არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკითხველთა წერილები

მკითხველთა წერილები

მკითხველთა წერილები

კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი მოზარდების დახმარება (8  აპრილი, 2005). სტატიათა ეს სერია ძალიან საინტერესო იყო. დროდადრო მოზარდები სირთულეებს აწყდებიან. ასეთი გამამხნევებელი სტატიები მათ ამ სირთულეებთან გამკლავებაში ეხმარება. სტატიებში მოცემული ინფორმაცია ძალებს გვაძლევს ამ „ძნელად ასატან დროსთან“ გამკლავებაში (2 ტიმოთე 3:1). ამავე დროს გვანახვებს, როგორ ავარიდოთ თავი სატანის მახეს და როგორ დავიცვათ თავი „ეშმაკის ხრიკებისგან“ (ეფესოელები 6:11). დიდი მადლობა იმისთვის, რომ ასე დროულად გვაწვდით სულიერ საზრდოს.

კ. ს. (შეერთებული შტატები).

სახლის სისუფთავეში ყველას შეგვაქვს წვლილი (8 ივნისი, 2005). როცა პატარა ვიყავი, მშობლები დღის განმავლობაში მუშაობდნენ. ოჯახში სამი და-ძმა ვიყავით და ძალიან გვიყვარდა თამაში. ამის გამო სახლი მუდამ არეული იყო. დღემდე არ მიყვარს სახლის დასუფთავება. მაგრამ ამ სტატიის წაკითხვისას ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს, დედა სიყვარულით მარიგებდა, როგორ დამელაგებინა სახლი. ახლა მე თავად ვარ მშობელი და ჩემს შვილებსაც არ უყვართ სახლის დალაგება. ბევრი რამის სწავლა მომიწევს მათთვის. ამ სტატიამ სწორედ ამის გაკეთებისკენ მიბიძგა.

უ. ე. (იაპონია).

ვიქტორინა მთელი ოჯახისთვის (8 მაისი, 2005 [რუს.]). როცა ეს სტატია წავიკითხე, თვალებზე ცრემლი მომადგა. ის ჩემს ქალიშვილს ვაჩვენე. მან მითხრა, რომ უკვე წაკითხული ჰქონდა სტატია დაჭრილი ბეღურის შესახებ და პასუხები ჰქონდა გაცემული ორივე შეკითხვაზე.

ლ. ს. (შეერთებული შტატები).

ბიბლიოთეკები — ცოდნის კარიბჭენი (8 ივნისი, 2005). ნება მიბოძეთ გითხრათ, რომ მე-18 გვერდზე მოცემულ სურათზე ასირიის მეფე ასურბანიფალის ნაცვლად ასარხადონია გამოსახული.

ა. უ. (გერმანია).

„გამოიღვიძეთ!“-ის პასუხი: დიდი მადლობა ამ მითითებისთვის. როგორც „წმინდა წერილების საკვლევ ცნობარში“ (ტომი I, გვ. 757 [ინგლ.]) * ვკითხულობთ, ასარხადონი ასურეთის მეფის სინახერიბის უმცროსი ვაჟი და მისი მემკვიდრე იყო.

მაიას ტომის საოცარი კალენდარი (8 აპრილი, 2005 [რუს.]). ამ სტატიამ აღმძრა, ეს საკითხი ინტერნეტში გამომეკვლია. შედეგად აღმოვაჩინე, რომ მაიას ტომის კალენდარსა და ასტროლოგიას შორის მჭიდრო კავშირი არსებობს. ჩემი აზრით, ამგვარმა სტატიებმა შეიძლება მკითხველი ასტროლოგიითა და მაგიით დააინტერესოს.

ჯ. კ. (პოლონეთი).

„გამოიღვიძეთ!“–ის პასუხი: „გამოიღვიძეთ!“–ის მე–4 გვერდზე აღნიშნულია, რომ ეს ჟურნალი „გვაწვდის მრავალფეროვან ინფორმაციას, მოგვითხრობს სხვადასხვა ხალხზე, იკვლევს რელიგიასა და მეცნიერებას“. ეს სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ყველაფერს ვეთანხმებით. პატარა სტატია, რომელზეც თქვენ საუბრობთ, მაიას ტომს ეხება. სტატიაში მოვიხსენიეთ, რომ ამ ტომმა დროის გამოთვლის საშუალებით საოცრად ზუსტი კალენდრის შექმნა შეძლო. ის ფაქტი, რომ ეს კალენდარი მკითხაობისთვის გამოიყენებოდა, რასაც სტატიაც აღნიშნავს, არ უბიძგებს მკითხველს, დაინტერესდეს ასტროლოგიით.

დროდადრო ჩვენ ვიღებთ მსგავს შეკითხვებს ჩვენს პუბლიკაციებში მოცემულ ილუსტრაციებთან დაკავშირებით. კერპების, რელიგიური სიმბოლოების ან სპრიტიზმის საგნების ილუსტრაციები ცნობისმოყვარეობის აღსაძვრელად არ გამოიყენება. პირიქით, ის აღძრავს მკითხველს, გათავისუფლდეს მისტიკური შეხედულებებისგან და გარკვეულწილად აფრთხილებს მას, არ იქონიოს ამასთან არავითარი საერთო. მკითხველთა წერილებში არაერთი კომენტარი გაკეთებულა იმასთან დაკავშირებით, რომ ასეთმა სტატიებმა სასიკეთო გავლენა მოახდინა მკითხველზე.

[სქოლიოები]

^ აბზ. 10 გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.