არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

უსაფრთხოა აივ-ზე შემოწმებული სისხლი?

უსაფრთხოა აივ-ზე შემოწმებული სისხლი?

უსაფრთხოა აივ-ზე შემოწმებული სისხლი?

„გამოიღვიძეთ!“-ისთვის ნიგერიიდან

▪ ეს კითხვა მას შემდეგ წამოიჭრა ნიგერიაში, როდესაც პატარა გოგონა ნიგერიის ერთ-ერთ ცნობილ საავადმყოფოში სისხლის გადასხმის შედეგად აივ-ით დაინფიცირდა.

საავადმყოფოს მთავარი ექიმის სიტყვების თანახმად, დაბადებიდან მალევე ენიოლას სიყვითლე აღმოაჩნდა. ბავშვის ექიმმა გადაწყვიტა, რომ მისთვის სისხლი გადაესხათ. ბავშვის მამას სხვა ჯგუფის სისხლი აღმოაჩნდა. ამიტომ ბავშვს გადაუსხეს ის სისხლი, რომელიც საავადმყოფოს სისხლის ბანკში ინახებოდა. გადასხმიდან ცოტა ხანში ენიოლას აივ-ინფექცია აღმოაჩნდა, მაშინ როცა მისი მშობლები არ არიან აივ-ის მატარებლები. როგორც საავადმყოფოს ადმინისტრაცია იტყობინება, „სისხლი, რომელიც ბავშვს გადაუსხეს, შემოწმებული იყო და გადასხმის დროისთვის მასში აივ-ი არ იყო გამოვლენილი“.

მაშ, როგორ დაინფიცირდა გოგონა? ნიგერიის მთავრობამ გამოიკვლია ეს შემთხვევა და დაასკვნა, რომ ინფექციის წყარო, როგორც ჩანს, გადასხმული სისხლი იყო. ნიგერიაში გამომავალ ერთ-ერთ გაზეთში მოყვანილი იყო ერთი ვირუსოლოგის სიტყვები, რომელმაც თქვა: „სისხლის ჩაბარების პერიოდში დონორის სისხლში აივ-ინფექცია ჯერ არ იყო გამოვლენილი“ („Nigerian Tribune“).

მართალია, ასეთი შემთხვევები იშვიათად ხდება, მაგრამ ეს კარგად უსვამს ხაზს იმ ფაქტს, რომ სისხლის გადასხმა რისკთან არის დაკავშირებული. აშშ-ის დაავადებების კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრები აივ-ის ინკუბაციური პერიოდის შესახებ იტყობინებიან: „იმუნურ სისტემას შეიძლება გარკვეული დრო დასჭირდეს საკმარისი რაოდენობის ანტისხეულების წარმოსაქმნელად, რათა სისხლის ანალიზმა გამოავლინოს მასში ანტისხეულების შემცველობა. თანაც, სხვადასხვა ადამიანის შემთხვევაში ეს პერიოდი შეიძლება სხვადასხვა ხანგრძლივობის იყოს. დროის იმ პერიოდს, ვიდრე სისხლში ანტისხეულები გამოვლინდება ხშირად ინკუბაციურ პერიოდს უწოდებენ. უმეტეს შემთხვევებში სისხლი ანტისხეულებს 2—8 კვირის განმავლობაში (საშუალოდ 25 დღეში) წარმოქმნის. ზოგჯერ ანტისხეულების წარმოქმნას უფრო მეტი დრო სჭირდება . . . იშვიათია, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ანტისხეულები 6 თვის შემდეგ წარმოიქმნება“.

ამგვარად, ის ფაქტი, რომ სისხლი შემოწმებულია აივ-ზე, არ იძლევა იმის გარანტიას, რომ ის უსაფრთხოა. სან-ფრანცისკოს შიდს-თან ბრძოლის ერთი ორგანიზაცია გვაფრთხილებს: „იმის გამო, რომ ინკუბაციურ პერიოდში ჩაბარებულ სისხლში ანალიზმა შეიძლება აივ-ი არ გამოავლინოს, აივ-ით დაინფიცირება შესაძლოა სწორედ ამ პერიოდში მოხდეს. შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე ხშირად სწორედ ამ პერიოდში (სისხლის გადასხმიდან მალევე) ხდება ადამიანის დაინფიცირება“.

იეჰოვას მოწმეები დიდი ხანია, რაც მიჰყვებიან ბიბლიურ მითითებას, ‘მოერიდონ სისხლს’ (საქმეები 15:29). ამ მითითების მიყოლის შედეგად ისინი დაცულნი არიან, რაც სწორედ იმაზე მეტყველებს, თუ რამდენად ბრძნულია ღვთის სიტყვის მორჩილება. სისხლის გადასხმის ალტერნატიული საშუალებების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ იხილოთ ბროშურა „როგორ შეუძლია სისხლს სიცოცხლის ხსნა?“ *.

[სქოლიო]

^ აბზ. 8 გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.