არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ მოვერიდო ჭორაობას?

როგორ მოვერიდო ჭორაობას?

ახალგაზრდების შეკითხვები

როგორ მოვერიდო ჭორაობას?

„ერთხელ წვეულებაზე წავედი და მეორე დღეს ხმები დამიყარეს, თითქოს იქ ერთ ბიჭთან სექსი მქონდა. ეს მტკნარი სიცრუე იყო!“ (ლინდა) *.

„ზოგჯერ ვიგებ, რომ თურმე ვიღაცას ვხვდები, ვისაც საერთოდ არ ვიცნობ. ბევრი ისე ჭორაობს, რომ საერთოდ არ აღელვებს, სიმართლეს ლაპარაკობს თუ არა“ (მაიკი).

ჭორაობით ადამიანები სხვებს ცხოვრებას ურთულებენ. 19 წლის ამბერი ამბობს: „გამუდმებით მჭორავდნენ. ხმები გამივრცელეს, თითქოს ფეხმძიმედ ვიყავი, აბორტებს ვიკეთებდი, ნარკოტიკებს ვყიდულობდი, ვყიდდი და ვიკეთებდი. წარმოდგენა არა მაქვს, რატომ ავრცელებენ ჩემზე ასეთ ჭორებს?!“

თანამედროვე ტექნიკა და ჭორაობა

შენი მშობლების ახალგაზრდობაში ცხელ-ცხელი ამბები, ძირითადად, ენით ვრცელდებოდა. დღეს კი ეს თანამედროვე ტექნიკითაც ხდება. ელექტრონული ფოსტისა და სწრაფი შეტყობინებების საშუალებით ახალგაზრდებს სიტყვის უთქმელადაც შეუძლიათ განზრახ შეულახონ ერთმანეთს რეპუტაცია. საკმარისია, რამდენიმე კლავიშს დააწვე და ჭორს უამრავი ცნობისმოყვარე ადრესატი გაიგებს.

ზოგიერთის აზრით, ჭორაობისთვის ტელეფონზე უკეთესი საშუალება ახლა ინტერნეტია. ზოგჯერ ვიღაცა რომ დაამცირონ, მთლიან ვებ-გვერდებს ქმნიან. ჩვეულებრივ, ვებ-გვერდები, რომლებიც პირად ინფორმაციას შეიცავს, სავსეა ისეთი ჭორებით, რასაც პირადად ვერავისთან იტყოდი. ერთი გამოკითხვის თანახმად, ახალგაზრდების 58-მა პროცენტმა აღნიშნა, რომ ინტერნეტით გავრცელებული ჭორების მსხვერპლნი იყვნენ.

მაგრამ ყოველთვის ცუდია სხვებზე საუბარი? არსებობს  . . .

უწყინარი ჭორი?

სწორია თუ არასწორი?

სხვებზე საუბარი ყოველთვის ცუდია.

სწორია. არასწორია.

რომელია სწორი პასუხი? ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რას და როგორ ვლაპარაკობთ. თუ უბრალოდ სხვებზე ვსაუბრობთ, ამაში შეიძლება ცუდი არაფერი იყოს. ბიბლია გვირჩევს, რომ ‘დავინტერესდეთ სხვების ცხოვრებით’ (ფილიპელები 2:4, „ახალი საუკუნის თარგმანი“). თუმცა ეს სხვის საქმეში ჩარევას არ გულისხმობს (1 პეტრე 4:15). საუბრის დროს ხშირად სასარგებლო ინფორმაციას ვიგებთ, მაგალითად ვინ ქორწინდება, ვის შეეძინა ბავშვი, ვის სჭირდება დახმარება. ფაქტია, შეუძლებელია თქვა, რომ გაინტერესებს ადამიანი, თუ მასზე საერთოდ არ ლაპარაკობ.

მაგრამ საუბარი ადვილად შესაძლებელია ჭორაობაში გადაიზარდოს. მაგალითად, ვიღაცამ შეიძლება უბრალოდ თქვას: „ბობი და სიუ კარგი წყვილი იქნებოდა“. მაგრამ ეს აზრი შეიძლება სხვამ სხვანაირად გაიმეოროს: „ბობი და სიუ შეყვარებულები არიან“, მაშინ როცა ბობსა და სიუს წარმოდგენაც კი არა აქვთ „თავიანთი რომანის“ შესახებ. შეიძლება ფიქრობ, „ამით არაფერი შავდება“, მაგრამ ეს სიტყვები შენზე რომ ეთქვათ, სხვანაირად იფიქრებდი.

