არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

კამჩატკა რუსეთის საუცხოო მხარე

კამჩატკა რუსეთის საუცხოო მხარე

კამჩატკა რუსეთის საუცხოო მხარე

„გამოიღვიძეთ!“-ისთვის რუსეთიდან

სამას წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსმა მკვლევარებმა აღმოსავლეთისკენ აიღეს გეზი და აზიის გავლით მიადგნენ ერთ მთაგორიან ნახევარკუნძულს. ეს ნახევარკუნძული ერთმანეთისგან ყოფდა ოხოტის ზღვასა და ბერინგის ზღვას და მისი სამხრეთი სანაპირო წყნარ ოკეანეში იყო შეჭრილი. იდუმალი სილამაზის მქონე ეს მიწა, რომელიც სიდიდით იტალიაზე ოდნავ დიდია, მნახველებს ჯერ კიდევ მრავალ საიდუმლოს უნახავს.

კამჩატკის სანაპიროზე ზამთარი გაცილებით რბილია, ვიდრე თვითონ ნახევარკუნძულზე. კამჩატკაზე ზოგან თოვლის საფარი 6 მეტრს აღემატება და ზოგჯერ 12 მეტრსაც კი აღწევს! ზაფხულში ნახევარკუნძული ხშირად სქელ ნისლში ეხვევა და ძლიერი ქარები ქრის. კოკისპირული წვიმებით გაჟღენთილ კამჩატკის ვულკანურ ნიადაგზე მრავალი მცენარე ხარობს — კენკროვანები, ბალახი, რომელიც ადამიანის სიმაღლეს აღწევს, და უმშვენიერესი ველური ყვავილები, რომელთაგან ერთ-ერთია ქაფურა.

ქვის არყის ტყეებს ნახევარკუნძულის თითქმის მესამედი უჭირავს. მათი ტანი და ტოტები ძლიერი ქარებისა და თოვლის სიმძიმისგან მოხრილია და ერთმანეთშია ჩახლართული. ეს ამტანი ხეები, რომლებიც ნელა იზრდება, უჩვეულოდ ძლიერია, ხოლო მათი ფესვები იმდენად მყარად არის მიწას ჩაბღაუჭებული, რომ ხე თითქმის ყველგან იზრდება — ის შეიძლება ჰორიზონტალურადაც კი გაიზარდოს ციცაბო კლდეზე! ხეზე ფოთოლი ჩნდება ივნისის თვეში, როდესაც მიწაზე ჯერ კიდევ თოვლი დევს, აგვისტოში კი ის ყვითლდება, რაც ზამთრის დადგომას აუწყებს.

ვულკანები, გეიზერები და ცხელი წყაროები

კამჩატკა მდებარეობს წყნარი ოკეანის ვულკანურ სარტყელში — მაღალი სეისმური აქტივობით გამორჩეულ რეგიონში, რომელიც წყნარ ოკეანეს რკალად გასდევს. კამჩატკაზე დაახლოებით 30 მოქმედი ვულკანია. ვულკანი კლიუჩევსკაია სოპკა, რომლის კონუსსაც „სრულყოფილსა და უჩვეულოდ ლამაზს“ უწოდებენ, ზღვის დონიდან 4 750 მეტრზეა ატყორცნილი. ის ევრაზიის ყველაზე დიდი მოქმედი ვულკანია. მას შემდეგ, რაც 1697 წელს რუსმა მკვლევარებმა პირველად დადგეს ფეხი კამჩატკაზე, ნახევარკუნძულზე სხვადასხვა ვულკანის 600-ზე მეტი ამოფრქვევა დაფიქსირდა.

