არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მართავს თქვენს ცხოვრებას ბედისწერა?

მართავს თქვენს ცხოვრებას ბედისწერა?

ბიბლიის თვალსაზრისი

მართავს თქვენს ცხოვრებას ბედისწერა?

ერთ დილას ორი მამაკაცი სატვირთო მანქანით სამსახურში მიდიოდა. მათ გადაწყვიტეს, რომ გზა მოეჭრათ და იმ ქუჩით წასულიყვნენ, სადაც ადრე ერთ-ერთი მათგანი ცხოვრობდა. გზად მათ შენიშნეს, რომ ერთი სახლის ფანჯრებიდან ცეცხლის ალი გამოდიოდა. მათ გააჩერეს მანქანა და კიბის დახმარებით ექვსი ადამიანი — დედა და ხუთი შვილი — სიკვდილს გადაარჩინეს. „ეს ალბათ ბედისწერა იყო“, — იუწყებოდა ამ შემთხვევის შესახებ ერთი გაზეთი.

ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ მათ ცხოვრებაში ყველაფერი — კარგი თუ ცუდი — განგებამ დააწესა. მაგალითად, XVI საუკუნეში მცხოვრები რეფორმატორი ჟან კალვინი წერდა: „ჩვენი აზრით, ბედისწერა არის ღვთის მარადიული გეგმა, სადაც მან წინასწარ გადაწყვიტა, რა გადახდება თითოეულ ადამიანს. მან ყველას სხვადასხვა ხვედრი უწილადა: ზოგს — მარადიული სიცოცხლე, ზოგს კი — მარადიული ტანჯვა“.

ნუთუ წინასწარ ადგენს ღმერთი, რას გავაკეთებთ და როგორი იქნება ჩვენი საბოლოო ხვედრი? რას გვასწავლის ბიბლია ამის შესახებ?

ბედისწერის „ლოგიკა“

ზოგი, ვისაც ბედისწერის სჯერა, ასე ფიქრობს: ღმერთი ყოვლისმცოდნეა; მან იცის ყველაფერი — ისიც კი, რაც მომავალში მოხდება; მან იცის, როგორ იცხოვრებს თითოეული ადამიანი და ისიც, როდის და როგორ მოკვდებიან ისინი. ამიტომ, მათი აზრით, როცა ადამიანმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, ის ირჩევს იმას, რაც ღმერთმა მისთვის წინასწარ განჭვრიტა და დაადგინა; სხვა შემთხვევაში ღმერთი ყოვლისმცოდნე არ იქნებოდა. რამდენად ლოგიკურად მიგაჩნიათ ასეთი მსჯელობა? დაფიქრდით, რა შედეგებამდე მივყავართ ასეთ მსჯელობას.

თუ განგებამ უკვე განსაზღვრა თქვენი მომავალი, მაშინ საკუთარ თავზე ზრუნვას აზრი არა აქვს. თამბაქოს მოსწევთ თუ არ მოსწევთ, ეს არანაირ გავლენას არ მოახდენს თქვენსა და თქვენი შვილების ჯანმრთელობაზე. თქვენს უსაფრთხოებაზე გავლენას არ მოახდენს, გაიკეთებთ თუ არა მგზავრობისას უსაფრთხოების ქამარს. მაგრამ ეს მცდარი შეხედულებაა. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ადამიანები, რომლებიც უსაფრთხოების ზომებს იცავენ, ნაკლებად ხდებიან უბედური შემთხვევის მსხვერპლი. დაუდევრობა კი შეიძლება ტრაგედიით დამთავრდეს.

მოდი ახლა სხვა კუთხით ვიმსჯელოთ. თუ ღმერთმა წინასწარ იცის ყველაფერი, მაშინ ადამისა და ევას შექმნამდე მას უკვე ეცოდინებოდა, რომ ისინი არ დაემორჩილებოდნენ. მაგრამ იცოდა ღმერთმა, რომ ადამი შეჭამდა „სიკეთისა და ბოროტების შეცნობის“ ხის ნაყოფს, როცა უთხრა ადამს, არ ეჭამა ის, რათა არ მომკვდარიყო? (დაბადება 2:16, 17). იცოდა ღმერთმა, რომ ადამიანთა სამოთხეში ცხოვრება განწირული იყო, როცა ადამსა და ევას უთხრა: „ინაყოფიერეთ, გამრავლდით, აავსეთ დედამიწა, დაეპატრონეთ მას და თქვენ გემორჩილებოდნენ ზღვის თევზები, ცის ფრინველები და ყველა ცოცხალი არსება დედამიწაზე“? რასაკვირველია, არა (დაბადება 1:28).

