„უძლეველი არმადის“ ტრაგიკული აღსასრული
„უძლეველი არმადის“ ტრაგიკული აღსასრული
„გამოიღვიძეთ!“-ისთვის ესპანეთიდან
ოთხასი წლის წინ ლა-მანშის სრუტეში ორი ფლოტი ებრძოდა ერთმანეთს. ეს იყო პროტესტანტებსა და კათოლიკებს შორის XVI საუკუნეში გამართული ბრძოლებიდან ერთ-ერთი, რომელშიც ჩაბმული იყვნენ ესპანეთის მეფე ფილიპე II და ინგლისის დედოფალი ელისაბედ I. „ხალხის აზრით, ლა-მანშის სრუტეში ინგლისისა და ესპანეთის ფლოტების დაპირისპირება ბნელ და ნათელ ძალებს შორის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა იყო“, — ნათქვამია წიგნში „უძლეველი არმადის დამარცხება“.
იმ დროს მცხოვრები ინგლისელები ესპანეთის არმადას ანუ უზარმაზარ ფლოტს აღწერდნენ, როგორც „ღია ზღვაში ოდესმე ნახულთაგან უდიდეს სამხედრო-საზღვაო ძალას“. მაგრამ არმადის ლაშქრობა ტრაგიკული აღმოჩნდა განსაკუთრებით იმ ათასებისთვის, რომლებიც ამ ლაშქრობის დროს დაიღუპნენ. რა იყო „უძლეველი არმადის“ ლაშქრობისა და დამარცხების მიზეზები?
გალაშქრების მიზეზი
ინგლისელი მეკობრეები წლების მანძილზე ესპანეთის გემებს ძარცვავდნენ. ინგლისის დედოფალი ელისაბედი აქტიურად უჭერდა მხარს ჰოლანდიელთა აჯანყებას ესპანეთის წინააღმდეგ. კათოლიკე ფილიპე II კი თავს ვალდებულად თვლიდა, დახმარებოდა ინგლისელ კათოლიკებს, რომ თავიანთი ქვეყანა მზარდი პროტესტანტული „ერესისგან“ გაეთავისუფლებინათ. ამ მიზნით არმადას ჰყავდა დაახლოებით 180 მღვდელი და სასულიერო პირი. ფლოტის თითოეულ ახალ წევრს მღვდელთან ცოდვები უნდა ეღიარებინა და ზიარება მიეღო.
ესპანეთში რელიგიურ განწყობას ქმნიდა და მეფეზე გავლენას ახდენდა ცნობილი იეზუიტი პედრო დი რიბადენეირა. ის ამბობდა: „უფალი ღმერთი,
ვის მიზანსაც ვემსახურებით და ვის უწმინდეს რწმენასაც ვიცავთ, ჩვენ წაგვიძღვება. ასეთი მეთაურის გვერდით არაფრის არ უნდა გვეშინოდეს“. ამავე დროს, ინგლისიც იმედოვნებდა, რომ ესპანეთის დამარცხების შემთხვევაში პროტესტანტიზმი მთელ ევროპაში გავრცელდებოდა.ესპანეთის მეფის საბრძოლო გეგმა ერთი შეხედვით მარტივი ჩანდა. მან მითითება მისცა არმადას, გასულიყო ლა-მანშის სრუტეში და ფლანდრიაში * შეერთებოდა პარმის ჰერცოგსა და მის 30 000-იან გამოცდილ ჯარს. გაერთიანებული ძალებით მათ უნდა გადაელახათ ლა-მანშის სრუტე, გადმოსულიყვნენ ესექსის სანაპიროსთან და იერიში მიეტანათ ლონდონზე. ფილიპე ვარაუდობდა, რომ ინგლისელი კათოლიკები მიატოვებდნენ პროტესტანტ დედოფალს და ესპანეთის ჯარს შეუერთდებოდნენ.
თუმცა ფილიპეს გეგმას სერიოზული ნაკლი ჰქონდა. ის იმედოვნებდა, რომ ღმერთი მხარს დაუჭერდა, მაგრამ მხედველობიდან გამორჩა ორი მნიშვნელოვანი სირთულე: ინგლისის სამხედრო-საზღვაო ფლოტის სიძლიერე და პარმის ჰერცოგის ჯართან შეხვედრა ისეთ პორტში, სადაც ღრმა წყალი არ იყო.