1975 და 1976 წლებში ნაპრალებიდან ამოხეთქილმა ვულკანმა ტოლბაჩიკმა 2 500 მეტრზე მეტი სიმაღლის ცეცხლოვანი „ჩირაღდანი“ აანთო! მისმა შუქმა ფერფლის ღრუბლები გაანათა. თითქმის წელიწადნახევრის განმავლობაში უწყვეტი ამოფრქვევების შედეგად ოთხი ვულკანური კონუსი წარმოიქმნა. ვულკანის რეგიონში ტბები და მდინარეები ლავის ქვეშ მოექცა და ცხელმა ფერფლმა მთელი ტყეები გაახმო. იქაურობა უდაბნოდ იქცა.

საბედნიეროდ, ამოფრქვევათა უმეტესობა დასახლებული ტერიტორიებიდან მოშორებით ხდება და მათ ცოტა ადამიანი თუ ეწირება. და მაინც, სტუმრებს სიფრთხილე მართებთ, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც მიემართებიან „სიკვდილის ხეობისკენ“, რომელიც ვულკან კიხპინიჩის ძირში მდებარეობს. როდესაც აქ ნიავი არ იძვრის, განსაკუთრებით კი თოვლის დნობის პერიოდში, ჰაერი ვულკანიდან ამოსული მომწამლავი აირებით ჯერდება, რაც ხეობაში ყველა ცოცხალი არსების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. ერთხელ ამ ხეობაში ათი დათვისა და მრავალი პატარა ცხოველის ლეში ნახეს.

უშველებელ კრატერში, რომელიც კალდერა უზონის სახელითაა ცნობილი, ალაგ-ალაგ ლაფი თუხთუხებს, ზოგან კი მრავალნაირი წყალმცენარით სავსე ტბებია, რომლებსაც ორთქლი ასდის. ამავე რეგიონში 1941 წელს აღმოაჩინეს გეიზერების ხეობა. ზოგი გეიზერი ყოველ ორ-სამ წუთში იფრქვევა, ზოგი კი რამდენიმე დღეში ერთხელ. ვერტმფრენებს მნახველები გადმოჰყავთ ამ საოცარ ადგილას, რომელიც პეტროპავლოვსკ-კამჩატსკიდან ჩრდილოეთით დაახლოებით 180 კილომეტრში მდებარეობს. მიუხედავად ამისა, მნახველების რაოდენობა მკაცრად არის განსაზღვრული, რათა არ დაირღვეს კამჩატკის მგრძნობიარე ეკოლოგიური ბალანსი. ამ მიზნით კამჩატკის ექვსი რეგიონი მსოფლიო საგანძურის სიაშია შეტანილი.

კამჩატკაზე მრავლადაა ცხელი წყაროები, რომელთაგანაც ბევრის ტემპერატურა 30—40 გრადუსს აღწევს, რაც ძალიან იზიდავს სტუმრებს და ხანგრძლივი ზამთრის ცივ თვეებში გაზაფხულის სითბოს ახსენებს. გეოთერმულ სითბოს ელექტროენერგიისთვისაც იყენებენ. ამას აშკარად ადასტურებს რუსეთის პირველი გეოთერმული ელექტროსადგური, რომელიც სწორედ ამ ნახევარკუნძულზე ააგეს.

დათვები, ორაგულები და თეთრმხრება არწივები

კამჩატკაზე ჯერ კიდევ დაახლოებით 10 000 მურა დათვი დაძუნძულებს. მათი საშუალო წონა 150—200 კილოგრამია. ისინი ამაზე სამჯერ მეტ წონასაც კი მიაღწევდნენ, მათზე რომ არ ნადირობდნენ. ადგილობრივი მოსახლეობის, იტელმენების, ფოლკლორში დათვი ხშირად მოიხსენიება როგორც „ძმა“ და ამ ცხოველს ისინი დიდ პატივს სცემდნენ. ამ „ძმობას“ ცეცხლსასროლმა იარაღმა დაუსვა წერტილი. დღეს ბუნების დამცველებს ძალიან აღელვებთ ამ ცხოველის მომავალი.

