„შავი გედი“ ვენეციის არხებზე
„შავი გედი“ ვენეციის არხებზე
„გამოიღვიძეთ!“-ისთვის იტალიიდან
ის ნელა მიცურავს არხზე, გადის ქვისთაღიანი ხიდების ქვეშ და უკან იტოვებს დახავსებულ კედლებს, არაბესკულ ფანჯრებსა და ყვავილებით დამშვენებულ აივნებს. ის შავია, მოხდენილი და მშვიდი; შორიდან შავ გედს მოგაგონებთ. მიუხედავად იმისა, რომ მისი ტანი ხისაა, კისერი კი — ლითონის, ის იმავე გრაციით მოძრაობს ვენეციის არხებზე, როგორც ეს დიდებული ფრინველი. ეს არის გონდოლა. ზოგის აზრით, ის მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ნავია. როდის გაჩნდა ის? რატომ არის ასე სახელგანთქმული და რით გამოირჩევა ის სხვა ნავებისგან?
როდის გაჩნდა გონდოლა?
რთულია იმის თქმა, ზუსტად როდის გაჩნდა პირველად გონდოლა, თუმცა ზოგის აზრით, ის XI საუკუნეში უკვე არსებობდა. პირველად გონდოლა ფერწერულ ნამუშევრებზე XV საუკუნის მიწურულს გამოჩნდა. მაგრამ მხოლოდ XVII-XVIII საუკუნეებში მიიღო გონდოლამ ის სახე, რომელიც მას ნავებს შორის გამორჩეულსა და ცნობილს ხდის. ის მანამდეც ბრტყელძირიანი იყო, მაგრამ სწორედ ამ პერიოდში მიიღო მან მოგრძო ფორმა და რკინის ცხვირი.
ასევე რთულია იმის თქმა, თუ რატომ დაარქვეს მას გონდოლა. ზოგის აზრით, სიტყვა „გონდოლა“ მოდის ლათინური სიტყვიდან „კუემბულა“, რომელსაც პატარა ნავს უწოდებდნენ, ან სიტყვა „კონკულადან“, რომლის კნინობითი ფორმაა „კონკა“ და ნიჟარას ნიშნავს.
ვენეციის სიმბოლო
გონდოლას გარეშე ვენეცია წარმოუდგენელია. შეიძლება ითქვას, რომ ის ქალაქის უმნიშვნელოვანესი სიმბოლოა. გონდოლა ვენეციაზე შექმნილ თითქმის ყველა სურათზეა გამოსახული.
ამ ნავს ქალაქთან სხვა რამეც აკავშირებს. გონდოლათი მოგზაურობა „სრულიად სხვა შუქში წარმოგიდგენთ ვენეციას, — ამბობს გონდოლიერი რობერტო, რომელსაც ტურისტები გადაჰყავს ქალაქის არხებზე. — თქვენ უბრალო ხედებს კი არ უყურებთ, არამედ ვენეციის გულში იჭრებით“. ცნობილი გერმანელი მწერალი იოჰან ვოლფგანგ გოეთე ამბობდა, რომ ამ ნავში ზუსტად ისე გრძნობდა თავს, „როგორც ვენეციელი, რომელსაც თავის გონდოლაში ადრიატიკის ზღვის მეპატრონე ჰგონია თავი“. რობერტო ამბობს: „გონდოლას ნელი სვლა სრულყოფილად ერწყმის ვენეციის სულს. ის აკვანივით მსუბუქად ირწევა და რბილად მოკალათებულს ისეთი გრძნობა გეუფლებათ, რომ დრო გაჩერდა“.