18 წლის ჯულიზე მსგავსი ჭორი გაავრცელეს, რამაც მას გული ატკინა. „ძალიან გავბრაზდი და ეჭვი გამიჩნდა, საერთოდ შეიძლებოდა თუ არა ვინმეს ნდობა“, — იხსენებს ჯული. მსგავს მდგომარეობაში აღმოჩნდა 19 წლის ჯეინიც. „ვერიდებოდი იმ ბიჭს, რომელზეც ხმები დამიყარეს, თითქოს ვხვდებოდი, — ამბობს ის. — უსამართლობად მიმაჩნდა, რომ ვიღაცის ჭორების გამო მეგობარი უნდა დამეკარგა!“

როგორც ვხედავთ, ჭორაობას ცუდი შედეგები მოჰყვება. თუმცა, ვისზეც იჭორავეს, აღიარებენ, რომ თავადაც არაერთხელ გაუჭორავთ სხვები. ფაქტია, თუ ვინმეზე დამამცირებლად ლაპარაკობენ, შეიძლება სურვილი გაგიჩნდეს, შენც ილაპარაკო. რატომ? „ისინი რეალობას გაურბიან. საკუთარი პრობლემების მოგვარებას სხვების საქმეების გარჩევა ურჩევნიათ“, — ამბობს 18 წლის ფილიპი. როგორ უნდა მოიქცე, თუ სხვებზე საუბარი ჭორაობაში გადადის?

სიფრთხილე გამოიჩინე

დაფიქრდი, რა უნდა გაითვალისწინოს მძღოლმა გადატვირთული მოძრაობის დროს. მოულოდნელად შეიძლება საჭირო გახდეს ზოლის შეცვლა, გზის დათმობა ან საერთოდ შეჩერება. ფრთხილი მძღოლი ხედავს საფრთხეს და შესაბამისად მოქმედებს.

იმავეს თქმა შეიძლება საუბარზე. ძნელი მისახვედრი არ არის, როდის გადადის ჩვეულებრივი საუბარი ჭორაობაში. თუ ეს ასე ხდება, შეგიძლია მოხერხებულად „შეცვალო ზოლი“? იცოდე, ჭორაობას შეიძლება ცუდი შედეგები მოჰყვეს. მაიკი გვიამბობს: „ერთხელ ერთ გოგონაზე ვთქვი, ბიჭებზე გიჟდება-მეთქი; ჩემმა სიტყვებმა მის ყურამდე მიაღწია. როცა საქმის გასარკვევად მოვიდა, ისეთი ხმით მელაპარაკა, რომ დღემდე მახსოვს . . . დაუფიქრებელი სიტყვებით მას გული ვატკინე. მართალია შევრიგდით, მაგრამ თავს დამნაშავედ ვგრძნობდი, რომ ჭორაობით სხვას გული ვატკინე“.

გაბედულებაა საჭირო, რომ შევწყვიტოთ საუბარი, თუ ის ჭორაობაში გადადის. 17 წლის კაროლინა ამბობს: „სანამ რამეს იტყვი, უნდა დაფიქრდე. თუ ინფორმაცია სანდო წყაროდან არ მიგიღია, შეიძლება სიცრუე გაავრცელო“.

ჭორაობას რომ მოერიდო, გაითვალისწინე ბიბლიის შემდეგი რჩევები:

„ბევრი ლაპარაკისას ცოდვა გარდაუვალია, ხოლო ვინც ბაგეებს იმორჩილებს, გონივრულად იქცევა“ (იგავები 10:19). რაც მეტს ლაპარაკობ, მით მეტი ალბათობაა, ისეთი რამ წამოგცდეს, რასაც მოგვიანებით ინანებ. უკეთესია, კარგ მსმენელად გიცნობდნენ, ვიდრე მოლაყბედ.

„მართლის გული პასუხის გაცემამდე ფიქრობს, ბოროტთა პირი კი ბოროტებას აფრქვევს“ (იგავები 15:28). დაფიქრდი, სანამ რამეს იტყვი!

„თითოეულმა თქვენგანმა მოყვასს ჭეშმარიტება ელაპარაკოს“ (ეფესოელები 4:25). დარწმუნდი, რომ რასაც ამბობ, სიმართლეა.

„როგორც თქვენ გინდათ, რომ მოგექცნენ სხვები, თქვენც ისევე მოექეცით მათ“ (ლუკა 6:31). ვინმეზე სიმართლესაც რომ ამბობდე, მაინც დაფიქრდი: „მე რას ვიგრძნობდი მის ადგილას, თუ ვინმე ჩემს საიდუმლოს გაამჟღავნებდა?“

„მაშ, იმისკენ ვისწრაფოთ, რაც მშვიდობასა და ერთმანეთის აღშენებას ემსახურება“ (რომაელები 14:19). ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაც კი შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს, თუ ის უარყოფითია.

‘მიზნად დაისახეთ, რომ მშვიდად იცხოვროთ, მიხედოთ თქვენს საქმეს და საკუთარი ხელით იშრომოთ’ (1 თესალონიკელები 4:11). ნუ იქნები მეტისმეტად ცნობისმოყვარე. დროს ტყუილად ნუ დაკარგავ!

თუ შენზე იჭორავეს . . .

