არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ევოლუციური მოძღვრება არის ის ფაქტებზე დაფუძნებული?

ევოლუციური მოძღვრება არის ის ფაქტებზე დაფუძნებული?

ევოლუციური მოძღვრება არის ის ფაქტებზე დაფუძნებული?

„ევოლუციური მოძღვრების ჭეშმარიტება ისეთივე უტყუარია, როგორც ის, რომ მზე სითბოს გამოსცემს“, — ამტკიცებს ცნობილი ევოლუციონისტი, პროფესორი რიჩარდ დოკინსი. ექსპერიმენტები და უშუალო მეცნიერული დაკვირვებები აშკარად ცხადყოფს, რომ მზე სითბოს იძლევა. მაგრამ არსებობს ევოლუციის თეორიის დამადასტურებელი ასეთივე უტყუარი ფაქტები?

ამ კითხვაზე პასუხის გაცემამდე, საჭიროა ერთი რამის გაგება. მრავალმა მეცნიერმა შენიშნა, რომ გარკვეული დროის განმავლობაში სახეობის შიგნით შეიძლება მცირე ცვლილებები მოხდეს. ჩარლზ დარვინმა ამას „მოდიფიკაციური ცვალებადობა“ უწოდა. ასეთ ცვლილებებზე უშუალო დაკვირვება მოხდა, ექსპერიმენტებით დადასტურდა და მას სელექციონერები იყენებენ *. ეს ცვლილებები შეიძლება ფაქტად ჩაითვალოს. მაგრამ მეცნიერები მსგავს მცირე ცვლილებებს „მიკროევოლუციას“ უწოდებენ. როგორც ამ პროცესის სახელწოდებაც გვიჩვენებს, მრავალი მეცნიერი ამტკიცებს, რომ ეს ძალიან პატარა ცვლილებები ადასტურებს სრულიად განსხვავებული ფენომენის არსებობას, ფენომენისა, რომელზე დაკვირვებაც არავის უწარმოებია და, რომელსაც ისინი მაკროევოლუციას უწოდებენ.

როგორც ხედავთ, დარვინი საუბრობდა ისეთ ცვლილებებზე, რომლებზე დაკვირვებაც შეუძლებელი იყო. მან თავის ცნობილ წიგნში „სახეობათა წარმოშობა“ დაწერა: „მიმაჩნია, რომ ცოცხალი ორგანიზმები ცალკეულად კი არ წარმოიშვნენ, არამედ ისინი რამდენიმე შტოდან იღებენ სათავეს“. დარვინის სიტყვების თანახმად, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში საწყისმა „რამდენიმე შტომ“, ანუ სიცოცხლის უდაბლესმა ფორმებმა, ნელ–ნელა ევოლუცია განიცადეს და „მცირე მოდიფიკაციების“ შედეგად მილიონობით სხვადასხვა სახის ცოცხალ ორგანიზმს მისცეს დასაბამი. ევოლუციური მოძღვრების თანახმად, ეს მცირე ცვლილებები დაგროვდა და ისეთი დიდი ცვლილების მიზეზი გახდა, რომლის შედეგადაც თევზი ამფიბიად გადაიქცა, მაიმუნი კი ადამიანად. ასეთ დიდ ცვლილებებს მაკროევოლუცია უწოდეს. ბევრი ამგვარ განაცხადს ლოგიკურად მიიჩნევს. ისინი ფიქრობენ: „თუ სახეობის შიგნით ხდება მცირე ცვლილებები, რატომ არ შეიძლება, რომ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ევოლუციის შედეგად დიდი ცვლილებები მოხდეს?“ *

მაკროევოლუციის შესახებ მოძღვრება სამ ძირითად მოსაზრებაზეა დაფუძნებული:

1. მუტაციები აუცილებელი მასალაა, იმისათვის რომ ახალი სახეობები წარმოიქმნას *.

2. ბუნებრივი გადარჩევის შედეგად წარმოიქმნება ახალი სახეობები.

3. პალეონტოლოგია ადასტურებს, რომ მცენარეებმა და ცხოველებმა მაკროევოლუცია განიცადეს.

არსებობს მაკროევოლუციის დამადასტურებელი იმდენად უტყუარი მტკიცებები, რომ ეს პროცესი ფაქტად ჩაითვალოს?

