უიმედობიდან ბედნიერებამდე
უიმედობიდან ბედნიერებამდე
მოგვითხრო ვისენტე გონსალესმა
როდესაც მეზობლებმა გაიგეს, რომ ოთხი ტყვია დავიხალე, მაგრამ გადავრჩი, „სუპერმენი“ შემარქვეს. მაგრამ სუპერმენი ნამდვილად არ ვიყავი. ნება მიბოძეთ, მოგითხროთ, რატომ გადავწყვიტე თავის მოკვლა.
დავიბადე 1951 წელს ქალაქ გუაიაკილში (ეკვადორი). ჩემს მშობლებს ჩემი ჩათვლით ცხრა შვილი ჰყავდათ. მშობლები ზღვასთან ახლოს მდებარე ტერიტორიაზე გადავიდნენ საცხოვრებლად. ღარიბები აქ არალეგალურად სახლდებოდნენ. ისინი ბამბუკისგან აგებდნენ სახლებს, რომლებსაც დაღარული რკინით ხურავდნენ. ტალახსა და მანგროს ჭაობებში აგებულ სახლებს ქვემოდან ხიმინჯებს (ხის ბოძებს) უდგამდნენ. ელექტრობა არ გვქონდა. საჭმელს ნახშირის ღუმელზე ვამზადებდით და სასმელი წყლის მოსატანად ყოველდღე ერთ კილომეტრს გავდიოდით.
ჩემი უფროსი და–ძმები ჯერ კიდევ მოზარდები იყვნენ, როცა ოჯახის დასახმარებლად მუშაობა დაიწყეს. 16 წლის ასაკში სკოლიდან გამოვედი და ქარხანაში დავიწყე კურიერად მუშაობა. მე და ჩემმა მეგობრებმა სმა დავიწყეთ და უზნეო ცხოვრებას მივყავით ხელი. როცა სინდისმა შემაწუხა, მღვდელთან მივედი აღსარების სათქმელად. „შვილო ჩემო, კარგია, რომ ცოდვები აღიარე“, — მითხრა მღვდელმა და სახლში ისე გამიშვა, სულიერი დახმარება არ აღმოუჩენია. მე კვლავ ვაგრძელებდი ცოდვიან ცხოვრებას, შემდეგ კი აღსარებისთვის მღვდელთან მივდიოდი. დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ აღსარების თქმა არაფერს მშველოდა და შევწყვიტე ეკლესიაში სიარული. ამ დროს ფიქრი დავიწყე იმაზე, თუ როგორი უსამართლობა იყო ირგვლივ გამეფებული. ღარიბებს არსებობისთვის ბრძოლა უწევდათ, მაშინ როცა მდიდრები, რომლებიც უმცირესობას შეადგენდნენ, ფუფუნებაში ცხოვრობდნენ. ჩემთვის ცხოვრებამ აზრი დაკარგა; მომავლის ყოველგვარი იმედი გადამეწურა.
ერთ დღეს შევნიშნე, რომ ჩემი ოთხი და იეჰოვას მოწმეების მიერ გამოცემულ პუბლიკაციებს კითხულობდა. მეც დავიწყე ამ პუბლიკაციების კითხვა. ჩემი ყურადღება განსაკუთრებით მიიპყრო წიგნმა „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი ჭეშმარიტება“. მასში ბევრი ბიბლიური საკითხი ლოგიკურად იყო ახსნილი. „ეს ჭეშმარიტებაა“, — ვუთხარი საკუთარ თავს. მაგრამ, როგორც შემდგომმა 15 წელმა მიჩვენა, ჭეშმარიტების თანახმად ცხოვრება ძალიან რთული იყო.
22 წლის ასაკში ბანკში დავიწყე მუშაობა. ერთხელ თანამშრომელმა მიჩვენა, თუ ჩუმად როგორ „სესხულობდა“ ფულს ბანკიდან და მოგვიანებით „სესხს“ როგორ აბრუნებდა. მეც დავიწყე „სესხის“ აღება. ბოლოს ეს თანხა ისე გაიზარდა, რომ დანაშაულის დაფარვა შეუძლებელი იყო. საშინელ დეპრესიაში ჩავვარდი, რადგან ვგრძნობდი, რომ ვალს ვერასოდეს გადავიხდიდი. გადავწყვიტე, დანაშაული მეღიარებინა, მერე კი ცოდვის გამოსასყიდად თავი მომეკლა.
