ხომ არ დავუსვა წერტილი ყველაფერს?!
ახალგაზრდების შეკითხვები
ხომ არ დავუსვა წერტილი ყველაფერს?!
ყოველწლიურად მილიონობით ახალგაზრდა ცდილობს, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულოს. ათასობით ახალგაზრდამ მოიკლა კიდეც თავი. მოზარდებში თვითმკვლელობის რიცხვის ზრდის გამო „გამოიღვიძეთ!“-ის გამომცემლებმა ამ მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა გადაწყვიტეს.
„ამომხადე სული, რადგან ამ სიცოცხლეს სიკვდილი მირჩევნია“. ვინ თქვა ეს სიტყვები? იმან, ვისაც ღმერთი არ სწამდა? ვინც ღმერთი მიატოვა? თუ, ვინც ღმერთმა მიატოვა? არა, ეს სიტყვები ღვთის ერთგულმა, მაგრამ სულგამწარებულმა მსახურმა, იონამ წარმოთქვა * (იონა 4:3, საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა). ბიბლია არ ამბობს, რომ იონას თავის მოკვლა სურდა. მიუხედავად ამისა, ამ სასოწარკვეთილი კაცის თხოვნიდან ერთი მნიშვნელოვანი რამ ჩანს — დროდადრო ღვთის ერთგულ მსახურსაც კი შეიძლება გაუტყდეს გული (ფსალმუნი 34:19).
ზოგი ახალგაზრდა იმდენად სასოწარკვეთილია, რომ სიცოცხლე აღარ უნდა. მათაც შეიძლება ისეთივე გრძნობა ჰქონდეთ, როგორიც 16 წლის ლაურას *, რომელმაც თქვა: „წლების განმავლობაში დეპრესია დროდადრო მიმეორდებოდა. ხშირად თავის მოკვლაზე ვფიქრობდი“. რის გაკეთება შეიძლება, თუ შენთვისაც ნაცნობია ეს გრძნობა ან შენს ახლობელს აწუხებს მსგავსი ფიქრები? პირველ რიგში, ვნახოთ, რატომ შეიძლება მსგავსი განცდა დაეუფლოს ადამიანს.
რა იწვევს სასოწარკვეთილებას?
რატომ უჩნდება ადამიანს თავის მოკვლის სურვილი? ამის მიზეზი შეიძლება მრავალი რამ იყოს. უპირველესად ის, რომ ჩვენ „მძიმე, ძნელად ასატან დროში“ ვცხოვრობთ და ცხოვრების სირთულეები განსაკუთრებით ახალგაზრდებზე მოქმედებს (2 ტიმოთე 3:1). კაცს უარყოფითი ფიქრები შეიძლება თავისი არასრულყოფილებისა და ირგვლივ არსებული მდგომარეობის გამოც მოეძალოს (რომაელები 7:22—24). ზოგჯერ ადამიანს თავის მოკვლის სურვილი მაშინ უჩნდება, როცა ცუდად ეპყრობიან. შეიძლება ამის მიზეზი ჯანმრთელობის გაუარესება იყოს. აღსანიშნავია ის, რომ ერთ-ერთ ქვეყანაში ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, თვითმკვლელთა 90 პროცენტს ამა თუ იმ სახის ფსიქიკური მოშლილობა ჰქონდა *.
რა თქმა უნდა, უბედურებისგან დაზღვეული არავინაა. ბიბლიაში ნათქვამია: „ვიცით, რომ მთელი ქმნილება დღემდე ოხრავს და იტანჯება“ (რომაელები 8:22). ოხრავენ ახალგაზრდებიც. ახალგაზრდებზე განსაკუთრებით მოქმედებს ქვემოთ ჩამოთვლილი უარყოფითი ფაქტორები:
▪ ნათესავის, მეგობრის ან შინაური ცხოველის სიკვდილი;
▪ უთანხმოება ოჯახში;
▪ ცუდი ნიშნები სკოლაში;
▪ შეყვარებულთან დაშორება;
▪ ცუდად მოპყრობა (მათ შორის ფიზიკური და სექსუალური შეურაცხყოფა).
