არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რატომ უშვებს ღმერთი ტანჯვას?

რატომ უშვებს ღმერთი ტანჯვას?

რატომ უშვებს ღმერთი ტანჯვას?

ზოგჯერ, როცა ადამიანი კითხულობს „რატომ?“, მას მხოლოდ პასუხი კი არა, ნუგეშიც სჭირდება. ამ კითხვას ხშირად მაშინ სვამენ, როცა ცხოვრებაში დიდ დანაკლისს განიცდიან და ნუგეში სწყურიათ. ანუგეშებს ბიბლია ასეთ ადამიანებს? მოდი განვიხილოთ სამი მანუგეშებელი აზრი ბიბლიიდან.

ცუდი არაფერია იმაში, რომ ვიკითხოთ, რატომ უშვებს ღმერთი ტანჯვას. ზოგის აზრით, ამ კითხვის დასმა ღვთისადმი რწმენის ნაკლებობასა და უპატივცემულობაზე მეტყველებს. ამის საპირისპიროდ, თუ გულწრფელად გაინტერესებთ ამ კითხვაზე პასუხი, ამით არაფერს აშავებთ. ერთგულმა წინასწარმეტყველმა აბაკუმმაც ჰკითხა ღმერთს: „რატომ მაყურებინებ ასეთ საშინელ უსამართლობას? რატომ უშვებ, რომ ძალადობამ, უკანონობამ, ბოროტმოქმედებამ და სისასტიკემ ყველგან გაიდგას ფესვი?“ (აბაკუმი 1:3, „თანამედროვე ინგლისური თარგმანი“). იეჰოვა ღმერთმა არ უსაყვედურა აბაკუმს. პირიქით, მან იზრუნა, რომ ამ ერთგული ადამიანის კითხვები ბიბლიაში ჩაწერილიყო (რომაელები 15:4).

მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ ღმერთი თანაგვიგრძნობს გასაჭირში. ღმერთი არ არის მიუწვდომელი და იდუმალებით მოცული. ის „სამართლიანობის მოყვარულია“; მას სძულს ბოროტება და ბოროტებით გამოწვეული ტანჯვა (ფსალმუნი 37:28; იგავები 6:16—19). ნოეს დროს ღმერთს „გული ეტკინა“, რადგან დედამიწა სავსე იყო ძალადობით (დაბადება 6:5, 6). ღმერთი არ შეცვლილა; ის არ არის გულგრილი დღევანდელი მოვლენების მიმართ (მალაქია 3:6).

ღმერთი არასდროს იწვევს ბოროტებას. ბიბლიიდან ეს ნათლად ჩანს. ისინი, ვინც ღმერთს მიაწერენ ისეთ ბოროტებას, როგორიცაა მკვლელობა და ტერორიზმი, ცილს სწამებენ მას. იობის 34:10-ში ნათქვამია: „შორს არის ღვთისგან ბოროტება და ყოვლისშემძლისგან — უსამართლობა!“ მსგავსი აზრი წერია იაკობის 1:13-ში: „განსაცდელის დროს ნურავინ იტყვის, ღმერთი მცდისო, რადგან შეუძლებელია ღვთის გამოცდა ბოროტებით და თავადაც არავის სცდის“. თუ ბოროტების გამო იტანჯებით, დარწმუნებული იყავით, რომ ღმერთი არ არის თქვენი ტანჯვის მიზეზი.

ვინ მართავს მსოფლიოს?

თუმცა ერთი კითხვა კვლავაც უპასუხოდ რჩება: თუ ღმერთი მოსიყვარულე, სამართლიანი და ძლიერია, რატომღა არსებობს ამდენი ბოროტება? მოდი ჯერ იმ საკითხს მოვფინოთ ნათელი, რასაც ხშირად არასწორად იგებენ. ბევრი ფიქრობს, რომ ყოვლისშემძლე ღმერთი სამყაროს მმართველია და ყველაფერს განაგებს. „სამყაროში არსებულ თითოეულ ატომსა და მოლეკულას ის მართავს“, — ამბობს ერთ-ერთი სასულიერო სემინარიის პრეზიდენტი. მაგრამ ბიბლიაც ამას ასწავლის?

