არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა ხდება მსოფლიოში?

რა ხდება მსოფლიოში?

რა ხდება მსოფლიოში?

▪ უკანასკნელ 20 წელიწადში სტიქიურ უბედურებათა რიცხვი გაოთხმაგდა. ამის შედეგად ყოველწლიურად 250 მილიონზე მეტი ადამიანი ზარალდება (გაზეთი „უნივერსალი“, მექსიკა).

▪ „პასატებმა (სუბტროპიკული ქარი), რომელიც ძირითადად წყნარი ოკეანის რეგიონში იცის, წლების განმავლობაში უამრავ ნაგავს მოუყარა თავი“. ნაგვის მოცულობამ ავსტრალიის კონტინენტის ზომას მიაღწია (LA DÉPÊCHE DE TAHITI, ტაიტი).

▪ ავტომობილისთვის წარმოებული 50 ლიტრი ბიოსაწვავის მისაღებად საჭიროა 200 კილოგრამი სიმინდი, „რაც ერთი ადამიანის გამოკვებას მთელი წელი ეყოფოდა“ („გაზეტა ვიბორჩა“, პოლონეთი).

ბიბლიების რაოდენობა ჩინეთში

„ჩინეთი ერთ-ერთია იმ ქვეყანათა შორის, რომელიც ყველაზე დიდი რაოდენობით ბეჭდავს ბიბლიას“, — აღნიშნა ჩინეთის რელიგიურ საქმეთა სახელმწიფო ადმინისტრაციის უფროსმა იე შაუენმა. დღემდე ჩინეთში გამოცემულია დაახლოებით 50 მილიონი ბიბლია (სრული გამოცემა), აქედან უკანასკნელი ეგზემპლარები ძიანსუს პროვინციის დედაქალაქ ნანძინის სტამბაში დაიბეჭდა. ერთ-ერთ ელექტრონულ ჟურნალში აღნიშნული იყო, რომ „ბოლო წლების განმავლობაში ამ სტამბაში ყოველწლიურად 3 მილიონამდე ბიბლია იბეჭდება“ (People’s Daily Online). ბოლო ინფორმაციით, ჩინეთში ქრისტიანთა რიცხვიც იზრდება.

ომებმა აფრიკის რესურსები შეიწირა

„1990—2005 წლებში აფრიკის 23 ქვეყანა იყო ჩაბმული კონტინენტზე მიმდინარე ომებში, რის გამოც 300 მილიარდი ამერიკული დოლარი დაიხარჯა“, — ნათქვამია გაზეთ „ინტერნეშნლ ჰერალდ ტრიბიუნში“. როგორც ლიბერიის პრეზიდენტმა ელენ ჯანსენ-სერლიფმა აღნიშნა, „ეს თანხა შეიძლებოდა მოხმარებოდა აივ-ით დაინფიცირების რისკის შემცირებას და შიდს-ით დაავადებულთა მკურნალობას, რომელთა რიცხვიც ძალიან დიდია; აგრეთვე განათლების სისტემას, წყლით მომარაგებას, ტუბერკულოზისა და მალარიის თავიდან აცილებას თუ მკურნალობას. თავისუფლად შეიძლებოდა აგებულიყო ათასობით საავადმყოფო, სკოლა, და დაეგოთ გზები“. ომები რომ არა, „აფრიკა ეკონომიკურად შედარებით ძლიერი კონტინენტი იქნებოდა, მაგრამ დღეს მსოფლიოს უღარიბესი კონტინენტია“, — ნათქვამი იყო ზემოხსენებულ გაზეთში.

ხატების ქურდები

„რუსეთში ბოლო ხუთი წლის მანძილზე 1000-ზე მეტი ეკლესია გაძარცვეს“, — იტყობინება „რუსკი ნიუსუიკი“. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 40 000-მდე ხატია მოპარული. ამ სამინისტროსა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის შეთანხმებით, ყველა ეკლესიის ხატებს დაედება სპეციალური საიდენტიფიკაციო ნიშანი, რომელიც მხოლოდ ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების შედეგად გამოჩნდება. ეს დაეხმარება გამომძიებლებს, დაადგინონ, თუ რომელ ეკლესიას ეკუთვნის ესა თუ ის ნაპოვნი ხატი. როგორც ზემოაღნიშნულ გაზეთში იყო ნათქვამი, მოსკოვის საპატრიარქო მიესალმება ამ გადაწყვეტილებას, რადგან, როგორც თავად თქვეს, «ეს „მიწიერი“ საიდენტიფიკაციო ნიშანი არ ამახინჯებს სასწაულმოქმედ ხატებს».

ცოტაოდენი ძილი მოგიხდებათ

23 000-ზე მეტი ბერძენი ქალისა და მამაკაცის გამოკითხვამ აჩვენა, რომ კვირის განმავლობაში სულ მცირე სამჯერ ცოტაოდენი ძილი 37 პროცენტით ამცირებს გულის შეტევით გამოწვეულ სიკვდილიანობას. „საკმაოდ ბევრი მტკიცება არსებობს იმისა, რომ ძლიერი თუ ხანგრძლივი სტრესი იწვევს გულის დაავადებებს, — აღნიშნავს ჰარვარდის (აშშ) ჯანდაცვის ინსტიტუტის თანამშრომელი, ეპიდემიოლოგი დიმიტრიოს ტრიხოპულოსი. — შუადღისით ცოტაოდენმა ძილმა შეიძლება შეამციროს სტრესი და გულის დაავადებით გამოწვეული სიკვდილიანობა“.