ადრე თუ გვიან თითქმის ყველა ახალგაზრდა ხვდება აღნიშნულ პრობლემებს. რატომ ართმევს მათ თავს ზოგი უფრო ადვილად? სპეციალისტების აზრით, ის ახალგაზრდები, რომლებიც ფარ-ხმალს ყრიან, თავს უმწეოდ გრძნობენ და სასოწარკვეთილები არიან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისინი ფიქრობენ, რომ მდგომარეობის გამოსასწორებლად არაფრის გაკეთება შეუძლიათ და მომავალში საიმედოს ვერაფერს ხედავენ. დოქტორ კეტლინ მაკ-კოიმ „გამოიღვიძეთ!“-ს უთხრა: „ხშირად ამ ახალგაზრდებს სიკვდილი კი არ სურთ, არამედ უნდათ, რომ ტკივილს დააღწიონ თავი“.
მართლა არ არსებობს გამოსავალი?!
შეიძლება იცნობ კიდეც ისეთ ადამიანს, რომელსაც იმდენად უნდა, თავი დააღწიოს ტკივილს, რომ თვითმკვლელობაზე იწყებს ლაპარაკს. რის გაკეთება შეგიძლია ამ დროს?
თუ მეგობარს გულგატეხილობის გამო თავის მოკვლა უნდა, ურჩიე, დახმარებისთვის ვინმეს მიმართოს. ამის შემდეგ, მის მდგომარეობაზე რომელიმე კომპეტენტურ ადამიანს დაელაპარაკე, თუმცა შეიძლება შენს მეგობარს ეს არ მოეწონოს. ნუ შეგაწუხებს იმაზე ფიქრი, რომ ამით შეიძლება თქვენი მეგობრობა დამთავრდეს. მისი სატკივრის გამხელით ცხადყოფ, რომ „ნამდვილი მეგობარი“ ხარ, რომელიც გასაჭირისთვის იბადება (იგავები 17:17). ასეთი მოქმედებით, შეიძლება მეგობრის სიცოცხლე იხსნა!
მაგრამ რა შეიძლება ითქვას მაშინ, როცა თავად ფიქრობ თვითმკვლელობაზე? დოქტორი მაკ-კოი გვირჩევს: „ეძებეთ დახმარება, თქვენი გრძნობების შესახებ ესაუბრეთ მშობელს, ნათესავს, მეგობარს, მასწავლებელს, ვინც გულისყურით მოეკიდება თქვენს ნათქვამს და მოგისმენთ; მიეცით საშუალება მათ, ვისი აზრიც თქვენთვის მნიშვნელოვანია, გაიგონ თქვენი პრობლემის შესახებ“.
თუ შენს პრობლემაზე ისაუბრებ, ამით არაფერს დაკარგავ, პირიქით. განვიხილოთ ერთი ბიბლიური მაგალითი. ერთხელ მართალმა კაცმა იობმა თქვა: „შეიზიზღა ჩემმა სულმა სიცოცხლე“. შემდეგ დასძინა: „წუხილს მივეცემი და სულგამწარებული ვილაპარაკებ“ (იობი 10:1). იობი სულგამწარებული იყო და ამიტომ უნდა გამოეხატა თავისი ტკივილი. შენც მოგგვრის შვებას სანდო, მოწიფული მეგობრისთვის სატკივრის გაზიარება.
გასაჭირში მყოფ ქრისტიანებს შეუძლიათ დახმარებისთვის კრების უხუცესებსაც მიმართონ (იაკობი 5:14, 15). რა თქმა უნდა, საუბრის შემდეგ პრობლემები არ გაქრება, მაგრამ საუბარი დაგეხმარება, რომ პრობლემაზე გაწონასწორებული თვალსაზრისი გქონდეს; სანდო მეგობრის მხარდაჭერამ შეიძლება გამოსავალიც გაპოვნინოს.
