არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ იქცა მეთევზეთა სოფელი დედაქალაქად

როგორ იქცა მეთევზეთა სოფელი დედაქალაქად

როგორ იქცა მეთევზეთა სოფელი დედაქალაქად

„გამოიღვიძეთ!“-ისთვის იაპონიიდან

ათას ხუთას ოთხმოცდაათი წლის აგვისტოს ერთ მშვენიერ დღეს იეიასუ ტოკუგავა (სურათი მარჯვნივ), რომელიც მოგვიანებით ტოკუგავათა საგვარეულოში პირველი სიოგუნი * გახდა, იაპონიის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე მეთევზეთა სოფელ ედოში ჩავიდა. იმ დროს „ედოში მხოლოდ რამდენიმე ასეული ქოხმახი იდგა, რომლებიც, ძირითადად, გლეხებსა და მეთევზეებს ეკუთვნოდათ“, — ნათქვამია წიგნში „სიოგუნთა ქალაქი — ტოკიოს ისტორია“. ედოს მახლობლად იდგა საუკუნით ადრე აშენებული მიტოვებული ციხესიმაგრე.

ეს სოფელი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ბევრისთვის უცნობი იყო, მხოლოდ იაპონიის დედაქალაქ ტოკიოდ კი არ იქცა, არამედ ხმაურიან მეგაპოლისად. ტოკიოს პრეფექტურაში (ადმინისტრაციული ერთეული) 12 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ტოკიო გახდა ლიდერი ტექნოლოგიის, კავშირგაბმულობის, ტრანსპორტისა და კომერციის დარგში. მასში თავს იყრის წამყვანი საფინანსო დაწესებულებები. როგორ იქცა სოფელი უზარმაზარ ქალაქად?

სიოგუნთა ქალაქად ქცეული მეთევზეთა სოფელი

ონინის ბრძოლიდან (1467 წელი) 100 წლის განმავლობაში იაპონიის ფეოდალებს შორის ბრძოლა მიმდინარეობდა. მათ იაპონია რამდენიმე საფეოდალოდ დაყვეს. საბოლოოდ, ფეოდალმა ტოიოტომიმ, რომელიც გლეხის ოჯახიდან იყო, ნაწილობრივ გააერთიანა ქვეყანა და 1585 წელს იმპერიის რეგენტი გახდა. თავდაპირველად ძლევამოსილი ჰიდეიოსი და იეიასუ ერთმანეთს ებრძოდნენ, მაგრამ მოგვიანებით ისინი მოკავშირეები გახდნენ. მათ ერთობლივი ძალით ალყაში მოაქციეს და აიღეს გავლენიანი ჰოჯოს დინასტიის ციხესიმაგრე ოდავარაში და ამგვარად დაეუფლნენ კანტოს მხარეს აღმოსავლეთ იაპონიაში.

ჰიდეიოსიმ კანტოს რვა პროვინცია იეიასუს გადასცა, რომელიც ადრე ჰოჯოს ეკუთვნოდა. ამგვარად, იეიასუმ თავისი თავდაპირველი ადგილ-მამული დატოვა და აღმოსავლეთში გადავიდა. ჰიდეიოსიმ ეს, როგორც ჩანს, განზრახ გააკეთა, რათა იეიასუ, რაც შეიძლება, შორს ყოფილიყო კიოტოდან, სადაც ნომინალური იმპერატორი ცხოვრობდა. იეიასუმ მიიღო ჰიდეიოსის წინადადება და ჩავიდა ედოში, რაც სტატიის დასაწყისში იყო ნახსენები. ეს მეთევზეთა ღარიბული სოფელი მან თავისი სამფლობელოს ცენტრად აქცია.

ჰიდეიოსის სიკვდილის შემდეგ დასავლეთ იაპონიის სამხედრო ძალების წინააღმდეგ გასალაშქრებლად იეიასუ სათავეში ჩაუდგა გაერთიანებულ ჯარს, რომელიც, ძირითადად, აღმოსავლეთ იაპონიის სამხედრო ძალებისგან შედგებოდა, და 1600 წელს ერთ დღეში მოიპოვა გამარჯვება. 1603 წელს იეიასუ დაინიშნა სიოგუნად და ქვეყნის დე ფაქტო მმართველი გახდა. ასე რომ, ედო იაპონიის ახალ ადმინისტრაციულ ცენტრად იქცა.