უზარმაზარი და მოუქნელი ფლოტი
ფილიპემ არმადას სათავეში ჰერცოგი მედინა-სიდონია დაუყენა. ჰერცოგს სამხედრო-საზღვაო ფლოტში დიდი გამოცდილება არ ჰქონდა, მაგრამ ნიჭიერი ორგანიზატორი იყო და მოკლე დროში შეძლო გამოცდილ კაპიტნებთან კარგი ურთიერთობის დამყარება. ერთად მათ შექმნეს ჯარი და, რამდენადაც შესაძლებელი იყო, უზარმაზარი ფლოტი საკვებითა და წყლით მოამარაგეს. მათ საგულდაგულოდ შეადგინეს გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა გემებს შორის სიგნალებს, ფლოტის გადაადგილებას და ჯარის განლაგებას, რომელშიც ერთობლივი ძალები შედიოდა.
1588 წლის 29 მაისს არმადამ 130 გემით, 20 000 ჯარისკაცითა და 8 000 მეზღვაურით, როგორც იქნა, დატოვა ლისაბონის ნავსადგური. მაგრამ ძლიერი ქარისა და შტორმის გამო ისინი იძულებულნი გახდნენ, ესპანეთის ჩრდილო-დასავლეთით ლა-კორუნიასთან შეჩერებულიყვნენ, რომ გემები შეეკეთებინათ და საკვებისა და წყლის მარაგი აეღოთ. არასაკმარისი საკვებისა და ჯარისკაცებში გაჩენილი დაავადების გამო ჰერცოგმა მედინა-სიდონიამ მეფეს წერილი გაუგზავნა; წერილში მან პირდაპირ განუცხადა მეფეს, რომ, მისი აზრით, გეგმის განხორციელება შეუძლებელი იყო. მაგრამ მეფემ დაჟინებით მოსთხოვა ჰერცოგს გეგმის ზედმიწევნით
შესრულება. ასე რომ, ამ მოუქნელმა ფლოტმა განაგრძო სვლა და ლისაბონის ნავსადგურის დატოვებიდან ორ თვეში მიაღწია ლა-მანშის სრუტეს.ბრძოლები ლა-მანშის სრუტეში
ესპანეთის ფლოტს ინგლისის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე პლიმუთის სანაპიროსთან ინგლისელთა ფლოტი ელოდა. ესპანეთსაც და ინგლისსაც ერთი და იმავე რაოდენობის, ოღონდ განსხვავებული დიზაინის გემები ჰყავდათ. ესპანური ხომალდები მაღალი იყო და მცირე რადიუსის ქვემეხები ჰქონდა. გემის ცხვირსა და კიჩოზე კოშკურები იდგა, რის გამოც ისინი მოტივტივე ციხე-სიმაგრეებს ჰგავდნენ. თავიანთი სამხედრო-საზღვაო სტრატეგიის მიხედვით, ესპანელები უნდა მიახლოებოდნენ მოწინააღმდეგის გემებს, რათა მათზე გადამსხდარიყვნენ და მტერი გაენადგურებინათ. ინგლისელთა გემები დაბალი და სწრაფი იყო დიდი რადიუსის ქვემეხებით. მათ კაპიტნებს მიზნად ჰქონდათ დასახული, ახლოს არ მოეშვათ მტერი და ესპანეთის ხომალდები შორი მანძილიდან გაენადგურებინათ.
ინგლისის მოქნილი ფლოტის თავდასხმისა და ინტენსიური ცეცხლისგან თავის დასაცავად, ესპანელმა ჰერცოგმა გემები რკალისებრად განალაგა — ძლიერ გემებს დიდი რადიუსის ქვემეხებით უნდა დაეცვათ რკალის თავი და ბოლო. არმადა იქით ტრიალდებოდა, საიდანაც მტერი შეუტევდა და ისე იგერიებდა მას, როგორც ხარი იგერიებს ლომს რქებით.
ლა-მანშის სრუტეში ესპანელებსა და ინგლისელებს შორის ორი მცირე ბრძოლა გაიმართა. ესპანელების თავდაცვის სტრატეგიამ გაამართლა. ინგლისელებმა დიდი რადიუსის ქვემეხებით ვერ მოახერხეს ესპანეთის ვერც ერთი ხომალდის ჩაძირვა. ინგლისელმა კაპიტნებმა გადაწყვიტეს, როგორმე გაერღვიათ მტრის გემების განლაგება და მიახლოებოდნენ ესპანეთის ფლოტს. ეს მათ 7 აგვისტოს მოახერხეს.