წარმოიშობა მუტაციების შედეგად ახალი სახეობები?

მცენარისა და ცხოველის აგებულების შესახებ ინფორმაცია ჩადებულია გენეტიკურ კოდში, რომელიც თითოეული უჯრედის ბირთვშია მოთავსებული *. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მუტაციების, ანუ გენეტიკურ კოდში შემთხვევითი ცვლილებების, შედეგად ცხოველთა და მცენარეთა მომდევნო თაობებში ცვლილებები წარმოიქმნება. ნობელის პრემიის ლაურეატმა და მუტაციური გენეტიკის ფუძემდებელმა ჰერმან ჯოზეფ მალერმა 1946 წელს განაცხადა: „ამ მრავალი ცალკეული, ძირითადად, მცირე ცვლილებების დაგროვების შედეგად მოხდა არა მარტო ცხოველთა და მცენარეთა ჯიშების გაუმჯობესება, არამედ უფრო მეტიც, ამან ხელი შეუწყო ბუნებრივი გადარჩევის გზით ევოლუციური პროცესის განვითარებას“.

მაკროევოლუციის შესახებ მოძღვრება დაფუძნებულია თვალსაზრისზე, რომ მუტაციების შედეგად არა მარტო ახალი სახეობები, არამედ მცენარეთა და ცხოველთა სრულიად ახალი ოჯახები წარმოიქმნება. არსებობს ამ თვალსაზრისის დამადასტურებელი რაიმე საშუალება? განვიხილოთ, თუ რა ცხადყო გენეტიკის დარგში დაახლოებით 100 წლის განმავლობაში ჩატარებულმა კვლევებმა.

მე–20 საუკუნის 30–იანი წლების მიწურულს მეცნიერებმა აიტაცეს იდეა იმის შესახებ, რომ, თუ მცენარეებში შემთხვევით მომხდარი მუტაციების შედეგად ბუნებრივი გადარჩევის გზით ახალი სახეობები წარმოიშობოდა, მაშინ ხელოვნური გადარჩევის საშუალებით, ანუ ადამიანის ხელმძღვანელობით, ბევრად უფრო მეტის მიღწევა იქნებოდა შესაძლებელი. აი, რა უთხრა „გამოიღვიძეთ!“–ის კორესპონდენტს მაქს პლანკის სახელობის მცენარეთა სელექციის ინსტიტუტის (გერმანია) მეცნიერ–მუშაკმა ვოლფ–ეკეჰარდ ლიონინგმა: „ბიოლოგთა უმეტესობა, განსაკუთრებით კი გენეტიკოსები და სელექციონერები, ეიფორიამ მოიცვა“. რატომ? ლიონინგი, რომელიც მცენარეებში მუტაციებს დაახლოებით 28 წლის განმავლობაში სწავლობდა, ამბობს: „ეს მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ მცენარეთა და ცხოველთა სელექციაში რევოლუციური ცვლილებების დრო დადგა. მათ სჯეროდათ, რომ სასურველი მუტაციების სტიმულირებითა და გადარჩევით მცენარეთა და ცხოველთა ახალი, უკეთესი ჯიშების გამოყვანას შეძლებდნენ“ *.

შეერთებულ შტატებში, აზიასა და ევროპაში კარგად დაფინანსებული ექსპერიმენტების ჩატარება დაიწყეს. სელექციონერები ისეთ მეთოდებს იყენებდნენ, რომელთა საშუალებითაც დააჩქარებდნენ მცენარეთა და ცხოველთა ევოლუციას. რა შედეგები გამოიღო დაახლოებით 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ინტენსიურმა მეცნიერულმა კვლევებმა? მეცნიერი პიტერ ფონ სენგბუში ამბობს: „უზარმაზარი თანხების დახარჯვის მიუხედავად, რადიაციული მეთოდის გამოყენებით მზარდი პროდუქტიული ჯიშების გამოყვანის მცდელობა, კრახით დასრულდა“. ლიონინგმა თქვა: „მეცნიერების იმედები და ეიფორია 80–იანი წლებისთვის უკვე მთელ მსოფლიოში გაქრა. დასავლეთის ქვეყნებში უარი თქვეს იმაზე, რომ მუტაციური სელექცია მეცნიერების ცალკე დარგი ყოფილიყო. თითქმის ყველა მუტანტში „არასასურველი ცვლილებები შეინიშნა — ისინი ან კვდებოდნენ, ან თავიანთ გარეულ წინაპრებზე სუსტები იყვნენ“ *.

