არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა იმედი არსებობს?

რა იმედი არსებობს?

რა იმედი არსებობს?

მძიმე შრომა კარგია, როცა მშრომელი კარგ ანაზღაურებას იღებს. დაუკვირდით, რას ამბობს ბიბლიის ერთი მწერალი: „დავინახე, რომ არაფერია მათთვის იმაზე უკეთესი, რომ გაიხარონ  . . . ყოველმა კაცმა უნდა ჭამოს, სვას და სიამე ნახოს თავის გარჯაში. ეს ღვთისგან ნაბოძები ძღვენია“ (ეკლესიასტე 3:12, 13).

მაგრამ, როგორც დავინახეთ, მსოფლიო ეკონომიკური სისტემა დაბალი ანაზღაურების სანაცვლოდ მძიმე შრომას მოითხოვს. ბევრი ადამიანი კვლავაც ღარიბია და მათ ყოველდღიურად უწევთ არსებობისთვის ბრძოლა. გასაკვირი არ არის, რომ ასეთმა ცხოვრებამ მათ ‘სიხარულისა და სიკეთის კეთების’ სურვილი დააკარგვინა. მსოფლიოს სიმდიდრემ არნახულ მასშტაბს მიაღწია, მაგრამ მოსახლეობის ნახევარს ეს ცხოვრებას ვერ უმსუბუქებს.

ღმერთი გულგრილი არ არის ღარიბების მიმართ

კაცობრიობის შემოქმედს, იეჰოვა ღმერთს, აწუხებს ღარიბების მდგომარეობა; ის თანაუგრძნობს მათ. ბიბლიაში ვკითხულობთ: „[ღმერთი] არ დაივიწყებს მათ ღაღადს“ (ფსალმუნი 9:12). იეჰოვა ღმერთი ზრუნავს ღარიბებზე.

იეჰოვას შესახებ ბიბლიაში ნათქვამია: „საწყალი, უმამო ბავშვი შენ გაბარებს თავს. შენა ხარ მისი შემწე“ (ფსალმუნი 10:14). ამ ბიბლიური მუხლიდან ჩანს, რომ ღმერთი თითოეულ გაჭირვებულ ადამიანს აქცევს ყურადღებას *. მან იცის, რა სჭირდება მათ. მისთვის თითოეული ადამიანი ძვირფასია. იეჰოვა მოუწოდებს ყველას, ღარიბს თუ მდიდარს, ისწავლონ მისგან და იმეგობრონ მასთან.

ადამიანები ღვთისგან სწავლობენ თანაგრძნობისა და თბილი გრძნობების გამოვლენას. იეჰოვას მოწმეები ერთი დიდი სულიერი ოჯახის წევრებად მიიჩნევენ თავს. ისინი აფასებენ ერთმანეთს — მათ შორის ნამდვილი ქრისტიანული სიყვარული მეფობს. ერთხელ იესო ქრისტემ უთხრა თავის მიმდევრებს: „თქვენ ყველანი ძმები ხართ“ (მათე 23:8). ამრიგად, ყველა ჭეშმარიტი თაყვანისმცემელი იმ საძმოს წევრია, სადაც არ განასხვავებენ მდიდრებს ღარიბებისგან. ისინი ზრუნავენ ერთმანეთზე და გასაჭირის დროს მხარში უდგანან ერთმანეთს.

ბიბლიაში მოცემული პრინციპები ადამიანებს სიღარიბის ტვირთს უმსუბუქებს. წმინდა წერილიდან ვიგებთ, რომ ღმერთი გმობს სხეულის დაბინძურებას, იქნება ეს თამბაქოს მოწევა თუ ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება (იგავები 20:1; 2 კორინთელები 7:1). ადამიანი, რომელიც ამ პრინციპებს ცხოვრებაში იყენებს, ზოგავს ფულს, რომელსაც სხვა შემთხვევაში მავნე ჩვევების გამო გაფლანგავდა. ის თავს აარიდებს მოწევით და სმით გამოწვეულ დაავადებებს და ამგვარად მკურნალობის თანხას დაზოგავს. ბიბლია ასევე ასწავლის ადამიანებს, უარყონ მატერიალისტური აზროვნება და სიხარბე (მარკოზი 4:19; ეფესოელები 5:3). თუ ადამიანი ამ საკითხებში აფასებს ღვთის სიტყვას, ის აზარტულ თამაშებში ფულს არ გაფლანგავს.

ბიბლია გვთავაზობს ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოსაყენებელ პრაქტიკულ პრინციპებს, რომლებიც უკიდურეს სიღარიბეშიც კი გამოსადეგია. განვიხილოთ ამის ერთი მაგალითი.

