არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ გავუმკლავდე დის ან ძმის თვითმკვლელობით გამოწვეულ ტკივილს?

როგორ გავუმკლავდე დის ან ძმის თვითმკვლელობით გამოწვეულ ტკივილს?

ახალგაზრდების შეკითხვები

როგორ გავუმკლავდე დის ან ძმის თვითმკვლელობით გამოწვეულ ტკივილს?

კარენის ცხოვრება იმ დღის შემდეგ შეიცვალა, როდესაც მამამისმა საშინელი ამბავი შეატყობინა. „შეილა აღარ არის“, — მხოლოდ ამის თქმა მოახერხა მამამ კარენისთვის და ისინი ერთმანეთს გადაეხვივნენ. ორივე ცდილობდა, ახსნა მოეძებნათ ამ აშკარად აზრს მოკლებული საქციელისთვის. კარენის დამ თავი მოიკლა *.

როდესაც ოჯახში ახალგაზრდა კვდება, მეგობრებსა და ახლობლებს მთელი ყურადღება ხშირ შემთხვევაში მშობლების ნუგეშისცემაზე გადააქვთ. ისინი გარდაცვლილის და-ძმებს ეკითხებიან: „როგორ არიან მშობლები?“, მაგრამ შესაძლოა ავიწყდებოდეთ, ჰკითხონ: „თქვენ როგორა ხართ?“. სამწუხაროდ, დაღუპულის და-ძმები ხშირად ყურადღების მიღმა რჩებიან.

როგორც გამოკვლევები უჩვენებს, ახალგაზრდის სიკვდილი ძალიან ღრმა კვალს ტოვებს მის და-ძმებზე. ამის თაობაზე დ-რი ფ. გილ უაიტი თავის წიგნში წერს: „ასეთი დიდი დარტყმა ძალიან მოქმედებს ბავშვების ჯანმრთელობაზე, ქცევაზე, სწავლაზე, განვითარებასა და მათი ღირსების გრძნობაზე“ („Sibling Grief—Healing After the Death of a Sister or Brother“).

დის ან ძმის სიკვდილი უფროს და-ძმებზეც საშინლად მოქმედებს. სტატიის დასაწყისში მოხსენიებული კარენი 22 წლის იყო, როდესაც მისმა უმცროსმა დამ, შეილამ, თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. ზოგჯერ კარენს ძალიან უჭირდა დის სიკვდილით გამოწვეული ტკივილის ატანა. „იმას არ ვამბობ, რომ შეილას სიკვდილს მშობლებზე მეტად განვიცდიდი, — ამბობს ის, — უბრალოდ, ვფიქრობ, რომ მე უფრო მიჭირდა ამ ტრაგედიასთან გამკლავება“.

შენც ხომ არ დაგღუპვია და ან ძმა? თუ დიახ, ალბათ შენც ფსალმუნმომღერალ დავითივით გრძნობ თავს, რომელმაც დაწერა: „აფორიაქებული ვარ, წელში მოვიკაკვე, მთელი დღე ნაღვლიანი დავდივარ“ (ფსალმუნი 38:6). როგორ შეგიძლია დის ან ძმის სიკვდილით გამოწვეულ ტკივილთან გამკლავება?

„მე რომ . . .“

შენი დის ან ძმის თვითმკვლელობის გამო შეიძლება დანაშაულის გრძნობა გაგიჩნდეს. შეიძლება ფიქრობდე: „მე რომ სხვანაირად მოვქცეულიყავი ჩემი და/ძმა ახლა ცოცხალი იქნებოდა“. ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს, რომ გაქვს საფუძველი, ასე იფიქრო. კრისიც სწორედ ასე გრძნობდა თავს. ის 21 წლის იყო, როცა მისმა 18 წლის ძმამ თავი მოიკლა. „სულ ბოლოს მე ველაპარაკე ჩემს ძმას, — ამბობს კრისი, — თავს ვიდანაშაულებდი, რადგან ვფიქრობდი, უნდა მივმხვდარიყავი, რომ მის თავს რაღაც ხდებოდა. იმასაც ვფიქრობდი, უფრო ახლოს რომ ვყოფილიყავი მასთან, შეიძლება მას ჩემთვის გული გადაეშალა და ყველაფერი ეთქვა“.