ახლა, როდესაც საერთოდ მუტაციების შესწავლიდან დაახლოებით 100 წელი, ხოლო მუტაციური სელექციის შესწავლიდან 70 წელი გავიდა, მეცნიერებს შეუძლიათ მუტაციების საშუალებით ახალი სახეობების წარმოქმნის თაობაზე დასკვნები გააკეთონ. ფაქტების გამოკვლევის შემდეგ ლიონინგი შემდეგ დასკვნამდე მივიდა: „შეუძლებელია მუტაციების შედეგად [მცენარისა თუ ცხოველის] ერთი სახეობა სრულიად ახალ სახეობად გარდაიქმნას. ეს დასკვნა შეესაბამება იმ ექსპერიმენტებისა და მუტაციების მეცნიერული კვლევის შედეგებს, რომლებიც მთელი მეოცე საუკუნის განმავლობაში ტარდებოდა და, რომლებიც ასევე ეთანხმება ალბათობის თეორიას. ამგვარად, ცვალებადობის გამეორების შესახებ კანონი ცხადყოფს, რომ განსხვავებული გენეტიკური კოდის მქონე სახეობებს აქვთ ცვლილებათა შესაძლებლობის რეალური ფარგლები, რომელთა გადალახვაც შემთხვევითი მუტაციებით შეუძლებელია“.

ვნახოთ, რაზე მეტყველებს ზემოთ მოყვანილი ფაქტები. თუ ხელოვნური სტიმულირებითა და სასურველი მუტაციების გადარჩევით დახელოვნებულ მეცნიერებს არ შეუძლიათ ახალი სახეობების მიღება, არის ლოგიკური დავასკვნათ, რომ ბრმა პროცესით შესაძლებელია უკეთესი შედეგების მიღწევა? თუ გამოკვლევები იმას ცხადყოფს, რომ მუტაციების შედეგად შეუძლებელია ერთი სახეობის მეორედ გარდაქმნა, მაშინ როგორღა მოხდა მაკროევოლუცია?

წარმოიშობა ბუნებრივი გადარჩევის გზით ახალი სახეობები?

დარვინს სწამდა, რომ ბუნებრივი გადარჩევისას გარემო პირობებისადმი საუკეთესოდ შეგუებული ინდივიდები გადარჩებოდნენ, ხოლო ნაკლებად შეგუებულნი — დაიხოცებოდნენ. თანამედროვე ევოლუციური მოძღვრების თანახმად, სახეობების სხვადასხვა არეალში გავრცელებისა და იზოლაციის შემდეგ, ბუნებრივი გადარჩევის შედეგად გადარჩებიან ის ინდივიდები, რომლებიც მუტაციების წყალობით ახალ საარსებო გარემოს საუკეთესოდ არიან შეგუებულნი. ამგვარად, ევოლუციონისტები აცხადებენ, რომ იზოლირებული ინდივიდები საბოლოოდ სრულიად ახალ სახეობებად იქცევიან.

როგორც ზემოთ აღინიშნა, გამოკვლევებმა თვალნათლივ ცხადყო, რომ მუტაციების შედეგად შეუძლებელია სხვა მცენარისა თუ ცხოველის წარმოშობა. მაშინ, რა მტკიცებები მოჰყავთ ევოლუციონისტებს იმ განაცხადის დასამტკიცებლად, რომ ბუნებრივი გადარჩევის გზით ხდება სასარგებლო ცვლილებების გადარჩევა და, შედეგად, ახალი სახეობების წარმოშობა? შეერთებული შტატების მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მიერ 1999 წელს გამოცემულ ბროშურაში ნათქვამია: „სახეობათა წარმოქმნის [ახალ სახეობათა ევოლუციის] საინტერესო მაგალითია მთიულების 13 სახეობა, რომლებიც დარვინმა გალაპაგოსის კუნძულებზე შეისწავლა; ეს მთიულები დღეს დარვინის მთიულების სახელით არის ცნობილი“.