არა. ბევრი გაოცებულია, როცა ბიბლიიდან იგებს, თუ ვინ მართავს სინამდვილეში მსოფლიოს. 1 იოანეს 5:19-ში ნათქვამია, რომ „მთელი ქვეყნიერება ბოროტის ხელშია“. ვინ არის ეს ბოროტი? იესო ქრისტე ამბობს, რომ ის არის სატანა ეშმაკი, „ქვეყნიერების მმართველი“ (იოანე 14:30). რადგან სატანა სასტიკი, მატყუარა და მოძულეა, გასაკვირი არ არის, რატომ არსებობს ამდენი ტანჯვა დედამიწაზე. მაშ, რატომ რთავს ღმერთი სატანას მმართველობის ნებას?

ედემში წამოჭრილი საკამათო საკითხი

რას იგრძნობდა მოსიყვარულე, მზრუნველი მშობელი, თუ მას ყველას თვალწინ დაადანაშაულებდნენ, რომ ის შვილებს ატყუებს, თავის ძალაუფლებას ბოროტად იყენებს და კარგი არ უნდა მათთვის? ფიზიკურად გაუსწორდებოდა ის თავის ცილისმწამებელს? რა თქმა უნდა, არა, რადგან ამით მხოლოდ ბრალდებები გამართლდებოდა.

ეს მაგალითი გვეხმარება, დავინახოთ, თუ როგორ გადაჭრა იეჰოვა ღმერთმა ედემში წამოჭრილი საკამათო საკითხი. ღმერთმა ადამსა და ევას იქ შესანიშნავი დავალება მისცა. ისინი უნდა გამრავლებულიყვნენ, დაპატრონებოდნენ დედამიწას და სამოთხედ ექციათ ის (დაბადება 1:28). ამ დროს ასობით მილიონი ანგელოზი აკვირდებოდა მათ (იობი 38:4, 7; დანიელი 7:10).

იეჰოვა კეთილი ღმერთია. ამიტომ ადამი და ევა მან მშვენიერ ბაღში დაასახლა, სადაც უხვად იყო გემრიელი ხილი. მან მხოლოდ „სიკეთისა და ბოროტების შეცნობის ხიდან“ აუკრძალა ნაყოფის ჭამა. მორჩილებით ისინი სრულ ნდობას გამოავლენდნენ თავიანთი ზეციერი მამისადმი და აღიარებდნენ, რომ მას ჰქონდა უფლება, თავისი შვილებისთვის დაედგინა, რა იყო სწორი და რა — არასწორი (დაბადება 2:16, 17).

სამწუხაროდ, ღვთის ერთმა სულიერმა ძემ, რომელსაც სურდა, მისთვის თაყვანი ეცათ, ევას უთხრა, რომ აკრძალული ნაყოფის ჭამით არ მოკვდებოდა (დაბადება 2:17; 3:1—5). ამგვარად, ეს ბოროტი ანგელოზი, სატანა, უტიფრად დაუპირისპირდა ღმერთს და მატყუარა უწოდა. სატანა ღმერთს იმაშიც ადანაშაულებდა, რომ ის მნიშვნელოვან ინფორმაციას უმალავდა ადამსა და ევას. სატანის აზრით, ადამიანებს თავად უნდა დაედგინათ, რა იყო სწორი და რა — არასწორი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სატანა ამბობდა, რომ ღმერთი არც მმართველად ვარგოდა და არც მამად. ის ფიქრობდა, რომ თავად უკეთ უხელმძღვანელებდა ადამიანებს.

ამ ანგელოზმა ცბიერებითა და ტყუილებით საკუთარი თავი სატანა ეშმაკად იქცია. სატანა ნიშნავს მოწინააღმდეგეს, ხოლო ეშმაკი — ცილისმწამებელს. მაგრამ, რა აირჩიეს ადამმა და ევამ? მათ მხარი დაუჭირეს სატანას და ზურგი აქციეს ღმერთს (დაბადება 3:6).

იეჰოვას შეეძლო მყისვე გაენადგურებინა ისინი. მაგრამ, როგორც დავინახეთ, ასეთი საკითხები ძალის გამოყენებით არ წყდება. ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ მილიონობით ანგელოზი იყო იმის მოწმე, როგორ დაუპირისპირდა სატანა ღმერთს. მოგვიანებით ბევრი მათგანი ამბოხებაში შეუერთდა სატანას და შედეგად დემონები გახდნენ (მარკოზი 1:34; 2 პეტრე 2:4; იუდა 6).

რატომ არ მიიღო ღმერთმა ზომები?

