არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სიმინდი

სიმინდი

სიმინდი

ჰარლინს სულ რამდენიმე წელია, რაც ფინგერ-ლეიკსის (ნიუ-იორკი, შეერთებული შტატები) რეგიონში სიმინდი აღარ მოჰყავს. ის ყოველთვის დიდი სიამოვნებით უყვება მეგობრებსა და სტუმრებს, რა საუცხოო მცენარეა სიმინდი. „გამოიღვიძეთ!“-მა ჰარლინს სთხოვა, თავისი ცოდნა ჩვენი მკითხველებისთვისაც გაეზიარებინა. ამ მცენარის შესახებ არაერთ საინტერესო ფაქტს გავეცნობით. მაგალითად, სად არის სიმინდის სამშობლო? როგორ გავრცელდა მთელ მსოფლიოში? რისთვის იყენებენ ამ მცენარეს? აი, რა მოგვითხრო ჰარლინმა.

სიმინდმა „ლაპარაკიც“ იცის

«ჩემთვის სიმინდი ხელოვნების ნიმუშია. მასში მათემატიკურ სიზუსტეს ვხედავ. ფოთლებიდან ტაროს თითოეული მარცვლის ჩათვლით, ყველა დეტალი ლამაზი და გათვლილია; ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ მან „ლაპარაკიც“ იცის — ზრდის პროცესში „გეუბნებათ“, როდის სწყურია და, როდის შია. როცა ბავშვს შია, ტირის; სიმინდი კი, სხვა მცენარეებივით, თავისი გარეგნობით, მაგალითად, ფოთლის ფერითა და ფორმით „ამბობს“, რა სჭირდება. როგორც ბავშვის ენას, ისე სიმინდის ენასაც ცოდნა უნდა.

ფოთლების მოწითალო შეფერილობა ფოსფატების ნაკლებობის მაჩვენებელია. სხვა ნიშნები შეიძლება მაგნიუმის, აზოტის ან კალიუმის კარბონატის ნაკლებობაზე მიუთითებდეს. ფერმერს აგრეთვე შეუძლია გითხრათ, მცენარე დაავადებულია თუ არა ან დაზიანებულია თუ არა ქიმიკატებისგან.

სხვა მარცვლეულის მსგავსად, სიმინდს გაზაფხულზე მაშინ ვთესავ, როდესაც ნიადაგი საკმარისად არის გამთბარი თესლის გასაღივებლად. 4—6 თვის შემდეგ ჩემი მოყვანილი ზრდასრული სიმინდის სიმაღლე დაახლოებით 2 მეტრია.

სიმინდის ფოთლების დათვლით შესაძლებელია მისი ზრდის სტადიის დადგენა. როდესაც სიმინდს ხუთი ფოთოლი აქვს, მას ქიმიური პროცესები „ესმის“ და მათემატიკური სიზუსტით მოქმედებს. პირველ რიგში, მისი ფესვები ნიადაგის ზუსტ ანალიზს აკეთებს; მიღებულ ინფორმაციას კი იმ პროგრამის საფუძვლად იყენებს, რომელიც ტაროს სისქეს განაპირობებს, რაც მარცვლების მწკრივების რაოდენობით განისაზღვრება. შემდეგ 12—17 ფოთლის სტადიაზე მცენარე ისევ აკეთებს ნიადაგის ანალიზს, რათა ზუსტად განსაზღვროს ტაროზე მარცვლების რაოდენობა. მარტივად რომ ვთქვათ, თითოეული მცენარე რაღაცნაირად საზღვრავს, როგორ აიღოს საუკეთესო ნივთიერებები ნიადაგიდან. სიმინდი რომ საოცრად არის შექმნილი, ამას მისი გამრავლებაც ცხადყოფს.

ქოჩორი, სამტვრე და აბრეშუმისებრი სვეტი

სიმინდი ერთსახლიანი, ორსქესიანი მცენარეა. ღეროს კენწეროზე მას აქვს მამრობითი ყვავილედი — ქოჩორი. თითოეულ ქოჩორში დაახლოებით 6 000 სამტვრეა. ამ სამტვრეებში მილიონობით მტვერია, რითაც მცენარის დამტვერვა ხდება. მტვერი ქარს გადააქვს და ხვდება მეზობელი სიმინდის ჯერ კიდევ განუვითარებელი ტაროს შიგნით, სადაც კვერცხუჯრედს ანაყოფიერებს. კვერცხუჯრედი სახეშეცვლილი ფოთლების მწვანე საბურვლით საიმედოდაა დაცული.