ერთ ქვეყანაში, სადაც უმუშევრობა სერიოზული პრობლემაა, ქარხნის ერთ მუშას შეიძლებოდა სამუშაო დაეკარგა იმის გამო, რომ უფროსს ქრისტიანულ შეხვედრებზე დასასწრებად გათავისუფლება სთხოვა. უფროსს ადვილად შეეძლო მისი სამსახურიდან დათხოვნა. მაგრამ ყველა გაოცდა, როცა უფროსმა მისი თხოვნა დააკმაყოფილა. უფრო მეტიც, მან ქალს ქარხანაში მუშაობის გაგრძელება სთხოვა და „სანიმუშო მუშაკი“ უწოდა. რატომ მოიქცა ის ასე?

ეს ქალი იეჰოვას მოწმეა და ბიბლიის პრინციპების თანახმად ცხოვრობს. მას სურდა, ‘ყველაფერში პატიოსნად მოქცეულიყო’; ის არ იტყუებოდა და არ იპარავდა, ამიტომ პატიოსანი ადამიანის სახელი მოიხვეჭა (ებრაელები 13:18). ის იყენებდა კოლოსელების 3:22, 23-ში ჩაწერილ პრინციპს და თავის სამუშაოს „სულითა და გულით“ ასრულებდა. ამასთანავე, ემორჩილებოდა დამსაქმებელს და სამუშაო დროის განმავლობაში გულმოდგინედ შრომობდა.

რა თქმა უნდა, ჩვენ ჯერ კიდევ ისეთ ეკონომიკურ სისტემაში ვცხოვრობთ, სადაც ყველაფერს ეგოიზმი მართავს და ყველაზე მთავარი — მოგებაა. შესაძლოა, მათ, ვინც იცავს ბიბლიის პრინციპებს, კვლავაც უწევთ ბრძოლა საკვების, ტანსაცმლისა და თავშესაფრისთვის. მაგრამ ამ ადამიანებს შემოქმედის წინაშე სუფთა სინდისი აქვთ და უკეთეს მომავალს ელიან, რადგან იციან, რომ იეჰოვა ‘იმედის მომცემი ღმერთია’ (რომაელები 15:13).

სიღარიბის პრობლემა სამუდამოდ მოგვარდება

ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ღმერთს სძულს ისინი, ვინც ღარიბებს ჩაგრავენ. ღვთის სიტყვაში წერია: „ვაი მათ, ვინც საზიანო წესებს ადგენენ, გამუდმებით წერენ და ყოველივე საზიანო აქვთ დაწერილი, რათა უარი თქვან საწყალთა სასამართლო საქმის მოსმენაზე და სამართალი წაართვან დაჩაგრულებს  . . . რათა ქვრივები გახდნენ მათი ნადავლი და გაძარცვონ უმამო ბავშვები!“ (ესაია 10:1, 2). მნიშვნელობა არა აქვს, შეგნებულად უგულებელყოფენ ღარიბებს თუ შეუგნებლად, ისინი, ვინც დღეს მსოფლიო ეკონომიკას მართავენ, იმ მჩაგვრელი სისტემის ნაწილი არიან, რომელსაც ღმერთი მალე შეცვლის.

ესაია წინასწარმეტყველი ასეთ მჩაგვრელებს სერიოზულ კითხვას უსვამს: „რას იზამთ იმ დღეს, როცა განგიკითხავენ და როცა შორიდან მოვა უბედურება?“ (ესაია 10:3). უსამართლო სისტემის განადგურებით იეჰოვა ბოლოს მოუღებს მათ.

მაგრამ ღვთის მიზანი მხოლოდ მჩაგვრელების წინააღმდეგ ზომების მიღება არ არის. ის ჰპირდება სამართლიან ადამიანებს, რომ უსამართლობისგან თავისუფალ ქვეყნიერებაში იცხოვრებენ. სრულყოფილი მთავრობის მეშვეობით, ის საშუალებას მისცემს ადამიანებს, გათავისუფლდნენ სიღარიბისგან და დამაკმაყოფილებელი, სიხარულით აღსავსე ცხოვრება ჰქონდეთ. მაშინ წარმატებისთვის აღარ იქნება საჭირო დიდი მემკვიდრეობა, ნაცნობობა ან ბიზნესში დიდი გამჭრიახობის გამოვლენა. საიდან ვიცით, რომ ასეთი ცვლილებები ნამდვილად მოხდება?

იეჰოვას მიერ კაცობრიობის მმართველად დანიშნული იესო ქრისტე ამ შესანიშნავ მომავალზე ლაპარაკობდა, როგორც „ხელახლა შექმნის“ დროზე (მათე 19:28). ამაში განახლება და ახალი ცხოვრების დაწყება იგულისხმება. იესომ ამ სიტყვებით აღნიშნა, რომ მოსიყვარულე შემოქმედი შესაძლებლობას აძლევს მართალ ადამიანებს, ისე იცხოვრონ, როგორც მას თავიდან ჰქონდა ჩაფიქრებული. ერთ-ერთი კურთხევა, რომელსაც კაცობრიობა იმ დროს ღვთისგან მიიღებს, არის გათავისუფლება ფინანსური პრობლემებისგან, რაც ბევრს ცხოვრებას უმძიმებს.