შედეგად, თუ ღმერთმა წინასწარ იცის, რა მოხდება, მაშინ ის პასუხისმგებელია ყველაფერზე, მათ შორის ომებზე, უსამართლობასა და ტანჯვა-წამებაზე. მაგრამ შეესაბამება ეს სიმართლეს? ამ კითხვაზე ნათელი პასუხის მისაღებად, ვნახოთ, რას ამბობს ღმერთი საკუთარ თავზე.

„აირჩიე“

წმინდა წერილებში ნათქვამია, რომ „ღმერთი სიყვარულია“ და „სამართლიანობის მოყვარულია“. ის ყოველთვის მოუწოდებდა თავის ხალხს: „შეიძულეთ ის, რაც ცუდია და შეიყვარეთ ის, რაც კარგია“ (1 იოანე 4:8; ფსალმუნი 37:28; ამოსი 5:15). მან არაერთხელ მოუწოდა თავის ერთგულებს, სიმართლის გზა აერჩიათ. მაგალითად, როცა იეჰოვამ ისრაელებს შეთანხმება დაუდო, მოსეს მეშვეობით უთხრა მათ: „ცასა და დედამიწას ვიმოწმებ დღეს შენ წინააღმდეგ, რომ სიცოცხლე და სიკვდილი დაგიდე წინ, კურთხევა და წყევლა; აირჩიე სიცოცხლე და იცოცხლებთ შენც და შენი შთამომავლობაც“ (კანონი 30:19). წინასწარ განსაზღვრა ღმერთმა, რა არჩევანს გააკეთებდა თითოეული მათგანი? რა თქმა უნდა, არა.

იესო ნავეს ძე, რომელიც ძველ დროში ღვთის ხალხის წინამძღოლი იყო, ეუბნებოდა მათ: „დღესვე აირჩიეთ, ვის ემსახურებით  . . . მე და ჩემი სახლეულობა კი იეჰოვას ვემსახურებით“ (იესო ნავეს ძე 24:15). ღვთის წინასწარმეტყველი იერემიაც მოუწოდებდა: „გთხოვ, დაემორჩილე იეჰოვას ხმას, რასაც მე გეუბნები, ხელი მოგემართება და იცოცხლებს შენი სული“ (იერემია 38:20). აღძრავდა სამართლიანი და მოსიყვარულე ღმერთი ხალხს, სწორად ემოქმედათ კურთხევების მისაღებად, თუ მან წინასწარ იცოდა, რომ ისინი სწორად ვერ მოიქცეოდნენ? არა. ეს ღმერთის მხრიდან თვალთმაქცობა იქნებოდა.

ამიტომ, რაც უნდა მოხდეს თქვენს ცხოვრებაში — კარგი თუ ცუდი — ეს წინასწარ განსაზღვრული არ არის. ხშირად ასეთი „შემთხვევები“ სხვა ადამიანების მიერ მიღებული გონივრული თუ არაგონივრული გადაწყვეტილებების შედეგად ხდება (ეკლესიასტე 9:11). თქვენი მომავალი არ არის წინასწარ განსაზღვრული და მას მხოლოდ თქვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები განსაზღვრავს.

როგორ ფიქრობთ:

▪ წინასწარ განსაზღვრა ღმერთმა, რომ ადამი და ევა შესცოდავდნენ? (დაბადება 1:28; 2:16, 17).

▪ ღვთის რომელი თვისებები გამორიცხავს ბედისწერის არსებობას? (ფსალმუნი 37:28; 1 იოანე 4:8).

▪ თქვენ რა პასუხისმგებლობა გაქვთ? (იესო ნავეს ძე 24:15).

[ჩანართი 13 გვერდზე]

სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ადამიანები, რომლებიც უსაფრთხოების ზომებს იცავენ, ნაკლებად ხდებიან უბედური შემთხვევის მსხვერპლი.