ბოლო დღეები რა გაგებით?
ბოლო დღეები რა გაგებით?
თუ მაღაზიის ვიტრინაზე შეამჩნევთ წარწერას „ბოლო დღეები“, ნუ გაგიკვირდებათ. ეს იმას ნიშნავს, რომ ან ფასდაკლება დასრულდება ან მაღაზია დაიკეტება. მაგრამ, ვინმეს რომ ეთქვა, ბოლო დღეებში ვცხოვრობთო, რას იფიქრებდით?
სიტყვები „ბოლო დღეები“, იგივე „უკანასკნელი დრო“, დიდი ხნის წინ ჩაიწერა ბიბლიაში (2 ტიმოთე 3:1; დანიელი 12:4). დაახლოებით 2 500 წლის წინათ დანიელ წინასწარმეტყველმა ხილვაში ნახა მსოფლიო იმპერიები და მათ შორის გამართული ბრძოლები, რომლებიც უნდა გაგრძელებულიყო „უკანასკნელი დროის“ ჩათვლით. დანიელმა ისიც გაიგო, რომ ამ ხილვების მნიშვნელობა უკანასკნელი დროისთვის გახდებოდა ცნობილი (დანიელი 8:17, 19; 11:35, 40; 12:9). მან აგრეთვე დაწერა: „იმ მეფეების დროს ზეციერი ღმერთი დაამყარებს სამეფოს, რომელიც არასოდეს დაიქცევა. ეს სამეფო სხვა ხალხს არ გადაეცემა. ის დააქცევს და ბოლოს მოუღებს ყველა ამ სამეფოს, თავად კი მარადიულად იდგება“ (დანიელი 2:44).
იესო ქრისტესაც უკანასკნელი დრო ჰქონდა მხედველობაში, როდესაც პასუხობდა მოწაფეების შეკითხვას, თუ ‘რა იქნებოდა მისი მოსვლისა და ქვეყნიერების აღსასრულის ნიშანი?’ (მათე 24:3—42). როგორც ჩანს, დანიელიც და იესოც აღსასრულს გულისხმობდნენ, რომელიც რადიკალურად შეცვლიდა იმ ადამიანთა მდგომარეობას, ვინც დღეს ცხოვრობს და ვისაც ოდესმე უცხოვრია. დანიელი წერდა ყველა მიწიერი მთავრობის აღსასრულის შესახებ, იესო კი „ქვეყნიერების აღსასრულზე“ საუბრობდა.
ღირს თუ არა ამ საკითხით დაინტერესება? რასაკვირველია, რადგან ეს თითოეული ადამიანის მომავალს ეხება. თუმცა მრავალი ამას უგულისყუროდ ეკიდება. ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველები იყო: «ბოლო დღეებში მოვლენ დამცინავები მათთვის ჩვეული დაცინვით, თავიანთი სურვილებისამებრ მოიქცევიან და იტყვიან: „სად არის ის დაპირებული დრო, როცა ის მოსული უნდა ყოფილიყო? მას შემდეგ, რაც ჩვენმა მამა-პაპამ სიკვდილის ძილით დაიძინა, ყველაფერი ისევე რჩება, როგორც ქმნილებათა დასაწყისიდან იყო“» (2 პეტრე 3:3, 4). ბევრის აზრით, ისტორია მეორდება და ეს ყოველთვის ასე იქნება.
არსებობს რაიმე მტკიცება, რომ ნამდვილად ბოლო დღეებში ვცხოვრობთ? გაეცანით შემდეგ სტატიას.