კრისის ტკივილს ისიც ამძაფრებდა, რომ ძმებს ერთმანეთში დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ. „წერილში, რომელიც მან დატოვა, ეწერა, რომ მე შემეძლო მისთვის უკეთესი ძმა ვყოფილიყავი, — იხსენებს კრისი დიდი გულისტკივილით. — მართალია, ვიცი, რომ მაშინ, როდესაც ჩემი ძმა ამ სიტყვებს წერდა, მას უჭირდა საღად აზროვნება, მაგრამ მისი სიტყვები კვლავაც მტანჯავს“. ხშირად, დანაშაულის გრძნობას ისიც ამწვავებს, როცა ადამიანი იხსენებს, რომ თავის დას/ძმას უშუალოდ მანამ, სანამ ის თავს მოიკლავდა, გულსატკენი სიტყვები უთხრა. „გარდაცვლილის და-ძმები მეუბნებიან, რომ მათ კვლავაც სტანჯავთ დანაშაულის გრძნობა იმ ჩხუბის გამო, რომელიც მათ თავის დასთან/ძმასთან თვეებისა თუ წლების წინ მოუვიდათ“, — უთხრა ზემოთ მოხსენიებულმა დ-რმა უაიტმა „გამოიღვიძეთ!“-ის კორესპონდენტს.

თუ დის ან ძმის თვითმკვლელობის გამო დანაშაულის გრძნობა გაწუხებს, ჰკითხე საკუთარ თავს: „რომელ ადამიანს შეუძლია სრულად გააკონტროლოს სხვისი მოქმედება?“ კარენი ამბობს: „შენ ვერ აარიდებდი შენს დას ან ძმას ვერც იმ ტანჯვას, რომლისგანაც ის თავის დაღწევას ცდილობდა, და ვერც იმ საშინელ გამოსავალს, რომლითაც მან წერტილი დაუსვა ამ ტანჯვას“.

მაგრამ, რა შეიძლება ითქვას იმის შესახებ, თუ თავიდან ვერ იგდებ იმ უხეშ სიტყვებს, რომლებიც შენი დისთვის ან ძმისთვის გაქვს ნათქვამი? ბიბლია დაგეხმარება, რომ ყველაფერს სწორი კუთხით შეხედო. მასში ნათქვამია: „ჩვენ ყველა ხშირად ვცდებით. ვინც სიტყვით არ ცდება, სრულყოფილია“ (იაკობი 3:2; ფსალმუნი 130:3). თუ ძალიან ბევრს იფიქრებ იმაზე, რომ მწარე სიტყვები უთხარი ან ცუდად მოექეცი შენს დას ან ძმას, ეს მხოლოდ გაგიმძაფრებს ტკივილს. როგორი მტკივნეული მოგონებებიც არ უნდა გქონდეს, ფაქტი ისაა, რომ შენ არ გიბიძგებია მისთვის თვითმკვლელობისკენ  *.

როგორ შეგიძლია გაუმკლავდე ტრაგედიას

ყველა ადამიანი სხვადასხვანაირად განიცდის დანაკლისს. მწუხარებას ზოგი ტირილით გამოხატავს. ბიბლიაში ნათქვამია, რომ თავისი ვაჟის, ამნონის, სიკვდილით თავზარდაცემული დავითი „ხმამაღლა ტიროდა“ (2 სამუელი 13:36). იესოც კი „აცრემლდა“, როდესაც დაინახა, როგორ განიცდიდნენ მისი მეგობრის ლაზარეს სიკვდილს მისი ახლობლები (იოანე 11:33—35).

