არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ნიიჰაუს საუნჯე

ნიიჰაუს საუნჯე

ნიიჰაუს საუნჯე

„გამოიღვიძეთ!“-ისთვის ჰავაიდან

ყოველ ზამთარს აბობოქრებული ტალღები ჰავაის „აკრძალული კუნძულის“ ნიიჰაუს სანაპიროს აწყდება და აურაცხელი რაოდენობის ზღვის ლოკოკინების ნიჟარებს რიყავს. ნიიჰაუ, რომლის ფართობიც 180 კვადრატული კილომეტრია, ჰავაის შვიდი დასახლებული კუნძულიდან ყველაზე პატარაა. საოცარი დამთხვევაა, რომ ეს ვულკანური წარმოშობის ყველაზე პატარა კუნძული ყველაზე პაწაწინა ნიჟარების სამშობლოა.

ნიიჰაუსთან ყველაზე ახლოს, ჩრდილო-აღმოსავლეთით 27 კილომეტრში, მდებარეობს კაუაის კუნძული; მისგან განსხვავებით ნიიჰაუ უნაყოფო ვაკე ადგილია. რატომ ეწოდება მას „აკრძალული კუნძული“? ეს კუნძული კერძო საკუთრებაა და ჩაკეტილი ზონაა დაუპატიჟებელი სტუმრებისთვის. ამ კუნძულის მცხოვრებლებს არც ელექტროსადგური აქვთ, არც წყალგაყვანილობა, არც მაღაზიები და არც ფოსტა, მაგრამ არანაირ დანაკლისს არ გრძნობენ. როგორც თავიანთი უძველესი კულტურის დამცველები, ნიიჰაუს მკვიდრნი, დაახლოებით 230 კაცი, ჰავაიურ ენაზე ლაპარაკობს. ნიიჰაუელები, ძირითადად, მესაქონლეობას მისდევენ. თავისუფალ დროს მათი უმრავლესობა თავიანთი „ოქროს მაღაროდან“ პაწაწინა ნიჟარებს იღებს *.

ჰავაიზე თბილი ზამთარი იცის. ამიტომ ოჯახის წევრები ფეხით თუ ველოსიპედით ყოველდღე დადიან პლაჟებსა და კლდოვანი ყურეების სანაპიროებზე, სადაც მთელი დღე აგროვებენ გამორიყულ ნიჟარებს. შემდეგ გასაშრობად ჩრდილში შლიან. მოგვიანებით ახარისხებენ, სხვადასხვა ზომისა და ხარისხის ნიჟარებს ერთად უყრიან თავს და მძივების ასხმას იწყებენ. ფლორით მდიდარ კუნძულებზე მძივებს ყვავილებისგან აკეთებენ, ნიიჰაუზე კი ყვავილებს ნიჟარები ენაცვლება.

ზღვის სამკაულები

წლებია, რაც ჰავაიზე ნიჟარებს სამკაულების დასამზადებლად იყენებენ. მე-18 საუკუნის მიწურულს ზღვაოსნებმა, მათ შორის ჯეიმზ კუკმა, ჰავაის კუნძულებზე ნახეს ნიჟარისგან გაკეთებული ორნამენტები და ამის შესახებ თავიანთ დღიურშიც მოიხსენიეს. რამდენიმე ორნამენტი თან წაიღეს, აქედან ზოგი შეიძლება ნიიჰაუდანაც ყოფილიყო წამოღებული. დროთა განმავლობაში ჰავაიელმა მოცეკვავეებმა და თვით დიდგვაროვანმა ქალებმაც კი დაიწყეს ნიიჰაუური ყელსაბამების ტარება. მე-20 საუკუნეში სუვენირების მაღაზიების, ტურისტებისა და მეორე მსოფლიო ომში მებრძოლი ჯარისკაცების წყალობით ამ ლამაზმა სამკაულებმა ჰავაის საზღვრებს გარეთაც გაითქვა სახელი. ისეთი ყელსაბამები, როგორსაც ერთ დროს დიდგვაროვანი ქალები ატარებდნენ, დღეს სხვა ქვეყნებშიც გახდა ხელმისაწვდომი.

ნიიჰაუური მძივების დასამზადებლად ძირითადად იმ სახეობის ნიჟარებს იყენებენ, რომლებსაც ჰავაიურ ენაზე ჰქვია „მოუმი“, „ლაიკი“ და „კაჰელელანი“. მძივებს, როგორც წესი, ქალები ასხამენ. მათთვის ეს პროცესი სასიამოვნოა, მაგრამ ამავე დროს საკმოდ რთულიც, რადგან ნიჟარებს სხვადასხვა ფერი და ფორმა აქვს. მძივების ასასხმელად ოვალური ფორმისა და პრიალა ზედაპირის მქონე „მოუმის“ ოცამდე სახის ნიჟარას იყენებენ, დაწყებული ქათქათა თეთრიდან მუქი ყავისფრით დამთავრებული. ძვირად ღირებული „ლეიპიკაკეს“ ტიპის მძივიც „მოუმის“ პრიალა და პაწაწინა, ათი მილიმეტრის სიგრძის ნიჟარებით არის ასხმული და სურნელოვანი თეთრი ჟასმინის ღეროებს მოგვაგონებს.