დათვები უფრთხიან ადამიანებს, ამიტომ იშვიათად თუ დაინახავთ მათ. ივნისში, როდესაც ორაგულები ქვირითის დასადებად გამოდიან, დათვები დიდი რაოდენობით მიეშურებიან მდინარის სანაპიროსკენ თევზით პირის ჩასატკბარუნებლად. ერთ დათვს ერთ ჯერზე 24 ორაგულის მირთმევა შეუძლია. რატომ არიან ისინი ასეთი მსუნაგები? ზაფხულის განმავლობაში დათვებმა საკმაო რაოდენობის ცხიმი უნდა დაიგროვონ, რათა ზამთრის ცივი თვეები გადაიტანონ და ბუნაგში „წამოგორებულებმა“ ენერგია დაზოგონ.

კამჩატკის სხვა ბინადარი, რომელიც აგრეთვე უარს არ ამბობს ორაგულზე, არის თეთრმხრება არწივი, საუცხოო ფრინველი, რომლის გაშლილი ფრთების სიგრძე 2,5 მეტრს აღწევს. მისი ბუმბული უმთავრესად შავი ფერისაა, მხოლოდ მხრები და წაწვეტებული კუდი აქვს თეთრი. არწივის ეს სახეობა ამჟამად დაახლობით 5 000 ინდივიდს ითვლის და მათი რიცხვი განუწყვეტლივ მცირდება. ეს არწივი ძირითადად მსოფლიოს ამ რეგიონში ბინადრობს, მაგრამ ალეუტისა და პრიბილოვის (ალასკა, აშშ) კუნძულებზეც გვხვდება. ეს ფრინველები წლიდან წლამდე ერთსა და იმავე ბუდეში ცხოვრობენ, უვლიან მას და აფართოებენ. ერთხელ ერთი არწივი იმდენად „გაისარჯა“, რომ 3 მეტრის დიამეტრის ბუდე გაიკეთა არყის ხეზე, მაგრამ ბუდე იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ ხემ სიმძიმეს ვერ გაუძლო და გაიბზარა.

კამჩატკის მკვიდრნი

დღეს კამჩატკის მოსახლეობის უმრავლესობა რუსები არიან, თუმცა აქ რამდენიმე ათასი ადგილობრივი მკვიდრიც შემორჩა. მათგან ყველაზე დიდ ჯგუფს წარმოადგენენ კორიაკები, რომლებიც კამჩატკის ჩრდილოეთ ნაწილში ცხოვრობენ. აქ ასევე შეხვდებით ჩუქჩებსა და იტელმენებს, რომლებსაც საკუთარი ენა აქვთ. კამჩატკაზე მოსახლეობის უმრავლესობა პეტროპავლოვსკ-კამჩატსკიში, ადმინისტრაციულ ცენტრში ცხოვრობს. ნახევარკუნძულის დანარჩენი ნაწილი მეჩხერად არის დასახლებული. უმეტეს ადგილებში, იქნება ეს სანაპირო ზოლთან თუ მდინარის პირას გაშენებულ სოფლებში, მისვლა მხოლოდ საზღვაო ან საჰაერო ტრანსპორტით არის შესაძლებელი.

თევზისა და კიბოს რეწვას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია კამჩატკის ეკონომიკაში. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს გიგანტური კამჩატკური კიბორჩხალა. დახლზე გამოტანილი ეს კიბორჩხალა, რომლის კიდურების შლილი 1,7 მეტრს აღწევს, საინტერესო და მიმზიდველია.