მას შემდეგ, რაც ბანკში წერილი გავგზავნე, წვრილკალიბრიანი პისტოლეტი ვიყიდე, სანაპიროზე ხალხისგან მოშორებულ ადგილას წავედი და ორი ტყვია თავში დავიხალე, ორი კი გულმკერდში. მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ თავს სერიოზული ჭრილობები მივაყენე, ცოცხალი გადავრჩი. ერთმა კაცმა, რომელმაც ველოსიპედით გამოიარა, ძირს დაგდებული მიპოვა და
სასწრაფოდ წამიყვანა საავადმყოფოში. გამოჯანმრთელების შემდეგ გამასამართლეს და ციხეში ჩამსვეს. საპატიმროდან გამოსვლის მერე დეპრესიაში ჩავვარდი და მრცხვენოდა, რომ ნასამართლევი ვიყავი. მეზობლებმა „სუპერმენი“ შემარქვეს, რადგან ოთხი ტყვიით მიყენებული ჭრილობის მიუხედავად გადავრჩი.მეძლევა ცხოვრების შეცვლის შესაძლებლობა
დაახლოებით ამ პერიოდში სახლში მომაკითხა იეჰოვას მოწმემ, პაულ სანჩესმა, რომელიც მისიონერად მსახურობდა. პირველი, რაც შევნიშნე, მისი ღიმილი იყო. პაული იმდენად ბედნიერი და ოპტიმისტი ჩანდა, რომ მაშინვე დავთანხმდი ბიბლიის შესწავლაზე. ჩემთვის გავიფიქრე: „იქნებ პაული მეც დამეხმაროს ბედნიერების პოვნასა და სიცოცხლის აზრის შეძენაში“.
პაულის დახმარებით გავიგე, რომ იეჰოვა ღმერთს აქვს განზრახვა ადამიანებთან დაკავშირებით და ისინი, ვისაც უყვარს ღმერთი და ემორჩილება მას, სამოთხეში იცხოვრებენ დედამიწაზე (ფსალმუნები 36:29). ისიც შევიტყვე, რომ უსამართლობასა და სიღარიბეში ღმერთი არ არის დამნაშავე, და ეს იმის შედეგია, რომ ადამიანები ღვთის წინააღმდეგ წავიდნენ (მეორე რჯული 32:4, 5). ჭეშმარიტების გაგებამ თვალები ამიხილა. მაგრამ საკუთარი თავის შეცვლა უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე ბიბლიის შესწავლა.
ამასობაში სამსახური ვიშოვნე. ჩემს მოვალეობაში შედიოდა კომპანიის საფინანსო საქმეების წარმოება. ცდუნებას ვერც აქ გავუძელი და ფულის მოპარვა დავიწყე. როცა მივხვდი, რომ ამის დამალვა შეუძლებელი იყო, ეკვადორის სხვა ქალაქში გავიქეცი. იქ დაახლოებით ერთი წელი დავყავი. ქვეყნის დატოვებას ვცდილობდი, მაგრამ უშედეგოდ. ბოლოს სახლში დავბრუნდი.
პაულმა ისევ მომაკითხა და ბიბლიის შესწავლა განვაახლეთ. ამჯერად მტკიცედ გადავწყვიტე, ცხოვრებაში გამომეყენებინა ბიბლიური პრინციპები და იეჰოვასთვის მემსახურა. ამან აღმძრა პაულისთვის მომეყოლა იმ უპატიოსნო ცხოვრების შესახებ, რასაც წარსულში ვეწეოდი. მან გულწრფელი რჩევა მომცა და ბიბლიიდან წამიკითხა ეფესოელების 4:28, სადაც ნათქვამია: „ვინც იპარავდა, ნუღარ მოიპარავს, არამედ იშრომოს“. მივხვდი, რომ დანაშაული უნდა მეღიარებინა და პასუხი მეგო.