ბრინჯის მარცვლების მაგვარი „ლაიკის“ ნიჟარებით რამდენიმე რიგად ასხმული მძივები ხშირად პატარძლების ყელს ამშვენებს. ეს მბზინავი ნიჟარებიც სხვადასხვა ფერისაა, მაგალითად თეთრი, სპილოსძვლისფერი, ჩალისფერი; ზოგჯერ დაჰყვება ყავისფერი ზოლები. „კაჰელელანის“ ნიჟარები, რომლებსაც ეს სახელი შესაძლოა ერთ-ერთი ჰავაიელი თავკაცის პატივსაცემად დაერქვა, სიგრძით 5 მილიმეტრია. ამ პაწაწინა ნიჟარებს ჩალმის ფორმა აქვს. ძაფზე მათი ასხმა საკმაოდ რთულია და ამიტომ ყველაზე ძვირად ფასობს. „კაჰელელანის“ ნიჟარები უჩვეულო ფერებით გამოირჩევა; ზოგი შეიძლება იყოს მუქი შვინდისფერი, ზოგიც უიშვიათესი ვარდისფერი. ამ უკანასკნელს სხვა ფერის „კაჰელელანის“ ნიჟარებთან შედარებით სამჯერ მეტი ფასი აქვს.

როგორ ასხამენ ნიჟარის მძივებს?

მძივების ამსხმელი ჯერ ფიქრობს, როგორი ფორმა მისცეს მძივს, შემდეგ კარგად ასუფთავებს ნიჟარებს ქვიშისგან და სადგისით ხვრეტს. თუმცა დიდი სიფრთხილით მუშაობს, ნიჟარები იმდენად მყიფეა, რომ საშუალოდ სამიდან ერთი იმტვრევა. ერთი მძივის ასასხმელად, რასაც ზოგჯერ შეიძლება წლები დასჭირდეს, საკმაოდ ბევრი ნიჟარაა საჭირო. მძივის ამსხმელი ნიჟარებს ნეილონის ძაფზე ასხამს, რომელსაც ერთგვარი სწრაფშრობადი ნივთიერებით ან ცვილით ამკვრივებენ. ჩვეულებრივ, ძაფის ორივე ბოლოში ამაგრებენ ღილის ფორმის პატარა ნიჟარებს, ამ ნიჟარებს შორის კი, გადაბმის ადგილას — ერთ ან ორ ციპრეს ნიჟარას.

რამდენი ფორმის ნიჟარაცაა, თითქმის იმდენივე ფორმის მძივი არსებობს. მაგალითად, ქათქათა „მოუმის“ ნიჟარებისგან ასხმული კლასიკური ფორმის მძივი, რომლის სიგრძეც შეიძლება იყოს 150-190 სანტიმეტრი; „კაჰელელანის“ ასობით პაწაწინა ნიჟარისგან სქლად დაწნული მძივი და გეომეტრიული ორნამენტებით შემკული ყვავილწნული, რომელიც ზოგჯერ ნიჟარებითა და თესლებით არის გაფორმებული. მძივების ასხმა შრომატევადი საქმეა და დიდ დროს მოითხოვს; თვალსაც საკმაოდ დიდი ძალა ადგება. მიუხედავად ამისა, დიდი ნებისყოფისა და შემოქმედებითი უნარის მქონე ნიიჰაუელები უჩვეულო სილამაზის ახალ-ახალ მძივებს ასხამენ. თითოეული მძივი იმდენად უნიკალურია, რომ ტოლს არ უდებს ძვირფას ქვებსა თუ ძველებურ სამკაულებს, რომელთაგან ზოგი ათასობით დოლარი ღირს.

ნიიჰაუ განსაკუთრებული სიმწვანით არ გამოირჩევა, მეჩხრადაა დასახლებული და მოწყვეტილია ჰავაის სხვა კუნძულებს. ამის მიუხედავად, „აკრძალული კუნძულის“ მკვიდრთა შემოქმედება კუნძულის საზღვრებს გასცდა და თავისი ულამაზესი სამკაულებით არაერთი ადამიანი მოხიბლა.

[სქოლიო]

^ აბზ. 4 იგივე სახეობის ნიჟარები აგრეთვე გვხვდება ჰავაის სხვა კუნძულებზე და მთელი წყნარი ოკეანის რეგიონში, მაგრამ ყველგან სხვადასხვა რაოდენობის და ხარისხის.

[სურათი 24, 25 გვერდებზე]

ნიჟარებს აშრობენ, ახარისხებენ და მძივებად ასხამენ

[საავტორო უფლება]

© Robert Holmes

[სურათი 25 გვერდზე]

„მოუმის“ ნიჟარების ხვეულები

[სურათის საავტორო უფლება 24 გვერდზე]

© drr.net