70–იან წლებში მკვლევართა ჯგუფმა, რომელსაც სათავეში პიტერ და როზმარ გრანტები ედგნენ, დაიწყო ამ მთიულების შესწავლა და აღმოაჩინა, რომ გვალვიანი წლის შემდეგ უფრო ის მთიულები გადარჩნენ, რომლებსაც ოდნავ დიდი ნისკარტი ჰქონდათ, ვიდრე ისინი, რომლებსაც ნისკარტი შედარებით პატარა ჰქონდათ. თუმცა ნისკარტის ფორმა და ზომაა იმის ერთ–ერთი ძირითადი განმსაზღვრელი ნიშანი, 13–დან თუ რომელ სახეობას მიეკუთვნება რომელიმე მთიულა, ეს აღმოჩენა მაინც ძალიან მნიშვნელოვნად ჩაითვალა. „გრანტების შეფასებით, — განაგრძობს იგივე ბროშურა, — თუ გვალვა დაახლოებით ყოველ 10 წელიწადში ერთხელ გამეორდება, დაახლოებით ორასი წლის შემდეგ შეიძლება მთიულების ახალი სახეობა წარმოიშვას“.

მაგრამ ამ ბროშურაში მოხსენიებული არ არის ზოგიერთი მნიშვნელოვანი და ევოლუციონისტებისთვის საჩოთირო ფაქტი. გვალვის შემდგომ წლებში პოპულაციაში კვლავ იმატა პატარა ნისკარტის მქონე მთიულების რიცხვმა და დიდი ნისკარტის მქონეთა რიცხვს გადააჭარბა. ასე რომ, პიტერ გრანტი და ასპირანტი ლილე გიბსონი 1987 წელს მეცნიერულ ჟურნალ „ბუნებაში“ წერდნენ, „თუ როგორ შეიცვალა საპირისპირო მიმართულებით სელექციონერების მიერ აღებული კურსი“. 1991 წელს გრანტი წერდა, რომ კლიმატის ცვლილების შესაბამისად „პოპულაციის რიცხვობრიობა, რომელზეც ბუნებრივი გადარჩევა მოქმედებდა, ხან მატულობდა და ხან კლებულობდა“. მეცნიერებმა აგრეთვე შენიშნეს, რომ ზოგი განსხვავებული „სახეობის მთიულები ერთმანეთს ეჯვარებოდნენ და წარმოქმნიდნენ შთამომავლობას, რომლებსაც მშობლებთან შედარებით გადარჩენის მეტი უნარი ჰქონდათ. პიტერ და როზმარ გრანტებმა დაასკვნეს, რომ, თუ შეჯვარება კვლავაც გაგრძელდებოდა, 200 წელიწადში მთიულების ორი „სახეობის“ ერთმანეთთან შერწყმის შედეგად მხოლოდ ერთი წარმოიშობოდა.

1966 წელს ჯორჯ კრისტოფერ უილიამზი წერდა: „სამწუხაროა, რომ ბუნებრივი გადარჩევის შესახებ თეორია თავიდან ევოლუციური ცვლილებების ასახსნელად გამოიყენეს. სინამდვილეში კი ეს თეორია იმ ცვლილებების შენარჩუნების ასახსნელად უნდა გამოვიყენოთ, რომლებიც ადაპტაციისთვის არის საჭირო“. ევოლუციონისტმა ჯეფრი შვარცმა 1999 წელს დაწერა, რომ, თუ უილიამზის მიერ გამოტანილი დასკვნა სწორია, მაშინ ბუნებრივი გადარჩევა სახეობებს ცვალებად გარემოსთან შეგუებაში დაეხმარება და „არა რაიმე ახლის წარმოშობაში“.

მართლაც, დარვინის მთიულებიდან ‘რაიმე ახალი’ არ წარმოშობილა. ისინი დღემდე მთიულებად დარჩნენ. და ის ფაქტი, რომ ამ მთიულებში ერთმანეთთან შეჯვარება ხდება, ეჭვქვეშ აყენებს კლასიფიკაციას, რომელსაც ზოგი ევოლუციონისტი იყენებს. გარდა ამისა, ფაქტები ცხადყოფს, რომ პრესტიჟული სამეცნიერო აკადემიებიც კი არ იძლევიან ობიექტურ მონაცემებს.

რას გვეუბნება პალეონტოლოგია მაკროევოლუციასთან დაკავშირებით?

