამართლით“ (მეორე რჯული 16:18).

^ აბზ. 17 არაბებმა სპარსული და ბიზანტიური ბაღების თავისებურებები განავრცეს მთელი ხმელთაშუაზღვის ტერიტორიებზე, მათ შორის ესპანეთშიც.

^ აბზ. 18 ეს სახელი წარმოდგება არაბული სიტყვიდან „ჯენეტ–ალ–არიფ“, რომელიც ზოგჯერ ითარგმნება როგორც „მაღალი მთები“, თუმცა მეტი ალბათობაა, რომ ეს ტერმინი „არქიტექტორის ბაღს“ ნიშნავს.

[სურათი 15 გვერდზე]

ალკასაბა

[სურათი 15 გვერდზე]

ლომების ეზო

[სურათი 16, 17 გვერდებზე]

გენერალიფეს პარკი

[სურათი 17 გვერდზე]

ხელოვნური ჩანჩქერი

[საავტორო უფლებები დაცულია 14 გვერდზე]

Line art: EclectiCollections

[საავტორო უფლებები დაცულია 15 გვერდზე]

All except top photo: Recinto Monumental de la Alhambra y Generalife

[საავტორო უფლებები დაცულია 16 გვერდზე]

All photos: Recinto Monumental de la Alhambra y Generalife

[საავტორო უფლებები დაცულია 17 გვერდზე]

Above photos: Recinto Monumental de la Alhambra y Generalife; bottom photo: J. A. Fernández/San Marcos