მეფის ბრძანებით ჰერცოგი მედინა-სიდონია არმადასთან ერთად პარმის ჰერცოგის ჯართან შესახვედრად გაემართა. ვიდრე პარმის ჰერცოგისგან შეტყობინებას მიიღებდა, მედინა-სიდონიამ კალესთან (საფრანგეთი) ღუზების ჩაშვების ბრძანება გასცა. ესპანეთის ღუზაჩაშვებული და დაუცველი გემებისკენ ინგლისელებმა დენთით დატვირთული და ცეცხლმოკიდებული რვა გემი გაუშვეს. შეშინებული ესპანელი კაპიტნების უმეტესობამ საფრთხის თავიდან არიდების მიზნით გემები ზღვაში გაიყვანა. ძლიერმა ქარმა და დინებამ ესპანელთა გემები ჩრდილოეთისკენ გარეკა.
მეორე დღეს გამთენიისას შედგა უკანასკნელი ბრძოლა. ინგლისის ფლოტმა ახლო მანძილიდან გაუხსნა ცეცხლი ესპანეთის გემებს. ამ დროს სულ ცოტა სამი გემი განადგურდა და უამრავი დაზიანდა. ესპანელები უიმედო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, რადგან ტყვია-წამალი თითქმის აღარ ჰქონდათ.
ძლიერი შტორმის გამო ინგლისელებმა ბრძოლა მომდევნო დღისთვის გადადეს. მეორე დილას არმადა კვლავ მტრის პირისპირ განლაგდა რკალისებრად და დარჩენილი ტყვია-წამლით საბრძოლველად გაემზადა. მაგრამ ინგლისელებს ჯერ ცეცხლი არ
ჰქონდათ გახსნილი, რომ ქარმა და დინებამ ესპანეთის გემები ჰოლანდიის ქვიშიანი სანაპიროსკენ, ზელანდიისკენ წაიღო, რაც მათ დაღუპვას მოასწავებდა.მდგომარეობა უიმედო ჩანდა, მაგრამ ქარმა მიმართულება შეცვალა და არმადა ჩრდილოეთით შუა ზღვაში, უსაფრთხო ადგილას წაიღო. კალესკენ დასაბრუნებელი გზა ინგლისელებს ეკავათ, ქარი კი ესპანეთის დაზიანებულ გემებს ჩრდილოეთისკენ მიაქანებდა. ჰერცოგ მედინა-სიდონიას ისღა დარჩენოდა, რომ გეგმაზე ხელი აეღო და რაც შეიძლება მეტი ადამიანი და გემი გადაერჩინა. მან გადაწყვიტა, შოტლანდიისა და ირლანდიის შემოვლით ესპანეთში დაბრუნებულიყო.
შტორმები და გემების მსხვრევა
არმადის დაზიანებულ გემებს უკან დასაბრუნებლად დამქანცველი გზა ელოდათ, საკვები თითქმის აღარ ჰქონდათ და კასრებიდან წყალი ჟონავდა. ინგლისელთა თავდასხმებმა გემების უმეტესობა მწყობრიდან გამოიყვანა და რამდენიმეღა თუ ვარგოდა ზღვაოსნობისთვის. ამასთანავე, ირლანდიის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროსთან არმადა ორკვირიან ძლიერ შტორმში მოჰყვა. ზოგი გემი უკვალოდ გაქრა, ზოგი კი ირლანდიის სანაპიროსთან დაიმსხვრა.
ბოლოს, არმადის გადარჩენილ გემთაგან პირველებმა 23 სექტემბერს ძლივს ჩააღწიეს ჩრდილოეთ ესპანეთის საპორტო ქალაქ სანტანდერში. დაახლოებით 60-მა გემმა და ეკიპაჟის ნახევარმა შეძლო ლისაბონში დაბრუნება. ათასობით ადამიანი ზღვაში დაიხრჩო. ბევრი დაჭრილი მოკვდა და ბევრიც დაავადებებმა იმსხვერპლა. გადარჩენილებისთვის განსაცდელი ესპანეთის სანაპიროსთანაც არ დამთავრებულა.