მდგომარეობა იცვლება
სტრესულ მდგომარეობაში ყოფნისას გახსოვდეს — როგორი გამოუვალიც უნდა ჩანდეს მდგომარეობა, ის დროთა განმავლობაში შეიცვლება. ფსალმუნმომღერალმა დავითმა, რომლისთვისაც გასაჭირი ფსალმუნი 6:6). მაგრამ მან სხვა ფსალმუნში დაწერა: „გლოვა ცეკვად გიქცევია ჩემთვის“ (ფსალმუნი 30:11).
უცხო არ იყო, ლოცვაში თქვა: „დამქანცა ოხვრამ; მთელი ღამე ცრემლით ვასველებ საწოლს, ცრემლები იღვრება ჩემი ტახტიდან“ (დავითმა პირადი გამოცდილებიდან იცოდა, რომ ცხოვრებაში პრობლემები იქმნება და იჭრება. მართალია, ზოგი პრობლემა მოცემულ მომენტში შეიძლება გადაუჭრელად მოგეჩვენოს, მაგრამ გამოავლინე მოთმინება. ცხოვრებაში ყველაფერი იცვლება, ხშირად უკეთესობისკენ. ზოგჯერ შეიძლება პრობლემა ისე მოგვარდეს, რომ ვერც კი იფიქრებდი, თუ ამგვარად შეიძლებოდა მისი მოგვარება; ზოგჯერ კი, შეიძლება პრობლემის გადასაჭრელად აღმოაჩინო გზა, რომელზედაც აქამდე არ გიფიქრია. ერთი რამ ნათელია, პრობლემა მარადიულ პრობლემად არ დარჩება (2 კორინთელები 4:17).
ლოცვის ძალა
ურთიერთობის საუკეთესო საშუალება ლოცვაა. შენ შეგიძლია დავითივით ილოცო: „გამომიკვლიე, ღმერთო, და შეიცანი ჩემი გული. შემამოწმე და გაიგე ჩემი მშფოთვარე ფიქრები; ნახე, ისეთი რამ ხომ არ არის ჩემში, რაც სატკივარს გამოიწვევდა, და წამიძეხი მარადიულობის გზაზე“ (ფსალმუნი 139:23, 24).
ლოცვის შემდეგ პრობლემა თავისთავად არ მოგვარდება. ლოცვა არის ურთიერთობა ზეციერ მამასთან, რომელსაც სურს, რომ ‘გული გადმოუღვარო’ (ფსალმუნი 62:8). დავფიქრდეთ როგორია ღმერთი:
▪ მას ესმის შენი წუხილის მიზეზი (ფსალმუნი 103:14);
▪ მან შენზე უკეთ იცის შენი მდგომარეობა (1 იოანე 3:20);
▪ ზრუნავს შენზე (1 პეტრე 5:7);
▪ ახალ ქვეყნიერებაში ღმერთი მოგწმენდს „ყოველ ცრემლს თვალებიდან“ (გამოცხადება 21:4).
თუ პრობლემას ჯანმრთელობის გაუარესება იწვევს
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ზოგ ადამიანს ამა თუ იმ დაავადების გამო უჩნდება თავის მოკვლის სურვილი. თუ შენც მსგავს მდგომარეობაში ხარ, ნუ მოგერიდება — ითხოვე დახმარება. იესო აღიარებდა, რომ ავადმყოფებს ექიმი სჭირდებათ (მათე 9:12). მანუგეშებელია იმის ცოდნა, რომ ბევრი ავადმყოფობა იკურნება. მკურნალობის შედეგად თავს ბევრად უკეთ იგრძნობ!