გრანდიოზული ციხესიმაგრის დასამთავრებლად იეიასუმ ფეოდალებს დაავალა, ეზრუნათ მუშახელისა და სამშენებლო მასალის მოგროვებაზე. დაახლოებით 3 000 ხომალდით ეზიდებოდნენ გრანიტის უზარმაზარ ლოდებს იძუს ნახევარკუნძულიდან, რომელიც ედოს სამხრეთით 100 კილომეტრში მდებარეობდა. ნავსადგურში გადმოცლილი გრანიტის ლოდები ასობით მუშას მიჰქონდა მშენებლობის ადგილამდე.

იაპონიის ამ უდიდესი ციხესიმაგრის მშენებლობა 50 წლის შემდეგ დასრულდა, მესამე სიოგუნის მმართველობის დროს. ეს ციხესიმაგრე ძლევამოსილი ტოკუგავას დინასტიის შთამბეჭდავ სიმბოლოდ იქცა. სამურაები ანუ მეომრები, რომლებიც სიოგუნს ემსახურებოდნენ, ციხესიმაგრის გარშემო დასახლდნენ. სიოგუნი ფეოდალებისგან მოითხოვდა, რომ მათ საცხოვრებელი ედოშიც ჰქონოდათ.

ედოში სამურაების დასახლების შედეგად ქვეყნის სხვადასხვა კიდიდან იმ ადგილს ვაჭრები და ხელოსნები მიაწყდნენ. დაახლოებით ერთი საუკუნე იყო გასული, რაც იეიასუ ედოში ჩავიდა, და 1695 წლისთვის ედოს მოსახლეობა მილიონამდე გაიზარდა. ედო იმდროინდელი მსოფლიოს უდიდესი ქალაქი გახდა.

ხმლის ნაცვლად საანგარიშო

სიოგუნების მმართველობის დროს ქვეყანაში ისეთი მშვიდობა იყო, რომ სამურაებს საქმე თითქმის არ ჰქონდათ. მართალია, ისინი კვლავ ამაყობდნენ თავიანთი საქმით, მაგრამ ნელ-ნელა ხმალი საანგარიშომ შეცვალა. მშვიდობამ 250 წელზე მეტხანს გასტანა. მოსახლეობა გამდიდრდა, განსაკუთრებით ვაჭრები, და უფრო დამოუკიდებლები გახდნენ. განვითარდა უნიკალური კულტურა.

ხალხი დადიოდა ცნობილ სპექტაკლებზე, კაბუკის (ისტორიული), ბუნრაკუსა (თოჯინების) და რაკუგოს (კომიკური) წარმოდგენებზე. ზაფხულის ცხელ საღამოებს ხალხი მდინარე სუმიდას გრილ სანაპიროზე ატარებდა. ედო ამ მდინარეზე იყო გაშენებული. ისინი ფეიერვერკების სანახავადაც დადიოდნენ, რაც დღესაც ტრადიციაა.

მაგრამ ედოს არსებობის შესახებ სხვა ქვეყნებში არაფერი იცოდნენ. 200-ზე მეტი წლის განმავლობაში იაპონელებს უცხოელებთან ყოველგვარი კონტაქტი ეკრძალებოდათ. გამონაკლისს მხოლოდ ჰოლანდიელები, ჩინელები და კორეელები წარმოადგენდნენ და ისიც ყოველთვის არა. მაგრამ ერთმა მოულოდნელად მომხდარმა შემთხვევამ მთლიანად შეცვალა ქალაქისა და ერის ცხოვრება.

ტოკიოდ ქცეული ედო

ერთ მშვენიერ დღეს ედოს სანაპიროსთან უცნაური ხომალდები გამოჩნდნენ, რომლებიც შავ კვამლს უშვებდნენ. გაოგნებულ მეთევზეებს ისინი წყალში „მოტივტივე“ ვულკანები ეგონათ. ედოში ისეთი ხმები გავრცელდა, რომ ბევრი შეშინდა და ქალაქი დატოვა.