ამასობაში საკუთარი სახელოსნო გავხსენი და მხატვრობა დავიწყე. ერთხელ სახელოსნოში ერთი მამაკაცი მეწვია და ჩემი ნახატებით დაინტერესდა. ის დეტექტივი აღმოჩნდა და დაპატიმრების ორდენი მაჩვენა. კიდევ ერთხელ უნდა წარვმდგარიყავი სასამართლოს წინაშე და ციხეში ჩავმჯდარიყავი. როცა ციხეში პაულმა მომაკითხა, მას ვუთხარი: „ჩემ დასახმარებლად გაწეული შენი ძალისხმევა უკვალოდ არ ჩაივლის“. ბიბლიის შესწავლას ციხეშიც ვაგრძელებდით.
დავამტკიცე, რომ ნამდვილად მსურდა ღვთის მსახურება
როცა ციხიდან გამოვედი, გადავწყვიტე, მთელი გულით მემსახურა იეჰოვასთვის. შემდგომი ორი წლის განმავლობაში დავამტკიცე, რომ ნამდვილად მსურდა ღვთის მსახურება. 1988 წელს მოვინათლე და იეჰოვას მოწმე გავხდი. დაკარგული წლები რომ ამენაზღაურებინა, მაშინვე დავიწყე პიონერად მსახურება. განსაკუთრებით, ახალგაზრდული ბანდების წევრებთან ვქადაგებდი.
ერთი ბანდის წევრები სამეფო დარბაზის კედლებზე წარწერებს აკეთებდნენ. ვიცოდი, ვინ აკეთებდა ამას და მათ სახლში ვესტუმრე. მე ავუხსენი, თუ რა მიზნით ვიკრიბებოდით სამეფო დარბაზში. თავაზიანად ვთხოვე, რომ პატივი ეცათ ჩვენი ქონებისთვის. ამის შემდეგ სამეფო დარბაზის კედლებზე მათ აღარაფერი დაუწერიათ.
მოგვიანებით, როცა სამეფო დარბაზის გადაკეთებაზე ვმუშაობდით და ძველ საღებავს ვაშორებდით, ახალგაზრდა მოწმემ, სახელად ფერნანდომ, კედელზე ნახა წარწერა „გომბეშო“. „ეს ხომ მე დავწერე!“ — წამოიძახა მან. ფერნანდომ, რომელიც ადრე ერთ-ერთი ბანდის წევრი იყო, თავისი მეტსახელი სამეფო დარბაზის კედელზე წააწერა. ახლა კი წარწერას თავად შლიდა.
ფერნანდო ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იყო, როცა გავიცანი. დედამისმა ის ორ სამკურნალო ცენტრში გაგზავნა, მაგრამ უშედეგოდ. ბოლოს მან შვილის
გამოსწორების იმედი დაკარგა და სხვაგან გადავიდა საცხოვრებლად. ფერნანდომ, რაც კი ებადა, ყველაფერი გაყიდა, მათ შორის სახლის კარები, ფანჯრები და სახურავი, რათა ნარკოტიკები ეყიდა. ერთხელ მას ქუჩაში შევხვდი, გამაგრილებელი სასმელით გავუმასპინძლდი და ბიბლიის შესწავლა შევთავაზე. ჩემდა სასიხარულოდ, ის ბიბლიის შესწავლაზე დამთანხმდა. მან მიატოვა ბანდა, შეწყვიტა ნარკოტიკების მიღება და კრების შეხვედრებზე დაიწყო სიარული. ფერნანდო მალევე მოინათლა.როდესაც მე და ფერნანდო ერთად მივდიოდით კარდაკარ საქადაგებლად, ხალხი ხშირად გვცნობდა და გვეძახდა: „გომბეშო“ და „სუპერმენი“. ისინი გვეკითხებოდნენ, რატომ დავდიოდით კარდაკარ. ხალხი გაოგნებული იყო, როცა ბანდის ყოფილ წევრსა და ქურდს ბიბლიებით ხელში გვხედავდა.
ერთხელ, როცა ერთ კაცთან ვქადაგებდი, ფერნანდო მის მეზობელს ესაუბრებოდა. მან, ვისაც ველაპარაკებოდი, ფერნანდოზე მიმითითა და მითხრა: „ხედავ იმ ახალგაზრდას? ერთხელ მან თავზე იარაღი მომადო და მოკვლით მემუქრებოდა“. მე ვუთხარი, რომ ფერნანდომ მიატოვა ძველი ცხოვრება და ახლა ბიბლიური პრინციპების თანახმად ცხოვრობდა. როცა ფერნანდომ საუბარი დაასრულა, დავუძახე და მას გავაცანი. „ახალგაზრდა, მინდა შეგაქო, რომ ასე შეიცვალე“, — უთხრა მობინადრემ ფერნანდოს.
