არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ტყის ნობათი

ტყის ნობათი

ტყის ნობათი

„გამოიღვიძეთ!“-ისთვის ფინეთიდან

სკანდინავიაში მრავალი ოჯახი სიამოვნებით დადის ტყეში კენკრის დასაკრეფად. მაგალითად, ფინეთში ყველას თავისუფლად შეუძლია ტყეში სიარული — მაშინაც კი, თუ ის კერძო საკუთრებაა — იმ შემთხვევაში, თუ არაფერს დააზიანებს და მეპატრონის სახლთან ძალიან ახლოს არ მივა. ამის შესახებ დაწერილი კანონი არ არსებობს, მაგრამ არსებობს ძველი სკანდინავიური ტრადიცია. ამ ტრადიციის თანახმად, თითქმის ყველას ყველგან შეუძლია მინდვრის ყვავილების, სოკოს და კენკროვანების კრეფა.

ფინეთში დაახლოებით 50 სახეობის კენკროვანი მცენარე ხარობს, რომელთა უმეტესობაც საჭმელად ვარგისია. კენკროვანებს შორის ყველაზე ფართოდ გავრცელებულია: მოცვი, მიწამაყვალა და წითელი მოცვი * (იხილეთ თანდართული ჩარჩო).

სხვადასხვა ფერისა და გემოს კენკროვანებს სხვადასხვა საჭმელთან ერთად მიირთმევენ. ისინი ძალიან სასარგებლოა. „სკანდინავიური კენკროვანები — გრძელი დღის მცენარეები — ხასხასა შეფერილობითა და საუცხოო არომატით გამოირჩევა; ისინი მდიდარია მინერალებითა და ვიტამინებით“, — ნათქვამია „ლუონონმარიაოპასში“ (სახელმძღვანელო ველური კენკროვანების შესახებ). გარდა ამისა, კენკროვანები შეიცავს უჯრედისს, რომელიც ხელს უწყობს სისხლში შაქრის შემცველობის რეგულირებას და ამცირებს ქოლესტეროლის შემცველობას. კენკროვანები შეიცავს ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ფლავონოიდებს, ფენოლის შემცველ ნივთიერებებს.

ღირს ძალისხმევად ტყეში კენკროვანების კრეფა? „ამგვარად ფულს ვზოგავთ, რადგან მაღაზიებში კენკროვანები საკმაოდ ძვირია. გარდა ამისა, როდესაც შენ თვითონ კრეფ კენკროვანებს, იცი, რომ დიდი ხნის ნადები არ არის“, — ამბობს კენკროვანების კრეფის მოყვარული იუკა. მისი მეუღლე, ნიინა, კიდევ ერთ დადებით მხარეს მოიხსენიებს: „კენკროვანების საკრეფად სიარული კარგი საბაბია ჩვენი ოჯახისთვის ტყეში სასიამოვნო პიკნიკის მოსაწყობად“.

„მაგრამ, თუ ბავშვები გყავთ წაყვანილი, ყურადღება უნდა მიაქციოთ მათ, რათა უცხო კენკროვანები არ ჭამონ ან სადმე შორს არ წავიდნენ“, — გვაფრთხილებს ნიინა. საჭიროა სიფრთხილე, რადგან ზოგი კენკროვანი შხამიანია.

სკანდინავიელთა უმრავლესობის მსგავსად, იუკას და ნიინას ძალიან უყვართ ტყე. ნიინა აღნიშნავს: „მიყვარს ტყე. აქ სასიამოვნო სიწყნარე და სუფთა ჰაერია. ტყეში გონება ისვენებს. აქ ბავშვებიც კარგად გრძნობენ თავს“. იუკასა და ნიინასთვის ტყის მშვიდ გარემოში სასიამოვნოა ფიქრი და საუბარი.

კენკროვანები ნოყიერია; საუკეთესო გემო განსაკუთრებით ახალდაკრეფილს აქვს. ისინი მალფუჭებადია. თუ გვინდა, რომ კენკროვანებით ზამთარში ვისიამოვნოთ, საჭიროა მათი შენახვა. ძველად მათ სარდაფში ინახავდნენ, მაგრამ დღეს კენკროვანებს, ჩვეულებრივ, საყინულეში ინახავენ. მისგან ჯემსა და წვენს ამზადებენ.

„შენახული კენკროვანები ცივ ზამთარში თბილი ზაფხულის მოგონებებს აღვიძებს, და ზაფხულის მოლოდინს ამძაფრებს“ — მართებულად შენიშნავს შვედი მწერალი თავის წიგნში „სვენსკა ბერბოკენ“ (შვედური წიგნი კენკროვანებზე). კენკროვანებს სხვადასხვა მიზნით იყენებენ. ძალიან სასიამოვნოა საუზმედ მაწონთან, მიუსლისთან და ფაფასთან ერთად მათი მირთმევა. ტყის კენკროვანებისგან გემრიელ დესერტს, მათ შორის ნამცხვრებს, ამზადებენ. მათგან ხილფაფასა და ჟელესაც აკეთებენ და სხვადასხვა საჭმელთან ერთად მიირთმევენ.

ბევრი კენკროვანებს ადგილობრივ მაღაზიებში ყიდულობს. მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ ერთ მზიან დღეს ხართ ტყეში, სუნთქავთ სუფთა ჰაერს, ტკბებით იქ გამეფებული სიმშვიდით და ხასხასა, ტკბილ კენკროვანებს ეძებთ. არაფერი შეედრება შენი ხელით დაკრეფილი ტყის ნობათის სუფრაზე მიტანას! ამ დროს გვახსენდება ფსალმუნმომღერლის სიტყვები: „რაოდენ მრავალია შენი საქმენი, იეჰოვა! ყველაფერი სიბრძნით შექმენი. სავსეა დედამიწა შენი ნაშრომით“ (ფსალმუნი 104:24).