ზემოთ მოხსენიებული მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მიერ გამოცემული ბროშურა მკითხველს ისეთ შთაბეჭდილებას უქმნის, რომ პალეონტოლოგია მაკროევოლუციის დამადასტურებელ საკმაოდ ბევრ ფაქტს გვაწვდის. მასში ნათქვამია: „იმდენად ბევრი შუალედური ფორმებია ნაპოვნი თევზებსა და ამფიბიებს, ამფიბიებსა და ქვეწარმავლებს, ქვეწარმავლებსა და ძუძუმწოვრებს, პრიმატებსა და მათ შთამომავლებს შორის, რომ ხშირად რთულია, განისაზღვროს, სად გადის ზღვარი სახეობებს შორის“.

ასეთი გულდაჯერებული განაცხადი განცვიფრებას იწვევს. რატომ? 2004 წელს „ნეშნლ ჯიოგრეფიკში“ აღნიშნული იყო, რომ პალეონტოლოგიური მონაცემები ჰგავს „ევოლუციის შესახებ ფილმს, რომელშიც ყოველი 1 000 კადრიდან 999 დაკარგული ან ამოჭრილია“. არის ათასიდან ერთი „კადრი“ იმის დამადასტურებელი, რომ მაკროევოლუცია ნამდვილად მოხდა? რას ცხადყოფს სინამდვილეში პალეონტოლოგია? ნაილს ელდრიჯი, თავგამოდებული ევოლუციონისტი, აღიარებს, რომ პალეონტოლოგიური მონაცემების თანახმად, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში „უმეტეს სახეობებში მცირე ან თითქმის არავითარი ევოლუციური ცვლილებები არ გროვდება“.

დღეისათვის მთელ მსოფლიოში მეცნიერებმა არქეოლოგიური გათხრების შედეგად 200 მილიონი დიდი და მილიარდობით მცირე ნაშთი აღმოაჩინეს. მრავალი მეცნიერის აზრით, ეს უზარმაზარი, მრავალი წვრილმანის შემცველი მასალა ცხადყოფს, რომ ცხოველთა ყველა დიდი ჯგუფი ერთბაშად ჩნდებოდა და, ფაქტობრივად, უცვლელი რჩებოდა; მრავალი სახეობა კი ისევე სწრაფად ქრებოდა, როგორც გაჩნდა. პალეონტოლოგების მიერ მოწოდებული მტკიცებების განხილვის შემდეგ ბიოლოგი ჯონათან უელსი წერს: „როგორც ჩანს, სამეფოს, ტიპისა და კლასის დონეზე მოდიფიკაციის საშუალებით ცოცხალ ორგანიზმთა საერთო წინაპრიდან წარმოშობა, სულაც არ არის მეცნიერულად დადასტურებული ფაქტი. პალეონტოლოგიური და მოლეკულური მონაცემების თანახმად, ის კარგად დასაბუთებული თეორიაც კი არ არის“.

ევოლუცია — ფაქტია თუ მითი?

რატომ ამტკიცებს მრავალი ცნობილი ევოლუციონისტი, რომ მაკროევოლუცია ფაქტია? მას შემდეგ, რაც ცნობილმა ევოლუციონისტმა რიჩარდ ლევონტინმა მკაცრად გააკრიტიკა რიჩარდ დოკინსის სიტყვები, დაწერა, რომ მრავალი მეცნიერი მზად არის, დაეთანხმოს ისეთ მეცნიერულ მტკიცებებს, რომლებიც საღ აზრს ეწინააღმდეგება, მხოლოდ „იმიტომ, რომ ყოველთვის მატერიალიზმს უჭერდა მხარს“ *. ბევრი მეცნიერი არც კი უშვებს გონიერი შემოქმედის არსებობის ალბათობას, როგორც ამას აღნიშნავს ლევონტინი: „ჩვენ ყველანაირად გამოვრიცხავთ შემოქმედების იდეას“.

ამასთან დაკავშირებით „საიენტიფიკ ამერიკენში“ მოყვანილია სოციოლოგ როდნი სტარკის სიტყვები: „უკვე 200 წელია, რაც გაბატონდა აზრი იმის შესახებ, რომ თუ გსურს მეცნიერი იყო, გონება რელიგიის გავლენისგან თავისუფალი უნდა გქონდეს“. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ კვლევით ინსტიტუტებში „მორწმუნეები ცდილობენ, ღმერთზე არ ილაპარაკონ“, ხოლო „ურწმუნოები მორწმუნეებს დისკრიმინაციას უწევენ“. სტარკის სიტყვების თანახმად, „[მეცნიერთა საზოგადოების] მაღალ ეშელონებში საამაყოა, იყო ურწმუნო“.