სატანამ ადამსა და ევას უბიძგა, შემოქმედისგან დამოუკიდებლობის გზა აერჩიათ. ამგვარად მან დააფუძნა ოჯახი, რომელსაც თავად ჩაუდგა სათავეში. შეგნებულად თუ შეუგნებლად, ეს ოჯახი იმავე გზას დაადგა, რომელიც მათმა მამამ, ეშმაკმა აირჩია (იოანე 8:44). მაგრამ მოუტანდა მათ ეს არჩევანი ნამდვილ თავისუფლებასა და ხანგრძლივ ბედნიერებას? იეჰოვამ თავიდანვე იცოდა, რომ ეს ასე არ იქნებოდა, თუმცა ნება დართო ურჩ შვილებს, დამოუკიდებლად ეცხოვრათ. მხოლოდ ასე თუ გადაწყდებოდა საბოლოოდ ედემში წამოჭრილი საკამათო საკითხი.

უკვე ექვსი ათას წელიწადზე მეტია, რაც ადამიანები მსოფლიო მართვის სისტემის შემუშავებას ცდილობენ. მათ მოსინჯეს მმართველობის ყველა ფორმა და ქცევის ყველანაირი წესი. კმაყოფილი ხართ შედეგებით? ცხოვრობენ ადამიანები ერთ ბედნიერ, მშვიდობიან და გაერთიანებულ ოჯახად? ცხადია, არა. ომი, შიმშილი, სტიქიური უბედურება, ავადმყოფობა და სიკვდილი დღემდე სტანჯავს კაცობრიობას. და როგორც ბიბლია ამბობს, მათი ცხოვრება „ამაოებად“, „ტანჯვად“ და „ოხვრად“ იქცა (რომაელები 8:19—22; ეკლესიასტე 8:9).

და მაინც, ზოგმა შეიძლება იკითხოს: „რატომ არაფერს აკეთებს ღმერთი უბედურების თავიდან ასაცილებლად?“ ეს სამართლიანი არ იქნებოდა, რადგან ადამიანები ვერ დაინახავდნენ თავიანთი ურჩობის შედეგებს. იეჰოვა ისე არ მოქმედებს, რომ თავიდან ააცილოს მათ ყველა ბოროტება და უბედურება, რაც მისდამი დაუმორჩილებლობის შედეგად ხდება *. იეჰოვა არასდროს დაუჭერს მხარს იმ ტყუილს, რომ სატანის სისტემაში წარმატებისა და ბედნიერების მიღწევა შესაძლებელია. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იეჰოვა გულგრილად ეკიდება ადამიანების მდგომარეობას. როგორც დავინახავთ, მან უკვე მიიღო ზომები პრობლემის გადასაჭრელად.

„მამაჩემი შრომობს“

იესოს ამ სიტყვებიდან ჩანს, რომ ღმერთი გულხელდაკრეფილი არ უყურებს მოვლენების განვითარებას (იოანე 5:17). პირიქით, ედემში მომხდარი ამბოხების შემდეგ მან ბევრი რამ გააკეთა. მაგალითად, ბიბლიის მწერალთა მეშვეობით იეჰოვამ განაცხადა იმ შთამომავლის შესახებ, რომელიც გაანადგურებდა სატანასა და მის მომხრეებს (დაბადება 3:15). გარდა ამისა, შთამომავლის მეშვეობით ღმერთი დაამყარებდა მთავრობას, ზეციერ სამეფოს, რომელიც მორჩილ ადამიანებს კურთხევებს მოუტანდა და ბოლოს მოუღებდა ტანჯვის ყოველგვარ მიზეზს, თვით სიკვდილსაც კი (დაბადება 22:18; ფსალმუნები 46:9; 72:16; ესაია 25:8; 33:24; დანიელი 7:13, 14).

ამ შესანიშნავი დანაპირების შესასრულებლად იეჰოვამ დედამიწაზე გამოგზავნა თავისი ძე, იესო ქრისტე, რომელიც ღვთის ზეციერი სამეფოს მეფე გახდებოდა (გალატელები 3:16). იესო ასრულებდა ღვთისგან მიცემულ დავალებას — ის ღვთის სამეფოს შესახებ ქადაგებდა (ლუკა 4:43). მან თავისი საქმეებით ცხადყო, თუ რას გააკეთებს, როგორც ღვთის სამეფოს მეფე. მან დააპურა ათასობით ადამიანი, განკურნა ავადმყოფები, აღადგინა მკვდრები და საშინელი ქარიშხლის დროს ბუნების ძალებიც კი დაიმორჩილა (მათე 14:14—21; მარკოზი 4:37—39; იოანე 11:43, 44). იესოს შესახებ ბიბლიაში ნათქვამია: «რამდენი დანაპირებიც არ უნდა ჰქონდეს ღმერთს, ყველა მათგანი „დიახ“ ხდება მისი მეშვეობით» (2 კორინთელები 1:20).