გონდოლას თავისებურებები
თუ დააკვირდებით გონდოლას, გაგაოცებთ იმის დანახვა, რომ ნავს მარჯვენა მხარეს დამაგრებული ერთადერთი ნიჩბით მართავენ, მაგრამ ის მიმართულებას მაინც არ იცვლის. შესაძლოა ფიქრობთ, რომ ნავს თუ მუდმივად არ შეუსწორებენ მიმართულებას, ის ერთ ადგილას იტრიალებს; მაგრამ ეს ასე არ ხდება. რატომ? ისტორიული ნავების ექსპერტი ჯილბერტო პენზო წერს: „თუ მეტაფორას გამოვიყენებთ და ნავის კორპუსს ადამიანის ტანს შევადარებთ, სადაც კილი ხერხემალს წარმოადგენს, კარკასი კი — ნეკნებს, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გონდოლას სკოლიოზის სერიოზული ფორმა აქვს“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ნავის კორპუსი ასიმეტრიულია — მისი მარჯვენა ნაწილი 24 სანტიმეტრით ვიწროა მარცხენაზე. შედეგად გონდოლას მარჯვენა მხარე უფრო ღრმადაა წყალში ჩასული, ვიდრე მარცხენა. ამ ასიმეტრიულობას აბალანსებს ცალი ნიჩაბი და გონდოლიერის წონა, რომელიც ერთ მხარეს დგება, ამიტომ ნავი მიმართულებას არ იცვლის.
ამ „გედის“ გამორჩეული ნაწილია „კისერი“ ანუ ნავის ცხვირი. თუ არ ჩავთვლით კიჩოს, ის ნავის ერთადერთი ლითონის დეტალია. ნავის ცხვირი „იმდენად შთამბეჭდავი და თვალში საცემია, რომ
წარუშლელ კვალს ტოვებს მნახველებზე“, — წერს მწერალი ჯანფრანკო მუნეროტო. თავდაპირველად, გონდოლას რკინის ცხვირი იმიტომ ჰქონდა, რომ კიჩოზე მდგომი გონდოლიერის წონა დაებალანსებინა, მაგრამ დღეს ის მხოლოდ სილამაზისთვისაა. ტრადიციულად, ცხვირის ნაწილები წარმოადგენს ვენეციის ექვს „სესტიერს“ ანუ ექვს სამეზობლოს, ხოლო უკანა პატარა შვერილი — კუნძულ ჯუდეკას. ცხვირს S-ის ფორმა აქვს, რაც, როგორც ამბობენ, ვენეციის დიდ არხს წარმოადგენს.გონდოლას სხვა თავისებურება მისი შავი „ბუმბულია“. უამრავი გადმოცემა არსებობს, თუ რატომ არის გონდოლა შავი. ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად, XVI-XVII საუკუნეებში გონდოლები იმდენად ჭრელი და მდიდრული იყო, რომ ვენეციის სენატმა ჯარიმა დააწესა იმ მეპატრონეებისთვის, რომელთა გონდოლებიც ძალიან თვალში საცემი იყო. სენატს სურდა, რომ გონდოლა მოკრძალებული ყოფილიყო. მაგრამ ბევრს ერჩია, ჯარიმა გადაეხადა, ვიდრე უარი ეთქვა მის აღკაზმულობაზე. შედეგად ერთმა მოსამართლემ განკარგულება გასცა, რომ ყველა გონდოლა შავად შეეღებათ. სხვა გადმოცემის თანახმად, შავი ფერი „შავი სიკვდილის“ დროს ათასობით დახოცილთა გლოვის სიმბოლო იყო. სხვების აზრით კი, გონდოლას შავი ფერი ხაზს უსვამდა ვენეციელი დიდგვაროვანი ქალების სითეთრეს. მაგრამ ჭეშმარიტება უფრო მარტივია — თავდაპირველად, გონდოლას შავი ფერი მისცა ფისმა, რომელსაც ნავებს წყალგაუმტარობის მიზნით უსვამდნენ.
წყნარ წყალზე „შავი გედით“ მოგზაურობის შემდეგ ისევ იმ ნავმისადგომში ბრუნდებით, საიდანაც მოგზაურობა დაიწყეთ. თუ თვალს გააყოლებთ გონდოლას, რომელიც თვალს ეფარება, შეიძლება ერთი წამით მოგეჩვენოთ, რომ ის თავის გრძელ კისერს ატრიალებს და აწეწილ ბუმბულს ნისკარტით ისწორებს.
[სურათი 24 გვერდზე]
გონდოლას კარკასი ასიმეტრიულია.
[სურათი 24, 25 გვერდებზე]
გამორჩეული ცხვირი.
[სურათი 25 გვერდზე]
გონდოლიერი რობერტო.
[საავტორო უფლება დაცულია 25 გვერდზე]
© Medioimages