ზნეობა ეცემა
ზნეობა ეცემა
„სიცრუეს ყველგან ვხვდებით“, — ამბობს ერთ-ერთი წიგნის ავტორი დეივიდ კალაჰანი (The Cheating Culture). სხვა ყველაფერთან ერთად ის მოიხსენიებს შეერთებულ შტატებში „ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებისა და კოლეჯების მოსწავლეთა თაღლითობას“, არალიცენზირებული კინოფილმებისა და მუსიკალური ჩანაწერების გავრცელებას, „სამუშაო ადგილებზე ქურდობას“, „ჯანდაცვის სფეროში უპატიოსნობის მასობრივად გამოვლენასა“ და სპორტსმენების მიერ დოპინგის გამოყენებას; რეზიუმეში კი აღნიშნავს: „ამას ემატება ეთიკური და იურიდიული ნორმების ყოველმხრივი დარღვევა, რაც აშკარად ზნეობის საყოველთაო კრიზისის მაჩვენებელია“.
„ნიუ-იორკ ტაიმზში“ ნათქვამია, რომ 2005 წელს შეერთებულ შტატებში ქარიშხალ „კატრინას“ ამოვარდნის შემდეგ „დაფიქსირდა თაღლითობის, გაიძვერობისა და მთავრობის აღმაშფოთებელი ქმედებების უპრეცედენტო შემთხვევები“. შეერთებული შტატების ერთ-ერთი სენატორის სიტყვების თანახმად, „აღინიშნა დაუჯერებელი თაღლითობის, ენით აუწერელი გაიძვერობისა და ფულისა თუ სხვა რესურსების განიავების გამაოგნებელი ფაქტები“.
რასაკვირველია, უანგარო კაცთმოყვარეობის მაგალითებიც არსებობს (საქმეები 27:3; 28:2). მაგრამ ხშირ შემთხვევაში ამგვარი კითხვები ისმის: „რას მომიტანს ეს მე? რას გამოვრჩები?“ საკუთარი თავისა და ინტერესების პირველ ადგილზე დაყენება დღეს წესად იქცა.
წარსულში ეგოიზმმა და აშკარა უზნეობამ ხელი შეუწყო ისეთი ცივილიზებული ქვეყნების განადგურებას, როგორიც, მაგალითად, რომის იმპერია იყო. ცხადყოფს დღევანდელი მდგომარეობა, რომ უფრო სერიოზული რამ არის მოსალოდნელი? არის მსოფლიოში „უკანონობის გამრავლება“ მთელი „ქვეყნიერების აღსასრულის“ მაჩვენებელი, როგორც ეს ბიბლიაშია ნაწინასწარმეტყველები? (მათე 24:3—8, 12—14; 2 ტიმოთე 3:1—5)
ზნეობრივი ნორმები ყველგან ეცემა
„აფრიკა ნიუსის“ 2006 წლის 22 ივნისის ნომერში ნათქვამია: „ჯგუფმა, რომელიც იკვლევდა უგანდის ღარიბთა კვარტალში სექსუალური ძალადობისა და პორნოგრაფიის საკითხს, თქვა, რომ ნარკომანიისა და პროსტიტუციის გავრცელების მიზეზი მშობლების მიერ შვილების უგულებელყოფაა“. ამავე გაზეთში აღნიშნულია: „კაუემპეს ბავშვთა და დედათა დაცვის განყოფილების უფროსი მისტერ დაბანჯი სალონგოუმ თქვა, რომ განსაკუთრებით გაიზარდა ბავშვებზე ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მაჩვენებელი“.
ერთი ინდოელი ექიმის სიტყვების თანახმად, „ხალხი კარგავს ზნეობრივ მემკვიდრეობას“. ერთ-ერთმა კინორეჟისორმა აღნიშნა: „ნარკომანიის გავრცელება და სქესობრივი აღვირახსნილობა იმის მაჩვენებელია, რომ ინდოეთი დასავლური უზნეობის მორევში იძირება“.
პეკინში ჩინეთის სექსოპათოლოგთა ასოციაციის გენერალურმა მდივანმა ჰიუ პეიჩენმა თქვა: „ადრე ხალხს შეეძლო, სწორი არასწორისგან გაერჩია; ახლა კი იმას აკეთებს, რაც სურს“. „ჩაინა ტუდეის“ ერთ-ერთი სტატია აღნიშნულ ფაქტს ამგვარად აღწერს: „საზოგადოება უფრო და უფრო მეტი შემწყნარებლობით ეკიდება ქორწინების გარეშე სქესობრივ ურთიერთობებს“.
«ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ყველა მზად არის, გაშიშვლდეს და სექსუალური სცენებით მიიქციოს ყურადღება თავისი საქონლის გასასაღებლად, — ნათქვამი იყო არც ისე დიდი ხნის წინ ინგლისში გამომავალ გაზეთ „იორქშირ პოსტში“. — ჯერ კიდევ წინა თაობას აღაშფოთებდა ამგვარი ქმედებები, დღეს კი ყველგან ვხვდებით სექსუალური სცენების ამსახველ სურათებს; უფრო მეტიც, პორნოგრაფია. . . საზოგადოებისთვის მისაღები გახდა». იქვე
აღინიშნა: „ის, რისი კითხვა ან ყურება ადრე 18 წლამდე დაუშვებელი იყო, ახლა ოჯახის ყველა წევრისთვის დასაშვებია; ანტიპორნოგრაფიული კომპანიების წარმომადგენლების სიტყვების თანახმად, ამგვარი მასალა ხშირად ბავშვებზეა გათვლილი“.„ნიუ-იორკ ტაიმზ მეგეზინში“ ნათქვამია: „[ზოგი მოზარდი თავის სექსუალურ თავგადასავლებზე] ისე თავისუფლად ლაპარაკობს, თითქოს კაფეში იჯდეს და მენიუს არჩევდეს“. ერთ-ერთ ჟურნალში მოყვანილი იყო პატარა გოგონას სულისშემძვრელი სიტყვები: „დედა მაიძულებს, ბიჭებს შევხვდე და მათთან სქესობრივი ურთიერთობა მქონდეს. არადა, მე მხოლოდ 12 წლისა ვარ. . . დამეხმარეთ!“ (Tweens News).
როგორ იცვლება შეხედულებები! კანადაში გამომავალ „ტორონტო სტარში“ აღინიშნა, რომ არც ისე დიდი ხნის წინ „ერთი და იმავე სქესის წარმომადგენელთა თანაცხოვრების იდეაც კი ამაზრზენი იყო“. მაგრამ კარლტონის უნივერსიტეტის (ოტავა) ლექტორი, სოციოლოგი ბარბარა ფრიმენი, აღნიშავს: «დღეს ასეთი თვალსაზრისია გავრცელებული: „ჩემი პირადი ცხოვრება არავის ეხება; არ მსურს, მასში ვინმე ჩაერიოს“».
აშკარაა, რომ მსოფლიოში გასული ათწლეულების განმავლობაში ზნეობრივი ღირებულებები სწრაფად გაუფასურდა. რამ განაპირობა ასეთი მკვეთრი ცვლილებები? პირადად თქვენ რას იტყოდით ამის თაობაზე? რისი მომასწავებელია ეს?