იეჰოვა თავის ოჯახში იღებს ყველას, ვინც იესოს უსმენს და გამოდის ღვთისგან განდგომილი ქვეყნიერებიდან, რომელსაც სატანა მართავს (იოანე 15:19). ჭეშმარიტ ქრისტიანთა საერთაშორისო ოჯახში სიყვარული და მშვიდობაა გამეფებული; ისინი ცდილობენ, რომ მათ შორის არ იყოს მიკერძოების და რასიზმის თუნდაც მცირე გამოვლინება (მალაქია 3:17, 18; იოანე 13:34, 35).

იმის ნაცვლად, რომ ქვეყნიერების მხარე დაიკავონ, ჭეშმარიტი ქრისტიანები ასრულებენ მათეს 24:14-ში ჩაწერილ იესოს სიტყვებს და ღვთის სამეფოს შესახებ ქადაგებენ. დაფიქრდით: ვინ ქადაგებს მთელ მსოფლიოში „სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ“? როგორც საერთაშორისო საძმომ, ვინ თქვა უარი ომებსა და ეთნიკურ კონფლიქტებში მონაწილეობაზე? და ვინ აირჩია ღვთის სიტყვა თავის სახელმძღვანელოდ, მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობა მის მაღალზნეობრივ ნორმებს არ აფასებს? (1 იოანე 5:3). ბევრმა დაინახა, რომ იეჰოვას მოწმეები სწორედ ასე იქცევიან. თქვენ შეგიძლიათ თავად დარწმუნდეთ ამაში.

აირჩიეთ ღვთის მმართველობა!

ღვთისგან განდგომილმა და სატანის გავლენაში მოქცეულმა ადამიანებმა შექმნეს მსოფლიო სისტემა, რომელმაც მხოლოდ უბედურება მოიტანა და ადამიანთა მდგომარეობა უფრო უიმედო გახადა. მათ დედამიწასაც კი შეუქმნეს საფრთხე! იეჰოვამ დაამყარა ზეციერი მთავრობა, რომელმაც მილიონობით ადამიანის ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა და უტყუარი იმედი მისცა მათ (1 ტიმოთე 4:10). თქვენ რას აირჩევთ?

ახლა გადაწყვეტილების მიღების დროა, რადგან ღმერთი მალე გაანადგურებს სატანასა და მის ბოროტ ქვეყნიერებას. ღვთის განზრახვა, რომ დედამიწა სამოთხედ გადაიქცეს, არ შეცვლილა. ამიტომ ღვთის სამეფო და მისი ქვეშევრდომები უფრო და უფრო გაძლიერდებიან, ხოლო სატანის ქვეყნიერება „მშობიარობის ტკივილებით“ დაიტანჯება მანამ, სანამ ღმერთი გაანადგურებს მას (მათე 24:3, 7, 8). თუ გულწრფელად ეკითხებით ღმერთს „რატომ?“, მოუსმინეთ მას და გულთან ახლოს მიიტანეთ ბიბლიაში ჩაწერილი მანუგეშებელი და იმედისმომცემი ცნობა. დღესაც კი შესაძლებელია, რომ მწუხარების ცრემლები სიხარულის ცრემლებად გექცეთ (მათე 5:4; გამოცხადება 21:3, 4).

[სქოლიოები]

^ აბზ. 19 ღმერთი არასდროს უჭერდა მხარს არსებულ სისტემას, თუმცა ის დროდადრო ერეოდა ადამიანთა საქმეებში. ის მხოლოდ თავისი განზრახვის შესასრულებლად აკეთებდა ამას (ლუკა 17:26—30; რომაელები 9:17—24).

[სურათები 7 გვერდზე]

კმაყოფილი ხართ ადამიანთა მმართველობის შედეგებით?

[საავტორო უფლებები]

Baby: © J. B. Russell/Panos Pictures; crying woman: © Paul Lowe/Panos Pictures

[სურათი 8, 9 გვერდებზე]

იესო სამოთხეს აღადგენს და მკვდრებს სიცოცხლეს დაუბრუნებს.