თუ გჯერათ, რომ მაკროევოლუციის შესახებ მოძღვრება ჭეშმარიტია, ალბათ, ისიც გჯერათ, რომ სწავლულების მიერ მეცნიერული ფაქტების ახსნაზე გავლენას არ ახდენს მათი აგნოსტიკური თუ ათეისტური შეხედულებები. თქვენი აზრით, ალბათ, რთული ცოცხალი ორგანიზმები მუტაციებისა და ბუნებრივი გადარჩევის შედეგად წარმოიშვა, თუმცა მთელი საუკუნის განმავლობაში ჩატარებული გამოკვლევებიდან — მილიარდობით მუტაციის შესწავლიდან — ჩანს, რომ არც ერთი სახეობისგან არ წარმოშობილა სრულიად ახალი სახეობა. ალბათ, გჯერათ, რომ ნებისმიერი ინდივიდი დროთა განმავლობაში ერთი საერთო წინაპრიდან წარმოიშვა, თუმცა პალეონტოლოგია აშკარად გვიჩვენებს, რომ სხვადასხვაგვარი მცენარეები და ცხოველები ერთბაშად გაჩნდნენ და ძალიან დიდი დროის განმავლობაშიც კი ევოლუცია არ განუცდიათ. არის ასეთი შეხედულება გონივრული და ფაქტებზე დაფუძნებული? თუ მსგავსი მოსაზრება მითზეა აგებული?

[სქოლიოები]

^ აბზ. 3 სელექციონერებს შეუძლიათ ისე შეაჯვარონ ძაღლები, რომ საბოლოოდ ამ ძაღლებს მოკლე ფეხები ან უფრო გრძელი ბალანი ჰქონდეთ, ვიდრე მათ წინაპრებს. მაგრამ ამ ცვლილებათა გამო ხშირად გარკვეული გენი თავის ფუნქციას კარგავს. მაგალითად, ტაქსას პატარა ზომა განპირობებულია იმით, რომ ხრტილოვანი ქსოვილი ნორმალურად არა აქვს განვითარებული.

^ აბზ. 4 ამ სტატიაში ხშირად გვხვდება სიტყვა „სახეობა“, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ეს სიტყვა ბიბლიის წიგნ „დაბადებაში“ არ გვხვდება; მასში გამოყენებულია უფრო მეტის მომცველი სიტყვა. ხშირად ის, რასაც მეცნიერები ახალი სახეობების ევოლუციას უწოდებენ, უბრალოდ, არის ცოცხალ ორგანიზმთა თავიანთი „გვარისამებრ“ გამრავლების შედეგად სახეობის შიგნით წარმოქმნილი ცვლილებები.

^ აბზ. 6 იხილეთ ჩარჩო „ცოცხალ ორგანიზმთა კლასიფიკაცია“.

^ აბზ. 11 გამოკვლევები ცხადყოფს, რომ ცოცხალი ორგანიზმის ფორმირებაზე გავლენას ახდენს უჯრედის ციტოპლაზმა, მემბრანები და სხვა სტრუქტურები.

^ აბზ. 13 ამ სტატიაში ლიონინგი საკუთარ აზრს გამოხატავს და ის ამას პლანკის სახელობის მცენარეთა სელექციის ინსტიტუტის მეცნიერ–მუშაკთა მთელი კოლექტივის სახელით არ ლაპარაკობს.

^ აბზ. 14 მუტაციებთან დაკავშირებით მრავალმა ექსპერიმენტმა ცხადყო, რომ ახალი მუტაციების წარმოქმნის რაოდენობა მყარად კლებულობდა, მაშინ როდესაც, ერთი და იმავე სახის მუტანტების წარმოქმნა რეგულარულად მეორდებოდა. ლიონინგმა ყოველივე ამის საფუძველზე „ცვალებადობის გამეორების კანონი“ ჩამოაყალიბა. გარდა ამისა, დღეს უკვე მუტაციის შედეგად გამოყვანილ მცენარეთა ერთ პროცენტზე ნაკლებს ირჩევენ შემდგომი გამოკვლევებისთვის და ამ უკანასკნელთაგან ერთ პროცენტზე ნაკლებს მიიჩნევენ კომერციული მიზნით გამოყენებისთვის ვარგისად. რაც შეეხება, მუტანტურ ცხოველებს, აქ შედეგები უარესი იყო, ვიდრე მცენარეებში, რის გამოც ამ მეთოდზე მთლიანად უარი თქვეს.