აშშ-ს ოთხმა სამხედრო გემმა, რომლებსაც მეთაურობდა ადმირალი მეთიუ პერი, ედოს ყურეში ღუზა 1853 წლის 8 ივლისს ჩაუშვა (სურათი მარცხნივ). პერიმ სიოგუნატს მის ქვეყანასთან სავაჭრო ურთიერთობების დამყარება სთხოვა. პერის სტუმრობამ იაპონელებს დაანახვა, რომ სამხედრო ძალითა თუ ტექნოლოგიის განვითარების თვალსაზრისით ისინი ბევრად ჩამორჩებოდნენ მსოფლიოს სხვა ქვეყნებს.

ამას მოჰყვა მთელი რიგი მოვლენები, რის შედეგადაც ტოკუგავას რეჟიმი დაემხო და ძალაუფლება იმპერატორის ხელში გადავიდა. 1868 წელს ედოს ტოკიო ეწოდა, რაც „აღმოსავლეთ დედაქალაქს“ ნიშნავს. ეს სახელი მას იმიტომ დაერქვა, რომ კიოტოს აღმოსავლეთით მდებარეობდა. იმპერატორმა თავისი რეზიდენცია კიოტოდან ედოს ციხესიმაგრეში გადაიტანა, რომელიც მოგვიანებით საიმპერატორო სასახლედ აქცია.

დასავლეთის კულტურის ზეგავლენით ახალმა მთავრობამ იაპონიის მოდერნიზაცია დაიწყო. ამისათვის ბევრი რამ იყო გასაკეთებელი. ზოგი ამ პერიოდში მომხდარ ცვლილებებს სასწაულს უწოდებს. 1869 წელს სატელეგრაფო კავშირი დამყარდა ტოკიოსა და იოკოჰამას შორის. მალე ეს ორი ქალაქი პირველი სარკინიგზო ხაზითაც დააკავშირეს. ხის სახლების გვერდით აგურის შენობები წამოიმართა. გაჩნდა ბანკები, სასტუმროები, უნივერმაღები და რესტორნები. დაარსდა პირველი უნივერსიტეტები. გზები მოიკირწყლა. მდინარე სუმიდაზე ორთქლისძრავიანი გემები გამოჩნდა.

ხალხიც შეიცვალა. მანამდე უმეტესობას ტრადიციული კიმონო ეცვა, მაგრამ თანდათანობით სულ უფრო მეტმა იაპონელმა დაიწყო დასავლური სტილით ჩაცმა-დახურვა. მამაკაცებმა ულვაშების ტარება დაიწყეს, ცილინდრები დაიხურეს და ხელჯოხები დაიკავეს. ზოგმა ქალმა ელეგანტური კაბაც მოირგო და ვალსის ცეკვაც ისწავლა.

ამასთანავე, იაპონელების საყვარელი სასმელი, საკეს გარდა, ლუდიც გახდა, ხოლო ბეისბოლი პოპულარობით ეროვნული სპორტის სახეობას, სუმოს გაუთანაბრდა. ტოკიომ ღრუბელივით შეისრუტა და შეისისხლხორცა ახალი კულტურული თუ პოლიტიკური იდეები. ქალაქი საგრძნობლად გაფართოვდა, ვიდრე ერთ დღეს უბედურება არ დატრიალდა.

ფერფლიდან აღმდგარი ქალაქი

1923 წლის პირველ სექტემბერს, როცა ხალხი სადილის სამზადისში იყო, კანტოს მხარე ძლიერმა მიწისძვრამ შეარყია, რასაც მოჰყვა ასობით მცირე ბიძგი, 24 საათის შემდეგ კი — ძლიერი რყევა. მიწისძვრა დამანგრეველი იყო, მაგრამ მის შედეგად გამოწვეული ხანძარი უფრო გამანადგურებელი აღმოჩნდა, რადგან ტოკიოს დიდი ნაწილი ფერფლად აქცია. მთლიანობაში 100 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, აქედან 60 000 ტოკიოში ცხოვრობდა.

