არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ გავუმკლავდეთ ასპერგერის სინდრომს?

როგორ გავუმკლავდეთ ასპერგერის სინდრომს?

როგორ გავუმკლავდეთ ასპერგერის სინდრომს?

„გამოიღვიძეთ!“-ისთვის ბრიტანეთიდან

გინდა, რომ გყავდეს მეგობრები, მაგრამ გიჭირს ურთიერთობა. თუმცა შენს საყვარელ თემაზე შეგიძლია საათობით ილაპარაკო. მკაცრი წესებით ცხოვრობ და ოდნავი ცვლილებაც კი გაღიზიანებს. ხშირად აღელვებული ხარ, გულგატეხილობა გეუფლება და ზოგჯერ დეპრესიაშიც ვარდები.

ხალხს არ ესმის შენი, უცნაური, უხეში და რთული ხასიათის ადამიანი ჰგონიხარ. თავის მხრივ, შენც გიჭირს, გაიგო სხვების აზრები, გრძნობები, განსაკუთრებით მაშინ, როცა მათი სახის გამომეტყველება თუ მიმიკები შენთვის არაფრის მთქმელია. ხშირად ასეთი სიმპტომები მათ ახასიათებთ, ვისაც ასპერგერის სინდრომი აქვს.

ასპერგერის სინდრომის მქონე ადამიანი გარეგნულად სხვებისგან არაფრით განსხვავდება; ხშირად ძალიან გონიერებიც არიან. თუმცა მათ აქვთ განვითარების ნევროლოგიური დარღვევა, რაც იწვევს სოციალური ურთიერთობის დეფიციტს და ემოციური ურთიერთობის უუნარობას. ასპერგერის სინდრომს ახასიათებს მრავალგვარი სიმპტომი, რომლებიც ყველა ადამიანში სხვადასხვაგვარად ვლინდება. მიუხედავად ამისა, ამ სინდრომთან გამკლავება შეუძლებელი არ არის. ახლა მოგიყვებით ერთი გოგონას, კლერის ამბავს.

როგორც იქნა, დაისვა დიაგნოზი!

კლერი ძალიან წყნარი და გულჩათხრობილი ბავშვი იყო. თვალს ვერავის უსწორებდა და ხალხმრავლობის ეშინოდა. პატარაობიდანვე გამართულად მეტყველებდა, მაგრამ ძალიან ცოტას ლაპარაკობდა, თანაც მონოტონურად. მას მკაცრი განრიგი ჰქონდა და უმნიშვნელო ცვლილებასაც კი ვერ ეგუებოდა.

სკოლაში მასწავლებლებს მისი საქციელი აღიზიანებდათ, რადგან ფიქრობდნენ, რომ განგებ იქცეოდა უცნაურად; ბავშვებიც ჩაგრავდნენ. არც დედამისი გრძნობდა თავს მშვიდად, რადგან ყველა მას ადანაშაულებდა. იგი იძულებული გახდა, სკოლიდან გამოეყვანა კლერი და დარჩენილი მასალა სახლში თავად ესწავლებინა.

მოგვიანებით კლერმა მუშაობა დაიწყო, მაგრამ რამდენჯერაც იშოვა სამსახური, იმდენჯერ დაკარგა, რადგან ვერც ცვლილებებს ეგუებოდა და ვერც საქმეს ართმევდა თავს. ბოლოს მოხუცებულთა სახლში დაიწყო მუშაობა, სადაც უფროსმა მედდამ შენიშნა, რომ სერიოზული პრობლემა ჰქონდა. როგორც იქნა, დაუდგინეს, რომ ასპერგერის სინდრომი ჰქონდა. მაშინ კლერი 16 წლის იყო.

ახლა უკვე იცოდა კლერის დედამ თავისი ქალიშვილის უცნაური საქციელის ნამდვილი მიზეზი. ოჯახის მეგობარმა მოიძია გარკვეული ინფორმაცია ამ სინდრომის შესახებ და კლერს წააკითხა. მას გაკვირვებისგან აღმოხდა: „მართლა ასე ვიქცევი? მართლა ასეთი ვარ?“ სოციალური უზრუნველყოფის სამსახურმა კლერს აუხსნა, რომ შრომითი თერაპია მდგომარეობას შეუმსუბუქებდა. ამიტომ ერთმა იეჰოვას მოწმემ, კრისმა, რომელსაც ინვალიდი ბავშვების დახმარების გამოცდილება ჰქონდა, იზრუნა იმაზე, რომ კლერი, რომელიც აგრეთვე იეჰოვას მოწმეა, როგორც მოხალისე, თაყვანისმცემლობის ერთ-ერთი შენობის მოვლა-პატრონობაში დახმარებოდა მოწმეებს.