როგორ აღწევს მტვერი ასეთი საბურვლით შემოსილი ტაროს შიგნით? შეიძლება იფიქროთ, რომ „აბრეშუმის გზით“. აბრეშუმისებრი სვეტი რბილი, მოთეთრო ბოჭკოსგან შედგება, რომელიც ტაროს წვერიდან ეშვება. თითოეულ ტაროს ასობით აბრეშუმისებრი სვეტი აქვს. თითოეულ აბრეშუმისებრ სვეტს ბოლოდან რომ მივყვეთ, მივალთ ნასკვამდე, სადაც კვერცხუჯრედი დაგვხვდება. თითო აბრეშუმი თითო კვერცხუჯრედთან არის დაკავშირებული. თითო კვერცხუჯრედიდან კი თითო მარცვალი ვითარდება.

აბრეშუმისებრი სვეტის ხილული ნაწილი, რომელიც მტვრით გაჯერებული ქარის ქროლვაზე ირხევა, ლამაზი „თმაა“, რომელიც ორად გაყოფილი დინგით ბოლოვდება; მტვრის მარცვალი ტაროდან ჩამოშვებულ აბრეშუმისებრ სვეტს ნებისმიერ ადგილას შეიძლება დაეკრას; მტვერი ღივდება და ფესვისმაგვარი გრძელი მტვრის მილი გამოაქვს; იგი კვერცხუჯრედისკენ მიემართება და ანაყოფიერებს მას.

ტაროზე მარცვლების განუვითარებლობა იმაზე მეტყველებს, რომ ზოგი აბრეშუმისებრი სვეტი დამტვერვის გარეშე დარჩა, რადგან დროზე არ განვითარდა; ეს კი შეიძლება ნიადაგის სიმშრალით იყოს განპირობებული. და ისევ, თუ ფერმერმა ნიშნების ამოცნობა იცის, მას შეუძლია მდგომარეობის გამოსასწორებლად და ნაყოფიერების გასაზრდელად გარკვეულ ზომებს მიმართოს, თუ ამ სეზონზე არა, მეორეზე მაინც. მოსავლიანობის ასამაღლებლად ყანაში ერთ წელს სიმინდს ვთესავდი, მეორე წელს კი — სოიას. სოია პარკოსანი მცენარეა, რომელიც ნიადაგს აზოტის ნაერთებით ამდიდრებს და რომელსაც მავნებელი, სიმინდის ფარვანა, ვერ ჭამს *.

ყოველთვის დიდ სიამოვნებას მანიჭებს შიშველი მინდვრის აბიბინებულ ყანად გადაქცევა და უხვი მოსავლის მიღება, რაც ბუნებაში ჩუმად, სუფთად და ლამაზად ხდება. დარწმუნებული ვარ, რომ სიმინდი, სხვა მცენარეების მსგავსად, შემოქმედების სასწაულია; ის კი, რაც მე ვიცი სიმინდის შესახებ, ძალიან ცოტაა».

გაგიღვივათ ცნობისმოყვარეობა ჰარლინის მონათხრობმა? მაშინ, გავეცნოთ სიმინდის ისტორიას და იმას, თუ როგორ იყენებენ მას.

მექსიკიდან მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში

სიმინდის მოყვანა ამერიკის კონტინენტზე, როგორც ჩანს, მექსიკაში დაიწყეს, საიდანაც მთელ მსოფლიოში გავრცელდა. თანამედროვე პერუს ტერიტორიაზე მცხოვრები ინდიელები (ინკები) თაყვანს სცემდნენ სიმინდის ღვთაებას, რომელსაც ტაროები სხივებივით ჰქონდა თავზე შემოვლებული. ნატურალისტი ჯოზეფ კასტნერი ამბობს, რომ ამერიკელი ინდიელები „თაყვანს სცემდნენ [სიმინდს], როგორც ღვთისგან ბოძებულ ნედლეულს, რომლისგანაც, მათი აზრით, თავად ადამიანი იყო შექმნილი . . . მისი მოყვანა ძალიან იაფი ჯდებოდა და ერთადერთი მცენარე იყო, რომელიც საკმარის დღიურ ულუფას აძლევდათ“. მაგრამ ადგილობრივმა მოსახლეობამ თავიანთ რაციონში პარკოსნებიც შეიტანეს, რაც დღემდე ლათინური ამერიკის სამზარეულოს განუყოფელი ნაწილია.

ევროპაში სიმინდის არსებობა მას შემდეგ გაიგეს, რაც 1492 წელს ქრისტეფორე კოლუმბი კარიბის კუნძულებზე ჩავიდა. კოლუმბის ვაჟმა, ფერდინანდმა, დაწერა რომ მამამისმა იპოვა მცენარე, „რომელსაც სიმინდი უწოდეს და რომლის ნაყოფიც მოხარშული, შემწვარი, თუ დაფქული უგემრიელესი საჭმელია“. კოლუმბმა სიმინდის თესლი ევროპაში წაიღო და, კასტერის სიტყვების თანახმად, „XV საუკუნის შუა პერიოდისთვის სიმინდი არა მარტო ესპანეთში იზრდებოდა, არამედ ბულგარეთსა და თურქეთშიც. მონებით მოვაჭრეებმა სიმინდი აფრიკაშიც ჩაიტანეს . . . [პორტუგალიური წარმოშობის ესპანელი მკვლევარის ფერდინანდ] მაგელანის ექსპედიციის წევრებმა სიმინდის თესლი ფილიპინებსა და აზიაში შეიტანეს“. ასე რომ, სიმინდის მოყვანა ბევრ ქვეყანაში დაიწყეს.