ტოკიოს მოსახლეობა ქალაქის აღდგენის ურთულეს საქმეს შეუდგა. სული რომ მოითქვა, ქალაქმა კიდევ ერთი მძლავრი დარტყმა მიიღო მეორე მსოფლიო ომის დროს. ტოკიო სამხედრო თვითმფრინავებმა დაბომბეს. დაბომბვა 1945 წლის 9 მარტის შუაღამეს დაიწყო და დილის სამ საათამდე გაგრძელდა. დროის ამ მონაკვეთში 700 000-მდე გამანადგურებელი ჭურვი ჩამოაგდეს. შენობები, ძირითადად, ხის იყო, ჩამოგდებული ჭურვები კი უახლესი ცეცხლგამჩენი ნივთიერებისგან, ნაპალმისგან, და მაგნიუმისგან იყო დამზადებული. ცეცხლი მოედო ქალაქის ხალხმრავალ ადგილს, რამაც 77 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ისტორიაში ეს იყო ყველაზე გამანადგურებელი დარტყმა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ დაბომბვა არ მომხდარა ატომური იარაღით.

ომით მიყენებული ზარალის მიუხედავად, ტოკიომ არნახული განახლება განიცადა; ის ფაქტობრივად ფერფლიდან აღდგა. ომის დამთავრებიდან 20 წელიც კი არ იყო გასული, რომ 1964 წელს ქალაქში ზაფხულის ოლიმპიური თამაშები გაიმართა. ბოლო ოთხი ათწლეულის განმავლობაში ტოკიოში არ შეჩერებულა მშენებლობა და შესაბამისად, გაფართოვდა ქალაქის საზღვრები.

ტოკიოელთა მებრძოლი სული

ტოკიოდ წოდებული ქალაქი, რომელიც 400 წლისაა, მსოფლიოს სხვა დიდ ქალაქებთან შედარებით არცთუ ისე ძველია. თუმცა ზოგიერთ უბანს ძველი იერი აქვს შემორჩენილი, ქალაქში ჭარბობს თანამედროვე შენობა-ნაგებობები. მაგრამ ყურადღებიან დამთვალიერებელს შეუმჩნეველი არ დარჩება ძველი ედოს ნაშთები.

ქალაქის ცენტრში დიდი გამწვანებული ტერიტორიაა. საიმპერატორო სასახლე და მისი მიმდებარე ტერიტორია სწორედ იმ ადგილას არის, სადაც ერთ დროს ედოს სასახლე იდგა. აქედან გადის ქალაქის მთავარი გზები, რომლებიც ობობას ქსელს ჰგავს და ძველი ედოს გზებს მოგვაგონებს. ძველი ლაბირინთული ქუჩებიც ედოს გვახსენებს. ქუჩების უმეტესობა სახელს არ ატარებს. მსოფლიოს სხვა დიდი ქალაქების ოთხკუთხა კვარტლებისგან განსხვავებით, ტოკიოში სხვადასხვა ზომისა და ფორმის კვარტლებია.

მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ტოკიოელებს შემორჩათ, არის მათი სულისკვეთება; მათ აქვთ ყოველივე ახლის, განსაკუთრებით უცხოურის შეთვისების უნარი, შეუდრეკელი ხასიათი და მიზანსწრაფვა; ამ სულისკვეთების წყალობით წარმატებით უმკლავდებიან მიწისძვრებით, ხანგრძლივი ეკონომიკური ჩავარდნებითა და მოსახლეობის სწრაფი ზრდით გამოწვეულ პრობლემებს. ესტუმრეთ ამ სიცოცხლით სავსე ქალაქს, რომელიც ერთ დროს მეთევზეთა უცნობი სოფელი იყო, დღეს კი მას მთელი მსოფლიო იცნობს.

[სქოლიო]

^ აბზ. 3 სიოგუნები იყვნენ იაპონიის ჯარის მხედართმთავრები, რომლებსაც ეს წოდება მემკვიდრეობით გადაეცემოდათ. ისინი აბსოლუტურ ძალაუფლებას ფლობდნენ, თუმცა ქვეყნის ფორმალური მმართველი იმპერატორი იყო.

[რუკა 11 გვერდზე]

იაპონია

ტოკიო (ედო)

იოკოჰამა

კიოტო

ოსაკა

[სურათი 12, 13 გვერდებზე]

დღევანდელი ტოკიო

[საავტორო უფლება]

Ken Usami/photodisc/age fotostock

[სურათის საავტორო უფლება 11 გვერდზე]

© The Bridgeman Art Library

[სურათის საავტორო უფლება 13 გვერდზე]

The Mainichi Newspapers