მეორე მხრივ, ზოგი მაშინვე ვერ აცნობიერებს მომხდარს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა ვინმე მოულოდნელად ეღუპება. „თითქოს შინაგანად გავიყინე, — იხსენებს კარენი, — კარგა ხანი აზრზე ვერ მოვდიოდი“. ასეთი რამ საკმაოდ ხშირად ემართებათ მათ, ვისი და ან ძმა თავს იკლავს. «ვინმეს თვითმკვლელობა დიდი დარტყმაა მისი ახლობლებისთვის, — უთხრა დ-რმა უაიტმა „გამოიღვიძეთ!“-ის კორესპონდენტს. — ამიტომ თავიდან ისინი შოკში ვარდებიან და მხოლოდ შემდეგ ხვდებიან, რა ხდება. ზოგი ფსიქოთერაპევტი გარდაცვლილის ახლობლებს, რომლებიც ჯერ კიდევ შოკში არიან, ურჩევს, რომ თავს ძალა დაატანონ და იტირონ».

დროა საჭირო, თვალი გაუსწორო იმ რეალობას, რომ და ან ძმა აღარა გყავს, და ეს გასაგებიცაა. «ჩვენი ოჯახი ჰგავს დამტვრეულ ლარნაკს, რომელიც დააწებეს, — ამბობს კრისი. — ახლა ჩვენ, როგორც ჩანს, შედარებით მცირე განსაცდელებიც კი გვყოფნის, რომ „დავიბზაროთ“». ამ სიტუაციასთან გამკლავებაში დაგეხმარება შემდეგი რჩევები:

ჩამოწერე შენთვის მანუგეშებელი ბიბლიური მუხლები და დღეში ერთხელ მაინც წაიკითხე ისინი (ფსალმუნი 94:19).

დაელაპარაკე თანამგრძნობ მეგობარს. მასთან საუბარმა შეიძლება დარდი შეგიმსუბუქოს (იგავები 17:17).

იფიქრე აღდგომის იმედზე, რომელსაც ბიბლია გვაძლევს (იოანე 5:28, 29).

შეიძლება შენთვის დამხმარე აღმოჩნდეს დღიურის შედგენა — გარკვეული დროით მაინც — რომელშიც შენს განცდებს აღწერდი. კარგი იქნება, ახლავე სცადო ამის გაკეთება და ამისთვის გამოიყენო ქვემოთ მოცემული ჩარჩო.

დარწმუნებული იყავი, რომ „ღმერთი ჩვენს გულებზე დიდია და მან ყველაფერი იცის“ (1 იოანე 3:20). მან ნებისმიერ ადამიანზე უკეთ იცის, თუ რა ფაქტორებისა და ვითარებების გამო მივიდა შენი და ან ძმა იქამდე, რომ თავი მოიკლა. გარდა ამისა, მან შენ შესახებაც იცის ყველაფერი — ის უფრო უკეთესად გიცნობს, ვიდრე შენ იცნობ საკუთარ თავს (ფსალმუნი 139:1—3). ამიტომ, შეგიძლია დარწმუნებული იყო, რომ მას ესმის, რა მდგომარეობაში ხარ. როდესაც დარდი მეტისმეტად მოგეძალება, გაიხსენე ფსალმუნის 55:22-ში ჩაწერილი სიტყვები: „იეჰოვას მიანდე შენი ტვირთი და ის ამოგიდგება მხარში, ის არასოდეს დაუშვებს მართლის წაბორძიკებას“.

დაფიქრდი

▪ ვის შეგიძლია დაელაპარაკო, თუ დარდი მეტისმეტად მოგეძალება?

▪ როგორ შეგიძლია მხარში ამოუდგე ახალგაზრდას, რომლის დამ ან ძმამ თავი მოიკლა?

[სქოლიოები]

^ აბზ. 3 ამ სტატიაში სახელები შეცვლილია.

^ აბზ. 12 ეს იმ სიტუაციის მსგავსია, როდესაც ადამიანი ავადმყოფობისა თუ უბედური შემთხვევის შედეგად კვდება. როგორც არ უნდა გყვარებოდა შენი და ან ძმა, შენ ნაკლებად ან საერთოდ ვერ შეძლებდი იმის გაკონტროლებას, თუ რას მოიტანდა „დრო და შემთხვევა“ (ეკლესიასტე 9:11).

[Box on page 20]

[სურათი 19 გვერდზე]

[სურათი 19 გვერდზე]

[სურათი 20 გვერდზე]

სხვა სტატიები რუბრიკიდან „ახალგაზრდების შეკითხვები“ იხილე ვებ-გვერდზე www.watchtower.org/ype