რა ხდება მსოფლიოში?
რა ხდება მსოფლიოში?
▪ „ტელევიზორის გამუდმებით ყურებას ოჯახური ვახშამი ეწირება. საბავშვო ეტლის დიზაინიც ხელს უშლის მშობლისა და შვილის ურთიერთობას. შედეგად სასკოლო ასაკში, როცა თავიანთ გრძნობებს სიტყვით ვერ გამოხატავენ, ბავშვები აგრესიულები ხდებიან („ინდეპენდენტი“, დიდი ბრიტანეთი).
▪ ესპანეთში დაბადებული ბავშვებიდან 23% უკანონოა, საფრანგეთში — 43%, დანიაში — 45%, შვედეთში — 55% („INSTITUTO DE POLÍTICA FAMILIAR“, ესპანეთი).
▪ დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის მესამედს ღამის განმავლობაში ხუთ საათზე ნაკლები სძინავს, რის გამოც მათ ხშირად „ეფანტებათ ყურადღება, უქვეითდებათ მეხსიერება და ხშირად ეცვლებათ გუნება-განწყობილება“. ძილის ნაკლებობა შეიძლება გახდეს „სიმსუქნის, დიაბეტის, დეპრესიის, განქორწინებისა და ავტოკატასტროფის მიზეზი“ („ინდეპენდენტი“, დიდი ბრიტანეთი).
ძალადობა „გართობის მიზნით“
„იზრდება იმ ახალგაზრდების რიცხვი, რომლებიც მობილურ ტელეფონში იწერენ მათ მიერ სხვების ცემისა და დამცირების სცენებს“, — ნათქვამია ესპანეთში გამომავალ გაზეთ „ელ პაისში“. სასტიკი ცემის შემდეგ ზოგი დაზარალებული ინვალიდი ხდება. რატომ სჩადიან ახალგაზრდები ასეთ დანაშაულს? „ისინი არც ქურდობისა და არც რასიზმის გამო აკეთებენ ამას, არც ქუჩის ბანდის წევრები არიან. როგორი გასაკვირიც უნდა იყოს, ისინი ამას გართობის მიზნით აკეთებენ“, — აღნიშნავს ერთი ჟურნალი („XL“). ფსიქოლოგ-კრიმინოლოგი ბისენტა გარიდო ამბობს: „ზოგჯერ ისინი ნასვამები არიან, ზოგჯერ არა. ნებისმიერ შემთხვევაში მათ არ ქენჯნის სინდისი“.
ტროპიკული დაავადებების მკურნალობა ნაკლებ ინტერესს იწვევს
ტროპიკული დაავადებებიდან უმეტესობის მკურნალობას მეცნიერები სერიოზულად არ ეკიდებიან. რა არის ამის მიზეზი? დანდის უნივერსიტეტში (შოტლანდია) მოლეკულური ბიოლოგიის დარგში მომუშავე მაიკლ ფერგესონი ამბობს: „სამწუხაროა, რომ ფარმაცევტული ინდუსტრია არ ეძებს [ახალ სამკურნალო საშუალებებს]“. მათ არა აქვთ ფინანსური დაინტერესება, რადგან ფიქრობენ, რომ ვერ შეძლებენ ჩადებული ფულის უკან დაბრუნებას. ეს კომპანიები არჩევენ ძვირადღირებული წამლების წარმოებას ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა ალცჰეიმერის დაავადება, სიმსუქნე და იმპოტენცია. ამ დროს კი, „ყოველწლიურად მილიონი ადამიანი კვდება მალარიით, რადგან ჯერჯერობით არ არსებობს უსაფრთხო და ეფექტური სამკურნალო საშუალებები“, — ნათქვამია ჟურნალ „ნიუ საიენტისტში“.
პატარა „მომხმარებლები“
გაზეთ „ლა რეპუბლიკაში“ ნათქვამია, რომ რომის ლა საპიენსას უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, ბავშვებს სამი წლის ასაკში უკვე შეუძლიათ სხვადასხვა მარკის საქონლის ერთმანეთისგან განსხვავება, რვა წლის ასაკში კი ისინი „მომხმარებლები“ არიან. მათზე დიდ გავლენას ახდენს სატელევიზიო რეკლამები და ისინი პატარა „დიქტატორები“ ხდებიან, რომლებიც მშობლებისგან მოითხოვენ ამა თუ იმ ნივთის ყიდვას. „ყველაზე ცუდი ის არის, რომ ეს ბავშვები არარეალურ სამყაროში ცხოვრობენ, სადაც ყველაფერი, რაც იყიდება, აუცილებლობას წარმოადგენს“, — დასძენს გაზეთი.
„ფეხმძიმე“ რობოტი
მეან-გინეკოლოგები, ჩვეულებრივ, ცოცხალ ადამიანებზე გადიოდნენ პრაქტიკას. მაგრამ ახლა, საინფორმაციო სააგენტო „ასოშიეიტიდ პრესსის“ ინფორმაციით, „დიდი პოპულარობით სარგებლობს მშობიარობის იმიტატორი“ სახელად ნოელი. „მშობიარე“ რობოტს აქვს პულსი, ეხსნება საშვილოსნოს ყელი, მის „მშობიარობას“ შეიძლება მოჰყვეს სხვადასხვა გართულება; მშობიარობა შეიძლება იყოს სწრაფი ან გაძნელებული. „ბავშვი“, რომელსაც ნოელი „ბადებს“, შეიძლება ვარდისფერი ან ჟანგბადის ნაკლებობის გამო გალურჯებული იყოს. რატომ იყენებენ რობოტს პრაქტიკებისთვის? „უკეთესია შეცდომა 20 000-დოლარიან რობოტზე დაუშვან, ვიდრე ცოცხალ ადამიანზე“, — ამბობს სააგენტო.