წიგნში „უძლეველი არმადის დამარცხება“ აღნიშნულია, რომ ზოგიერთი გემის ეკიპაჟს „საერთოდ არ ჰქონდა საკვები და შიმშილით დაიხოცნენ“, მიუხედავად იმისა, რომ ღუზა ესპანეთის პორტში ჰქონდათ ჩაშვებული. ესპანეთის პორტ ლარედოში ერთი გემი მხოლოდ იმიტომ დაიმსხვრა, რომ „საკმარისი ხალხი არ ჰყავდათ იალქნების დასაშვებად და ღუზის ჩასაშვებად“.
დამარცხების შედეგები
თუმცა რელიგიურ ნიადაგზე ომები არ წყდებოდა, არმადის დამარცხებამ ჩრდილოეთ ევროპის პროტესტანტებს გამბედაობა შეჰმატა. მათი რწმენით, ამ გამარჯვებაში ღვთის ხელი ერია; ამიტომ გამარჯვების აღსანიშნავად, ინგლისელებმა დაამზადეს მედალი წარწერით „Flavit יהוה et dissipati sunt 1588“, რაც ნიშნავს „იეჰოვამ დაუბერა და გაფანტა ისინი 1588 წელს“.
დროთა განმავლობაში დიდი ბრიტანეთი მსოფლიო იმპერია გახდა. წიგნში „ევროპა 1870 წელს“ აღნიშნულია: „1763 წლისთვის დიდმა ბრიტანეთმა მთელ მსოფლიოში უდიდესი სავაჭრო და კოლონიური ძალაუფლება მოიპოვა“. მართალაც, „1763 წლისთვის ბრიტანეთის იმპერია მთელ მსოფლიოზე გაბატონდა ისე, თითქოს რომის იმპერია გაცოცხლდა და საზღვრები გააფართოვა“, — აღნიშნულია წიგნში „ფლოტილია და იმპერია“. მოგვიანებით დიდი ბრიტანეთი გაერთიანდა თავის ყოფილ კოლონიასთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ისინი ერთად წარმოადგენენ ინგლის-ამერიკის მსოფლიო იმპერიას.
მსოფლიო პოლიტიკური იმპერიების აღზევება და დაცემა ბიბლიის მკვლევარების ინტერესს იწვევს. წმინდა წერილებში ვრცლად არის საუბარი ეგვიპტის, ასურეთის, ბაბილონის, მიდია-სპარსეთის, საბერძნეთის, რომისა და ინგლის-ამერიკის მსოფლიო იმპერიებზე. ბიბლიაში დიდი ხნით ადრე იყო ნაწინასწარმეტყველები ზოგიერთი მათგანის აღზევებისა და დაცემის შესახებ (დანიელი 8:3—8, 20—22; გამოცხადება 17:1—6, 9—11).
1588 წლის ზაფხულში ესპანეთის „უძლეველი არმადის“ დამარცხება მნიშვნელოვანი მოვლენა იყო. მისი დამარცხებიდან თითქმის 200 წლის შემდეგ დიდი ბრიტანეთი მსოფლიო იმპერია გახდა და დროთა განმავლობაში დიდი როლი ითამაშა ბიბლიის წინასწარმეტყველების შესრულებაში.
[სქოლიო]
^ აბზ. 8 XVI საუკუნის განმავლობაში ნიდერლანდების ეს ტერიტორია ეკუთვნოდა ესპანეთს. მასში შედიოდა ჩრდილოეთ საფრანგეთის, ბელგიისა და ჰოლანდიის სანაპირო ზოლი.
[დიაგრამა/რუკა 26, 27 გვერდებზე]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
„უძლეველი არმადის“ მოგზაურობა
—— ფლოტის მარშრუტი
–– დაბრუნების მარშრუტი
X ბრძოლები
ესპანეთი
ლისაბონი
ლა-კორუნია
სანტანდერი
ფლანდრია
კალე
ესპანეთის ნიდერლანდები
გაერთიანებული ნიდერლანდები
ინგლისი
პლიმუთი
ლონდონი
ირლანდია
[სურათი 24 გვერდზე]
მეფე ფილიპე II
[საავტორო უფლება]
Biblioteca Nacional, Madrid
[სურათი 24 გვერდზე]
დედოფალი ელისაბედ I
[სურათი 24, 25 გვერდებზე]
„უძლეველ არმადას“ სათავეში ედგა ჰერცოგი მედინა-სიდონია.
[საავტორო უფლება]
Cortesía de Fundación Casa de Medina Sidonia
[საავტორო უფლება დაცულია 25 გვერდზე]
Museo Naval, Madrid