1989 წლიდან იეჰოვას მოწმეები კამჩატკაზე სხვაგვარი „თევზჭერისთვის“ ჩადიან. ისინი, როგორც „ადამიანთა მებადურები“, ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას აუწყებენ შორეული კამჩატკის მოსახლეობას (მათე 4:19; 24:14). ნახევარკუნძულის მკვიდრთაგან ზოგი ეხმაურება ამ ცნობას და თავადაც ეხმარება სხვებს, რომ გაიცნონ შემოქმედი ღმერთი იეჰოვა და თაყვანი სცენ მას და არა მის ქმნილებას. შედეგად ბევრი ადგილობრივი მკვიდრი თავისუფლდება ბოროტი სულების მიმართ შიშისგან, რაც საკმაოდ გავრცელებულია ნახევარკუნძულზე (იაკობი 4:7). ისინი იმასაც იგებენ, რომ მომავალში მთელი დედამიწა ყოველგვარი ბოროტებისგან განიწმინდება და „იეჰოვას ცოდნით აივსება, როგორც ზღვაა წყლით სავსე“ (ესაია 11:9).

[ჩარჩო/სურათები 18 გვერდზე]

შთამბეჭდავი კალდერა

კალდერა უზონის დიამეტრი დაახლოებით 10 კილომეტრს შეადგენს. მის ციცაბო კედლებში მოქცეულია „ყოველივე ის, რითაც კამჩატკას სახელი აქვს განთქმული“, — ნათქვამია ერთ ნაშრომში. კალდერაში ნახავთ როგორც ცივ, ისე ცხელ წყაროებს, მოთუხთუხე ლაფს, ვულკანურ ბორცვებს, კრისტალურად სუფთა ტბებს, სადაც თევზები და გედები დაცურავენ, და მრავალნაირ მცენარეებს.

წიგნში „კამჩატკის საოცრებანი“ ნათქვამია, რომ „ძნელად თუ იპოვით დედამიწაზე სხვა ისეთ ადგილს“, სადაც შემოდგომა ასეთი ლამაზი და ამავე დროს ასეთი ხანმოკლეა. ალისფრად შეღებილი ტუნდრა კონტრასტს ქმნის მუქ ყვითელ და ოქროსფერ ფერებში შეფერილ არყის ხეებთან; აქა-იქ მიწიდან ამოსული ორთქლის თეთრი სვეტები ამაყადაა წამომართული ლურჯი ცის ფონზე. დილით ადრე ტყე „სიმღერას“ იწყებს, როდესაც ხეებზე შეყინული უთვალავი ფოთოლი წკარუნით ეცემა მიწას და ჩუმად აუწყებს ზამთრის მოახლოებას.

[ჩარჩო 19 გვერდზე]

მომაკვდინებელი ტბა

ერთ-ერთმა ვულკანმა, რომელიც ჩამქრალი ეგონათ, 1996 წელს კარიმსკოეს ტბაში ამოხეთქა და 10-მეტრიანი ტალღა წარმოქმნა, რამაც ახლომდებარე ტყის მასივს გადაუარა. რამდენიმე წუთში წყალში მჟავების კონცენტრაციამ იმდენად მოიმატა, რომ ტბა სიცოცხლისთვის უვარგისი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ სანაპირო ზოლს ამოტყორცნილმა ვულკანურმა მასამ ტალღასავით გადაუარა, როგორც მკვლევარი ენდრიუ ლოგანი ამბობს, ტბასთან ვერც ერთი მკვდარი ცხოველი ვერ იპოვეს. „ცნობილია, რომ ვულკანის ამოფრქვევამდე კარიმსკოეს ტბაში მილიონობით თევზი (ძირითადად ორაგული და კალმახი) ბინადრობდა, — ამბობს ლოგანი. — მაგრამ ამოფრქვევის შემდეგ ტბას სიცოცხლის ნიშანწყალი აღარ ეტყობოდა“. თუმცა, როგორც ჩანს, თევზების გარკვეული რაოდენობა მაინც გადარჩა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა წყალში მიმდინარე ქიმიურმა პროცესებმა თევზებს მოახლოებული საშიშროება აგრძნობინა, რის გამოც მათ ახლომდებარე კარიმსკოეს მდინარეს შეაფარეს თავი.

[რუკა 16 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

რუსეთი

კამჩატკა