[სქოლიო]

^ აბზ. 4 ამ სტატიაში „კენკრად“ მოხსენიებულია წვრილი, წვნიანი ნაყოფი. ბოტანიკოსები კი „კენკრას“ უწოდებენ წვნიან ნაყოფს, რომელიც ბევრ თესლს შეიცავს. ამ განმარტების თანახმად, ბანანიც და პომიდორიც კენკრაა.

[ჩარჩო/სურათები 24, 25 გვერდებზე]

მოცვი (Vaccinium myrtillus)

მოცვისგან ხშირად საწებელს, პუდინგს, ჯემს ან წვენს ამზადებენ. მას სხვადასხვა ტკბილეულშიც, მაგალითად, მოცვის ნამცხვარში, იყენებენ. ახალდაკრეფილი მოცვი ძალიან გემრიელია რძესთან ერთად. მაგრამ ნუ ეცდებით მოცვის ჩუმად ჭამას, რადგან ეს კენკრა პირსა და ტუჩებს შეგიღებავთ. მას „ჭორიკანა კენკრასაც“ უწოდებენ.

[ჩარჩო/სურათები 25 გვერდზე]

მიწამაყვალა (Rubus chamaemorus)

ეს კენკრა ჭაობიან ადგილას იზრდება. ფინეთში ის უმეტესწილად ჩრდილოეთში ხარობს. წვნიან და ნოყიერ მიწამაყვალაში ბევრია ვიტამინი A და ვიტამინი C. მასში სამ-ოთხჯერ მეტია ვიტამინ C-ს შემცველობა, ვიდრე ფორთოხალში. მიწამაყვალა ძვირად ფასობს — მას ზოგჯერ „ჭაობის ოქროს“ უწოდებენ. ამ ტკბილ კენკრას სხვადასხვა დესერტს უმატებენ; მისგან ლიქიორსაც ამზადებენ.

[საავტორო უფლება]

Reijo Juurinen/Kuvaliiteri

[ჩარჩო/სურათები 25 გვერდზე]

წითელი მოცვი (Vaccinium vitis-idaea)

შტოშის მონათესავე ეს კენკრა ფინეთსა და შვედეთში ძალიან პოპულარულია. წითელი მოცვის ხილფაფა და ჟელე სადილის სუფრას ამშვენებს. ამ ხასხასა წითელი კენკრისგან აკეთებენ სოუსს, პუდინგს, წვენსა და ნამცხვარს. წითელი მოცვი დიდხანს ინახება, რადგან შეიცავს ბუნებრივ მჟავებს, რომლებიც გაფუჭებისგან იცავს. მჟავების დიდი რაოდენობით შემცველობის გამო ამ კენკრით თავიდან ბევრი არ იხიბლება.

[ჩარჩო 25 გვერდზე]

კრეფა ყოველთვის სასიამოვნო არ არის!

კენკროვანების კრეფა სასიამოვნოა და კმაყოფილების მომგვრელი, მაგრამ არც ისე ადვილია *. ლაპლანდიელი ცოლ-ქმარი პასი და ტუირე კენკრას ოჯახისთვისაც კრეფენ და გასაყიდადაც. ისინი ყვებიან, რომ კრეფისას ზოგჯერ მათ მწერების, მაგალითად კოღოებისა და ბზიკების, მთელი გუნდი ესევათ. „ეს ძალიან შემაწუხებელია. მწერები პირსა და თვალებში გიძვრებიან“ — ამბობს შეწუხებული ტუირე. მაგრამ, საბედნიეროდ, თუ სათანადო ტანსაცმელს ჩაიცვამთ და მწერების საწინააღმდეგო საშუალებებს გამოიყენებთ, გარკვეულწილად შეძლებთ თავის დაცვას.

ადამიანს შეიძლება უკაცრიელ ტყეში სიარულიც გაუჭირდეს, განსაკუთრებით, თუ ჭაობიანი ადგილებია. ერთი შეხედვით, მყარმა ნიადაგმა შეიძლება ადამიანი მოატყუოს და ჭაობში აღმოჩნდეს. პასისა და ტუირეს სიტყვების თანახმად, კენკროვანების კრეფა საკმაოდ შრომატევადი საქმეა. საშინლად გტკივა ზურგი და ფეხები მას შემდეგ, რაც წელში მოხრილი საათობით კრეფ.

არც კენკროვანების პოვნაა ადვილი. პასი ამბობს, რომ „დიდი ძალისხმევა სჭირდება ისეთი ადგილის მიგნებას, სადაც ბევრი კენკრაა“. ტუირე კი აღნიშნავს: „ზოგჯერ კრეფაზე მეტი დრო ძებნას მიაქვს“. არც დაკრეფილი კენკრის გარეცხვას სჭირდება ცოტა ენერგია.

ყოველივე ამის გამო ზოგს ურჩევნია კენკრა ტყის ბინადართ დაუტოვოს. თუმცა კენკრის კრეფის მრავალი მოყვარული პასისა და ტუირეს მსგავსად განაგრძობს ყოველწლიურად ტყეებსა და ჭაობებში სიარულს. მათ კენკრის კრეფა იმდენად დიდ სიამოვნებას ანიჭებთ, რომ სირთულეები არაფრად ეჩვენებათ.

[სქოლიო]

^ აბზ. 27 ყველა კენკრის ჭამა არ შეიძლება. ზოგი მათგანი შხამიანია. სანამ კენკრის კრეფას დაიწყებდეთ, საჭმელად ვარგისი კენკროვანების ამოცნობა უნდა ისწავლოთ.