ბიბლია გვპირდება, რომ ღვთის ახალ ქვეყნიერებაში „არც ერთი მცხოვრები არ იტყვის, ავად ვარო“ (ესაია 33:24). მანამდე კი, ყველაფერი გააკეთე ცხოვრების სირთულეებთან გასამკლავებლად. სწორედ ასე მოიქცა გერმანიაში მცხოვრები ჰაიდი. „დროდადრო დეპრესია იმდენად მიმწვავდებოდა, რომ სიკვდილს ვნატრობდი, — ამბობს ის, — მაგრამ ახლა გამუდმებული ლოცვისა და მკურნალობის შედეგად თავს კარგად ვგრძნობ“. შენც იგრძნობ შვებას *!
შემდეგ ნომერში, რუბრიკაში „ახალგაზრდების შეკითხვები“ განხილული იქნება, როგორ შეიძლება დედმამიშვილის თვითმკვლელობით გამოწვეულ ტკივილთან გამკლავება
სხვა სტატიების ნახვა, რუბრიკიდან „ახალგაზრდების შეკითხვები“, იხილე ვებ-გვერდზე www.watchtower.org/ype
დაფიქრდი
▪ ამბობენ, რომ თვითმკვლელობით კაცი პრობლემას კი არ ჭრის, არამედ თავის პრობლემას სხვას ჰკიდებს ტვირთად. ეთანხმები ამ აზრს?
▪ ვის შეგიძლია გაუზიარო შენი ტკივილი?
[სქოლიოები]
^ აბზ. 4 მსგავსი გრძნობები გამოხატეს რებეკამ, მოსემ, ელიამ და იობმა (დაბადება 25:22; 27:46; რიცხვები 11:15; 1 მეფეები 19:4; იობი 3:21; 14:13).
^ აბზ. 5 სახელები შეცვლილია.
^ აბზ. 7 მაგრამ ისიც აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდების უმრავლესობა, რომლებსაც ფსიქიკური მოშლილობა აქვთ, თავს არ იკლავს.
^ აბზ. 33 მეტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ გავუმკლავდეთ დეპრესიას, შეგიძლია იხილო 2001 წლის 8 სექტემბრის „გამოიღვიძეთ!“-ის სტატიათა სერიაში „დახმარება დეპრესიაში მყოფი მოზარდებისთვის“ და 2004 წლის 8 იანვრის „გამოიღვიძეთ!“-ის სტატიათა სერიაში „როგორ გავუმკლავდე ემოციურ მოშლილობას?“ [რუს.].
[ჩარჩო⁄სურათი 29 გვერდზე]
მშობლების საყურადღებოდ!
მრავალ ქვეყანაში ბევრი ახალგაზრდა სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს. მაგალითად, შეერთებულ შტატებში 15—25 წლის ახალგაზრდების სიკვდილის მიზეზთა შორის თვითმკვლელობა მესამე ადგილზეა; გასული ორი ათწლეულის განმავლობაში 10—14 წლის მოზარდებს შორის თვითმკვლელობის მაჩვენებელი გაორმაგდა. უმეტესწილად საფრთხე იმ მოზარდებს ემუქრებათ, ვისაც ფსიქიკური მოშლილობა აქვთ, ვისი ოჯახის წევრმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა და ვისაც ადრე უცდია თავის მოკვლა. ქვემოთ მოცემული საყურადღებო ნიშნები იმ მოზარდებში შეინიშნება, რომლებიც შესაძლოა თვითმკვლელობაზე ფიქრობენ:
▪ ოჯახის წევრებსა და მეგობრებთან ურთიერთობის სურვილის დაკარგვა;
▪ კვებისა და ძილის რეჟიმის დარღვევა;
▪ ადრე სიამოვნების მომგვრელი საქმიანობისადმი ინტერესის დაკარგვა;
▪ ხასიათის მნიშვნელოვნად შეცვლა;
▪ ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება;
▪ საყვარელი ნივთების გაჩუქება;
▪ გაუთავებელი ლაპარაკი სიკვდილსა და სიკვდილთან დაკავშირებულ თემებზე.
