არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

პიროვნებაა წმინდა სული?

პიროვნებაა წმინდა სული?

ბიბლიის თვალსაზრისი

პიროვნებაა წმინდა სული?

რა არის ღვთის წმინდა სული? ბიბლიის პირველივე თავში ნათქვამია, რომ წმინდა სული (ასევე ნათარგმნია როგორც „ღვთის მოქმედი ძალა“) „იძვროდა წყლის პირზე“ (დაბადება 1:2). იესოს ნათლობის აღწერისას, ბიბლია ამბობს, რომ წმინდა სული „იესოზე მტრედის სახით ეშვებოდა“, იმ დროს, როცა ღმერთი ზეცაში იყო (მათე 3:16, 17). ამას გარდა, იესომ წმინდა სულს „დამხმარე“ უწოდა (იოანე 14:16).

ამ და ბიბლიის სხვა მონაკვეთების საფუძველზე ზოგი ასკვნის, რომ წმინდა სული პიროვნებაა, ისევე როგორც ღმერთი, იესო და ანგელოზები. უკვე საუკუნეებია, რაც ქრისტიანული სამყაროს გავლენიანი მიმდინარეობები მხარს უჭერენ იმ აზრს, რომ წმინდა სული პიროვნებაა. მიუხედავად ამისა, ბევრი მორწმუნე ეჭვის თვალით უყურებს ამ დოქტრინას; ზოგს თავიანთი რელიგიური წინამძღოლებისგან განსხვავებული აზრიც კი აქვს. მაგალითად, ერთი გამოკვლევის თანახმად, გამოკითხულთა 61 პროცენტი თვლის, რომ ღვთის სული არის „ადამიანებთან ღვთის ყოფნის სიმბოლო ან ძალა, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ცოცხალი არსება“. რას ამბობს ბიბლია ამ საკითხზე?

რას გვეუბნება ბიბლია?

ბიბლიის გულწრფელი მკითხველი უსათუოდ მივა იმ დასკვნამდე, რომ წმინდა სული არ არის პიროვნება, როგორც ამას ქრისტიანული რელიგიები ასწავლიან. განვიხილოთ რამდენიმე ბიბლიური მუხლი.

1. როდესაც მარიამი, იესოს დედა, ესტუმრა თავის ნათესავ ელისაბედს, რომელიც ფეხმძიმედ იყო, როგორც ბიბლია ამბობს, მას ჩვილი შეუთამაშდა მუცელში და „ელისაბედი წმინდა სულით აღივსო“ (ლუკა 1:41). განა ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ პიროვნება ‘აღივსებოდა’ სხვა პიროვნებით?

2. იესოს შესახებ იოანე ნათლისმცემელმა თავის მოწაფეებს უთხრა: „მე წყლით გნათლავთ . . . მაგრამ ჩემ შემდეგ მომავალი ჩემზე ძლიერია. მე იმის ღირსიც კი არა ვარ, რომ მას სანდლები გავხადო. ის წმინდა სულით . . . მოგნათლავთ“ (მათე 3:11). იოანე ნამდვილად არ იგულისხმებდა წმინდა სულში პიროვნებას, რადგან ის წმინდა სულით ადამიანების მონათვლაზე ლაპარაკობდა.

3. რომის ასისთავთან სტუმრობისას მოციქულმა პეტრემ აღნიშნა, რომ ღმერთმა იესოს „სცხო . . . წმინდა სული და მისცა ძალა“ (საქმეები 10:38). ამის შემდეგ ცოტა ხანში, „წმინდა სული გადმოვიდა ყველაზე“, ვინც ასისთავის სახლში იყო შეკრებილი. როგორც ბიბლია მოგვითხრობს, ბევრი გააოცა იმან, რომ „უცხოტომელებსაც მიეცათ უანგარო ძღვენი, წმინდა სული“ (საქმეები 10:44, 45). ბიბლიის მოცემულ მონაკვეთში მოხსენიებულ ფრაზებშიც არ არის საუბარი იმის შესახებ, რომ წმინდა სული პიროვნებაა.

ღვთის სიტყვაში ხშირად ვხვდებით გაპიროვნების შემთხვევებს. მაგალითად, გაპიროვნებულია სიბრძნე, გამჭრიახობა, ცოდვა, სიკვდილი და წყალობა (იგავები 8:1—9:6; რომაელები 5:14, 17, 21; 6:12). ერთხელ თავად იესომ თქვა, რომ „სიბრძნის სიმართლეს კი მისი ყველა შვილი [ანუ კარგი შედეგები] ამტკიცებს“ (ლუკა 7:35). ცხადია, სიბრძნე არ არის პიროვნება, რომელსაც პირდაპირი გაგებით შვილები ჰყავს! მსგავსად ამისა, არც წმინდა სულია პიროვნება მხოლოდ იმიტომ, რომ ზოგ ადგილას ის გაპიროვნებულია.

რა არის წმინდა სული?

ბიბლიიდან აშკარად ვხედავთ, რომ ღვთის წმინდა სული არის მისი მოქმედი ძალა. აქედან გამომდინარე, ბიბლიის ებრაულ ტექსტზე დაფუძნებული ზუსტი თარგმანი ღვთის წმინდა სულს „ღვთის მოქმედ ძალად“ თარგმნის (დაბადება 1:2, აქ). ამ აზრს მხარს უჭერს სხვა ბიბლიური მუხლებიც (მიქა 3:8; ლუკა 1:35; საქმეები 10:38).

გავრცელებული შეხედულების საპირისპიროდ, ღმერთი არ არის ყველგან არსებული. მას სულიერ სფეროში აქვს „სამყოფელი“ (3 მეფეთა 8:39; 2 ნეშტთა 6:39). ბიბლიაში ასევე მოხსენიებულია კონკრეტული ადგილი, სადაც ღმერთს აქვს „ტახტი“ (3 მეფეთა 22:19; ესაია 6:1; დანიელი 7:9; გამოცხადება 4:1—3). მიუხედავად ამისა, მას შეუძლია წმინდა სული თავისი სამყოფელიდან მიავლინოს სულიერი თუ ფიზიკური სფეროს ნებისმიერ წერტილში (ფსალმუნები 138:7).

1879 წელს ბიბლეისტმა ჩარლზ ივზმა შესანიშნავად აღწერა მაგალითის მეშვეობით, თუ როგორ იყენებს ღმერთი ძალას თავისი სამყოფელიდან. ის წერდა: «ჩვეულებრივ ვამბობთ: „გახსენი დარაბები, რომ ოთახში მზე შემოვიდეს“. ამ დროს, სინამდვილეში, მზისგან მომდინარე სხივებს ვგულისხმობთ და არა სიტყვასიტყვით მზეს». მსგავსად ამისა, ღმერთი არ საჭიროებს მისვლას ყველა იმ ადგილას, სადაც სურს წმინდა სულით მოქმედება. ის იყენებს წმინდა სულს, რომელსაც შეუძლია მიაღწიოს მატერიალური სამყაროს ნებისმიერ ადგილამდე. დიახ, ღვთის წმინდა სული მისი მოქმედი, უძლიერესი ძალაა. ამის ცოდნა გვმატებს იმის რწმენას, რომ იეჰოვა შეასრულებს თავის დაპირებებს.

გიფიქრიათ?

ასწავლის ბიბლია, რომ წმინდა სული პიროვნებაა? (საქმეები 10:44, 45).

▪ რა არის წმინდა სული? (დაბადება 1:2).

▪ სადამდე შეუძლია ღვთის წმინდა სულს მიღწევა? (ფსალმუნები 138:7).