^ აბზ. 29 „მატერიალიზმში“ აქ ნაგულისხმებია ფილოსოფიური მოძღვრება, რომლის თანახმადაც მატერია არის ერთადერთი ფუნდამენტური რეალობა და, რომ ყველაფერი სამყაროში, მათ შორის სიცოცხლის ნებისმიერი ფორმა, ყოველგვარი ზებუნებრივი ჩარევის გარეშე გაჩნდა.

[ჩანართი 15 გვერდზე]

„შეუძლებელია მუტაციების შედეგად [მცენარისა თუ ცხოველის] ერთი სახეობა სრულიად ახალ სახეობად გარდაიქმნას“.

[ჩანართი 16 გვერდზე]

დარვინის მთიულების მაგალითიდან ჩანს, რომ სახეობებს შეუძლიათ ცვალებად კლიმატურ პირობებს შეეგუონ.

[ჩანართი 17 გვერდზე]

პალეონტოლოგია ცხადყოფს, რომ ცხოველთა ყველა დიდი ჯგუფი ერთბაშად ჩნდებოდა და, ფაქტობრივად, უცვლელი რჩებოდა.

[ცხრილი 14 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

ცოცხალ ორგანიზმთა კლასიფიკაცია

ცოცხალ ორგანიზმთა კლასიფიკაცია იწყება სახეობებით და მთავრდება სამეფოთი *. მაგალითად, შეადარეთ ერთმანეთს ადამიანისა და დროზოფილას კლასიფიკაცია, რომელიც ქვემოთ არის მოყვანილი.

ადამიანი დროზოფილა

სახეობა sapiens melanogaster

გვარი Homo დროზოფილა

ოჯახი ჰომინადი Drosophilids

რიგი პრიმატები უორფრთიანები

კლასი ძუძუმწოვრები მწერები

ტიპი ქორდიანები ფეხსახსრიანები

სამეფო ცხოველები ცხოველები

[სქოლიო]

^ აბზ. 49 შენიშვნა: დაბადების პირველ თავში ნათქვამია, რომ მცენარეები და ცხოველები „მათი გვარისდა მიხედვით“ გამრავლდებოდნენ (დაბადება 1:12, 21, 24, 25). მაგრამ ბიბლიაში გამოყენებული სიტყვა „გვარი“ მეცნიერული ტერმინი არ არის და ბიოლოგიურ კლასიფიკაციაში არ უნდა აირიოს.

[საავტორო უფლება]

ცხრილი მოყვანილია ჯონათან უელსის წიგნიდან „Icons of Evolution—Science or Myth? Why Much of What We Teach About Evolution Is Wrong“.

[სურათები 15 გვერდზე]

მუტანტური დროზოფილა (ზემოთ) შეცვლილია, მაგრამ მაინც დროზოფილაა.

[საავტორო უფლება]

© Dr. Jeremy Burgess/Photo Researchers, Inc.

[სურათები 15 გვერდზე]

მცენარეების მუტაციური სელექციის შედეგები ისევ და ისევ იმაზე მეტყველებს, რომ ახალი მუტაციების რიცხვი განუწყვეტლივ მცირდება, მაშინ როდესაც ერთი და იმავე სახის მუტანტები რეგულარულად ჩნდებიან (აქ ნაჩვენებ მუტანტს უფრო დიდი ყვავილები აქვს).

[სურათის საავტორო უფლება 13 გვერდზე]

From a Photograph by Mrs. J. M. Cameron/ U.S. National Archives photo

[სურათის საავტორო უფლება 16 გვერდზე]

Finch heads: © Dr. Jeremy Burgess/ Photo Researchers, Inc.

[სურათის საავტორო უფლებები 17 გვერდზე]

Dinosaur: © Pat Canova/Index Stock Imagery; fossils: GOH CHAI HIN/AFP/Getty Images