დოქტორმა ქეთლინ მაკ-კოიმ „გამოიღვიძეთ!“-ს უთხრა, რომ მშობლების ყველაზე დიდი შეცდომა ამ საყურადღებო ნიშნების უგულებელყოფაა. ის ამბობს: «არც ერთ მშობელს სურს იმის დაჯერება, რომ მის შვილს რაღაც ჭირს. ამიტომ პრობლემას ყურადღებას არ აქცევენ. „ასაკის ბრალია“, „გაუვლის“ ან „ის ყოველთვის ყველაფერს აზვიადებს“, — ასე ინუგეშებენ მშობლები თავს. ეს საშიშია. საშიშროების მომასწავებელ ნებისმიერ ნიშანს მშობელი სერიოზულად უნდა მოეკიდოს».
ნუ შეგრცხვებათ, უმკურნალოთ შვილს, რომელსაც დეპრესია ან სხვა სახის ფსიქიკური მოშლილობა აქვს. თუ ეჭვი გაქვთ, რომ თქვენი შვილი თავის მოკვლაზე ფიქრობს, დაელაპარაკეთ მას. აზრი იმის შესახებ, რომ თვითმკვლელობაზე საუბარი თავის მოკვლისკენ უბიძგებს ბავშვს, მცდარია. საუბარს ბევრი მოზარდი გადაურჩენია. თუ თქვენი შვილი აღიარებს რომ თავის მოკვლაზე ფიქრობს, შეეცადეთ გაიგოთ აქვს თუ არა მოფიქრებული კონკრეტული მოქმედების გეგმა და რამდენად დეტალურად აქვს ეს გეგმა შემუშავებული. თუ ყველა წვრილმანი აქვს გათვლილი, მაშინ დაუყოვნებელი მოქმედებაა საჭირო *.
ნუ იფიქრებთ, რომ დეპრესია მოზარდს თავისთავად გაუვლის. თუ ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ მოზარდი გამოვიდა მდგომარეობიდან, არ იფიქროთ, რომ პრობლემა გადაიჭრა. ზოგი სპეციალისტის აზრით, ეს ყველაზე საშიში პერიოდია. რატომ? „მოზარდს, რომელსაც დეპრესიის მძიმე ფორმა აქვს, თავის მოკვლის ძალა არ შესწევს, — ამბობს დოქტორ მაკ-კოი. — მდგომარეობის შემსუბუქების შემდეგ კი შეძლებს ჩანაფიქრის განხორციელებას“.
მართლაც ტრაგედიაა, როდესაც ზოგი სასოწარკვეთილი ახალგაზრდა თავის მოკვლაზე ფიქრობს. მაგრამ, თუ მშობელი ან სხვა მზრუნველი ადამიანი ყურადღებით იქნება, შენიშნავს საეჭვო ნიშნებს და სათანადო ზომებს მიიღებს, შეძლებს ‘ანუგეშოს დამწუხრებული სული’ და „თავშესაფარი“ იყოს ახალგაზრდისთვის (1 თესალონიკელები 5:14).
[სქოლიო]
^ აბზ. 55 სპეციალისტები ოჯახის წევრებს აფრთხილებენ, ყურადღებით იყვნენ, თუ სახლში სამედიცინო პრეპარატები ან ცეცხლსასროლი იარაღი აქვთ. თვითმკვლელობის არიდების ამერიკის ფონდის მონაცემების თანახმად, ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ „იარაღის მფლობელები ამბობენ, რომ იარაღი თავდაცვის მიზნით აქვთ, მაგრამ ასეთ ოჯახებში ცეცხლსასროლი იარაღით გამოწვეული სიკვდილიანობის 83 პროცენტი თვითმკვლელობის შედეგია; და ხშირად თავს იარაღის მფლობელი კი არ იკლავს, არამედ ოჯახის სხვა წევრი“.
[სურათი 28 გვერდზე]
ლოცვა ურთიერთობის საუკეთესო საშუალებაა