„რეალურ სამყაროსთან“ შეგუება

თავიდან კლერს უჭირდა სხვა მოხალისეებთან ურთიერთობა. თუ რაიმე პრობლემას წააწყდებოდა, ამას კრისს წერილობით უხსნიდა, რადგან ლაპარაკს დაწერა ერჩია. კრისი დროდადრო გვერდით დაისვამდა ხოლმე კლერს და მოთმინებით ასწავლიდა, რომ, როგორც თავად ამბობდა, „რეალურ სამყაროს შეჰგუებოდა“. მან კლერს აუხსნა, რომ „რეალურ სამყაროში“ ვერ იცხოვრებდა, თუ სხვებთან ურთიერთობას მოერიდებოდა და მხოლოდ იმას გააკეთებდა, რაც თავად უნდოდა. კრისის დახმარებით კლერმა ნელ-ნელა დაიწყო სხვებთან თანამშრომლობა.

უღიმღამო წარსულმა კლერს საკუთარი თავის რწმენა დაუკარგა. რა დავალებაც არ უნდა მიეცათ მისთვის, სულ იმას ამბობდა, ვერ შევძლებო. როგორ დაეხმარა მას კრისი ამ პრობლემის დაძლევაში? კრისი მას მარტივ დავალებებს აძლევდა, თან უხსნიდა, როგორ უნდა გაეკეთებინა, და არწმუნებდა, რომ შეძლებდა. დავალებას რომ შეასრულებდა, კლერს ძალიან უხაროდა. კრისი აქებდა და ახალ დავალებას აძლევდა. კლერს უჭირდა მითითებების დამახსოვრება და ამიტომ ფურცელზე წერდა. დროთა განმავლობაში მას საკუთარი თავის რწმენა გაუჩნდა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, კლერი ხალხმრავალ ადგილებში თავს კარგად ვერ გრძნობდა. ამიტომ კრების შეხვედრებზე თანამორწმუნეებთან ურთიერთობა მისთვის დიდ სირთულეს წარმოადგენდა. სამეფო დარბაზში ყოველთვის წინა რიგში განმარტოებით ჯდებოდა. თუმცა მიზნად ჰქონდა დასახული, რომ კრების შეხვედრის დამთავრების შემდეგ უკანა რიგებთან მისულიყო და ვინმეს გამოლაპარაკებოდა.

რაც დრო გადიოდა, კლერი უფრო მეტ ადამიანს ესაუბრებოდა. თუმცა, როგორც თვითონ ამბობს, ეს ადვილი არ არის. მართალია, უჭირს საუბარი, მაგრამ ყოველთვის გამოდის თემით თეოკრატიული მსახურების სკოლაში (ეს სკოლა იეჰოვას მოწმეებს იმისათვის ამზადებს, რომ მათ ხალხს თავისუფლად გაუზიარონ აზრები).

უფრო დიდი სირთულის დაძლევა

როდესაც კლერს თავდაჯერებულობა შეემატა, კრისმა ურჩია, რომ მოესინჯა დამხმარე პიონერად მსახურება (დამხმარე პიონერს იეჰოვას მოწმეები უწოდებენ მონათლულ მოწმეს, რომელიც თვეში 50 საათს ან მეტს უთმობს ქადაგებას). კლერმა უთხრა, რომ ვერ შეძლებდა.

მაგრამ კრისმა გაამხნევა კლერი და უთხრა, რომ თუ 50 საათს ვერ იქადაგებდა, იმით მაინც იქნებოდა კმაყოფილი, რომ მოსინჯა დამხმარე პიონერად მსახურება. კლერმა დაიწყო ასეთი მსახურება და ძალიან მოეწონა. მან მეორედაც იმსახურა, მესამედაც, და რაც უფრო მეტს მსახურობდა, მით მეტ სიხარულს გრძნობდა. კლერი უფრო და უფრო თავდაჯერებული ხდებოდა. ამაში მას განსაკუთრებით ის დაეხმარა, რომ ბევრი დააინტერესა ბიბლიით.

ქრისტიანულ შეხვედრებზე კლერს ხშირად ესმოდა მოწოდება პიონერად ანუ სრული დროით მქადაგებლად მსახურების დაწყების შესახებ. ის გამოეხმაურა ამ მოწოდებას და პიონერად დაიწყო მსახურება. კლერი ამბობს: „ამაზე უკეთესს ვერაფერს გააკეთებს კაცი!“ იგი ბევრს დაუმეგობრდა თავის კრებაში. მასთან თავს ბავშვებიც კარგად გრძნობენ. კლერი სიამოვნებით ქადაგებს მათთან ერთად.