დღეს მსოფლიოში სიმინდი სამარცვლე კულტურებს შორის მეორე ადგილზეა; პირველი ადგილი ხორბალს უკავია. მესამე სამარცვლე კულტურა ბრინჯია. ცხოველებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ეს სამი მცენარე მსოფლიო მოსახლეობის უმეტესი ნაწილის ძირითადი საკვებია.

სხვა მცენარეებივით მრავალი სახის სიმინდი არსებობს. მხოლოდ შეერთებულ შტატებში, ჰიბრიდების ჩათვლით, სიმინდის 1 000-ზე მეტი სახეობა მოჰყავთ. მცენარის სიმაღლე 60 სანტიმეტრიდან 6 მეტრამდეა! განსხვავებულია ტაროს სიგრძეც. ზოგი ტარო 5 სანტიმეტრიანია, ზოგიც — 60 სანტიმეტრიანი. წიგნში „ლათინური ამერიკის სამზარეულო“ ნათქვამია: „სამხრეთ ამერიკული ზოგიერთი სახეობის სიმინდის ტარო მასიურია და რაგბის ბურთის ფორმისაა; მისი მარცვლები ბრტყელია, მათი სიგრძე 2,5 სანტიმეტრია და სიგანეც — თითქმის იგივე“.

არსებობს მრავალი ფერის სიმინდი. ყვითლის გარდა, არსებობს წითელი, ცისფერი, ვარდისფერი და შავი სიმინდი. ზოგჯერ სიმინდის ტაროში ფერადი მარცვლები ისეა გაბნეული, თითქოს ტარო კოპლებიანი ან ზოლებიანია. არაფერია გასაკვირი იმაში, რომ ზოგჯერ ასეთ ტაროებს მოსახარშად ვერ იმეტებენ და ოთახში საჩინო ადგილს მიუჩენენ ხოლმე.

სიმინდს მრავალმხრივ იყენებენ

სიმინდის მრავალი სახეობა შეიძლება ექვს დიდ ჯგუფში გაერთიანდეს: კბილა, კაჟა, რბილი სიმინდი, ტკბილი სიმინდი, ცვილა და საბატიბუტე სიმინდი. ტკბილი სიმინდი შედარებით ცოტა მოჰყავთ. ამ სიმინდს განსხვავებული ნივთიერებათა ცვლა აქვს და მასში ნაკლები შაქარი გარდაიქმნება სახამებლად. მსოფლიოში სიმინდის მოსავლის 60 პროცენტზე მეტს ცხოველთა საკვებად იყენებენ, ადამიანთათვის კი — მხოლოდ 20 პროცენტს, დანარჩენს — სამარცვლედ და სამრეწველო ნაწარმის დასამზადებლად. ცხადია, ეს თანაფარდობა სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაგვარია.

სიმინდს ბევრ რამეში იყენებენ. სიმინდის მარცვლისგან დამზადებულ პროდუქტებს იყენებენ როგორც წებოვანი მასის დასამზადებლად, ისე მაიონეზში; როგორც ლუდში, ისე ქაღალდის სახვევში. სიმინდს საწვავის დასამზადებლადაც იყენებენ — მისგან ეთანოლს იღებენ, თუმცა ეს საკითხი სადავოა. რა თქმა უნდა, ამ საოცარი მცენარის ისტორიისა და პრაქტიკულ ღირებულებათა ნუსხის წერა ჯერაც არ დამთავრებულა.

[სქოლიო]

[ჩარჩო 11 გვერდზე]

ჰიბრიდები

მრავალ ქვეყანაში ფერმერებს, ჩვეულებრივ, ჰიბრიდები მოჰყავთ, რადგან მათგან უხვ მოსავალს იღებენ. ბევრი მათგანი, უმეტესწილად კი კბილა სიმინდი, სასურველი თვისებების მქონე მონათესავე სიმინდთან შეჯვარებითაა მიღებული. მაგრამ ამ დროს ფერმერმა ყოველწლიურად უნდა იყიდოს სათესლე მარცვალი. რატომ? ჰიბრიდული თესლიდან განვითარებულმა მცენარემ შეიძლება ვერ შეინარჩუნოს სასურველი თვისებები და მისი თესლიდან განვითარებული სიმინდი შეიძლება ნაკლებად მოსავლიანი იყოს.

[სურათი 10 გვერდზე]

მსოფლიოში ასობით სახეობის სიმინდი მოჰყავთ

[საავტორო უფლებები]

Courtesy Sam Fentress

Courtesy Jenny Mealing/flickr.com