ბიბლია იესო ქრისტეს მმართველობაზე წინასწარმეტყველებს: „ის დაიხსნის ღარიბს, შველას რომ ითხოვს, დაჩაგრულს და მას, ვისაც შემწე არა ჰყავს. ის შეიბრალებს საწყალსა და ღარიბს, იხსნის ღარიბთა სულებს. ჩაგვრისა და ძალადობისგან გამოისყიდის მათ სულებს და ძვირფასი იქნება მათი სისხლი მის თვალში“ (ფსალმუნი 72:12—14).

თქვენც შეგიძლიათ გაიხაროთ ამ შესანიშნავი მომავლით. მაგრამ ღვთის მოთხოვნებს რომ შეესაბამებოდეთ და ახალ ქვეყნიერებაში იცხოვროთ, მნიშვნელოვანია ისწავლოთ, რა არის ჭეშმარიტი ღვთის ნება და შეასრულოთ ის. ღვთის სიტყვიდან მიღებული ცოდნის საფუძველზე მიიღეთ სწორი გადაწყვეტილებები. იცხოვრეთ იმ შესანიშნავი მომავლის მოლოდინით, რომელსაც ღმერთი კაცობრიობას ჰპირდება. თქვენი იმედი არ გაცრუვდება. ღვთის სიტყვა გვარწმუნებს: „ყოველთვის არ იქნება საწყალი დავიწყებული; არასოდეს გაქარწყლდება თვინიერთა იმედი“ (ფსალმუნი 9:18).

[სქოლიო]

^ აბზ. 6 ფსალმუნის 35:10-დან და 113:7-დან ჩანს, თუ როგორ ზრუნავს ღმერთი გაჭირვებულებზე.

[ჩანართი 9 გვერდზე]

თქვენც შეგიძლიათ გაიხაროთ შესანიშნავი მომავლით.

[ჩარჩო/სურათი 10 გვერდზე]

გადავიდე საცხოვრებლად იქ, სადაც „უკეთესი ცხოვრებაა“?

ღვთის სიტყვა არ კარნახობს ადამიანებს, სად იცხოვრონ ან სად იმუშაონ. მაგრამ ბიბლიის პრინციპები ეხმარება მათ იმის განსაზღვრაში, მიზანშეწონილია თუ არა ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად სხვა ქვეყანაში გადასვლა. დაფიქრდით შემდეგ კითხვებზე და მათთან დაკავშირებულ ბიბლიურ პრინციპებზე.

1. ხომ არ მოქმედებს ჩემზე დაუსაბუთებელი ხმები? იგავების 14:15-ში ნათქვამია: „გამოუცდელს ყველა სიტყვისა სჯერა, წინდახედული კი აკვირდება თავის ნაბიჯებს“. ერთმა მამაკაცმა, რომელიც აღმოსავლეთ ევროპიდან მდიდარ ქვეყანაში გადავიდა, თქვა: „გავიგე, რომ იქ ფული ხეებზე იზრდებოდა; დღემდე ვეძებ ამ ხეებს“.

2. მაქვს გაწონასწორებული თვალსაზრისი ჩემი ოჯახის მოთხოვნილებებზე? ხომ არ მერევა ერთმანეთში ის, რაც გვჭირდება და რაც გვსურს? ოჯახისთავი ვალდებულია, მატერიალურად უზრუნველყოს ცოლ-შვილი (1 ტიმოთე 5:8). მაგრამ მამები ღვთის წინაშე პასუხისმგებლები არიან, რომ ბავშვები ზნეობრივად და სულიერად დამოძღვრონ (კანონი 6:6, 7; ეფესოელები 6:4). თუ ოჯახისთავი სამუშაოდ სხვაგან გადავა, შესაძლოა, მან უკეთ არჩინოს ოჯახი, მაგრამ ის ვერ შეძლებს შვილების ზნეობრივად და სულიერად დამოძღვრას, თუ მათ კვირების, თვეების ან წლების განმავლობაში ვერ ნახავს.

3. ვაცნობიერებ, რომ დიდი ხნით წასვლა მე და ჩემს მეუღლეს მრუშობის ჩადენის საშიშროების წინაშე გვაყენებს? ღვთის სიტყვა დაქორწინებულებს ურჩევს, რომ ერთმანეთის სექსუალური მოთხოვნილებები გაითვალისწინონ (1 კორინთელები 7:5).

4. შეგნებული მაქვს, რომ უცხო ქვეყანაში არალეგალურად ჩასვლამ შეიძლება ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან სერიოზული პრობლემები შემიქმნას? ჭეშმარიტი ქრისტიანები ვალდებულნი არიან, დაემორჩილონ ქვეყნის კანონებს (რომაელები 13:1—7).

[სურათები 8, 9 გვერდებზე]

იმის მიუხედავად, მდიდრები ვართ თუ ღარიბები, ბიბლიის პრინციპები ყველასთვის პრაქტიკულია.

[სურათის საავტორო უფლება 7 გვერდზე]

Top: © Trygve Bolstad/Panos Pictures