მდგომარეობის შემსუბუქება

ფაქტია, ვისაც ასპერგერის სინდრომი აქვს, ყველა ვერ შეძლებს სრული დროით მსახურებას. თუმცა, როგორც კლერის მაგალითი ადასტურებს, მათ გაცილებით მეტის გაკეთება შეუძლიათ, ვიდრე თავად წარმოუდგენიათ. კლერს თავისი სტაბილური გრაფიკი ეხმარება, რომ რეჟიმიდან არ ამოვარდეს. გარდა ამისა, კლერი კეთილსინდისიერი და გულმოდგინე ადამიანია, რისი წყალობითაც წარმატებით მსახურობს პიონერად.

კლერის აზრით, აუცილებელია, გარშემომყოფებმა იცოდნენ, რომ მას ასპერგერის სინდრომი აქვს. თუ ეს ეცოდინებათ, არ გაუკვირდებათ, რატომაა განსხვავებული. „ვინაიდან ყოველთვის კარგად ვერ გამოხატავ შენს აზრს, გარშემომყოფები ფიქრობენ, რომ აზროვნება გიჭირს“, — ამბობს კლერი. მასთან საუბარს, ვისაც ესმის შენი, შვება მოაქვს.

კრისიც და კლერიც მათ, ვისაც ასპერგერის სინდრომი აქვს, ურჩევენ, რომ დაისახონ მიზნები და თანდათანობით განახორციელონ. კარგი იქნება, დახმარებისთვის მიმართონ მათ, ვინც იცის, რა არის ასპერგერის სინდრომი. ამან შეიძლება მათ ღირსების გრძნობა შეჰმატოს და სირთულეების დაძლევაში დაეხმაროს.

როგორც კლერის შემთხვევიდან ჩანს, მათ ვისაც ასპერგერის სინდრომი აქვს, მოთმინებით მოპყრობა და წახალისება სჭირდებათ. ამას კლერიც ადასტურებს: „რამდენიმე წლის წინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ამდენი რამის გაკეთებას შევძლებდი“.

[ჩანართი 24 გვერდზე]

კლერის აზრით, აუცილებელია, გარშემომყოფებმა იცოდნენ, რომ მას ასპერგერის სინდრომი აქვს

[ჩარჩო 22 გვერდზე]

ასპერგერის სინდრომი

ამ პათოლოგიას დოქტორ ჰანს ასპერგერის სახელი დაერქვა, რომელმაც 1944 წელს პირველმა მიაგნო ამ სინდრომს. თუმცა საფუძვლიანი გამოკვლევები მხოლოდ ბოლო წლებში ჩატარდა მათ დასახმარებლად, ვისაც ასპერგერის სინდრომი აქვს და რომელთა რიცხვიც სულ უფრო და უფრო იზრდება. ექიმები დარწმუნებით ვერ ამბობენ აუტიზმის ერთ-ერთი ფორმაა ეს თუ სხვა მოშლილობა. დღემდე უცნობია, თუ რა იწვევს ასპერგერის სინდრომს. თუმცა ამ პათოლოგიის მიზეზი არც აღზრდაა და არც ემოციური მოთხოვნილებების დაუკმაყოფილებლობა.

[ჩარჩო 24 გვერდზე]

როგორ დავეხმაროთ?

დაინტერესდი მათი მდგომარეობით, ვისაც ასპერგერის სინდრომი აქვს. მართალია, საუბრის წამოწყება უჭირთ, მაგრამ მათ სურთ, რომ ჰყავდეთ მეგობრები და სჭირდებათ კიდეც. თუ უცნაურად იქცევიან, ამას განზრახ არ აკეთებენ.

მოთმინებით მოეპყარი მათ და შეეცადე გაუგო. ყველაფერი გასაგებად, არაორაზროვნად აუხსენი, ვინაიდან რასაც იტყვი, შეიძლება პირდაპირი მნიშვნელობით გაიგონ. თუ რეჟიმში ცვლილებების შეტანაა აუცილებელი, დაწვრილებით აუხსენი ამის მიზეზები. შეგიძლია კონკრეტულად აჩვენო, თუ რა როგორ უნდა გააკეთონ.

თუ ხედავ, რომ რაღაცას მეტისმეტად განიცდიან, ყურადღება ლამაზ სურათზე გადაატანინე ან ურჩიე, რომ წყნარ მუსიკას მოუსმინონ.

[სურათი 23 გვერდზე]

კრისი კლერს უხსნის, თუ როგორ ითანამშრომლოს სხვებთან

[სურათი 23 გვერდზე]

კლერმა ისწავლა, რომ თავად გამოიჩინოს ინიციატივა და სხვებს დაუმეგობრდეს