მე და ფერნანდო მსგავს შექებას ხშირად ვიღებდით. ეს კი დამოწმების შესანიშნავ შესაძლებლობას გვაძლევდა, რასაც ხშირად ბიბლიის შესწავლები მოჰყვებოდა. ჩემთვის და ფერნანდოსთვის დიდი პატივია, რომ იეჰოვას მოწმეები ვართ.
მნიშვნელოვანი ეტაპი ჩემს ცხოვრებაში
2001 წელს, 50 წლის ასაკში, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა პერუში მიმიწვიეს მსახურებაში დახელოვნების სკოლაში. ამ სკოლაში სტუდენტები რვა კვირის განმავლობაში საფუძვლიან სწავლებას იღებენ, რათა უფრო ეფექტურად იმსახურონ.
სკოლაში ყველაფერი სიხარულს მანიჭებდა, გარდა ერთისა — მოხსენებით გამოსვლა მაშინებდა. ბევრი ახალგაზრდა შესანიშნავად და დამაჯერებლად კითხულობდა თემებს. მაგრამ, როცა პირველად ავედი სცენაზე მოხსენების წასაკითხად, არასრულფასოვნების გრძნობა დამეუფლა, რაც ბავშვობიდან მაწუხებდა. ოფლმა დამასხა, მთელი სხეული მიკანკალებდა და ნერვიულობა ხმაზეც შემეტყო. მიუხედავად ამისა, იეჰოვამ წმინდა სულითა და მოსიყვარულე ძმების დახმარებით გამაძლიერა. ერთ-ერთმა ინსტრუქტორმა ჩემ მიმართ ყურადღება გამოავლინა და გაკვეთილის შემდეგ დავალებების მომზადებაში მეხმარებოდა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მან იეჰოვაზე მინდობა მასწავლა. კურსის დამთავრების შემდეგ პირველად ვიგრძენი, რომ აუდიტორიის წინაშე გამოსვლისას აღარ ვნერვიულობდი.
გუაიაკილში გამართულ იეჰოვას მოწმეთა კონგრესზე კიდევ ერთი გამოცდა მელოდა. 25 000 კაცის წინაშე მოვყევი, თუ როგორ გავხდი იეჰოვას მოწმე. განვიცდიდი, რომ ამდენი ხალხი უნდა გამემხნევებინა და ლაპარაკისას ხმა ამიკანკალდა. მოგვიანებით კონგრესის ერთ-ერთი დელეგატი მომიახლოვდა და მითხრა: „ძმაო გონსალეს, როცა შენს ისტორიას ყვებოდი, ყველა ტიროდა“. ყველაზე მეტად მინდოდა, ჩემი ისტორია მათთვის ყოფილიყო გამამხნევებელი, რომლებიც შესაძლოა საკუთარ თავს ებრძოდნენ წარსული ცხოვრების მისატოვებლად.
ახლა პიონერად და უხუცესად ვმსახურობ და მიხარია, რომ 16 ადამიანს დავეხმარე ბიბლიური ჭეშმარიტების საფუძვლიანი ცოდნის შეძენაში. ბედნიერი ვარ, რომ იეჰოვას ჩემმა მშობლებმა და ოთხმა დამაც მიუძღვნეს თავი. დედა სიკვდილამდე, 2001 წლამდე, ერთგულად ემსახურებოდა ღმერთს. ძალიან მადლიერი ვარ, რომ იეჰოვას გაცნობის შესაძლებლობა მომეცა. მადლიერების გამოხატვის საუკეთესო საშუალებად ის მიმაჩნია, რომ სხვებს მასთან დაახლოებაში დავეხმარო (იაკობი 4:8).
[სურათი 12 გვერდზე]
ფერნანდო, მეტსახელად „გომბეშო“, ყოფილი დამნაშავე, რომელსაც ბიბლიის შესწავლაში დავეხმარე.
[სურათი 12 გვერდზე]
პაულ სანჩესი, მისიონერი, რომელმაც ბიბლია შემასწავლა.
[სურათი 13 გვერდზე]
ვისენტე გონსალესი დღეს.