ალბათ ეთანხმები, რომ ადამიანმა ენა უნდა გააკონტროლოს და სხვებზე არ უნდა იჭორაოს. თუმცა, თუ შენ გაგჭორეს, ამას შეიძლება მშვიდად ვერ შეხვდე. 16 წლის ჯოანა, რომელზეც განზრახ გაავრცელეს ჭორები, ამბობს: „ვფიქრობდი, რომ აღარავის დავუმეგობრდებოდი. ზოგჯერ ღამღამობით ვტიროდი. ვფიქრობდი, რომ სამუდამოდ გამიტეხეს სახელი“.

რა უნდა გააკეთო, თუ შენზე სიცრუე გაავრცელეს?

გაიხედე სიტყვებს მიღმა. შეეცადე გაიგო, რა აღძრავს ადამიანებს ჭორაობისკენ. ზოგს სურს ყურადღება მიიპყროს და სხვებს დაანახვოს, თითქოს ყველაფერი იცის. 14 წლის კარინა ამბობს: „მათ უნდათ ადამიანებს ეგონოთ, რომ მაგრები არიან, რადგან სხვებზე ლაპარაკობენ“. ზოგი ახალგაზრდა სხვებზე დამამცირებლად იმიტომ ლაპარაკობს, რომ არასრულფასოვნების გრძნობა აქვს და სურს პირადი ღირსების გრძნობა აიმაღლოს. 17 წლის რენე ჭორაობის კიდევ ერთ მიზეზს ასახელებს: „ეს უსაქმური ადამიანების სენია. ჭორაობით ისინი ცდილობენ სხვებს ცხოვრება გაურთულონ, თავიანთი ცხოვრება კი გაიხალისონ“.

აკონტროლე ემოციები. თუ ჭორაობით გულნატკენი ადამიანი ვერ დაიოკებს გულისწყრომას, მას შეუძლია ისეთი რამ თქვას ან გააკეთოს, რაც სანანებელი გაუხდება. იგავების 14:17-ში წერია: „ვინც სწრაფად რისხდება, უგუნურებას ჩაიდენს“. მიუხედავად იმისა, რომ თქმა უფრო ადვილია, ვიდრე გაკეთება, თავშეკავება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როცა შენზე იჭორავეს. თუ თავს შეიკავებ, არ გაიმეორებ იმ ადამიანის შეცდომას, ვინც გაგჭორა.

გაიგე ნამდვილი მიზეზი. ჰკითხე საკუთარ თავს: „დანამდვილებით ვიცი, რომ რაც გავიგე, ჩემზე იყო ნათქვამი? ჭორია ეს თუ სერიოზული გაუგებრობა? ხომ არ მიმაქვს ყველაფერი გულთან ახლოს?“ უდავოა, რომ ჭორაობას არანაირი გამართლება არა აქვს, მაგრამ თუ მძაფრ რეაგირებას მოახდენ, ეს უფრო ცუდ შედეგებს მოგიტანს, ვიდრე თავად ჭორი. შენც შეგიძლია რენეს მსგავსად მოიქცე, რომელიც ამბობს: „გული მტკივა, როცა ჩემზე ცუდს ამბობენ, მაგრამ ვცდილობ ჭორს ყურადღება არ მივაქციო, რადგან მომავალ კვირას სხვაზე იჭორავებენ“ *.

საუკეთესო გამოსავალი

ბიბლიაში წერია: „ჩვენ ყველა ხშირად ვცდებით. ვინც სიტყვით არ ცდება, სრულყოფილია და მთელი სხეულის ალაგმვა შეუძლია“ (იაკობი 3:2). აქედან გამომდინარე, ბრძნული არ იქნება, თუ ჩვენზე ნათქვამ ყველა სიტყვას გამოვეკიდებით. ეკლესიასტეს 7:22-ში ნათქვამია: „გულის სიღრმეში იცი, რომ შენც არაერთხელ დაგიწყევლია სხვები“.

თუ გაგჭორეს, საუკეთესო გამოსავალი შენი კარგი საქციელი იქნება. იესომ თქვა: „სიბრძნის სიმართლეს კი მისი საქმეები ამტკიცებს“ (მათე 11:19). კვლავაც გამოავლინე სიკეთე და სიყვარული. ისე მალე შეწყვეტენ შენზე ჭორაობას, რომ შეიძლება გაგიკვირდეს. თუმცა, ასეც რომ არ მოხდეს, სიკეთისა და სიყვარულის გამოვლენა დაგეხმარება, გაუმკლავდე შედეგებს.

სხვა სტატიები რუბრიკიდან „ახალგაზრდების შეკითხვები“ იხილე ვებ-გვერდზე www.watchtower.org/ype

დაფიქრდი:

▪ რა დაგეხმარება, რომ არ იჭორაო?

▪ როგორ მოიქცევი, თუ შენზე იჭორავეს?

[სქოლიოები]

^ აბზ. 3 სახელები შეცვლილია.

^ აბზ. 34 ზოგჯერ შეიძლება მიზანშეწონილი იყოს, ტაქტიანად დაელაპარაკო მას, ვინც შენზე ჭორი გაავრცელა. თუმცა უმეტეს შემთხვევაში, ეს აუცილებელი არ არის, „რადგან სიყვარული უამრავ ცოდვას ფარავს“ (1 პეტრე 4:8).